საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები პროექტის ავტორი
მიღების თარიღი 22/02/2016
დოკუმენტის ტიპი ნორმატიული აქტების პროექტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016357
  • Word
0
22/02/2016
ვებგვერდი, 22/02/2016
000000000.00.00.016357
საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
პროექტის ავტორი

პროექტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 

 მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-200 მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი :

8. სამელიორაციო ინფრასტრუქტურა - სარწყავი, დამშრობი და ორმხრივი რეგულირების  სისტემები,  წყალსაცავები, სატუმბი სადგურები, დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობები.“. 

2. 206 -ე მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) პირველადი წყალმოსარგებლის - კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა და მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელზეც დამაგრებულია სამელიორაციო ინფრასტრუქტურა.“ .

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს  2015 წლის პირველი  ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს პრეზიდენტი                                                     გ . მარგველაშვილი

 

 

 

განმარტებითი ბარათი

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე

 

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მოქმედი  საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად სამელიორაციო ინფრასტრუქტურა და მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელზეც დამაგრებულია სამელიორაციო ინფრასტრუქტურა , განთავისუფლდეს ქონების გადასახადისაგან.  საგადასახადო შეღავათით სარგებლობა მეტად მნიშვნელოვანია დარგის გამართული ფუნქციონირებისათვის. მაშინ, როცა სამელიორაციო მომსახურების ტარიფი არის დაბალი (ტარიფში გათვალისწინებული არ არის როგორც ტექნიკური ექსპლუატაციის, ასევე სხვა ხარჯები) და  საირიგაციო მომსახურებისას ერთ ჰექტარზე  შეადგენს 75 ლარს, ხოლო დამშრობი სისტემების მომსახურებისას 40 ლარს. ამასთან, „მიწების მელიორაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონით ლიკვიდირებული იქნა „მიწების მელიორაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები „სამელიორაციო ასოციაციები“ და მათ ბალანსზე არსებული სახელმწიფო ქონება (სამელიორაციო ინფრასტრუქტურა), რომელიც ამავე კანონის შესაბამისად დაექვემდებარა „პირველადი წყალმოსარგებლისათვის“ გადაცემას (კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც სამელიორაციო ინფრასტრუქტურა გადაეცა განკერძოებულ სარგებლობაში და რომელიც უზრუნველყოფს მის ექსლუატაციას). ქონების გადასახადით დაბეგვრის შემთხვევაში წარმოიშობა სოლიდური ოდენობის ახალი საგადასახადო ვალდებულებები.  გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დარგის სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად,  ბიუჯეტის დეფიციტურობის გამო, სამელიორაციო სისტემის შენახვისა და რეაბილიტაციისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდიის ხარჯზე.

დღეის მდგომარეობით შპს „საქართველოს მელიორაციის“ ქონება მოიცავს საერთო სარგებლობის სამელიორაციო სისტემას, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს რთულ ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ერთობლიობას - სარწყავი, დამშრობი, ორმხრივი რეგულირების, საძოვრების გაწყლოვანების სისტემების სათავე ნაგებობებს, მაგისტრალურ არხებს, მილსადენებს, წყალგამანაწილებელ ან წყალმიმღებ ნაგებობამდე მოწყობილ სხვადასხვა რიგის მარეგულირებელ შემკრებ-საკოლექტორო და დრენაჟის ქსელს, სატუმბ სადგურებს, ფრონტალური და რეჟიმული დაკვირვების ჭაბურღილებს, ასევე შიდა სასოფლო-სამეურნეო სარგებლობის სამელიორაციო ქსელს, დამოუკიდებელი, მარტივი ტიპის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ერთობლიობას, რომელიც მოწყობილია სამელიორაციო სისტემის წყალგამანაწილებელი ან წყალმიმღები ნაგებობების შემდეგ.

სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ეფექტური ფუნქციონირებისა და მოვლა-პატრონობისათვის, არხის დანიშნულებიდან გამომდინარე, დადგენილია გასხვისების ზღვრული ზომები, დაწყებულია შპს „საქართველოს მელიორაციის“ ქონების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის პროცესთან ერთად ხორციელდება ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, დღევანდელი მდგომარეობით რეგისტრირებულია მაგისტრალური არხების, დაახლოებით, 60 %.

სამელიორაციო ინფრასტრუქტურა, რომელიც წარმოადგენს უძრავ ქონებას, არის იმ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომელზეც განლაგებულია ეს ქონება.  სამელიორაციო ინფრასტრუქტურისა და მიწის ნაკვეთის (რომელზეც დგას ეს ინფრასტრუქტურა) დამოუკიდებლად განხილვა დაუშვებელია. შესაბამისად ლოგიკურია, როდესაც განიხილება საკითხი სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ქონების გადასახადისაგან განთავისუფლების თაობაზე, გადასახადისაგან უნდა განთავისუფლდეს  ის მიწის ნაკვეთიც, რომელზეც დგას ეს ქონება.

