დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „საქართველოს სამთო საქმიანობის კომპანიაზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 115 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020769 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №115
2016 წლის 1 თებერვალი
ქ. თბილისი
შპს „საქართველოს სამთო საქმიანობის კომპანიაზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 61 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და 71 მუხლის 13 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, შპს „საქართველოს სამთო საქმიანობის კომპანიაზე“ გაცემულ, მარტვილის მუნიციპალიტეტში ტეხურის ოქროს, კობალტის, ვერცხლის, ტყვიის, თუთიისა და სპილენძის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიაში შეიტანოს შემდეგი ცვლილებები:
ა) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის მოქმედების ვადა განსაზღვროს 2033 წლის 1 იანვრამდე;
ბ) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლისა და მარაგების ანგარიშის წარდგენის ვადა განსაზღვროს 2021 წლის 1 იანვრამდე;
გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ძებნა-ძიებითი სამუშაოების სრულყოფილად ჩატარების მიზნით, 5 (ხუთი) წლის ვადაში დახარჯოს არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარისა;
დ) ლიცენზიის მფლობელის მიერ შესასრულებელი სამუშაოები და ამ სამუშაოებისათვის გასაწევი ხარჯების ოდენობა და ვადები განისაზღვროს ამ განკარგულების დანართის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს განკარგულების განუყოფელ ნაწილს;
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს დანართით განსაზღვრული ყოველწლიურად შესრულებული სამუშაოების შესახებ „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით გათვალისწინებული ერთ-ერთი აუდიტორული მომსახურების გამწევი იურიდიული პირის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს მითითებული თანხების ხარჯვის ნაწილს;
ვ) ამ განკარგულების „ბ – ე“ ქვეპუნქტებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, ლიცენზიაში ცვლილების შეტანიდან 10 (ათი) კალენდარულ დღეში ლიცენზიის მფლობელმა ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს კომერციული ბანკის მიერ გაცემული 400 000 (ოთხასი ათასი) ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ ორი თვით უნდა აღემატებოდეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადას (ძალაში უნდა იყოს 2021 წლის 01 მარტამდე);
ზ) ამ განკარგულების „ბ − ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა გახდება საბანკო გარანტიის უპირობოდ გამოთხოვის საფუძველი;
თ) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის ფარგლებში გაწეული ნებისმიერი ფინანსური დანახარჯები (მიუხედავად შესწავლის შედეგებისა) სახელმწიფოს მიერ არ იქნება ანაზღაურებული.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები