დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 177 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/06/2004 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 19, 15/07/2004 |
სარეგისტრაციო კოდი | 060.000.000.05.001.001.487 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31. 12. 1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საწარმოს რეგისტრაციის შესახებ;“.
2. XLI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი XLI. საწარმოს რეგისტრაცია“.
3. 342-ე-347-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 342. განცხადება საწარმოს რეგისტრაციის შესახებ
განცხადება საწარმოს რეგისტრაციის შესახებ შეიტანება სასამართლოში ინდივიდუალური მეწარმის ან საზოგადოების იურიდიული მისამართის მიხედვით.
მუხლი 343. განცხადების შინაარსი
საწარმოს რეგისტრაციის შესახებ განცხადება უნდა შეესაბამებოდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 5.4 მუხლის მოთხოვნებს და მას უნდა ერთვოდეს იმავე კანონის 5.5 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები.
მუხლი 344. რეგისტრაციის ვადა
1. სასამართლო ვალდებულია საწარმოს რეგისტრაცია განახორციელოს საჭირო საბუთების წარმოდგენიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.
2. თუ ამ ვადაში რეგისტრაცია არ განხორციელდება ან განმცხადებელს არ ეცნობება მოტივირებული უარი რეგისტრაციაზე, საწარმო რეგისტრირებულად ჩაითვლება და სასამართლო ვალდებულია განმცხადებლის მოთხოვნით, დაუყოვნებლივ გასცეს სარეგისტრაციო მოწმობა.
3. სასამართლო განჩინებაზე სარეგისტრაციო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
მუხლი 345. განცხადების უმოძრაოდ დატოვება
1. თუ საწარმოს რეგისტრაციის შესახებ განცხადება და თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან არ არის გადახდილი შესაბამისი ბაჟი, სასამართლო გამოიტანს განჩინებას, რომ განცხადებას არ მიეცეს მსვლელობა, რასაც აცნობებს განმცხადებელს და მისცემს მას ვადას ხარვეზის შევსებისათვის.
2. თუ ამ ვადაში ხარვეზი შეივსება, განცხადება შეტანილად ითვლება სასამართლოში მისი პირველად შეტანის დღიდან. სხვა შემთხვევაში განცხადება შეტანილად არ ჩაითვლება და განმცხადებელს დაუბრუნდება.
3. სასამართლო განჩინებაზე ხარვეზის შევსების შესახებ, აგრეთვე განჩინებაზე განცხადების უკან დაბრუნების შესახებ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
მუხლი 346. სასამართლოს გადაწყვეტილება საწარმოს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ
სასამართლოს გადაწყვეტილება საწარმოს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს. იგი შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის წესით.
მუხლი 347. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება
სასამართლოებმა, პროკურატურის, პოლიციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების თანამშრომლებმა ან ნოტარიუსებმა უნდა შეატყობინონ რეგისტრაციის განმახორციელებელ სასამართლოებს არასწორი, არასრულფასოვანი ან არშემდგარი რეგისტრაციის შემთხვევების შესახებ, რომლებიც მათთვის გახდა ცნობილი.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2005 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 24 ივნისი.
№177-რს
დოკუმენტის კომენტარები