დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 149 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 440050000.10.003.019214 |
|
„უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №88 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/02/2011, 440050000.10.003.016249) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. საქართველოში სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური ამოქმედებისა და საგრანტო დაფინანსების გზით მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული დებულება უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების გაცემის შესახებ.“. 2. პირველი მუხლით დამტკიცებული „უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების გაცემის შესახებ“ დებულება ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
„დებულება უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების გაცემის შესახებ
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება აწესრიგებს გრანტის მისაღებად კონკურსის გამართვის, გრანტის გაცემისა და საგრანტო პროექტების შესრულების მონიტორინგის წესს. 2. უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტი (შემდგომში - გრანტი), როგორც მეცნიერების დაფინანსების ერთ-ერთი საშუალება, წარმოადგენს უცხოეთში მოღვაწე წარმატებულ თანამემამულე მეცნიერებთან საქართველოს სამეცნიერო კადრების ურთიერთობის ხელშეწყობის შესაძლებლობას. კონკურსის მიზანია უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში, კვლევით ინსტიტუტებში მოღვაწე წარმატებულ თანამემამულე მეცნიერებთან საქართველოს სამეცნიერო კადრების მჭიდრო, პროფესიული ურთიერთობების დამყარება, მათი სამეცნიერო პოტენციალის გამოყენება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ეროვნულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და უნივერსიტეტებში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება, ერთობლივი კვლევითი პროექტების დაფინანსების გზით ორმხრივად ნაყოფიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბებისათვის სტიმულის მიცემა და სამშობლოში დაბრუნების მსურველ თანამემამულე მეცნიერთა საქართველოს კვლევით სივრცეში ადაპტირების ხელშეწყობა. გრანტი საშუალებას მისცემს საქართველოში მომუშავე მკვლევარებს, უკეთ გაეცნონ უცხოეთის წამყვან ქვეყნებში არსებულ სამეცნიერო სიახლეებს და აითვისონ თანამედროვე კვლევითი ტექნოლოგიები. ამასთან, გრანტი ხელს შეუწყობს უცხოეთში მცხოვრებ წარმატებულ თანამემამულე მეცნიერებს, მუდმივი საქმიანი კონტაქტი ჰქონდეთ სამშობლოსთან და თავისი ცოდნა და გამოცდილება მოახმარონ საქართველოში მეცნიერების დონის ამაღლებას. მნიშვნელოვანი კომპონენტია ახალგაზრდა მკვლევართა ჩართვა სამეცნიერო პროექტებში, რაც ხელს შეუწყობს მათი სამეცნიერო პოტენციალის განვითარებასა და საერთაშორისო სამეცნიერო ქსელთან ინტეგრაციას. 3. უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსი მოიცავს ევროსტატისა (EUROSTAT) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კლასიფიკაციით დადგენილ შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებსა და ქვემიმართულებებს: ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ა.ა) მათემატიკა; ა.ბ) კომპიუტერული და საინფორმაციო მეცნიერებები; ა.გ) ფიზიკური მეცნიერებები; ა.დ) ქიმიური მეცნიერებები; ა.ე) დედამიწისა და მასთან დაკავშირებული გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები; ა.ვ) ბიოლოგიური მეცნიერებები; ა.ზ) სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ბ) ინჟინერია და ტექნოლოგიები: ბ.ა) სამოქალაქო ინჟინერია; ბ.ბ) ელექტროინჟინერია, ელექტრონული ინჟინერია, საინფორმაციო ინჟინერია; ბ.გ) მექანიკური ინჟინერია; ბ.დ) ქიმიური ტექნოლოგია; ბ.ე) მასალათა ტექნოლოგია; ბ.ვ) სამედიცინო ტექნოლოგია; ბ.ზ) გარემოს შემსწავლელი ინჟინერია; ბ.თ) ეკოლოგიური ბიოტექნოლოგია; ბ.ი) სამრეწველო ბიოტექნოლოგია; ბ.კ) ნანო-ტექნოლოგია; ბ.ლ) სხვა საინჟინრო ტექნოლოგიები; გ) მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები: გ.ა) ფუნდამენტური მედიცინა; გ.ბ) კლინიკური მედიცინა; გ.გ) ჯანმრთელობის მეცნიერებანი; გ.დ) სამედიცინო ბიოტექნოლოგია; გ.ე) მედიცინის სხვა დარგები; დ) აგრარული მეცნიერებები: დ.ა) სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა და მეთევზეობა; დ.ბ) მეცხოველეობა და მერძევეობა; დ.გ) ვეტერინარული მეცნიერებანი; დ.დ) სასოფლო-სამეურნეო ბიოტექნოლოგიები; დ.ე) სხვა აგრარული მეცნიერებები; ე) სოციალური მეცნიერებები: ე.ა) ფსიქოლოგია; ე.ბ) ეკონომიკა და ბიზნესი; ე.გ) განათლების მეცნიერებანი; ე.დ) სოციოლოგია; ე.ე) სამართალი; ე.ვ) პოლიტიკური მეცნიერებები; ე.ზ) სოციალური და ეკონომიკური გეოგრაფია; ე.თ) მედია და კომუნიკაცია; ე.ი) სხვა სოციალური მეცნიერებები; ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებები: ვ.ა) ისტორია და არქეოლოგია; ვ.ბ) ენები და ლიტერატურა; ვ.გ) ფილოსოფია, ეთიკა და რელიგია; ვ.დ) ხელოვნება (ხელოვნება, ხელოვნების ისტორია, საშემსრულებლო ხელოვნება, მუსიკა); ვ.ე) სხვა ჰუმანიტარული მეცნიერებები; ზ) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დადგენილების მიზნებისათვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ახალგაზრდა მკვლევარი - პირი ძირითადი პერსონალიდან, რომელსაც აქვს მინიჭებული დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 7 წლისა, ასევე დოქტორანტი, მაგისტრი და მაგისტრანტი; ბ) გენერალური დირექტორი - ფონდის გენერალური დირექტორი, რომლის ფუნქციებში შედის დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება და საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; გ) გრანტის მიმღები - კონკურსში გამარჯვებული და დაფინანსებული პროექტის ძირითადი პერსონალი (მკვლევართა ჯგუფი), წამყვანი ორგანიზაცია, თანამონაწილე ორგანიზაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) დამოუკიდებელი ექსპერტი (შემდგომში - ექსპერტი) - პირი, რომელიც აფასებს საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარდგენილ პროექტს; ე) დამხმარე პერსონალი - ძირითადი პერსონალის გარდა, პროექტის ფარგლებში დასაქმებული პირი/პირები, რომელიც/რომლებიც ეხმარება/ეხმარებიან ძირითად პერსონალს ტექნიკური პრობლემების მოგვარებაში; ვ) ზედნადები ხარჯები - პროექტის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის საჭირო წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ გასაწევი არაპირდაპირი ხარჯები, რომლებიც შეადგენს ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსების არაუმეტეს 7%-ს; ზ) თანადამფინანსებელი - იურიდიული ან ფიზიკური პირი/პირები, რომელიც/რომლებიც ფონდთან ერთად აფინანსებს/აფინანსებენ კვლევას; თ) თანამონაწილე ორგანიზაცია - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელთა წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. თანამონაწილე ორგანიზაცია წამყვან ორგანიზაციასთან ერთად უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისაგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას და ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს; ი) მიზნობრივი ანგარიში - საგრანტო ხელშეკრულებაში განსაზღვრული წამყვანი ან/და თანამონაწილე ორგანიზაციის მიერ პროექტისთვის გახსნილი საბანკო ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა; კ) პროექტი - დაფინანსების მოპოვების მიზნით, ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად ფონდში წარდგენილი საკონკურსო განაცხადი; ლ) პროექტის ბიუჯეტი - პროექტის განხორციელებისათვის საჭირო საგრანტო დაფინანსების საერთო ოდენობა ხარჯვის კატეგორიების მიხედვით; მ) პროექტის კოორდინატორი - ფიზიკური პირი პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც ჩართულია პროექტის მართვასა და ადმინისტრირებაში და პასუხისმგებელია პროექტის მენჯმენტსა და საორგანიზაციო საქმეებზე; ნ) პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი - უცხოეთში მოღვაწე თანამემამულე (საქართველოს მოქალაქე ან საქართველოდან ემიგრირებული პირი ან მისი შთამომავალი), რომელიც ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ ხარისხს, უკავია სრული პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის (ან ეკვივალენტური) თანამდებობა უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უნივერსიტეტში და ა.შ.), ან უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციაში/კლინიკაში არის ლაბორატორიის/ჯგუფის/სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ან უკავია სხვა არჩევითი სამეცნიერო თანამდებობა; ო) პროექტის შეფასების კრიტერიუმები - ფონდში წარდგენილი პროექტების შესაფასებლად ექსპერტებისათვის განსაზღვრული, ამ დებულებით დამტკიცებული სახელმძღვანელო პრინციპები სათანადო ქულების მითითებით; პ) პროექტის ხელმძღვანელი - დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მცხოვრები, პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც კოორდინაციას უწევს პროექტის შედგენას, პროექტით გათვალისწინებულ კვლევას და პასუხისმგებელია როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ისე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე, კოორდინაციას უწევს მკვლევართა ჯგუფის მუშაობას პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის საქართველოში არყოფნის პერიოდში და მუდმივ კონტაქტში იმყოფება პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელთან; ჟ) საანგარიშო პერიოდი - საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც გრანტის მიმღები ახორციელებს საგრანტო სახსრების ხარჯვას და დასრულების შემდგომ წარუდგენს ფონდს ანგარიშს; რ) საბოლოო ანგარიში - საბოლოო ანგარიში მოიცავს პროექტის დასრულების შემდგომ გრანტის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირის მხრიდან ფონდში წარდგენილ საბოლოო პროგრამულ და ფინანსურ ანგარიშებს; ს) საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი - საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის შუალედური და საბოლოო პროგრამული და ფინანსური მონიტორინგის პროცედურა; ტ) საკონკურსო დოკუმენტაცია - ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელთა წარდგენა აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად; უ) ტრანში - პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული, კონკრეტული საანგარიშო პერიოდისთვის გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები; ფ) ფონდი - საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი; ქ) შუალედური ანგარიში - საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ გრანტის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირის მხრიდან ფონდში წარდგენილი პროგრამული და ფინანსური ანგარიშები; ღ) ძირითადი პერსონალი - გრანტის მიმღები ფიზიკური პირი/პირები, რომელიც/რომლებიც ასრულებს/ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს. ძირითადი პერსონალი შეიძლება იყოს მაგისტრანტი, დოქტორანტი, მაგისტრის ან დოქტორის, ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი; გრანტის მიმღებნი შესაძლებელია იყვნენ მკვლევართა ჯგუფის ის წევრები, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები; ყ) წამყვანი ორგანიზაცია - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელთა წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. წამყვანი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ახორციელებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისაგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას, ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს.
მუხლი 3. საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება 1. საგრანტო კონკურსის სრულ ადმინისტრირებასა და გრანტის გაცემას ახორციელებს ფონდი. კონკურსი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 2. ფონდი უზრუნველყოფს: ა) საგრანტო კონკურსის გამოცხადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) კონკურსის ჩატარების წესისა და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენასა და საჯაროდ გამოცხადებას, აგრეთვე საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშის ფორმების დამტკიცებას; გ) ექსპერტთა მიერ პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას; დ) გამარჯვებული საგრანტო პროექტების გამოვლენასა და დამტკიცებას; ე) გამარჯვებული საგრანტო პროექტების დაფინანსებასა და მათი შესრულების მონიტორინგს დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 4. სუბიექტები 1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ: ა) წამყვანი ან/და თანამონაწილე ორგანიზაციის სახით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომელთა წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს; ბ) პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელს; გ) ძირითად პერსონალს - ფიზიკურ პირებს, რომლებიც ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს, პროექტის ხელმძღვანელს, პროექტის კოორდინატორს, მკვლევარებს და ახალგაზრდა მკვლევარებს წამყვანი ან თანამონაწილე ორგანიზაციიდან. 2. გრანტის მიმღებნი შესაძლებელია იყვნენ მკვლევართა ჯგუფის ის წევრები, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები. 3. ერთსა და იმავე პირს ერთსა და იმავე დროს მკვლევართა ჯგუფის წევრის/ძირითადი პერსონალის სტატუსით არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ფონდის მიერ გამოცხადებულ გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ან/და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსებში გამარჯვებულ ჯამში 2-ზე მეტ პროექტში. 4. ერთი და იგივე პირი ერთსა და იმავე დროს არ უნდა ხელმძღვანელობდეს ან თანახელმძღვანელობდეს გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ან უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსებში გამარჯვებულ ერთზე მეტ პროექტს. 5. დაუშვებელია უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსში ისეთი საპროექტო განაცხადის შეტანა, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოვა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებთან.
მუხლი 5. გრანტის პირობები და ძირითადი ფინანსური მოთხოვნები 1. საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 24 ან 36 თვე. 2. საგრანტო დაფინანსება შეიძლება მოთხოვნილი იყოს შემდეგი სქემით: ა) ამ დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებებისათვის: 24-თვიანი პროექტებისათვის - არაუმეტეს 140 000 (ას ორმოცი ათასი) ლარისა; 36-თვიანი პროექტებისათვის - არაუმეტეს 210 000 (ორას ათი ათასი) ლარისა; ბ) ამ დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებებისათვის: 24-თვიანი პროექტებისთვის - არაუმეტეს 100 000 (ასი ათასი) ლარისა; 36-თვიანი პროექტებისათვის - არაუმეტეს 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარისა; გ) ამ დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამეცნიერო მიმართულებაში შესულ პროექტებში, რომლებიც მოიცავს საბუნებისმეტყველო, სამედიცინო, აგრარულ მეცნიერებებს, ინჟინერიასა და ტექნოლოგიებს, მოქმედებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების სქემა, ხოლო პროექტებს, რომლებიც მოიცავს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებს, მოქმედებს ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების სქემა; დ) პროექტი შეიძლება ითვალისწინებდეს თანადაფინანსებას თანადამფინანსებლის მხრიდან. 3. პროექტის წლიური ბიუჯეტი, ამ დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით, არ უნდა აღემატებოდეს: ა) „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებებისათვის - 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარს; ბ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებებისათვის - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს; გ) „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებისათვის, რომლებიც მოიცავს საბუნებისმეტყველო, სამედიცინო, აგრარულ მეცნიერებებს, ინჟინერიასა და ტექნოლოგიებს - 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარს, ხოლო პროექტებისათვის, რომლებიც მოიცავს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებს - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს. 4. წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების ბაზაზე პროექტით დაგეგმილი ამოცანების განხორციელებისათვის აუცილებელი არაპირდაპირი ხარჯები უნდა აისახოს ხარჯვის კატეგორიაში - „ზედნადები ხარჯები“. „ზედნადები ხარჯების“ მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს პროექტის მთლიანი ბიუჯეტის 7%-ს. გრანტის მიმღებისათვის გრანტის ჩარიცხვის ფაქტის დადასტურებით (სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში შესრულებული გადარიცხვა), გრანტის გამცემისთვის ზედნადები ხარჯები სრულად აღიარდება ხარჯად ფონდის მიერ განხორციელებული ფინანსური მონიტორინგის ფარგლებში. პროექტის დასრულების შემდეგ ზედნადები ხარჯიდან აუთვისებელი თანხა გრანტის მიმღების მიერ ბრუნდება სახელმწიფო ბიუჯეტში. 5. ძირითადი პერსონალის ყოველთვიური საგრანტო დაფინანსებისა და დამხმარე პერსონალის ყოველთვიური შრომის ანაზღაურების წლიური ჯამი არ უნდა აღემატებოდეს: ა) წლიური ბიუჯეტის 60%-ს, ამ დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სამეცნიერო მიმართულებებში შესული პროექტებისთვის; ბ) წლიური ბიუჯეტის 45%-ს, ამ დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სამეცნიერო მიმართულებებში წარდგენილი პროექტებისთვის; გ) ამ დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამეცნიერო მიმართულებაში წარდგენილი პროექტებისთვის, რომლებიც მოიცავს საბუნებისმეტყველო, სამედიცინო, აგრარულ მეცნიერებებს, ინჟინერიასა და ტექნოლოგიებს, წლიური ბიუჯეტის 45%-ს, ხოლო პროექტებს, რომლებიც მოიცავს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებს - 60%-ს. 6. პროექტში შეთავაზებული კვლევა შესაძლოა წარმოადგენდეს სხვა საერთაშორისო პროექტით გათვალისწინებული კვლევის ნაწილს. 7. პროექტის დაფინანსება ხორციელდება 12-თვიანი პერიოდებით. ყოველი პერიოდის ბოლოს პროექტის ხელმძღვანელის მიერ ფონდს წარედგინება პროექტის შესრულების ანგარიში, რომელიც შედგება პროგრამული და ფინანსური ნაწილებისაგან. ყოველი მომდევნო ტრანში გადაირიცხება წინა საანგარიშო პერიოდის შედეგების შესრულების შესახებ ფონდში წარდგენილი ანგარიშების განხილვის აქტის საფუძველზე. 8. პროექტის ფინანსური ანგარიშსწორების საკითხები რეგულირდება ფონდსა და გრანტის მიმღებებს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებით. 9. პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის სახსრებით შეძენილი ქონება საკუთრებაში რჩება წამყვან/თანამონაწილე ორგანიზაციას ან/და ფიზიკურ პირს/პირთა ჯგუფს, მათ შორის, გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით.
მუხლი 6. პროექტის ბიუჯეტი 1. პროექტის ბიუჯეტი შესაძლოა ითვალისწინებდეს როგორც ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის, ისე არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციის შემდეგ მუხლებს: ა) ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება; ბ) დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება; გ) მივლინება; დ) საქონელი და მომსახურება; ე) არაფინანსური აქტივები; ვ) ზედნადები ხარჯები. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ხარჯვითი კატეგორიები განისაზღვრება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია პროექტის ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტთან, დაჯამდება საქონლისა და მომსახურების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში. 4. გრანტის თანხებით დაუშვებელია უძრავი ქონების შეძენა/იჯარა, შენობა-ნაგებობის კაპიტალური რემონტი/რეკონსტრუქცია, ავტომანქანის შეძენა.
მუხლი 7. კონკურსის ეტაპები კონკურსის ძირითადი ეტაპებია: ა) კონკურსის გამოცხადება; ბ) პროექტების ფონდში წარდგენა; გ) პროექტების შეფასება ექსპერტთა მეშვეობით; დ) ექსპერტთა შეფასების საფუძველზე შერჩეული დასაფინანსებელი პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცება; ე) დასაფინანსებლად შერჩეულ პროექტებში მონაწილე წამყვან და თანამონაწილე ორგანიზაციებსა და ძირითად პერსონალთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.
მუხლი 8. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა 1. ფონდში საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით. დადგენილი ბოლო ვადის გასვლის შემდეგ საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება. 2. დოკუმენტაციის ფონდში წარდგენისას შესაძლებელია მიეთითოს არა უმეტეს 3 არასასურველი ექსპერტისა, რომელთაც შესაფასებლად წარდგენილი პროექტი არ გაეგზავნებათ. 3. ფონდი უფლებამოსილია, კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე, კონკურსიდან მოხსნას პროექტები, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან შეიცავს ყალბ ინფორმაციას.
მუხლი 9. პროექტის განხილვის პროცესი და შეფასება 1. კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი რეგისტრირებული პროექტები შესაფასებლად გადაეცემა დამოუკიდებელ ადგილობრივ ან/და უცხოელ ექსპერტებს. პროექტის შეფასება უნდა განახორციელოს, სულ ცოტა, ორმა ექსპერტმა. ფონდს შეფასების შედეგი წარედგინება თავის მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად. 2. პროექტის შეფასება ხორციელდება ამ დებულების მე-10 მუხლით გათვალისწინებული პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. 3. ექსპერტებისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე, პროექტის საბოლოო შეფასება გამოიანგარიშება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით. 4. ექსპერტებისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე, ფონდი ადგენს და გენერალური დირექტორი ამტკიცებს პროექტების რანჟირებულ სიებს, ამ დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით. გენერალური დირექტორი უფლებამოსილია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს თითოეული სამეცნიერო მიმართულებისა და მიმართულებით გათვალისწინებული ქვემიმართულებებისათვის ცალ-ცალკე დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი ზღვრული შეფასება, აგრეთვე დაადგინოს კრიტერიუმ(ებ)ი თანაბარქულიან პროექტებს შორის უპირატესის გამოსავლენად. რანჟირებული სიების საფუძველზე, გენერალური დირექტორი უფლებამოსილია, გამოყოს სათადარიგო პროექტები, რომლებიც ჩაენაცვლება გამარჯვებულ პროექტებს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებულებთან არ გაფორმდება საგრანტო ხელშეკრულება. 5. ექსპერტებისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე, გენერალური დირექტორი უფლებამოსილია, გამოყოს სათადარიგო პროექტები, რომლებიც ჩაენაცვლება გამარჯვებულ პროექტებს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებულებთან არ გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება. 6. ექსპერტთა ვინაობა კონფიდენციალურია. 7. კონკურსის შედეგების გამოცხადების შემდეგ პროექტის ძირითადი პერსონალის, წამყვანი/თანამონაწილე ორგანიზაციის მოთხოვნის შემთხვევაში, ფონდი უზრუნველყოფს მათი პროექტის შესახებ ექსპერტთა მიერ გაკეთებული დასკვნების გაცნობას.
მუხლი 10. პროექტის შეფასების კრიტერიუმები 1. პროექტების შეფასებას ექსპერტები ახორციელებენ შემდეგი კრიტერიუმებით:
2. თითოეული ქვეკრიტერიუმი ფასდება 6-ქულიანი სისტემით. ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 60 ქულა. 3. დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა მიიღოს 43 ან მეტი ქულა. 4. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც ჯამურად მაღალ ქულას დააგროვებს პირველ კრიტერიუმში (სამეცნიერო კომპონენტი), შემდეგ კი თანმიმდევრულად, მე-3 (პროექტის მენეჯმენტი) და მე-2 (აკადემიური კომპონენტი) კრიტერიუმებში. აღნიშნულ სამივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს.
მუხლი 11. ინტერესთა კონფლიქტი 1. დაუშვებელია ექსპერტი იყოს პირი, რომელიც არის ამავე კონკურსის მონაწილე. 2. არ შეიძლება პროექტების შეფასების პროცესში მონაწილეობდეს ექსპერტი: ა) რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია ძირითად პერსონალთან ან მონაწილეობდა მასთან ერთსა და იმავე სამეცნიერო-კვლევით პროექტში; ბ) რომელმაც შესაძლოა უშუალოდ მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში; გ) რომელსაც აქვს პროექტის თემატიკის ან კვლევის მეთოდიკის შესახებ პროექტის ავტორებისაგან ფუნდამენტურად განსხვავებული პოზიცია; დ) რომელიც თვითონ არის დაინტერესებული მხარე პროექტში; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის ნათესავია; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია; შრომით ურთიერთობაშია პროექტში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან. 3. ამ დებულების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება: ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი; ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი; გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა; დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები. 4. ექსპერტი ვალდებულია, გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ. 5. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია ექსპერტის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია, იმსჯელოს ექსპერტის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმების შესახებ.
მუხლი 12. საგრანტო ხელშეკრულება 1. დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულებათა გაფორმებას პროექტებში მონაწილე ძირითად პერსონალსა და წამყვან და თანამონაწილე ორგანიზაციებთან. 2. საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციები ფონდს წარუდგენენ წერილობით დადასტურებას იმის შესახებ, რომ არ აქვთ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანება. დავალიანების არსებობის შემთხვევაში, მასთან არ გაფორმდება საგრანტო ხელშეკრულება. 3. პროექტის ფარგლებში შექმნილი გამოგონების დაპატენტების უფლება ეკუთვნის ფონდსა და გრანტის მიმღებს. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც, თუ აღნიშნულ გამოგონებას დააპატენტებს გრანტის მიმღები, ფონდს წარმოეშობა პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებები. პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების გამოყენებიდან მიღებული მოგების პროცენტულობა განისაზღვრება შემდეგნაირად: 70% - გრანტის მიმღებს (35% - იურიდიულ პირს, 35% - მეცნიერთა ჯგუფს - ფიზიკურ პირებს) და 30% - ფონდს, როგორც გრანტის გამცემს. აღნიშნულთან დაკავშირებით, გრანტის გამცემსა და გრანტის მიმღებს შორის წარმოშობილი ურთიერთობები დარეგულირდება პატენტის მიღების შემდგომ გასაფორმებელ ხელშეკრულებაში. 4. გრანტის მიმღებს ეკრძალება პროექტის ფარგლებში შექმნილ ნაწარმოებზე არსებული განსაკუთრებული უფლებების მთლიანად ან ნაწილობრივ ნებისმიერი ფორმით გადაცემა მესამე პირისათვის, ნაწარმოების შექმნიდან 5 წლის განმავლობაში, ფონდის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე (ტერმინი - „ნაწარმოები“ აქ გულისხმობს წიგნს, ბროშურას, კომპიუტერულ პროგრამას, რუკას, გეგმას, ესკიზს, ილუსტრაციას, თარგმანს, კრებულს, ენციკლოპედიას, ანთოლოგიას, მონაცემთა ბაზას და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა სახის ნაშრომებს). 5. ფონდი უფლებამოსილია, გრანტის მიმღების მიერ ყოველი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე, არა უგვიანეს 20 დღით ადრე (გარდა პროექტის განხორციელების ბოლო საანგარიშო პერიოდისა), საგრანტო ხელშეკრულების საერთო თანხის გაზრდის გარეშე, წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, საგრანტო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში ან/და ხარჯთაღრიცხვაში განახორციელოს ცვლილება. პროექტის განხორციელების ბოლო საანგარიშო პერიოდში ცვლილების შეტანა შესაძლებელია გრანტის მიმღების მიერ დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. საანგარიშო წლის პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებები დასაშვებია პროექტის მიმდინარე წლის საერთო ბიუჯეტის 20%-ის ფარგლებში.
მუხლი 13. პროექტის შესრულების მონიტორინგი 1. საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტრანშებს ფონდი რიცხავს ავანსის სახით და ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს. 2. ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან. 3. პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულებით დაგეგმილი პროექტის სამეცნიერო მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების შესრულების დამადასტურებელი ანგარიშის შემოწმებას. 4. ფონდის მიერ მონიტორინგის განხორციელებისას: ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას; ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება მიზნობრივ ანგარიშზე დაბრუნებას; გ) გადახარჯვად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების გაწევა სხვა მუხლებში არსებული რესურსით იმ შემთხვევაში, თუ გადახარჯულ მუხლში მომავალი ტრანშით ჩასარიცხი თანხა მეტია ან ტოლია სხვა მუხლიდან გადახარჯული მუხლით გათვალისწინებული ხარჯებისათვის გამოყენებული რესურსის, გადახარჯვა არ ჩაითვლება ხარვეზად და არ წარმოადგენს პროექტის შეჩერების საფუძველს; დ) ნაშთად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში გაუხარჯავი რესურსი, რომელიც შესაძლოა გაიხარჯოს მომდევნო კვარტალებში. 5. ფონდი უფლებამოსილია, მიმდინარე და დასრულებული პროექტების სამეცნიერო ღირებულება და ეფექტიანობა შეაფასებინოს შესაბამისი დარგის ექსპერტებს. ფონდი არ არის უფლებამოსილი, თავად შეაფასოს დასრულებული პროექტის სამეცნიერო ღირებულება და არ არის პასუხისმგებელი პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევების შედეგებზე. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შემოწმების შედეგად მიღებული აქტები ფონდის მიერ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს გრანტის მიმღების მიერ შემდგომში საგრანტო კონკურსებში მონაწილეობისას წარდგენილი პროექტების შეფასებისას.
მუხლი 14. პროექტის შეჩერება, შეწყვეტა და დასრულება 1. პროექტი ჩაითვლება ავტომატურად შეჩერებულად ფონდის წესდებისა და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 2. ფონდი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეწყვეტს გრანტის მიმღების გრანტით დაფინანსებას (შესაბამისად შეწყდება პროექტი), თუ: ა) მოხდა შესაბამისი წამყვანი ორგანიზაციის ლიკვიდაცია ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში გაუქმდა მისი ავტორიზაცია; ბ) გრანტის მიმღებმა არ შეასრულა საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ან/და ანგარიშში წარადგინა ყალბი ინფორმაცია. 3. გრანტის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის ურთიერთობები დარეგულირდეს საგრანტო ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების შესაბამისად. 4. პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ პროექტის ფარგლებში ავანსად გადარიცხულ ყველა ტრანშზე, პროექტის დახურვის მომენტში, წარდგენილია შუალედური და საბოლოო ანგარიშები, ფონდის მიერ წარდგენილ ანგარიშებზე დაწერილია შესაბამისი განხილვის აქტები და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.“.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები