საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/108
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 01/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/03/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.024.016410
1-1/108
01/03/2016
ვებგვერდი, 02/03/2016
010240070.22.024.016410
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/108

2016 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „კ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველოს თანდართული დებულება.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი



საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველოს

  დ ე ბ უ ლ ე ბ ა


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველოს  (შემდგომში – სამმართველო) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. სამმართველო წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

3. სამმართველო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

4. სამმართველო თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.

5. სამმართველო ანგარიშვალდებულია მინისტრისა და იმ მინისტრის მოადგილის წინაშე, რომელიც მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, კოორდინაციას უწევს სამმართველოს საქმიანობას.

მუხლი 2. სამმართველოს ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები

1. სამმართველოს ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია:

ა) სამინისტროს საქმიანობის დაგეგმვისა და კონტროლის მარეგულირებელი პროცესის ინსტრუქციის (მეთოდოლოგიის) შემუშავება და დანერგვა;

ბ) საქმიანობის დაგეგმვის პროცესის ორგანიზება სამინისტროს მასშტაბით და გეგმების კონსოლიდაცია;

გ) გეგმების სწორი და ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფა;

დ) დაგეგმვის, კონტროლისა და ანალიზის მექანიზმების განვითარება;

2. სამმართველო მისი საქმიანობის ეფექტურად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით უფლებამოსილია, მოითხოვოს მისთვის აუცილებელი ინფორმაცია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისგან, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირებისგან.

3. სამმართველო, მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას, თანამშრომლობს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან.

მუხლი 3. სამმართველოს ხელმძღვანელობა

1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.

2. სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის წინაშე.

4. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს სამმართველოს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;

დ) ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ე) სამმართველოს სახელით ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან გასაგზავნ კორესპონდეციას;

ვ) სამმართველოს სახელით ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ სამინისტროდან გამავალ კორესპონდენციას;

ზ) წარუდგენს მინისტრს და შესაბამისი მინისტრის მოადგილეს წინადადებებს სამმართველოს სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) მინისტრთან და შესაბამისი მინისტრის მოადგილესთან შუამდგომლობს სამმართველოს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე;

ი) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.

5. კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სამმართველოს უფროსის არყოფნისას, მის მოვალეობებს ასრულებს სამმართველოს ერთ-ერთი მოსამსახურე.          

მუხლი 4. სამმართველოს მოსამსახურეები

1. სამმართველოს მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს სამმართველოს უფროსი.

3. სამმართველოს მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსის წინაშე.