„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-5/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 05/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 25/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016374
01-5/ნ
05/02/2016
ვებგვერდი, 09/02/2016
470230000.22.035.016374
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-5/ნ

2016 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 08.01.2015 წ., 470230000.22.035.016314) შეტანილ იქნეს  ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართი (შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო



დანართი №2
შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
  1.  ეს  დებულება განსაზღვრავს  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) შიდა აუდიტის  დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას  და  აწესრიგებს  მის  საქმიანობასთან  დაკავშირებულ  სხვა საკითხებს.
  2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს შიდა აუდიტის განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
  3. დეპარტამენტი თავის ფუნქციებს წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, სამინისტროს დებულებითა და სხვა მოქმედი კანონმდებლობით, იცავს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების, გამჭვირვალობის, საჯაროობის  და სამართლიანობის პრინციპებით.
  4. დეპარტამენტი ფუნქციურად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, ანგარიშვალდებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფთან - ჰარმონიზაციის ცენტრთან (შემდგომში - ჰარმონიზაციის ცენტრი) კოორდინირებულად.
  5. დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია, იყოს სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.
  6. დეპარტამენტი მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მეთოდური მითითებების,  სტანდარტების  და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.

 

მუხლი 2.  დეპარტამენტის  მიზნები და ამოცანები

1. დეპარტამენტის მიზანია  განახორციელოს  დამოუკიდებელი და ობიექტური საქმიანობა, გააანალიზოს და შეაფასოს სამინისტროში არსებული პოლიტიკისა და პროცედურების შესრულება, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და არსებული სტანდარტების დაცვა, რესურსების ეფექტურად და ეკონომიურად გამოყენება, ამოცანების  ეფექტური  შესრულება და, შედეგად, სამინისტროს დასახული მიზნების მიღწევა.

2. დეპარტამენტის ამოცანებს წარმოადგენს:

ა) მინისტრი უზრუნველყოს ინფორმაციით სამინისტროში არსებული მართვისა და კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ;

ბ) სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით კანონშესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა.

 

მუხლი 3. დეპარტამენტის ფუნქციები

დეპარტამენტის ფუნქციას წარმოადგენს სამინისტროსა და სამინისტროს  სისტემის წინაშე არსებული  რისკების მართვის ხარისხის შეფასება, დაწესებულების სისტემის საქმიანობის გაუმჯობესება და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა შემდეგი საქმიანობების განხორციელებით:

ა) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

ბ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და რეგულაციებთან შესაბამისობის შეფასება;

გ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

დ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;

ე) სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;

ვ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა განხორციელების პროცესში კანონდარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, შესწავლა, რეაგირება, გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების ანალიზი;

ზ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.

 

მუხლი 4. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი

  1. დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს სისტემაში განახორციელოს შიდა აუდიტორული შემოწმება აუდიტის შემდეგი სახეების გამოყენებით: სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი;

ბ) შიდა აუდიტის ან კომპეტენციის ფარგლებში სხვა ქმედებების განხორციელებისას სამინისტროსა და სამინისტროს სისტემიდან შეუზღუდავად მოითხოვოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), გამოიძახოს სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომელი და მიიღოს მისგან შესაბამისი ინფორმაცია ან განმარტება. აგრეთვე, მოითხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა;

გ) კოორდინაცია გაუწიოს სამინისტროს სისტემაში არსებული ყველა მაკონტროლებელი დაწესებულების (საჯარო სამართლის იურიდიული პირი), ან/და ამ დაწესებულებების შიდა კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურების საქმიანობას, მოითხოვოს და მიიღოს შემოწმების გეგმები, შემოწმების მასალები, გაწეული საქმიანობის შესახებ კვარტალური და წლიური ანგარიშები;

დ) საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს სპეციალისტი ან ექსპერტი;

ე) განახორციელოს სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი შემოწმება, გამოავლინოს შესაბამის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის, სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების და კანონიერი ინტერესების შელახვის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ფაქტები. განიხილოს, შეისწავლოს შემოსული წერილები, შეტყობინებები, განცხადებები და სხვა სახის ინფორმაცია და მოახდინოს კანონშესაბამისი რეაგირება.

2. შიდა აუდიტის ობიექტის თანამშრომლები ვალდებულნი არიან, ითანამშრომლონ შიდა აუდიტორებთან თავიანთი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციის თაობაზე არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა ან/და ქმედებების განხორციელება.

 

მუხლი 5. დეპარტამენტის მოვალეობანი

1. დეპარტამენტი ვალდებულია დაიცვას წინამდებარე დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები.

2. შიდა აუდიტის განხორციელებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა.

3. შიდა აუდიტისა და სამსახურებრივი შემოწმებისას დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მასალები გადაუგზავნოს შესაბამის ორგანოს, მინისტრთან შეთანხმებით.

4. უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით; მინისტრის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული ან სამსახურებრივი შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

მუხლი 6. დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტის სტრუქტურაში შედის:

ა) შიდა აუდიტის სამმართველო;

ბ) ინსპექტირების სამმართველო.

 

მუხლი 7. შიდა აუდიტის სამმართველო

1. შიდა აუდიტის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და რეგულაციებთან შესაბამისობის შეფასება;

ბ) სამინისტროს სისტემის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტიანობის, ეკონომიურობის შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

გ) სამინისტროსა და, საჭიროებისამებრ, მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება, საქართველოს კანონმდებლობასთან და მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;

დ) სახელმწიფო პროგრამების შედგენის, საინვესტიციო, ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენების, მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობის შესწავლა, ანალიზი და შეფასება;

ე) საბიუჯეტო სახსრების გამოყენების, ვალდებულებების აღების, შესყიდვების პროცედურის განხორციელების, ხელშეკრულების გაფორმების, გადახდების განხორციელების შესწავლა და შეფასება;

ვ) სამინისტროს სისტემის წინაშე არსებული რისკების შეფასება;

ზ) ფინანსური მართვის და კონტროლის სისტემის სამინისტროს მიზნებთან თანხვედრისა და შესაბამისობის ანალიზი, მათი ეფექტიანობის ამაღლების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

თ) სამინისტროს სისტემაში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების შესწავლა, ანალიზი, შეფასება და შესაძლო დარღვევების, ხარვეზებისა და რისკების განსაზღვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ი) სამინისტროს სისტემაში განხორციელებული ფინანსური მართვის, აღრიცხვიანობის და კონტროლის სისტემების შესაბამისობისა და ეფექტიანობის შეფასება;

კ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;

ლ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებული შიდა აუდიტის შედეგად, შიდა აუდიტორული დასკვნის, ანგარიშის შედგენა;

მ) შემუშავებულ და გაცემულ რეკომენდაციათა შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. შიდა აუდიტის სამმართველოს ჰყავს უფროსი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 8. ინსპექტირების სამმართველო

1. ინსპექტირების სამმართველოს ფუნქციებია:

 ა) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში დისციპლინის, კანონიერების, სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებასა და დაცვაზე სამსახურებრივი კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;

ბ)  სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა შესახებ საჩივარ-განცხადებების შესწავლა, სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ ინფორმაციის (დასკვნის) შედგენა და გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება/გაცემა;

გ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების შესწავლა სათანადო ინფორმაციის/შეტყობინების საფუძველზე და შესაბამისი რეაგირება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, „ცხელი ხაზით“ და ელექტრონული ფოსტით შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება;

ე) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის,  აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ვ) დეპარტამენტის წლიური და სტრატეგიული გეგმების შემუშავება;

ზ) სამინისტროსა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების შიდა აუდიტის სუბიექტების წლიური და სტრატეგიული გეგმების შედგენისას კოორდინაციის განხორციელება;

თ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისგან, საჭიროებისამებრ, ანგარიშების გამოთხოვა და  მათი ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციებისა და მითითებების შემუშავება/გაცემა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. ინსპექტირების სამმართველოს ჰყავს უფროსი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 9. შიდა აუდიტის ჩატარების ზოგადი წესი,  აუდიტის ანგარიში

1. შიდა აუდიტი ტარდება დამტკიცებული წლიური გეგმისა და/ან მინისტრის ბრძანების საფუძველზე, რომელშიც აღინიშნება აუდიტის ობიექტის დასახელება, აუდიტის საგანი, საფუძველი, პერიოდი, აუდიტის სახე, ჩატარების ვადები და აუდიტის განმახორციელებელი ჯგუფის შემადგენლობა.

2. აუდიტის განმახორციელებელი ჯგუფი აუდიტს ატარებს ინდივიდუალური გეგმით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს დეპარტამენტის უფროსი და რომელიც წარედგინება აუდიტის ობიექტს აუდიტის განხორციელებამდე.

3. შიდა აუდიტორული შემოწმება ხორციელდება ინფორმაციის იდენტიფიკაციის, შეგროვების, ანალიზის, შეფასებისა და დოკუმენტირების საშუალებით.

4.  შიდა აუდიტორული შემოწმება შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:

ა) აუდიტის დაგეგმვა;

ბ) აუდიტის განხორციელება;

გ) ანგარიშგება;

დ) გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.

 5. შიდა აუდიტორული შემოწმების სახეებია:

ა) სისტემური აუდიტი;

ბ) შესაბამისობის აუდიტი;

გ) ეფექტიანობის აუდიტი;

დ) ფინანსური აუდიტი;

ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი.

6. შიდა აუდიტის განხორციელების შედეგად, შიდა აუდიტის სუბიექტი ადგენს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტს, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის შედეგებს და მოიცავს შიდა აუდიტის პროცესს, მიგნებებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს.

7. შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი, გონივრული ვადის მითითებით ეგზავნება შიდა აუდიტის ობიექტს ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის წარდგენის მიზნით.

8. შიდა აუდიტის ობიექტის მიერ გონივრული ვადის გაშვების შემთხვევაში შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი ჩაითვლება საბოლოოდ და მასში ასახული მიგნებები და რეკომენდაციები - შეთანხმებულად.

9. იმ შემთხვევაში, თუ შიდა აუდიტის ობიექტი არ ეთანხმება შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტში ასახულ მიგნებებს ან/და რეკომენდაციებს, შიდა აუდიტის ობიექტი საპასუხო წერილში ასახავს არგუმენტებს ან/და მოსაზრებებს თავისი პოზიციის გასამყარებლად.

10. შიდა აუდიტის ობიექტის მოსაზრება, შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით, აისახება საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში.

11. შიდა აუდიტის სუბიექტი საბოლოო სახით აყალიბებს შიდა აუდიტორულ ანგარიშს და შიდა აუდიტის ობიექტის მიერ  წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმასთან ერთად უგზავნის დაწესებულების ხელმძღვანელს.

12. თუ შიდა აუდიტის სუბიექტი და შიდა აუდიტის ობიექტი ვერ თანხმდებიან საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე, შიდა აუდიტის სუბიექტი შეუთანხმებელ რეკომენდაციებს უგზავნის დაწესებულების ხელმძღვანელს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც გონივრულ ვადაში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

 

მუხლი 10. სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების წესი

1. სამსახურებრივი შემოწმების საფუძველი შეიძლება იყოს ცნობები სამინისტროს სისტემის თანამშრომლის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის, ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ, მათ შორის, მოქალაქეთა წერილობითი საჩივრები, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაცია, „ცხელი ხაზით“ შემოსული შეტყობინებები, შიდა აუდიტის ანგარიში და სხვა.

1. სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დგება დასკვნა/ინფორმაცია, რომელსაც ხელს აწერს ჯგუფის ყველა წევრი. მასში აისახება მოპოვებული მასალებისა და აღმოჩენილი დარღვევების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია, გამოვლენილ დარღვევა-ნაკლოვანებათა გამომწვევი მიზეზებისა და ხელშემწყობი პირობების ანალიზი, წინადადებები, რეკომენდაციები მათი აღმოფხვრის, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შემოწმების შედეგებზე რეაგირების ღონისძიებათა შესახებ, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.

2. დასკვნა/ინფორმაცია გასაცნობად და შემდგომი რეაგირებისათვის ეგზავნება მინისტრს და სამსახურებრივი შემოწმების ობიექტის ხელმძღვანელს და/ან მის ზემდგომს.

 

მუხლი 11. შიდა აუდიტის დაგეგმვა, დეპარტამენტის ანგარიშგება

1. შიდა აუდიტის გეგმის სახეებია:

ა) შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა;

ბ) შიდა აუდიტის წლიური გეგმა;

გ) აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა.

2. შიდა აუდიტის დაგეგმვა ხდება რისკის შეფასების საფუძველზე. მისი შედეგები აისახება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმაში, რომლის საფუძველზეც შემუშავდება შიდა აუდიტის წლიური გეგმა.

3. შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას შეიმუშავებს დეპარტამენტის უფროსი და ამტკიცებს მინისტრი. შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს სამინისტროს გრძელვადიანი მიზნებიდან, მოიცავს სამწლიან პერიოდს და განსაზღვრავს შიდა აუდიტის სფეროში სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს.

4. შიდა აუდიტის წლიურ გეგმას შეიმუშავებს დეპარტამენტის უფროსი და ამტკიცებს მინისტრი. შიდა აუდიტის წლიური გეგმა ეფუძნება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას და ასახავს კონკრეტულ შიდა აუდიტორულ შემოწმებებს.

5. დეპარტამენტი ამზადებს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს, რომლებშიც აისახება:

ა) ინფორმაცია განხორციელებული გეგმური და არაგეგმური შიდა აუდიტის შესახებ;

ბ) დეპარტამენტის მიერ შიდა აუდიტის გეგმის შეუსრულებლობის მიზეზები (მათი არსებობის შემთხვევაში);

გ) ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები სამინისტროს სისტემაში არსებული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შესახებ;

დ) დეპარტამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული საქმიანობა და ინფორმაცია შეუსრულებელი რეკომენდაციების შესახებ;

ე) ინფორმაცია სამსახურებრივი შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების, მათი აღმოფხვრის მიზნით გაცემული რეკომენდაციებისა და გატარებული ღონისძებების შესახებ;

ვ) შიდა აუდიტის მიმდინარეობისას დეპარტამენტის მოსამსახურეთა საქმიანობის ნებისმიერი შეზღუდვა;

ზ) წინადადებები შიდა აუდიტის განვითარების შესახებ.

6. შიდა აუდიტის დეპარტამენტის წლიური ანგარიში წარედგინება მინისტრს და ჰარმონიზაციის ცენტრს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე, ხოლო კვარტალური ანგარიშები - მინისტრს.

 

მუხლი 12. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა:

  1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
  2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის  წინაშე.
  3. დეპარტამენტის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს  დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს  დეპარტამენტს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;

გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ დაწესებულების შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

დ) დადგენილი წესის მიხედვით იხილავს შემოსულ კორესპონდენციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას;

ე) კოორდინაციას უწევს შიდა აუდიტორთა საქმიანობას და უნაწილებს მათ ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;

ვ) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის  სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;

ზ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე;

თ) უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე, დაწესებულების ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნქციების შეფასებას;

ი) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებაზე;

კ) თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციასა და ინფორმაციას;

ლ) ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ შესაბამის რეკომენდაციებსა და მითითებებს;

მ) შეიმუშავებს და ახორციელებს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას.

ნ) უზრუნველყოფს შიდა აუდიტორების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას;

ო) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის, ასევე, შიდა აუდიტის დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

პ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

ჟ) უზრუნველყოფს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მთავრობის გადაწყვეტილებების, მინისტრის  მითითებების დაცვას, აგრეთვე დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების კონტროლს;

რ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

ს) ასრულებს მინისტრის  ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს;

ტ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

 

მუხლი 13. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

1. დეპარტამენტის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (მოადგილეები).

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს, მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა–კოორდინაციასა და ორგანიზებაში;

ბ) ზედამხედველობს მისი საკურატორო სამმართველოს საქმიანობას და მასში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ შესაბამის სამმართველოებს შორის;

დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს მის მიერ ან მის საკურატორო სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული და მის საკურატორო სფეროში შემავალ სამმართველოში მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

ვ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ან მინისტრის დავალებებს, ასევე, კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

 

მუხლი 14. სამმართველოს უფროსი

1. სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება ხდება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

2. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.

3. სამმართველოს უფროსი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას სამმართველოს მოსამსახურეებს შორის;

გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ სამმართველოს თანამშრომლებს შორის;

დ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

ე) დეპარტამენტის უფროსს, კურატორ დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, ყოველკვარტალურად წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიმდინარე საქმიანობის თაობაზე, ხოლო წელიწადში ერთხელ, წლიურ ანგარიშს, დეპარტამენტის ერთიანი წლიური ანგარიშისთვის;

ვ) დეპარტამენტის უფროსს, კურატორ დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, წარუდგენს სამმართველოს მიერ შედგენილ დასკვნას ან/და შემუშავებულ რეკომენდაციას;

ზ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

თ) პასუხისმგებელია სამმართველოში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

ი) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და მინისტრის კანონშესაბამის მითითებებსა და დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

 

მუხლი 15. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები

1. დეპარტამენტის სხვა მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები:

ა) ასრულებენ სამმართველოს უფროსის და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;

ბ) პასუხისმგებლები არიან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე;

გ) პასუხისმგებლები არიან მათთვის განაწილებული დოკუმენტაციისა და მატერიალური საშუალებების დაცვა-შენახვაზე;

დ) ხელს უწყობენ დეპარტამენტში დაგეგმილი ღონისძიებების გატარებას;

ე) იხილავენ დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას;

ვ) ამზადებენ და სამმართველოს უფროსს წარუდგენენ წინადადებებს ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ;

ზ) პერიოდულად სამმართველოს/დეპარტამენტის უფროსს წარუდგენენ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ;

თ) ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს.

3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები შეიძლება განისაზღვროს მინისტრის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.

 

მუხლი 16. სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობა

  1. სუბიექტი თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობისა და  შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 
  2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და შიდა აუდიტის სუბიექტის თანამშრომლობა, ასევე, მოიცავს კომუნიკაციას შიდა აუდიტის დაგეგმვის პროცესში.