აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები პროექტის ავტორი
მიღების თარიღი 21/04/2016
დოკუმენტის ტიპი ნორმატიული აქტების პროექტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016368
  • Word
0
21/04/2016
ვებგვერდი, 21/04/2016
000000000.00.00.016368
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ
პროექტის ავტორი

პროექტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

კონსტიტუციური კანონი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში

ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში (აფხაზეთის ხმა, 27, 06.07.2001წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 თავი ამოღებულ იქნეს;

 

2. 93-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 93 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.”;

 

3. 95-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 95

1. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო თავის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და მის ორ მოადგილეს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იმავდროულად არის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე წარმართავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მუშაობას, უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვას, ხელს აწერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ მიღებულ აქტებს, ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები ასრულებენ თავმჯდომარის მოვალეობას მისივე დავალებით, თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან თანამდებობიდან მისი გადაყენებისას.“;

 

4. 96-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 96

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო თავისი უფლებით იკრიბება წელიწადში ორჯერ. საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს და იხურება ივნისის ბოლო პარასკევს, ხოლო საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე პარასკევს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესია იხსნება და დახურულად ცხადდება პლენარულ სხდომაზე.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, სესიებს შორის პერიოდში იწვევს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომას. თუ წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან ორი დღის ვადაში მოწვევის აქტი არ გამოიცა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო თავისი რეგლამენტის თანახმად ვალდებულია მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეიკრიბოს და შეუდგეს მუშაობას.

3. წერილობით მოთხოვნას რიგგარეშე სესიის (სხდომის) მოწვევის თაობაზე ერთვის განსახილველ საკითხთა ნუსხა.

4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია (სხდომა) ტარდება მხოლოდ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.“;

 

5. 97-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 97

1. საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, უმაღლესი საბჭოს კომისიას, უმაღლესი საბჭოს ფრაქციას, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არანაკლებ 5 000 ამომრჩეველს.

2. მხოლოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაა უფლებამოსილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის კანონისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონის პროექტები.

3. მხოლოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, უმაღლესი საბჭოს წევრი, უმაღლესი საბჭოს კომისია და უმაღლესი საბჭოს ფრაქცია არიან უფლებამოსილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგინონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი.

4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ყოველწლიურად იღებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესახებ“.“;

 

6. 98-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 98

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში კანონპროექტი ან დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული კანონპროექტის ან დადგენილების მიღების სხვა წესი.

2. სხვა სახის გადაწყვეტილებათა მიღების წესი, მათ შორის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შიდა ორგანიზაცია, პროცედურები და საქმიანობის წესი, განისაზღვრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.“;

 

7. 99-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 99

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონპროექტი 7 დღის ვადაში გადაეცემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს, ან კანონპროექტს მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს უმაღლეს საბჭოს. თუ ამ ვადაში მთავრობის თავმჯდომარემ ხელი არ მოაწერა და არ გამოაქვეყნა კანონი და არც უმაღლეს საბჭოს არ დაუბრუნა კანონპროექტი, მომდევნო 5 დღის ვადაში კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

2. თუ მთავრობის თავმჯდომარე დააბრუნებს კანონპროექტს, უმაღლესი საბჭო კენჭს უყრის მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნებს ერთიანად, რომელთა მისაღებად საკმარისია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მიღებისათის დადგენილი ხმათა რაოდენობა. თუ უმაღლესმა საბჭომ მიიღო შენიშვნები, კანონპროექტის საბოლოო რედაქცია 5 დღის ვადაში გადაეცემა მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს.

3. თუ უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნები, კენჭი ეყრება კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას. კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იგი 5 დღის ვადაში გადაეცემა მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს.

4. თუ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ ვადებში მთავრობის თავმჯდომარემ ხელი არ მოაწერა და არ გამოაქვეყნა კანონი, ან ამ მუხლის პირველ-მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ ვადებში შეუძლებელია კანონის ხელმოწერისა და გამოქვეყნების ვალდებულების შესრულება, შესაბამისი ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

5. კანონი ძალაში შედის მისი ოფიციალურ ორგანოში გამოქვეყნებიდან მეთხუთმეტე დღეს, თუ სხვა ვადა არ არის დადგენილი.

 6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დადგენილებები და სხვა აქტები ქვეყნდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქართულ და აფხაზურ ენებზე.“;

 

8. მე-100 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 100

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მთავრობას, მთავრობის წევრს და მიიღოს მათგან პასუხი.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, უმაღლესი საბჭოს წევრთა სულ ცოტა ხუთკაციან ჯგუფს, უმაღლესი საბჭოს ფრაქციას უფლება აქვთ, შეკითხვით მიმართონ უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მთავრობას, მთავრობის ცალკეულ წევრს, რომლებიც ვალდებული არიან უპასუხონ დასმულ შეკითხვას უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. პასუხი შეიძლება გახდეს უმაღლესი საბჭოს განხილვის საგანი.“;

 

9. 101-ე მუხლი ამოღებულ იქნეს;

 

10. 102-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 102

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიმდინარე საქმიანობის წარმართვის მიზნით იქმნება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს დადგენილებით.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის ორი მოადგილე, უმაღლესი საბჭოს კომისიების თავმჯდომარეები და უმაღლესი საბჭოს ფრაქციების თავმჯდომარეები.

3, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.“;

 

11. 103-ე მუხლი ამოღებულ იქნეს;

 

12. 104-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 104

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი:

ა) უზრუნველყოფს აფხაზეთის კონსტიტუციის დაცვას;

ბ) კოორდინაციას უწევს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კომისიების საქმიანობას;

გ) საქართველოს პარლამენტში უმრავლესობით წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტთან ან პოლიტიკურ სუბიექტთა კოალიციასთან კონსულტაციის შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში უმაღლესი საბჭოს სესიაზე განსახილველად ამზადებს კონსტიტუციური სარჩელის ან წარდგინების პროექტს;

ე) აწესებს და ანიჭებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საპატიო წოდებებს; აჯილდოებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სიგელებით.“;

 

13. 106-ე მუხლი ამოღებულ იქნეს;

 

14. 108-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 108

1. საკანონმდებლო საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, უმაღლესი საბჭოს მიერ მის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების და მთავრობის საქმიანობის კონტროლის მიზნით უმაღლეს საბჭოში იქმნება კომისიები.

2. კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით უმაღლეს საბჭოში იქმნება საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიები. დროებითი კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საბჭო რეგლამენტით დადგენილი წესით.

3. კომისიების მოთხოვნით მის სხდომაზე გამოცხადება, აგრეთვე საკითხის გამოკვლევისათვის აუცილებელი საბუთების წარდგენა სავალდებულოა.“;

 

15. კონსტიტუციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 1081 მუხლი:

     „მუხლი 1081

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები შეიძლება გაერთიანდნენ უმაღლესი საბჭოს ფრაქციაში.

2. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებამოსილება განისაზღვრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.“;

 

16. 109-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 109

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომები საჯაროა. დამსწრეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შეუძლია ცალკეული საკითხების განხილვისას სხდომა ან მისი ნაწილი დახურულად გამოაცხადოს.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული, დანიშნული ან დამტკიცებული თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს უმაღლესი საბჭოს, მისი კომისიებისა და დროებითი კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. ასეთი თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს უმაღლესმა საბჭომ, კომისიამ ან დროებითმა კომისიამ.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა არის ღია ან ფარული. კენჭისყრა ღიაა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია პლენარული სხდომის ოქმი საჯაროა.“;

 

17. 110-ე მუხლი ამოღებულ იქნეს;

 

18. 111-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 111

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას და განსაზღვრავს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინაშე.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა თავისი მუშაობის შესახებ ყოველწლიურად ანგარიშს აბარებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.“;

 

19. 112-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 112

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა შედგება მთავრობის თავმჯდომარისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელებისგან.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილება იწყება კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში და დაგენილი წესით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრთა დანიშვნისთანავე.“;

 

20. 1121 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1121

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ხელმძღვანელობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არის აფხაზეთის უმაღლესი თანამდებობის პირი და წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, საქართველოს პარლამენტში უმრავლესობით წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტთან ან პოლიტიკურ სუბიექტთა კოალიციასთან კონსულტაციის შემდეგ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელებს.

4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის არყოფნის დროს მის მოვალეობას ასრულებს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მთავრობის თავმჯდომარის დავალებით.

5. ამ მუხლის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს უფლება არა აქვს თანამდებობიდან გადააყენოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელები.

6. თუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არ დაამტკიცებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ წარდგენილ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი უფლებამოსილია 15 დღის ვადაში ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს იგივე ან სხვა კანდიდატურა.“;

 

21. კონსტიტუციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 1122 მუხლი:

     „მუხლი 1122

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნიდან 5 დღის ვადაში მთავრობის თავმჯდომარე შეარჩევს მთავრობის წევრების კანდიდატურებს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, მთავრობის თავმჯდომარის მიერ მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან 5 დღის ვადაში, განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. უმაღლესი საბჭოს ნდობის მისაღებად საჭიროა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. მთავრობის წევრები უნდა დაინიშნონ ნდობის გამოცხადებიდან სამი დღის ვადაში.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია ნდობა არ გამოუცხადოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობას და იმავე გადაწყვეტილებაში დასვას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცალკეული წევრის აცილების საკითხი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ აცილების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაზიარების შემთხვევაში დაუშვებელია აცილებული პირის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის იმავე შემადგენლობაში დანიშვნა მთავრობის გათავისუფლებული ან გადამდგარი წევრის ნაცვლად.

