დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 294 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020947 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №294
2016 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტისათვის „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათანაბრებითი ტრანსფერი გათვალისწინებული არ არის;
ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, გადასახადის გადახდისათვის განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ 2016 წლის პირველი კვარტალის რესურსი საკმარისი არ არის მუნიციპალიტეტის მიმდინარე ვალდებულებების დასაფინანსებლად;
გ) „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისათვის სესხის აღების თაობაზე თანხმობის მიცემის და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 თებერვლის №3/10 განკარგულებით ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერს (ირაკლი კაკულიას) მიეცა თანხმობა, დააყენოს საკითხი საქართველოს მთავრობის წინაშე 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის უპროცენტო სესხის აღების თაობაზე.
2. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-100 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფლება მიეცეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს, სესხი აიღოს საქართველოს მთავრობისაგან.
3. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელი დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 59-ე მუხლით დადგენილი წესით, სესხის სახით გამოუყოს 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი შემდეგი პირობებით:
ა) სესხი გაიცეს სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გარეშე;
ბ) სესხით სარგებლობის წლიური განაკვეთი განისაზღვროს ნული პროცენტით;
გ) სესხით სარგებლობის ვადა განისაზღვროს არაუგვიანეს 2016 წლის ივლისით.
4. ამ განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები