საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2832
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 15/10/1990
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 10, 31/10/1990
სარეგისტრაციო კოდი 290.000.000.05.001.003.968
  • Word
2832
15/10/1990
საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 10, 31/10/1990
290.000.000.05.001.003.968
საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება

 

საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

 

ოჯახის შემდგომი განმტკიცების, ბავშვების აღზრდისათვის მშობელთა პასუხისმგებლობის გაზრდის, დედისა და ბავშვის დაცვის მიზნით საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები შემდეგ საკანონმდებლო აქტებში:

1. საქართველოს სსრ 1970 წლის 18 ივნისის კანონით დამტკიცებული საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსში (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1970 წ., №6, მუხ. 96):

1) დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 61 და 62 მუხლები:

     „მუხლი 61 . საქორწინო და საოჯახო ურთიერთობებიდან გამომდინარე უფლებების განხორციელება და მოვალეობათა შესრულება

საქორწინო და საოჯახო ურთიერთობებიდან გამომდინარე უფლებებს იცავს კანონი გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს უფლებები ხორციელდება მათი დანიშნულების საწინააღმდეგოდ.

ოჯახის წევრთა მიერ მათი უფლებების გამოყენებამ ზიანი არ უნდა მიაყენოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესებს, სხვა მოქალაქეთა უფლებებს.

უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულებისას მოქალაქეებმა უნდა დაიცვან კანონები, პატივი სცენ სოციალისტური საზოგადოების მორალურ პრინციპებს, ყოველმხრივ შეუწყონ ხელი ოჯახის განმტკიცებას.

    მუხლი 62. საქორწინო და საოჯახო ურთიერთობებიდან გამომდინარე უფლებების დაცვა

საქორწინო და საოჯახო ურთიერთობებიდან გამომდინარე უფლებების დაცვას ახორციელებენ სასამართლო, მზრუნველობისა და მეურვეობის ორგანოები და მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოები.

საქორწინო და საოჯახო ურთიერთობებიდან გამომდინარე უფლებების დაცვას ახორციელებენ აგრეთვე ამხანაგური სასამართლოები, შრომითი კოლექტივები, პროფკავშირული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოს სსრ კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით“;

2) 22-ე მუხლის პირველ ნაწლს დაემატოს სიტყვები:

„ამავე მიზნით სასამართლოს შეუძლია თითოეული მეუღლის საკუთრებად ცნოს ის ქონება, რომელიც შეძენილია თითოეული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტისას მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს“;

3) 26-ე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები „წლინახევრის განმავლობაში“ შეიცვალოს სიტყვებით: „სამი წლის განმავლობაში“;

4) 33-ე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები „სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად“ შეიცვალოს სიტყვებით: „განქორწინების შესახებ საქმის განხილვისას სასამართლო მოვალეა მიიღოს ზომები მეუღლეთა შესარიგებლად და ოჯახური ვითარების გასაჯანსაღებლად“;

5) 52-ე მუხლში:

მეორე ნაწილს სიტყვების „მამად ჩაწერილ პირს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან პირს, რომელიც ფაქტობრივად ბავშვის მამაა, დედის გარდაცვალების ან მისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში“;

მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მესამე და მეოთხე ნაწილები:

„პირს, რომელიც მისი განცხადებით ან ბავშვის დედასთან ერთობლივი განცხადებით ჩაწერილი არის ბავშვის მამად, უფლება არა აქვს სადავოდ გახადოს მამობა, თუ განცხადების შეტანის მომენტში მისთვის ცნობილი იყო, რომ ფაქტობრივად იგი არ არის ამ ბავშვის მამა.

ქმარი, რომელიც თანახმაა დონორის მეშვეობით თავისი ცოლის ხელოვნურ განაყოფიერებაზე, იწერება ამ ქალის მიერ დაბადებული ბავშვის მამად და უფლება არა აქვს სადავოდ გახადოს ჩანაწერი“;

6) 58-ე მუხლში:

მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მშობლებს უფლება აქვთ და ვალდებულნი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათ ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ, სულიერ და ზნეობრივ განვითარებაზე, სწავლებაზე, მოამზადონ ისინი საზოგადოებრივად სასარგებლო შრომისათვის, აღზარდონ სოციალისტური საზოგადოების ღირსეულ წევრებად“;

მუხლს მეხუთე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ახალი ნაწილი:

„მშობლების (ერთ-ერთი მათგანის) მიერ აღზრდის მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულებისას ან მშობლის უფლებების ბოროტად გამოყენებისას შვილებს უფლება აქვთ თავიანთი უფლებების და ინტერესების დასაცავად მიმართონ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს“;

მეექვსე ნაწილი ჩაითვალოს მეშვიდე ნაწილად;

7) მე-60 მუხლის მეორე ნაწილს სიტყვის „ინტერესების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და მათი სურვილის“;

8) 61-ე მუხლში:

მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თუ ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლები ვერ შეთანხმდებიან შვილების აღზრდაზე ცალკე მცხოვრები მშობლის მონაწილეობის თაობაზე, ასეთ წესს, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, განსაზღვრავს მეურვეობისა და მზურნველობის ორგანო. თუ მშობლები არ ემორჩილებიან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებას, ამ უკანასკნელს, აგრეთვე თითოეულ მშობელს უფლება აქვს დავის გადასაწყვეტად მიმართოს სასამართლოს“;

დაემატოს მუხლს შემდეგი შინაარსის მეოთხე და მეხუთე ნაწილები:

„სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობისას დამნაშავე მშობლის მიმართ გამოიყენება საქართვლეოს სსრ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებანი.

სასამართლოს გადაწყვეტილების ბოროტად შეუსრულებლობის შემთხვევაში ცალკე მცხოვრებ მშობელს, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, უფლება აქვს სარჩელით მიმართოს სასამართლოს ბავშვის მისთვის გადაცემის თაობაზე“;

9) 64-ე მუხლის მეორე ნაწილს სიტყვების: „შვილების აღზრდის მოვალეობის შესრულებას“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „მათ შორის არასაპატიო მიზეზით სამშობიარო სახლიდან (განყოფილებიდან) და სხვა საბავშვო სამკურნალო-პროფილაქტიკური და სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებებიდან ბავშვის წაყვანას“:

10) 65-ე მუხლს პირველი ნაწილის შემგედ დაემატოს შემდეგი შინაარსის მეორე ნაწილი:

„თუ სასამართლო მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ საქმის განხილვისას მშობლების ან ერთ-ერთი მათგანის მოქმედებაში აღმოაჩენს დანაშაულის ნიშნებს, იგი ამის შესახებ აცნობებს პროკურორს ან აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს“;

მეორე ნაწილი შესაბამისად ჩაითვალოს მესამე ნაწილად.

11) 69-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეორე ნაწილი:

„განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა ბავშვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას უშუალო საფრთხე ემუქრება, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება მშობლებისათვის ან სხვა პირთათვის, რომლებიც ფაქტობრივად ზრდიან მას, ბავშვის დაუყოვნებლივ ჩამორთმევის შესახებ. ამ შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მოვალეა დაუყოვნებლივ აცნობოს პროკურორს და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შვიდი დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს სარჩელით მშობლებისათვის ან ერთ-ერთი მათგანისათვის მშობლის უფლების ან ბავშვის ჩამორთმევის შესახებ“;

მეორე ნაწილი ჩაითვალოს მესამე ნაწილად;

12) მე-80 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 80. შვილების მოვალეობა მშობლების მიმართ

შვილები მოვალენი არიან იზრუნონ მშობლებისათვის და დაეხმარონ მათ.

სრულწლოვანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ.

სრულწლოვან შვილებს, რომლებიც მშობლებს ალიმენტს უხდიან, შეიძლება დაეკისროთ განსაკუთრებული გარემოებებით (მძიმე ავადმყოფობა, დასახიჩრება, მშობლების მომვლელი პირის შრომის ანაზღაურება და ა.შ.) გამოწვეული დამატებითი ხარჯები.

შვილები შეიძლება გათავისუფლდნენ თავიანთი მშობლების რჩენის მოვალეობისაგან და მათ მოვლაზე გაწეული დანახარჯის გადახდისაგან, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მშობლები თავს არიდებდნენ მშობლის მოვალეობის შესრულებას“;

13) 105-ე მუხლის მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გაშვილება მშობლების თანხმობის მიუღებლად შეიძლება, თუ ისინი ექვს თვეზე მეტ ხანს არ ცხოვრობენ ბავშვთან ერთად და არასაპატიო მიზეზით მონაწილეობას არ იღებენ მის აღზრდასა და რჩენაში, არ იჩენენ შვილის მიმართ მშობლიურ ყურადღებას და მზრუნველობას“.

II. საქართველოს სსრ 1983 წლის 4 ივნისის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ საბინაო კოდექსში (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1983 წ., №6, მუხ. 199):

1) 46-ე მუხლის პირველი ნაწილის მერვე პუნქტში სიტყვები: „მრავალშვილიან ოჯახებსა“ შეიცვალოს სიტყვებით: „მრავალშვილიან ოჯახებს, ინვალიდი ბავშვების აღმზრდელ ოჯახებსა“;

2) კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 471 მუხლი:

     „მუხლი 471 .საოჯახო ბავშვთა სახლების საცხოვრებელი სადგომით უზრუნველყოფა

დადგენილი წესით საოჯახო ბავშვთა სახლი ორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას მშობელ-აღმზრდელად დანიშნულ პირებს მათთვის აღსაზრდელად გადაცემულ ბავშვებთან ერთად ცხოვრებისათვის რიგგარეშე ეძლევათ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი ან მრავალოთახიანი ბინა. საცხოვრებელი ფართობის ოდენობას ადგენს საქართველოს სსრ კანონმდებლობა.

მიცემული საცხოვრებელი სადგომით სარგებლობა ხორციელდება სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომებით სარგებლობისათვის საქართველოს სსრ კანონმდებლობით დადგენილი წესით“;

3) 107-ე მუხლში:

მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის მესამე პუნქტი:

„3) მშობლის უფლებაჩამორთმეული მოქალაქეები, თუ ისინი ცხოვრობენ იმ ბავშვებთან ერთად, რომელთა მიმართაც ჩამოერთვათ მშობლის უფლებები“;

მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მესამე ნაწილი:

„საოჯახო საბავშვო სახლის ლიკვიდაციის შემთხვევაში მშობელ-აღმზრდელებმა უნდა გაათავისუფლონ მათთვის მიცემული საცხოვრებელი სადგომი (მუხ. 471), ხოლო უარის დროს – გამოსახლებულ უნდა იქნენ სხვა კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სადგომის მიცემით. ბავშვის შემდგომი აღზრდისაგან მშობელ-აღმზრდელთა ჩამოშორებისას ისინი შეიძლება გამოსახლებულ იქნენ მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომიდან სხვა საცხოვრებელი სადგომის მიცემით“;

4) 109-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „სხვა საცხოვრებელი სადგომის მიუცემლად შეიძლება გამოსახლებულ იქნენ აგრეთვე მშობლის უფლებაჩამორთმეული პირნი, თუ მათი ცხოვრება ამ შვილებთან ერთად შეუძლებლადაა ცნობილი“.

III. საქართველოს სსრ 1964 წლის 26 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1964 წ., №36, მუხ. 662) 48-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბათილია გარიგება, რომელიც არ შეესაბამება კანონის მოთხონვებს, მათ შორის, არასრულწლოვანი ბავშვების პირადი ან ქონებრივი უფლებების შემბღალავი გარიგებაც“.

IV. საქართველოს სსრ 1973 წლის 28 ივნისის კანონით დამტკიცებულ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1973 წ., №6, მუხ. 118):

1. 44-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1) 16-დან 18 წლამდე ასაკის მუშებისა და მოსამსახურეებისათვის 36 საათი კვირაში, ხოლო 15-დან 16 წლამდე ასაკის პირებისათვის (14-დან 15 წლამდე ასაკის მოსწავლეებისათვის, რომლებიც არდადეგების დროს მუშაობენ) (167-ე მუხლი) – 24 საათი კვირაში.

სასწავლო წლის განმავლობაში სწავლისაგან თავისუფალ დროს მომუშავე მოსწავლეთა სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ამ პუნქტის პირველ აბზაცში შესაბამისი ასაკის პირთათვის გათვალისწინებული სამუშაო დროის მაქსიმალური ხანგრძლივობის ნახევარს“;

2) 49-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები: „რვა წლამდე ასაკის“ შეიცვალოს სიტყვებით: „თორმეტ წლამდე ასაკის (მათ შორის მის მეურვეობაში მყოფი)“;

3) 157-ე მუხლში:

მეორე ნაწილში სიტყვები: ორ წლამდე ასაკის“ შეიცვალოს სიტყვებით „სამ წლამდე ასაკის“;

მესამე ნაწილში სიტყვები: „ორი წლიდან რვა წლის ასაკამდე“ შეიცვალოს სიტყვებით: „სამიდან თორმეტი წლის ასაკამდე (ინვალიდი ბავშვები – თექვსმეტი წლის ასაკამდე);

4) 158-ე მუხლს პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ახალი ნაწილი:

„ორსული ქალისათვის სამედიცინო დასკვნის შესაბამისად სხვა უფრო მსუბუქი და არაკეთილსასურველი საწარმოო ფაქტორების ზემოქმედების გამომრიცხველი სამუშაოს მიცემის საკითხის გადაწყვეტამდე იგი უნდა გათავისუფლდეს სამუშაოდან და საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხარჯზე შეუნარჩუნდეს ამის შედეგად გაცდენილი ყველა სამუშაო დღის საშუალო ხელფასი“.

ამ მუხლის მეორე ნაწილი ჩაითვალოს მესამე ნაწილად.

5) 159-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალებს ორსულობისა და მშობიარობის გამო ეძლევათ შვებულება მშობიარობამდე ორმოცდათექვსმეტი კალენდარული დღის ხანგრძლივობით და მშობიარობის შემდეგ ორმოცდათექვსმეტი (გართულებული მშობიარობის ან ორი ან მეტი ბავშვის შობის შემთხვევაში – სამოცდაათი) კალენდრული დღის ხანგრძლივობის და მათი სურვილისამებრ, თუ აქვთ არანაკლებ ერთი წლის მუშაობის საერთო სტაჟი (ქალებს, რომლებსაც არ მიუღწევიათ თვრამეტი წლის ასაკამდე – მუშაობის სტაჟის ხანგრძლივობის მიუხედავად), ნაწილობრივ ანაზღაურებული შვებულება ბავშვის მოვლის გამო, სანამ იგი წლინახევრისა გახდებოდეს; ამ ხნის განმავლობაში მათ ეძლევათ დახმარება სახელმწიფო სოციალური დაზღვევის წესით. მომუშავე ქალებს, რომლებსაც არ გააჩნიათ მუშაობის ერთი წლის სტაჟი, დახმარება ბავშვის მოვლის გამო ეძლევათ ნახევარი ოდენობით.

გარდა აღნიშნული შვებულებებისა, ქალს, მისი განცხადებით, ეძლევა დამატებითი უხელფასო შვებულება ბავშვის მოსავლელად ბავშვის სამი წლის ასაკის მიღწევამდე.

ნაწილობრივ ანაზღაურებული შვებულება და დამატებითი უხელფასო შვებულება ბავშვის მოსავლელად შეიძლება მთლიანად ან ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს აგრეთვე ბავშვის მამამ, ბებიამ, პაპამ ან სხვა ნათესავმა, რომლებიც ფაქტობრივად უვლიან ბავშვს.

ქალის ან ამ მუხლის მესამე ნაწილში ჩამოთვლილ პირთა სურვილით ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში ყოფნის პერიოდში მათ შეუძლიათ იმუშაონ არასრული სამუშაო დროის პირობებში ან სახლში, ამასთან მათ შეუნარჩუნდებათ დახმარების მიღების უფლება ბავშვის მოვლისათვის ნაწილობრივ ანაზღაურებული შვებულების პერიოდში“;

6) 164-ე მუხლში:

მუხლის სათაურში ამოღებულ იქნეს სიტყვები „წლინახევრის ასაკამდე“;

პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აკრძალულია სამუშაოზე მიღებისას ქალებისათვის უარის თქმა და მათთვის ხელფასის შემცირება ორსულობის ან სამ წლამდე ასაკის ბავშვების ყოლის მოტივებით, ხოლო მარტოხელა დედებისათვის – 14 წლამდე ასაკის ბავშვის ყოლის (16 წლამდე ინვალიდი ბავშვის ყოლის) გამო“;

მუხლს პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ახალი ნაწილი:

„აღნიშნული კატეგორიის ქალებისათვის სამუშაოდ მიღებაზე უარის თქმისას ადმინისტრაცია ვალდებულია წერილობითი ფორმით აცნობოს მათ უარის მიზეზები. სამუშაოზე მიღების უარი შეიძლება გასაჩივრდეს სახალხო სასამართლოში“;

მუხლის მეორე ნაწილი ჩაითვალოს მესამე ნაწილად და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დაუშვებელია ორსული ქალებისა და იმ ქალების, რომლებსაც სამ წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავთ (მარტოხელა დედებისა – 14 წლამდე ასაკის ბავშვის ან 16 წლამდე ინვალიდი ბავშვის ყოლისას) დათხოვნა ადმინისტრაციის ინიციატივით, გარდა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სრული ლიკვიდაციის შემთხვევებისა, როდესაც დათხოვნა დაშვებული სავალდებულო შრომითი მოწყობით. აღნიშნული ქალების სავალდებულო შრომითს მოწყობას ადმინისტრაცია ახორციელებს აგრეთვე ვადიანი შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო მათი დათხოვნის შემთხვევებშიც. შრომითი მოწყობის პერიოდში მათ უნარჩუნდებათ საშუალო ხელფასი, მაგრამ არა უმეტეს სამი თვისა ვადიანი შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლის დღიდან“;

7) 167-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მესამე ნაწილი:

„ახალგაზრდობის საწარმოო შრომის მოსამზადებლად დასაშვებია სწავლისაგან თავისუფალ დროს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების, პროფესიულ-ტექნიკური და საშუალო სპეციალური სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეთა სამუშაოზე მიღება მათ მიერ თოთხმეტი წლის ასაკის მიღწევისას ერთ-ერთი მშობლის ან მისი შემცვლელი პირის თანხმობით მსუბუქი სამუშაოს შესასრულებლად, რომელიც ზიანს არ მიაყენებს მათ ჯანმრთელობას და არ დაარღვევს სწავლების პროცესს“;

8) 174-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მესამე ნაწილი:

„ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების, პროფესიულ-ტექნიკური და საშუალო სპეციალური სასწავლო დაწესებულებების სწავლისაგან თავისუფალ დროს მომუშავე მოსწავლეთა შრომა ანაზღაურდება ნამუშევარი დროის პროპორციულად ან გამომუშავების მიხედვით. საწარმოებს შეუძლიათ მოსწავლეებს წარუდგინონ ხელფასის დანამატები“;

9) 175-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეორე ნაწილი:

„აკრძალულია სამუშაოზე და პროფესიული სწავლებისათვის ჯავშნის ანგარიშზე გაგზავნილ პირთა მიღებაზე უარის თქმა. ასეთი უარი შეიძლება გასაჩივრებულ იქნეს სახალხო სასამართლოში“;

მეორე ნაწილი ჩაითვალოს მესამე ნაწილად.

V. ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს სსრ 1972 წლის 15 ივნისის კანონში (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1972 წ., №6, მუხ. 101):

1) 43-ე მუხლს სიტყვების: „ჰიგიენური ცოდნის პროპაგანდა“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „მოსახლეობის სანიტარიულ-ჰიგიენური სწავლება და აღზრდა ცხოვრების ჯანსაღი წესის ფორმირების, ჯანმრთელობის, განსაკუთრებით ბავშვებისა და მოზარდების ჯანმრთელობის გაკაჟების საკითხებზე“;

2) 44-ე მუხლის მეხუთე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები ვალდებულნი არიან მიიღონ აუცილებელი ზომები დედათა, ჩვილთა პერინატალურ დაავადებათა და სიკვდილიანობის შესამცირებლად, საწარმოო ტრავმატიზმის, პროფესიულ დაავადებათა პროფილაქტიკისა და შრომის უნარის აღდგენისათვის“;

3) 63-ე მუხლში:

პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სსრ რესპუბლიკაში დედებსა და ბავშვებს სახელმწიფო იცავს და წაახალისებს; ქალებს შექმნილი აქვთ დედობის შრომასთან შეხამების პირობები; უზრუნველყოფილია დედათა და ბავშვთა სამართლებრივი დაცვა, მატერიალური და მორალური მხარდაჭერა; სახელმწიფო ახორციელებს ბავშვის უფლებებისა და ინტერესების დაცვას, უზრუნველყოფს ბავშვის უფლებებს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის ცხოვრების აუცილებელ პირობებზე“;

მეორე ნაწილს სიტყვების „შრომისა და ყოფა-ცხოვრების პირობების გაუმჯობესებითა და გაჯანსაღებით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „გარემოს გაჯანსაღების ღონისძიებათა განხორციელებით, ნეგატიური ეკოლოგიური ფაქტორების თავიდან აცილებით, რომლებიც გავლენას ახდენენ მოსახლეობის გენერაციულ ფუნქციაზე და იწვევენ ავადმყოფი და დასუსტებული ბავშვების დაბადებას, ქალებისა და ბავშვების დაავადებათა ზრდას“;

მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალს უფლება ეძლევა თვითონ გადაწყვიტოს დედობის საკითხი. ქალს ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, მისივე თანხმობით, ორსულობის თავიდან ასაცილებლად შეიძლება ჩაუტარდეს ქირურგიული სტერილიზიცია სამედიცინო ჩვენებათა შესაბამისად. სამედიცინო ჩვენებათა ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო“;

მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეოთხე ნაწილი:

„ქორწინებაში შემსვლელთა და მათი შთამომავლობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებები ქორწინების შესახებ განცხადების შემტანი მოქალაქეებისათვის, მათი სურვილის მიხედვით, უზრუნველყოფენ სამედიცინო შემოწმებას, შემოწმების ჩატარების წესს ადგენს საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო“;

4) 64-ე მუხლს სიტყვების „მეთვალყურეობას ორსულობისას“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „სამედიცინო-გენეტიკური კონსულტაციის ჩათვლით“;

5) 65-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მესამე ნაწილი:

„სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების სამედიცინო მუშაკები ვალდებული არიან მშობლებს (მათ შემცვლელ პირებს) მიაწოდონ ინფორმაცია იმ საკითხებზე, რომლებიც შეეხება ბავშვის დაავადებას, მისი მკურნალობის ტაქტიკასა და მეთოდებს“;

6) 67-ე მუხლში:

მეორე ნაწილს დაემატოს სიტყვები „იმ სამედიცინო უკუჩვენებათა ნუსხას, რომლებიც აბრკოლებენ აღნიშნული ბავშვებისა და მოზარდების ბავშვთა სახლებსა და საერთო დანიშნულების სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებებში მოთავსებას ამტკიცებს საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო“;

მეოთხე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამ წლამდე ასაკის ბავშვების, აგრეთვე უფროსი ასაკის მძიმე ავადმყოფი ბავშვების სტაციონარული მკურნალობის დროს, რომლებსაც ექიმების დასკვნით დამატებითი მოვლა სჭირდებათ, ბავშვის დედას (მამას) ან სხვა ნათესავს შეუძლია ბავშვთან იყოს სამკურნალო დაწესებულებაში და დადგენილი წესით მიიღოს დახმაება სოციალური დაზღვევის სახსრებიდან“.

 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე          გ. გუმბარიძე.

 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი                ვ. კვარაცხელია.

 თბილისი, 1990 წლის 15 ოქტომბერი.

 2832 – XI