4. თუ მთავრობის შემადგენლობამ ვერ მიიღო უმაღლესი საბჭოს ნდობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 7 დღის ვადაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს მთავრობის იმავე ან ახალ შემადგენლობას. უმაღლესი საბჭო ახორციელებს ამ მუხლის მე-2-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ პროცედურებს.“.

 

22. 113-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 113

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის უფლება აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობას. თუ უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრიდან არა-უადრეს 15 და არა უგვიანეს 20 დღისა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო სიითი შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით გამოუცხადებს მთავრობას უნდობლობას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას უფლებამოსილება უწყდება. თუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას უნდობლობას ვერ გამოუცხადებს, მთავრობის უნდობლობის საკითხის დასმა შემდეგი 6 თვის განმავლობაში დაუშვებელია.“.

 

23. 1131 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1131

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა იწვევს მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 7 დღის ვადაში ნიშნავს მთავრობის ახალ წევრს.

2. თუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობა ნახევარზე მეტით განახლდა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 7 დღის ვადაში წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ნდობის მისაღებად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობას.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება ხდება კონსტიტუციის 1122 მუხლით დადგენილი წესით.“.

 

24. კონსტიტუციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 1132 მუხლი:

     „მუხლი 1132

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას უფლებამოსილება უწყდება:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტისას;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებისას.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადადგომისას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით (დავალებით) ახორციელებს თავის უფლებამოსილებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე.“.

 

25. 116-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 116

საქართველოს საკანონმდებლო აქტების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების, უმაღლესი საბჭოსა და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებების საფუძველზე და მათ შესასრულებლად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გამოსცემს დადგენილებებსა და განკარგულებებს.“.

 

26. მე-15 თავი ამოღებულ იქნეს.

 

27. მე-16 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„თავი მეთექვსმეტე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი და ფინანსები“.

28. 151-ე მუხლი ჩემოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 151

1. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ყოველწლიურად იღებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, წარდგენა, განხილვა და დამტკიცება ხორციელდება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის კანონის პროექტის უმაღლეს საბჭოში განხილვის წესი განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.“.

 

29. 152-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 152

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს უმაღლეს საბჭოს წარუდგენს არაუგვიანეს 2 თვისა მიმდინარე საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტთან ერთად აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე წარადგენს მოხსენებას მიმიდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეუძლია მოსთხოვოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დამატებითი ხარჯების გაღება, თუ მიუთითებს მისი დაფარვის წყაროს.

4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვისა.

5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანხმობის გარეშე დაუშვებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტში ცვლილების შეტანა.

6. აფხაზეთის ავტონომირი რესპუბლიკის ბიუჯეტის კანონის პროექტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უფლებამოსილია საბიუჯეტო წელს ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად აუცილებელი გადასახდელები ახალ საბიუჯეტო წელს ყოველთვიურად გასწიოს არაუმეტეს გასული წლის ასიგნებების 1/12 ოდენობით.“.

 

30. 153-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 153

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია საქართველოს და აფხაზეთის კანონებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შემოიღოს ან გააუქმოს ადგილობრივი გადასახადები. გადასახადების შემოღების და გაუქმების წესი განისაზღვრება აფხაზეთის კანონით.“.

 

31. 154-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 154

1. აფხაზეთის საბიუჯეტო სახსრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვას ზედამხედველობას უწევს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის აფხაზეთის დეპარტამენტი.

2. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის აფხაზეთის დეპარტამენტის უფროსს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი.

3. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის აფხაზეთის დეპარტამენტის უფროსი პასუხისმგებელია და ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინაშე.

4. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის აფხაზეთის დეპარტამენტის უფლებამოსილება, ორგანიზაცია, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტია განისაზღვრება საქართველოს კანონით.“.

 

32. 1541 მუხლი ამოღებულ იქნეს.

 

33. მე-17 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„თავი მეჩვიდმეტე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის გადასინჯვა“;

34. 155-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

 

35. 156-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 156

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის კანონპროექტის შეტანის უფლება აქვთ:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს;

გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არანაკლებ 5 000 ამომრჩეველს.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, რომელიც აქვეყნებს მას საჯარო განხილვისთვის. უმაღლეს საბჭოში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან 2 კვირის შემდეგ.

3. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.“.

 

36. კონსტიტუციას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-18 თავი:

„თავი მეთვრამეტე

გარდამავალი დებულებები

    მუხლი 157

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს იურიდიქციის ფაქტობრივი აღდგენისა და უმაღლესი საბჭოს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარებამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო შედგება საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 24 თებერვლის 662-11ს დადგენილებით განსაზღვრული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 1991 წლის ოქტომბერში არჩეული დეპუტატებისა და საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 14 ივნისის 759 აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში აფხაზეთიდან საქართველოს პარლამენტის წევრების შეყვანის შესახებ დადგენილებით განსაზღვრული დეპუტატებისაგან.“.

    მუხლი 2

ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს „აფხაზეთს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანა.

    მუხლი 3

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                    . ყოლბაია