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:

წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის მიზანია ტერმინის - სამელიორაციო ინფრასტრუქტურის  განსაზღვრა და შესაბამისად, პირველადი წყალმოსარგებლის - კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის და მიწის ნაკვეთის იმ ნაწილის, რომელზეც დამაგრებულია სამელიორაციო ინფრასტრუქტურა,  ქონების გადასახადისაგან   გათავისუფლება.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

წარმოდგენილი კანონის პროექტით საქართველოს საგადასახადო  კოდექსის  მე-200 მუხლს დაემატა მე-8 ნაწილი, რომლის მიხედვითაც განიმარტა, თუ რას წარმოადგენს სამელიორაციო ინფრასტრუქტურა, პროექტის მიხედვით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურა არის სარწყავი, დამშრობი და ორმხრივი რეგულირების  სისტემები, წყალსაცავები, სატუმბი სადგურები, დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობები. 

ცვლილება შედის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტში, რომლის მიხედვითაც ქონების გადასახადისგან თავისუფლდება პირველადი წყალმოსარგებლის - კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა და მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელზეც დამაგრებულია სამელიორაციო ინფრასტრუქტურა. ნაცვლად დღეს მოქმედი რედაქციისა, რომელიც ითვალისწინებს ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებას 2015 წლის პირველ ივლისამდე.

 წარმოდგენილი კანონის პროექტით ამ კანონის მოქმედება გავრცელდება  2015 წლის პირველი  ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე,  ვინაიდან , კომპანიის დაარსების დღიდან დღემდე, სახელმწიფო ბიუჯეტში  არ განხორციელებულა ქონების გადასახადის გადახდა,  2015 წლის პირველი ივლისის ჩათვლით კომპანია (საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის გზით) პერიოდულად თავისუფლდებოდა ქონების გადასახადისაგან. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია არის სუბსიდიაზე და სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს თანხებს, თუ იგი არ გათავისუფლდება ქონების გადასახადის გადახდისაგან, კომპანიას დაერიცხება საგადასახადო დავალიანება და  დღის წესრიგში დადგება აღნიშნული დავალიანების გადახდის მიზნით დამატებითი თანხის გამოყოფა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფას.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კანონპროექტი მიღება  არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო  ნაწილზე. ვინაიდან, კომპანიის დაარსების დღიდან დღემდე, სახელმწიფო ბიუჯეტში  არ განხორციელებულა ქონების გადასახადის გადახდა,  2015 წლის პირველი ივლისის ჩათვლით კომპანია (საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის გზით) პერიოდულად თავისუფლდებოდა ქონების გადასახადისაგან. ხოლო ის სავარაუდო გავლენა, რაც შეიძლება იქონიოს კანონპროექტმა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ძალზედ პირობითია, კერძოდ ბიუჯეტში არ შევა კომპანიის მიერ გადასახდელი ქონების გადასახადი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია არის სუბსიდიაზე და სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს თანხებს, თუ იგი არ გათავისუფლდება ქონების გადასახადის გადახდისაგან დღის წესრიგში დადგება აღნიშნული გადასახადის გადახდის მიზნით დამატებითი თანხის გამოყოფა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს  ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება:

კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებას.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:

კანონპროექტის მიღება არ  გამოიწვევს ფინანსურ შედეგს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონის მოქმედება.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის  განსაზღვრის პრინციპი.

კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობას და ოდენობის განსაზღვრის პრინციპს.

 

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.

 

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებს.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

 

ე) კანონპროექტის ავტორი:

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

 

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

საქართველოს მთავრობა.

 

 

 

 

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება

    მუხლი 200. ცნებების მნიშვნელობა ამ კარის მიზნებისათვის

1. ქონება – დასაბეგრი ქონება და მიწა.

2. მიწა – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწები.

3. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა:

ა) სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე);

ბ) სათიბები (მათ შორის, ბუნებრივი და გაკულტურებული);

გ) საძოვრები (მათ შორის, ბუნებრივი და გაკულტურებული);

დ) საკარმიდამო.

4. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა – მიწა, რომელიც არ არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.

41  . (  ამოღებულია – 28.12.2012, №189).

5. ახალასათვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა: 

ა) არასასოფლო-სამეურნეო სავარგული, რომელიც ტრანსფორმირდება (გადაიყვანება) სასოფლო-სამეურნეო სავარგულად. ასეთ მიწებს განეკუთვნება:

ა.ა) ყამირი მიწები;

ა.ბ) მელიორაციის (სარწყავი და დაშრობის) საშუალებით ასათვისებელი მიწები;

ა.გ) გაკაფვა-ამოძირკვის საშუალებით ასათვისებელი, ბუჩქნარით დაკავებული მიწები;

ა.დ) დატერასების საშუალებით ასათვისებელი ფერდობები;

ა.ე) წიაღისეულის მოპოვებისა და მშენებლობის დროს დარღვეული სარეკულტივაციო მიწები აგრობიოლოგიური პროდუქტიულობის აღდგენით;

ბ) დაბალინტენსიური სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, რომლებიც ტრანსფორმირდება (გადაიყვანება) მაღალინტენსიური სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული) მიწების სავარგულად, დაჭაობებული და დამლაშებული მიწები.

6. დასაბეგრი ქონების ადგილსამყოფელი – ადგილი, სადაც უძრავი ქონება ფაქტობრივად მდებარეობს, ხოლო მოძრავი ქონება რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ არ არსებობს მოძრავი ქონების რეგისტრაციის ადგილი, დასაბეგრი ქონების ადგილსამყოფლად ითვლება ადგილი, სადაც მოძრავი ქონება ფაქტობრივად მდებარეობს.

 7. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა – სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწა.

 

    მუხლი 206. გადასახადისგან გათავისუფლება

1. შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია:

ა) ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს;

ბ)  (ამოღებულია – 24.06.2011, №4963);

გ)  (ამოღებულია – 24.06.2011, №4963);

დ) მიმოსვლის გზები, ელექტროგადამცემი ხაზები, აგრეთვე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საკაბელო ხაზები;

ე) ორგანიზაციის ქონება, აგრეთვე ორგანიზაციაზე ლიზინგით გაცემული ქონება, გარდა მიწისა და ორგანიზაციის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ქონებისა;

ვ)  „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით  განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების (საქმიანობის) საწარმოებლად გამოყენებული ქონება;

ზ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელიც გადაცემული აქვს საბიუჯეტო ორგანიზაციას, გარდა ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული მიწისა;

თ) ბუნებისა და ისტორიული ძეგლების დაცვის ორგანიზაციების მიწის ფართობები, რომლებზედაც განლაგებულია სახელმწიფოს მიერ ისტორიულ, კულტურულ ან/და არქიტექტურულ ძეგლებად მიჩნეული ნაგებობები, თუ ისინი არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის, რომელშიც არ იგულისხმება შესასვლელი ბილეთების რეალიზაცია;

ი) ბუნებრივი პარკებით, ბოტანიკური და დენდროლოგიური ბაღებით, კულტურისა და დასვენების მუნიციპალური პარკებით, სასაფლაოებით, ზოოლოგიური ბაღებით ან/და პარკებით, ოკეანარიუმებით, სკვერებით, ხეივნებით, დაცული ტერიტორიებით, სატყეო ორგანიზაციებით, აგრეთვე ღია საუწყებო პარკებით, ბაღებითა და ტყე-ბაღებით დაკავებული მიწები, გარდა ამ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ნაკვეთებისა;

კ) ქალაქის წყალსაცავები და მათი აკვატორიები; ის მიწები, რომლებიც გამოიყენება სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციებისათვის, თუ ისინი არ გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და ეკონომიკური საქმიანობისათვის;

ლ) სასმელი წყლით მოსახლეობის მომარაგებისათვის, ელექტროსადგურებისა და სამელიორაციო სისტემებისა და მათი ფუნქციონირებისათვის განკუთვნილი წყალსაცავებით დაკავებული მიწები და ამ ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი და ტექნიკური ზონები;

მ)  „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით  განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების (საქმიანობის) საწარმოებლად გამოყენებული მიწის ნაკვეთები, თუ ისინი სხვა მიზნით არ გამოიყენება;

ნ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის ნაყოფიერი ფენაც სანახევროდ ან მეტადაა დაზიანებული სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) შედეგად, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ გაცემული ცნობით;

ო)  „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ  ტერიტორიებზე არსებული ქონება – დროებით, კონფლიქტის მოგვარებამდე და ეკონომიკური სიტუაციის მოწესრიგებამდე;

  1) პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული მიწა, რომელიც მდებარეობს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ტერიტორიების მიმდებარედ, რის გამოც პირი ვერ სარგებლობს მოცემული მიწის ნაკვეთით, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ცნობით;

  2) პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ქონება და მასზე დამაგრებული მიწა, თუ იგი ამ ქონებით ვერ სარგებლობს იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიერ საცხოვრებლად გამოყენების გამო და ეს ქონება რეგისტრირებულია, როგორც დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი, რაც დასტურდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობით;

პ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გამოუყენებელი სათიბები, საძოვრები, სარეკულტივაციო და სამარაგო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები; 

ჟ) ის მიწები, რომლებიც გამოიყენება აეროდრომების, აეროპორტების, ვერტოდრომებისა და აერონავიგაციის უსაფრთხოების ზონებად და მიწისქვეშა კომუნიკაციებისათვის, აგრეთვე ნავსადგურებისათვის პერსპექტიული განვითარების მიზნით დამაგრებული მიწის ნაკვეთები, თუ ისინი არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის;

რ) ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებმაც მიიღეს ახალასათვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, – მიღებიდან 5 წლის განმავლობაში;

ს) ნასოფლარის ტერიტორიაზე, აგრეთვე განსახლების სახელმწიფო ღონისძიებათა შესაბამისად დასახლებულ მოქალაქეთა ოჯახები ამ ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე – დასახლებიდან 5 წლის განმავლობაში;

ტ) 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

შენიშვნა: ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება კომლის წევრის ან პირველი/მეორე რიგის მემკვიდრის მიერ აღნიშნული ქონების ჩუქებით/მემკვიდრეობით მიღების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ წევრებისაგან (მეპაიეებისაგან) ამ ქონების შენატანის (პაის) სახით მიღების შემთხვევებშიც;

უ) 2015  წლის 1 ივლისამდე პირველადი წყალმოსარგებლეებისათვის – კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული სამელიორაციო   ინფრასტრუქტურა;

ფ) მეორე მსოფლიო ომის ინვალიდები და მათთან გათანაბრებული პირები პრივატიზების წესით მიღებულ მიწის ნაკვეთებზე;   

ქ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი;

ღ) სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო, საცდელ-სასელექციო, ექსპერიმენტული, ჯიშთა გამოცდის მიწის ნაკვეთები, რომლებიც გამოიყენება სამეცნიერო და სასწავლო მიზნებისათვის და რომლებზედაც სამუშაოები ბიუჯეტიდან ფინანსდება;

ყ) მიწის ნაკვეთები, რომლებიც გამოიყენება ბიუჯეტიდან დაფინანსებული 60 წლის და მეტი ასაკის პირთა ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატების/თავშესაფრების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის, ბავშვთა) ან/და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა/მოზარდთა სააღმზრდელო დაწესებულებების ან დღის ცენტრების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლების) მიერ თავიანთი ძირითადი ფუნქციების შესრულებისათვის; მიწის ნაკვეთები, გამოყენებული ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების, სპეციალური სკოლა-ინტერნატების, ბავშვთა სოფლებისა და საბავშვო ბაღების მიერ, რომლებიც უსასყიდლოდ ეწევიან ბავშვთა მოვლა-აღზრდას და მათთვის განათლების მიცემას, თუ ისინი არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის;

შ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მისაღები მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ გაცემული ცნობით;   (  გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე);

ჩ) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებული ქონება;   

ც) ბიოლოგიური აქტივი;

ძ) საქართველოს რეზიდენტისგან ლიზინგით მიღებული ქონება;

წ) სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული ქონება, გარდა მიწისა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებათა საკუთრებაშია ან ასეთ დაწესებულებებზე ლიზინგით არის გაცემული;

ჭ) სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული, სამედიცინო დაწესებულებებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთები;

ხ) 2026 წლის 1 იანვრამდე ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის სასტუმრო მომსახურებასთან დაკავშირებული ქონება;

ჯ) „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ 01 კოდით გათვალისწინებულ საქმიანობაში (სოფლის მეურნეობაში) დასაქმებული პირის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, აგრეთვე ასეთ პირზე ლიზინგით გაცემული მოძრავი ქონება, რომლებსაც ეს პირი ამავე საქმიანობაში იყენებს;

1) 2017 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საკუთრებაში არსებული, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ქონება (გარდა მიწისა) და ამავე საქმიანობისათვის მასზე ლიზინგით გაცემული მოძრავი ქონება;

  ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ  დადგენილი  წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის    საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობ  აში  გამოყენებული ქონება (მათ შორის,  მიწის ნაკვეთები);

1) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი);

2) თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ დადგენილი ფართობის ზღვრული ოდენობის ფარგლებში;

3)  საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის  8903 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული საქონელი;

  4  )  „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით  განსაზღვრული წესით გაკოტრების რეჟიმში მყოფი პირის ქონება;

  5) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ უსასყიდლოდ გადაცემული უძრავი ქონება, რომელიც გამოიყენება საგანმანათლებლო საქმიანობაში;

  6) მაღალმთიანი დასახლების საწარმოს საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე ქონება – შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით).

2. დადგენილი საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება პირის მიერ იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით სხვა პირისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე (ან მის ნაწილზე) ან/და საწარმოს/ორგანიზაციის მიერ ამავე ფორმით გადაცემულ შენობა-ნაგებობებზე (ან მათ ნაწილზე).   

3. თუ დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგ პირმა იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით გასცა მიწის ნაკვეთი, ამ პირზე საგადასახადო შეღავათი აღარ გავრცელდება. ამასთანავე, პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის ბოლომდე წარუდგინოს დეკლარაცია და გადაიხადოს გადასახადი საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად.