დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის, პარლამენტის წევრისა და პარლამენტის აპარატის მოხელის საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 111 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 04/06/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 15, 23/06/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280.070.000.05.001.001.482 |
საქართველოს კანონი
„პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის, პარლამენტის წევრისა და პარლამენტის აპარატის მოხელის საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის, პარლამენტის წევრისა და პარლამენტის აპარატის მოხელის საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ.160) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) პირი, რომელიც შეზღუდული ქმედობაუნარიანობის მქონედ აღიარებულ იქნა პარლამენტის წევრად არჩევამდე, პირი, რომელიც შეზღუდული ქმედობაუნარიანობის მქონედ აღიარებულ იქნა პარლამენტის წევრად ყოფნის პერიოდში, და პირი, რომელიც შეზღუდული ქმედობაუნარიანობის მქონედ აღიარებულ იქნა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ;“.
2. მე-13 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის;“.
3. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პარლამენტის წევრის სამსახურებრივი პენსია ყოფილ პარლამენტის წევრს მიეცემა მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის (თანამდებობრივი განაკვეთის) სრული ოდენობით.“.
4. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. პარლამენტის წევრის ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის პენსია
1. პარლამენტის წევრს, ყოფილ პარლამენტის წევრს, აგრეთვე პირს, რომელსაც ქმედობაუნარიანობა შეეზღუდა პარლამენტის წევრად არჩევამდე, ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის პენსია ენიშნებათ შრომისუნარიანობის სრული ან ნაწილობრივი დაკარგვის შემთხვევაში.
2. ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის დრო და ხარისხი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის პენსიის ოდენობა გამოიანგარიშება მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის (თანამდებობრივი განაკვეთის) სრული ოდენობიდან და შეადგენს:
ა) ქმედობაუნარიანობის მკვეთრად გამოხატული შეზღუდვისათვის – პარლამენტის წევრის ხელფასის (თანამდებობრივი განაკვეთის) 100 პროცენტს;
ბ) ქმედობაუნარიანობის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდვისათვის – პარლამენტის წევრის ხელფასის (თანამდებობრივი განაკვეთის) 30 პროცენტს;
გ) ქმედობაუნარიანობის ზომიერად გამოხატული შეზღუდვისათვის – პარლამენტის წევრის ხელფასის (თანამდებობრივი განაკვეთის) 10 პროცენტს.“.
5. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. მარჩენალის დაკარგვის პენსია
მარჩენალის დაკარგვის პენსია ენიშნება დაღუპული (გარდაცვლილი) პარლამენტის წევრის, ყოფილი პარლამენტის წევრის, აგრეთვე ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრის არასრულწლოვან შვილს (შვილებს) და კმაყოფაზე მყოფ ან შრომისუუნარო მეუღლეს, თითოეულს – თანაბარი პროპორციით. პენსიის ოდენობა პარლამენტის წევრის დაღუპვის (გარდაცვალების) შემთხვევაში განისაზღვრება მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის (თანამდებობრივი განაკვეთის) სრული ოდენობით, ხოლო ყოფილი პარლამენტის წევრის ან ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრის დაღუპვის (გარდაცვალების) შემთხვევაში – მისი საპარლამენტო პენსიის (ან იმ პენსიის, რომელიც მას დაენიშნებოდა, თუ ამ დროისათვის პენსია ჯერ არ ჰქონდა დანიშნული) სრული ოდენობით.“.
6. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20. საპარლამენტო პენსიისა და სადეპუტატო კომპენსაციის ოდენობის შეცვლა
ამ კანონით განსაზღვრული საპარლამენტო პენსიისა და სადეპუტატო კომპენსაციის ოდენობა შეიცვლება მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის (თანამდებობრივი განაკვეთის) ცვლილების შესაბამისად.“.
7. 22-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-5 და 51 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. 1990 წელს კომუნისტური პარტიიდან მაჟორიტარული ან პროპორციული წესით არჩეულ ყოფილ უზენაესი საბჭოს წევრს, რომელსაც სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა კომუნისტური პარტიის აკრძალვის გამო ან კანონის დარღვევით დეპუტატის სტატუსთან მისი საქმიანობის შეუთავსებლობის მოტივით, საპარლამენტო პენსია მიეცემა ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის (თანამდებობრივი განაკვეთის) სრული ოდენობით.
51. 1990 წელს არჩეულ ყოფილ უზენაესი საბჭოს წევრებს (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირებისა), მიუხედავად მათ მიერ განხორციელებული სადეპუტატო უფლებამოსილების ვადისა, პარლამენტის წევრის სამსახურებრივი პენსია მიეცემათ ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის (თანამდებობრივი განაკვეთის) სრული ოდენობით.“;
გ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
თბილისი,
2004 წლის 4 ივნისი.
№111–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები