დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1185 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 12/12/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.000.313 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) 193-ე და 194-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 193. საბაჟო წესების დარღვევა
1. საბაჟო კონტროლის რეჟიმის, საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების გავლის, დგომის და გაჩერების, დეკლარირების წესების და საბაჟო კანონმდებლობის სხვა მოთხოვნათა დარღვევა:
ა) საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების, ფიზიკურ პირთა უნებართვოდ გადაადგილება საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე;
ბ) საბაჟო კონტროლის ქვეშ არსებული საქონლის და სატრანსპორტო საშუალებების უნებართვოდ განკარგვა, დაკარგვა (დაკარგვის საფრთხის ასაცილებლად ზომების მიუღებლობის გამო), საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილას მიუტანლობა;
გ) არამართლზომიერი ოპერაციების ჩატარება გარკვეული საბაჟო რეჟიმით მოთავსებული საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით, მათი მდგომარეობის შეცვლა, სარგებლობა ან განკარგვა საბაჟო რეჟიმის დაუცველად;
დ) საბაჟო ორგანოების მიერ გამოყენებული იდენტიფიკაციის საშუალებათა შეცვლა, მოსპობა, დაზიანება ან მოცილება;
ე) საბაჟო საწყობში ან საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ ადგილზე საქონლის მოთავსებისა და შენახვის წესების დარღვევა;
ვ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებში ადრე შემოტანილი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გაუტანლობა, თუ გატანა სავალდებულოა, ან ადრე გატანილი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დაუბრუნებლობა, თუ დაბრუნება სავალდებულოა და მოქმედება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს;
ზ) საქონლის განადგურების წესის დარღვევა, განადგურების შემდეგ წარმოქმნილი ნარჩენების მოთავსების დადგენილი მოთხოვნების, შეზღუდვებისა და პირობების დარღვევა;
თ) საბაჟო კონტროლისათვის იმ საქონლის დამალვა, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილდება, აგრეთვე სამალავებისა და სხვა საშუალებების გამოყენება, რაც აძნელებს საქონლის მიგნებას, ან ერთი საქონლისათვის მეორე საქონლის სახის მინიჭება, თუ ქმედება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს;
კ) საბაჟო საზღვრის გავლისას საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გაუჩერებლობა;
ი) ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების დასაცავად ზომების მიუღებლობა;
ლ) საბაჟო კონტროლის ქვეშ არსებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გასვლა მათი დგომის ადგილიდან საბაჟო ორგანოების უნებართვოდ;
მ) საბაჟო კონტროლის ქვეშ არსებულ გემთან ან სხვა მცურავ საშუალებებთან გემით თუ სხვა მცურავი საშუალებებით მიდგომა საბაჟო ორგანოების უნებართვოდ;
ნ) საბაჟო კონტროლის ქვეშ არსებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, დატვირთვა, გადმოტვირთვა, გადატვირთვა, დაზიანებული შეფუთვის შეკეთება, შეფუთვა, ხელახალი შეფუთვა, გადასაზიდად მიღება, სათავსებისა და სხვა ადგილების გახსნა საბაჟო ორგანოების უნებართვოდ;
ო) პირობითად გაშვებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება ან განკარგვა იმისგან განსხვავებული მიზნით, რის გამოც მიენიჭათ საბაჟო გადასახდელების შეღავათები, თუ არ არის საბაჟო ორგანოების ნებართვა;
პ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადასაადგილებელი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დეკლარაციაში შეუტანლობა ან უზუსტო დეკლარირება, მცდარი ცნობების შეტანა, რაც გავლენას ახდენს საბაჟო ორგანოების გადაწყვეტილებაზე საზღვარზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების, საბაჟო რეჟიმით მათი მოთავსების შესახებ;
ჟ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან დოკუმენტებისა და იდენტიფიკაციის საშუალებების ყალბად გამოყენების შედეგად უზუსტო დეკლარირების გზით შემოტანილი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების ტრანსპორტირება, შენახვა, შეძენა, გამოყენება და განკარგვა;
რ) საბაჟო დეკლარაციაში ან სხვა დოკუმენტში საბაჟო რეჟიმის, საბაჟო ღირებულების ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების წარმოშობის ქვეყნის შესახებ ან სხვა ისეთი უზუსტო ცნობების შეტანა, რაც საფუძველს იძლევა საბაჟო გადასახდელებისაგან გასათავისუფლებლად ან ოდენობის შესამცირებლად, თუ ქმედება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს;
ს) საბაჟო დეკლარირების განხორციელება პირის მიერ, რომელსაც არა აქვს საბაჟო ბროკერის ლიცენზია, ან ყალბი ლიცენზით, აგრეთვე საბაჟო ბროკერის ან მისი წარმომადგენლის მიერ დაცული საიდუმლო ან კონფიდენციალური ინფორმაციის შემცველი ცნობების გამოყენება პირადი მიზნებისათვის, თუ ქმედება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს;
ტ) საბაჟო გადამზიდველის საქმიანობის განხორციელება ულიცენზიოდ ან გაუქმებული, შეჩერებული ან ყალბი ლიცენზიით, _
გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას ასიდან ას ორმოცდაათ ლარამდე, ხოლო იურიდიულ პირთა – სამასიდან ხუთას ლარამდე.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებულ დარღვევათაგან ერთ-ერთის განმეორებით ჩადენა, _
გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ხუთას ლარამდე, ხოლო იურიდიულ პირთა _ ხუთასიდან რვაას ლარამდე.
მუხლი 194. საბაჟო კონტროლის ზონაში უკანონო საწარმოო ან სხვა საქმიანობა
საბაჟო კონტროლის ზონაში უკანონო საწარმოო ან სხვა საქმიანობა არსებული წესების დარღვევით, აგრეთვე შენობა-ნაგებობების მშენებლობა დადგენილი წესებისა და ნორმების დარღვევით, _
გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას ასორმოცდაათიდან ორას ლარამდე, ხოლო იურიდიულ პირთა – სამასიდან ხუთას ლარამდე“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1997 წლის 12 დეკემბერი.
№1185_Iს
დოკუმენტის კომენტარები