დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 137 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 440050000.10.003.019202 |
|
„გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/02/2011, 440050000.10.003.016246) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. საქართველოში სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური ამოქმედებისა და საგრანტო დაფინანსების გზით მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს: 1. გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ დებულება (დანართი №1). 2. საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები (დანართი №2).“. 2. პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებულ „გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ დებულების: ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება აწესრიგებს კონკურსის გამართვის, გრანტის გაცემისა და საგრანტო პროექტების (შემდგომში – პროექტი) განხორციელების მონიტორინგის წესს. 2. გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების (შემდგომში – გრანტი) მიზანია, ხელი შეუწყოს გამოყენებითი და ტექნოლოგიური ხასიათის სამეცნიერო კვლევების შემდგომ განვითარებას, ღიად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) გზით შეარჩიოს და დააფინანსოს გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი პროექტები. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინოვაციური კვლევების გამოვლენას, რომელთა შედეგად მიღებულ მაღალტექნოლოგიურ პროდუქტზე მოთხოვნაა ადგილობრივ და/ან საერთაშორისო ბაზარზე და პასუხობს ახალი ტექნოლოგიების განვითარების სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრას. აგრეთვე მნიშვნელოვანია კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე პროექტების გამოვლენა და კვლევის შედეგად სამრეწველო ნიმუშის/პროტოტიპის სახით ახალი/გაუმჯობესებული პროგრამული უზრუნველყოფის, მასალების, სამკურნალო საშუალების, მოწყობილობის, კონსტრუქციის და ა.შ. შექმნა და შესაბამისი ტექნოლოგიის შემუშავება/სრულყოფა. 3. გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში საგრანტო პროექტები შესაძლებელია წარდგენილ იქნეს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში: ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ბ) ინჟინერია და ტექნოლოგიები; გ) სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები; დ) აგრარული მეცნიერებები; ე) ჰუმანიტარული მეცნიერებები (მხოლოდ ინტერდისციპლინური პროექტების შემთხვევაში); ვ) სოციალური მეცნიერებები (მხოლოდ ინტერდისციპლინური პროექტების შემთხვევაში). 4. ამ კონკურსის მიზნებისათვის ინტერდისციპლინურ პროექტად ჩაითვლება პროექტი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მოიცავს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ მიმართულებებიდან ერთ-ერთს და „ე“ და „ვ“ მიმართულებებიდან რომელიმეს, აგრეთვე „ა“, „ბ“ „გ“ და „დ“ მიმართულებების ნებისმიერ კომბინაციას.“; ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ტერმინთა განმარტება დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დადგენილების მიზნებისათვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) გამოყენებითი კვლევა – კვლევა, რომელიც ორიენტირებულია საერთაშორისო ან ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნადი მაღალტექნოლოგიური ინოვაციური პროდუქტის შექმნაზე. კვლევას შედეგად უნდა მოჰყვეს ახალი/გაუმჯობესებული პროგრამული უზრუნველყოფის, მასალების, სამკურნალო საშუალების, მოწყობილობის, კონსტრუქციის და ა.შ. შექმნა სამრეწველო ნიმუშის/პროტოტიპის სახით და შესაბამისი ტექნოლოგიის შემუშავება/სრულყოფა; ბ) გენერალური დირექტორი - ფონდის გენერალური დირექტორი, რომლის ფუნქციებში შედის დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება და საჭიროების შემთხვევაში, დამოუკიდებელ ექსპერტთა/კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; გ) გრანტის მიმღები – კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებული, დასაფინანსებლად დამტკიცებული პროექტის წამყვანი ორგანიზაცია, თანამონაწილე ორგანიზაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პროექტის ხელმძღვანელი, პროექტის კოორდინატორი და ძირითადი პერსონალი; დ) დამოუკიდებელი ექსპერტი – პირი, რომელიც შეფასების პირველ საფეხურზე აფასებს კონკურსის ფარგლებში წარდგენილ პროექტს; ე) დამხმარე პერსონალი – ძირითადი პერსონალის გარდა, პროექტის ფარგლებში დასაქმებული პირი/პირები, რომელიც/რომლებიც ეხმარება/ეხმარებიან ძირითად პერსონალს ტექნიკური საკითხების მოგვარებაში; ვ) ზედნადები ხარჯები – პროექტის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის საჭირო წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ გასაწევი არაპირდაპირი ხარჯები, რომელიც შეადგენს ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსების არაუმეტეს 7%-ს; ზ) თანადამფინანსებელი – იურიდიული ან ფიზიკური პირი/პირები, რომელიც/რომლებიც ფონდთან ერთად აფინანსებს/აფინანსებენ კვლევას; თ) თანამონაწილე ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელთა წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. თანამონაწილე ორგანიზაცია წამყვან ორგანიზაციასთან ერთად უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას და ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს; ი) კომისია – კონკურსის მე-2 საფეხურზე გადასული პროექტებიდან გამარჯვებულების გამოვლენის მიზნით შექმნილი კომისია, რომელიც შედგება „კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის №32 დადგენილებით შექმნილი კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ადგილობრივი დარგობრივი ექსპერტების, ბიზნესის, სსიპ – საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (საქპატენტი) წარმომადგენლებისგან; კ) მიზნობრივი ანგარიში – საგრანტო ხელშეკრულებაში განსაზღვრული წამყვანი ან/და თანამონაწილე ორგანიზაციის მიერ პროექტისთვის გახსნილი საბანკო ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა; ლ) პროექტი – პროექტის ხელმძღვანელის მიერ დაფინანსების მოპოვების მიზნით, ამ დებულებითა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, ფონდში წარდგენილი საკონკურსო განაცხადი; მ) პროექტის ბიუჯეტი – პროექტის განხორციელებისათვის საჭირო საგრანტო დაფინანსების საერთო ოდენობა ხარჯვის კატეგორიების მიხედვით; ნ) პროექტის კოორდინატორი – ფიზიკური პირი პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც ჩართულია პროექტის მართვასა და ადმინისტრირებაში და პასუხისმგებელია პროექტის მენეჯმენტსა და საორგანიზაციო საქმეებზე; ო) პროექტის შეფასების კრიტერიუმები − ფონდში წარდგენილი პროექტების შესაფასებლად ექსპერტებისა და კომისიის წევრებისათვის განსაზღვრული, ამ დებულებით დამტკიცებული სახელმძღვანელო პრინციპები სათანადო ქულების მითითებით; პ) პროექტის ხელმძღვანელი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქე პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც კოორდინაციას უწევს პროექტის შედგენას, პროექტით გათვალისწინებულ კვლევას და პასუხისმგებელია როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ისე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე; ჟ) საანგარიშო პერიოდი – საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც გრანტის მიმღები ახორციელებს საგრანტო სახსრების ხარჯვას და დასრულების შემდგომ წარუდგენს ფონდს ანგარიშს; რ) საბოლოო ანგარიში – საბოლოო ანგარიში მოიცავს პროექტის დასრულების შემდგომ გრანტის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან ფონდში წარდგენილ საბოლოო პროგრამულ და ფინანსურ ანგარიშებს; ს) საგრანტო ხელშეკრულება – გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ტ) საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი – საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის შუალედური და საბოლოო პროგრამული და ფინანსური მონიტორინგის პროცედურა; უ) საკონკურსო დოკუმენტაცია – ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელთა წარდგენა აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად; ფ) ტრანში – პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული, კონკრეტული საანგარიშო პერიოდისთვის გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები; ქ) ფონდი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი; ღ) შუალედური ანგარიში – საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ გრანტის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან ფონდში წარდგენილი პროგრამული და ფინანსური ანგარიში; ყ) ძირითადი პერსონალი – გრანტის მიმღები ფიზიკური პირი/პირები, რომელიც/რომლებიც ასრულებს/ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს. ძირითადი პერსონალი შეიძლება იყოს მაგისტრანტი, დოქტორანტი, მაგისტრის ან დოქტორის, ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი; შ) წამყვანი ორგანიზაცია - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელთა წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. წამყვანი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ახორციელებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას, ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს.“; გ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას; დ) დამოუკიდებელი ექსპერტებისა და კომისიისგან მიღებულ შეფასებებზე დაყრდნობით, დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენას, დამტკიცებას, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილებების შეტანას;“; დ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) წამყვანი ან/და თანამონაწილე ორგანიზაციის სახით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომელთა წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს;“; ე) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ძირითადი ფინანსური მოთხოვნები 1. საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 12 ან 24 თვე. 2. ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება 12-თვიანი პროექტისათვის არ უნდა აღემატებოდეს 120 000 (ას ოცი ათასი) ლარს, ხოლო 24-თვიანი პროექტისათვის – 240 000 (ორას ორმოცი ათასი) ლარს. 3. წლის განმავლობაში ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 120 000 (ას ოცი ათასი) ლარს. 4. პროექტს შესაძლოა ჰყავდეს თანადამფინანსებელი, რომლის თანამონაწილეობა პროექტის დაფინანსებაში უნდა გამოიხატოს ფულადი შენატანის სახით. 5. წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების ბაზაზე პროექტით დაგეგმილი ამოცანების განხორციელებისათვის აუცილებელი არაპირდაპირი ხარჯები უნდა აისახოს ხარჯვის კატეგორიაში – „ზედნადები ხარჯები“. „ზედნადები ხარჯების“ მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ბიუჯეტის 7%-ს. გრანტის მიმღებისათვის, ჩარიცხვის ფაქტის დადასტურებით (სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში შესრულებული გადარიცხვა), გრანტის გამცემისთვის ზედნადები ხარჯები სრულად აღიარდება ხარჯად, ფონდის მიერ განხორციელებული ფინანსური მონიტორინგის ფარგლებში. პროექტის დასრულების შემდეგ ზედნადები ხარჯიდან აუთვისებელი თანხა გრანტის მიმღების მიერ ბრუნდება სახელმწიფო ბიუჯეტში. 6. ძირითადი პერსონალის ყოველთვიური საგრანტო დაფინანსებისა და დამხმარე პერსონალის ყოველთვიური ანაზღაურების მთლიანი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 45%-ს. 7. პროექტის დაფინანსება ხორციელდება საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტრანშების სახით. თანხები ავანსის სახით გადაირიცხება პროექტის მიზნობრივ საბანკო ანგარიშებზე. პირველი ტრანში ავანსის სახით გაიცემა საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ხოლო ყოველი მომდევნო ტრანში – წინა ტრანშით გათვალისწინებული შედეგების შესრულების შესახებ ფონდში წარდგენილი ანგარიშების განხილვის აქტის საფუძველზე. 8. პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის სახსრებით შეძენილი ქონება საკუთრებაში რჩება გრანტის მიმღებ წამყვან/თანამონაწილე ორგანიზაციას ან/და ფიზიკურ პირს/პირთა ჯგუფს, მათ შორის, გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით.“; ვ) მე-6 მუხლის: ვ.ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება;“; ვ.ბ) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ხარჯვითი კატეგორიები განისაზღვრება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“; ზ) მე-7 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) გენერალური დირექტორის მიერ შექმნილი კომისიის მიერ კონკურსის მე-2 საფეხურზე გადასული პროექტების შეფასება, პრეზენტაცია კომისიის წინაშე და გამარჯვებულების გამოვლენა; ე) დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების საბოლოო სიის დამტკიცება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.“; თ) მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფონდში საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება. 2. დოკუმენტაციის ფონდში წარდგენისას შესაძლებელია მიეთითოს არაუმეტეს 3 არასასურველი დამოუკიდებელი ექსპერტისა, რომელთაც შესაფასებლად წარდგენილი პროექტი არ გაეგზავნებათ.“; ი) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. პროექტის შეფასება 1. კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი რეგისტრირებული პროექტები შეფასების I საფეხურზე გაივლის ექსპერტიზას, პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. 2. დამოუკიდებელი ექსპერტები პროექტს აფასებენ ამ დადგენილების №2 დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. პროექტის შეფასება უნდა განახორციელოს, სულ ცოტა, ორმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა. ფონდს შეფასების შედეგი წარედგინება თავის მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად. 3. განხილვის მე-2 საფეხურზე გადასვლის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა შეფასების სრული 60 ქულიდან 43 და მეტი ქულის მიღება. 4. დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან მიღებული შეფასებების საფუძველზე, პროექტის კონკურსის მე-2 საფეხურზე გადასასვლელი ქულა გამოიანგარიშება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით. 5. კონკურსის მე-2 საფეხური ითვალისწინებს კომისიის წინაშე პრეზენტაციით წარდგომას. ამასთან, კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს პროექტების კორექტირება (ბიუჯეტის ჩათვლით). 6. კომისია შეფასების მე-2 საფეხურზე გადასულ პროექტებს აფასებს ამ დებულების №2 დანართის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად. ამასთან, კომისია უფლებამოსილია, გამოყოს სათადარიგო პროექტები, რომლებიც ჩაენაცვლება გამარჯვებულ პროექტებს იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზის გამო ამ გამარჯვებულებთან არ გაფორმდება საგრანტო ხელშეკრულებები. 7. დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან მიღებული შეფასებებისა და კომისიისაგან მიღებული ქულების საფუძველზე, პროექტების საბოლოო შეფასება გამოიანგარიშება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით. 8. დამოუკიდებელ ექსპერტთა ვინაობა კონფიდენციალურია. 9. კონკურსის შედეგების გამოცხადების შემდეგ პროექტის ძირითადი პერსონალის, წამყვანი/თანამონაწილე ორგანიზაციის მოთხოვნის შემთხვევაში, ფონდი უზრუნველყოფს მათი პროექტის შესახებ ექსპერტთა მიერ გაკეთებული დასკვნების გაცნობას.“; კ) მე-10 მუხლის: კ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დაუშვებელია დამოუკიდებელი ექსპერტი ან კომისიის წევრი იყოს პირი, რომელიც არის ამავე კონკურსის მონაწილე. 2. არ შეიძლება პროექტების შეფასების პროცესში მონაწილეობდეს ექსპერტი ან კომისიის წევრი: ა) რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია ძირითად პერსონალთან ან მონაწილეობდა მასთან ერთსა და იმავე სამეცნიერო-კვლევით პროექტში; ბ) რომელმაც შესაძლოა უშუალოდ მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში; გ) რომელსაც აქვს პროექტის თემატიკის ან კვლევის მეთოდიკის შესახებ პროექტის ავტორებისაგან ფუნდამენტურად განსხვავებული პოზიცია; დ) რომელიც თვითონ არის დაინტერესებული მხარე პროექტში; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის ნათესავია; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია; შრომით ურთიერთობაშია პროექტში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან.“; კ.ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. კომისიის წევრი და დამოუკიდებელი ექსპერტი ვალდებულნი არიან, კომისიას და გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობონ ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ. 5. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია, კომისიის წევრის ან დამოუკიდებელი ექსპერტის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია, იმსჯელოს კომისიის წევრის/დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმების შესახებ.“; ლ) მე-11 მუხლის: ლ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმებას პროექტებში მონაწილე ძირითად პერსონალსა და წამყვან და თანამონაწილე ორგანიზაციებთან.“; ლ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროექტის ფარგლებში შექმნილი გამოგონების დაპატენტების უფლება ეკუთვნით ფონდსა და გრანტის მიმღებს. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც, თუ აღნიშნულ გამოგონებას დააპატენტებს გრანტის მიმღები, ფონდს წარმოეშობა პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებები. პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების გამოყენებიდან მიღებული მოგების პროცენტულობა განისაზღვრება შემდეგნაირად: 70% – გრანტის მიმღებს (35% იურიდიულ პირს, 35% მეცნიერთა ჯგუფს – ფიზიკურ პირებს) და 30% – ფონდს, როგორც გრანტის გამცემს. აღნიშნულთან დაკავშირებით, გრანტის გამცემსა და გრანტის მიმღებს შორის წარმოშობილი ურთიერთობები დარეგულირდება პატენტის მიღების შემდგომ გასაფორმებელ ხელშეკრულებაში.“; მ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. პროექტის შესრულების მონიტორინგი 1. საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტრანშებს ფონდი რიცხავს ავანსის სახით და ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს. 2. ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს, საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან. 3. პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულებით დაგეგმილი პროექტის სამეცნიერო მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების შესრულების დამადასტურებელი ანგარიშის შემოწმებას. 4. ფონდის მიერ მონიტორინგის განხორციელებისას: ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას; ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება მიზნობრივ ანგარიშზე დაბრუნებას; გ) გადახარჯვად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების გაწევა სხვა მუხლებში არსებული რესურსით იმ შემთხვევაში, თუ გადახარჯულ მუხლში მომავალი ტრანშით ჩასარიცხი თანხა მეტია ან ტოლია სხვა მუხლიდან გადახარჯული მუხლით გათვალისწინებული ხარჯებისათვის გამოყენებული რესურსის, გადახარჯვა არ ჩაითვლება ხარვეზად და არ წარმოადგენს პროექტის შეჩერების საფუძველს; დ) ნაშთად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში გაუხარჯავი რესურსი, რომელიც შესაძლოა გაიხარჯოს მომდევნო კვარტლებში. 5. ფონდი უფლებამოსილია, მიმდინარე და დასრულებული პროექტების სამეცნიერო ღირებულება და ეფექტიანობა შეაფასებინოს შესაბამისი დარგის ექსპერტებს. 6. ფონდი არ არის უფლებამოსილი, თავად შეაფასოს დასრულებული პროექტის სამეცნიერო ღირებულება და არ არის პასუხისმგებელი პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევების შედეგებზე. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შემოწმების შედეგად მიღებული დასკვნა ფონდის მიერ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს გრანტის მიმღების მიერ შემდგომში საგრანტო კონკურსებში მონაწილეობისას წარდგენილი პროექტების შეფასებისას.“; ნ) მე-12 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 მუხლი: „მუხლი 13. პროექტის შეჩერება, შეწყვეტა და დასრულება 1. პროექტი ჩაითვლება ავტომატურად შეჩერებულად ფონდის წესდებისა და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 2. ფონდი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეწყვეტს გრანტის მიმღების გრანტით დაფინანსებას (შესაბამისად, შეწყდება პროექტი), თუ: ა) მოხდა შესაბამისი წამყვანი ორგანიზაციის ლიკვიდაცია ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში გაუქმდა მისი ავტორიზაცია; ბ) გრანტის მიმღებმა არ შეასრულა საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ან/და ანგარიშში წარადგინა ყალბი ინფორმაცია. 3. გრანტის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის ურთიერთობები რეგულირდება საგრანტო ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების შესაბამისად. 4. პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ პროექტის ფარგლებში, ავანსად გადარიცხულ ყველა ტრანშზე პროექტის დახურვის მომენტში წარდგენილია შუალედური და საბოლოო ანგარიშები, ფონდის მიერ წარდგენილ ანგარიშებზე დაწერილია შესაბამისი განხილვის აქტები და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.“. 3. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები (დანართი №2) ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
„დანართი №2
|
საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები
|
1. ექსპერტების მიერ პროექტის პირველ საფეხურზე შეფასების კრიტერიუმებია:
2. თითოეული ქვეკრიტერიუმი ფასდება 6-ქულიანი სისტემით. ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 60 ქულა. 3. დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა მიიღოს 43 ან მეტი ქულა.
4. კომისიის მიერ პროექტის მეორე საფეხურზე შეფასების კრიტერიუმებია:
5. თითოეული ქვეკრიტერიუმი ფასდება 6-ქულიანი სისტემით. ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 10 ქულა. 6. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც მაღალ ქულას დააგროვებს მეორე საფეხურის შეფასების კრიტერიუმის პირველი ქვეკრიტერიუმით და შემდეგ მე-2 ქვეკრიტერიუმით; მე-2 საფეხურის შეფასების ორივე ქვეკრიტერიუმის მიხედვით ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელსაც უფრო მაღალი ქულა აქვს პირველი საფეხურის შეფასების პირველ კრიტერიუმში (სამეცნიერო კომპონენტი), შემდეგ კი თანმიმდევრულად, მე-3 (პროექტის მენეჯმენტი) და მე-2 (აკადემიური კომპონენტი) კრიტერიუმებში. აღნიშნულ ყველა კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები