დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკურ პირ გიორგი ჭუმბურიძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 313 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021007 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №313
2016 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკურ პირ გიორგი ჭუმბურიძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაქალაქარში მდებარე 2500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №73.11.26.041) და თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ნაქალაქარში მდებარე 37500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №73.11.26.040) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცეს ფიზიკურ პირ გიორგი ჭუმბურიძეს (პ/ნ: 01030015176).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 18 (თვრამეტი) თვის ვადაში პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით №73.11.26.041 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე არანაკლებ 100 (ასი) სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე გათვლილი ფერმ(ებ)ის მშენებლობა/მოწყობა და არანაკლებ 100 (ასი) სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენება;
გ) პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით არანაკლებ 200 000 (ორასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
დ) №73.11.26.040 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში:
დ.ა) ყოველი წლის დეკემბერში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა, ამ განკარგულების დანართის შესაბამისად;
დ.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში და შემდგომ ყოველ 5 (ხუთი) წელიწადში ერთხელ ნიადაგის ნაყოფიერებისა და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით, ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა.
3. სახელმწიფო ქონების შემძენი ვალდებულია, ამ განკარგულების მეორე პუნქტის „ა − გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები