„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12/2016
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 29/01/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016251
12/2016
29/01/2016
ვებგვერდი, 01/02/2016
010240020.15.008.016251
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №12/2016

2016 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

 


მუხლი 1
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27/2015 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 17/07/2013, 010240020.15.008.016094) პირველ მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი (დანართი 1) და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი (დანართი 2) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციებით.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი



დანართი 1
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი (შემდეგში წესი) განსაზღვრავს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში (ცენტრალურ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში) შემდგომში „ადმინისტრაცია”, არსებული საზოგადოებრივი ინტერესების სფეროსთვის განკუთვნილი საჯარო ინფორმაციის ადმინისტრაციის ელექტრონულ რესურსზე (ცესკოს ვებგვერდზე) განთავსების სამართლებრივ საფუძვლებს.

2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე, რომელიც ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.

3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება არ ათავისუფლებს ადმინისტრაციას საქართველოს ორგანული კანონით  „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისაგან.


მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება
1. საჯარო ინფორმაცია პროაქტიულად ქვეყნდება ცესკოს ვებგვერდზე: www.cec.gov.ge; www.cesko.ge. (შემდგომ - ვებგვერდი).

2. პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ცესკოს ვებგვერდზე იქმნება შესაბამისი განყოფილება „საჯარო ინფორმაცია”, რომელშიც განთავსდება წინამდებარე წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია.

3. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ღიაა და თანაბრად ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისათვის. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის მიღებისათვის საფასურის დადგენა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. ცესკოს ვებგვერდისა და მასზე განთავსებული ინფორმაციის საავტორო უფლებები დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონით.

5. ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გამოიყენოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.

6. ცესკო უფლებამოსილია, ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციასთან ერთად, საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში დამატებით პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია.


მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი
1. ცესკო უზრუნველყოფს პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის პერიოდულ განახლებას ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ ვადებში.

2. ცესკო ვალდებულია უზრუნველყოს ელექტრონულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება.

3. საჯარო ინფორმაცია ვებგვერდზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ამობეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე.


მუხლი 4. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
1. ცესკოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები მათი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ გამოქვეყნების მიზნით მოთხოვნილი ინფორმაციის დროულ დამუშავებასა და მიწოდებას.

2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ცესკოს სტრუქტურულ ერთეულებში ამისათვის განსაზღვრული პასუხისმგებელი პირები, ხოლო ვებგვერდზე დროულ და შესაბამის განყოფილებაში განთავსებაზე ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი; ასევე, საჭიროების შემთხვევაში საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი.

3. პროაქტიული ინფორმაციის განთავსებაზე კონტროლს ახორციელებს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს სტრუქტურული ერთეულებისაგან განახლებული ინფორმაციის მიღებას და ვებგვერდზე მის განთავსებას.

4. შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში პროაქტიულად ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად მიწოდებაზე პასუხისმგებელია, შესაბამისი დეპარტამენტის/სამსახურის  უფროსის მიერ განსაზღვრული თანამშრომელი.

5. პროაქტიულ ინფორმაციას ვებგვერდზე განსათავსებლად საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს პასუხისმგებელი პირები აწვდიან PDF ფორმატში.


მუხლი 5. ვებგვერდზე გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია, ვადები და პასუხისმგებლობა
ვებგვერდზე გამოსაქვეყნებლად საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს აწვდიან შემდეგი სახის ინფორმაციას:

1. საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი:

ა) საარჩევნო უბნების საზღვრების, ნომრების, მისამართების, ტელეფონის (ფაქსის) ნომრების შესახებ ინფორმაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიღებისთანავე;

ბ) იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალის შესახებ, სადაც აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა, აგრეთვე იმ შენობა-ნაგენობათა ჩამონათვალი, სადაც დასაშვებია/აკრძალულია საარჩევნო შეხვედრებისა და ღონისძიებების ჩატარება ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის გადმოცემიდან 2 დღის ვადაში;

გ) მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ კანდიდატთა შესახებ ინფორმაციას, მათი რეგისტრაციიდან/რეგისტრაციის გაუქმებიდან 3 დღის ვადაში, მაგრამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-20 დღისა;

დ) საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კანდიდატის არჩევნებიდან მოხსნის შესახებ – ინფორმაციის მიღებისთანავე;

ე) საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შემოსულ ყველა სახის განცხადებას/საჩივარს და შესაბამის გადაწყვეტილებებს – არსებული წესის შესაბამისად;

ვ) საოლქო საარჩევნო კომისიებში სტაჟიორობის კანდიდატთა სიას განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 2 დღის განმავლობაში;

ზ) საოლქო საარჩევნო კომისიებში სტაჟიორებად დანიშნულ პირთა სიას ოლქის თავმჯდომარის განკარგულების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში;

თ) სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნებისა და მისამართების შესახებ მიღებისთანავე;

ი) გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნების ჩამონათვალს ოლქების მიხედვით მიღებისთანავე;

კ) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სიას – პერიოდულად, ცვლილებების შესაბამისად;

ლ) არჩევნებისა და რეფერენდუმის/პლებისციტის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში; 

მ) საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს შესაბამისი კომისიებიდან მიღებისთანავე.

2. იურიდიული დეპარტამენტი:

ა) ცესკოს ვებგვერდზე განთავსებულ საკანონმდებლო აქტებში შესულ ცვლილებებთან და დამატებებთან დაკავშირებით, აქტების კონსოლიდირებულ ვარიანტებს – პერიოდულად;

ბ) საჩივრების რეესტრს (საჩივრების რეესტრის ადმინისტრირებას ახორციელებს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობისა და საარჩევნო დავების განყოფილება, საორგანიზაციო დეპარტამენტთან ერთად) საარჩევნო პერიოდში;

გ) განცხადება/საჩივრის სარეკომენდაციო ფორმას გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში;

დ) საქართველოს პარლამენტისათვის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის წარდგენილ სა­ქარ­თველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ან­გარიშს ქვეყნდება ყოველწლიურად;

ე) საჭიროების შემთხვევაში მომზადებულ სახელმძღვანელო ინსტრუქციებს მიღებიდან 48 საათის განმავლობაში.

3. სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტი:

ა) ცესკოს დადგენილებას მიღებიდან 24 საათის განმავლობაში;

ბ) რეგისტრირებული პარტიების/საარჩევნო ბლოკების სიას, აგრეთვე იმ პარტიების/ბლოკების სიას, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე ან რომელთა რეგისტრაციაც გაუქმდა პერიოდულად, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა;

გ) წარდგენილ კანდიდატთა სიას წარდგენის ვადის ამოწურვიდან 2 დღის ვადაში;

დ) ცესკოს/ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებას არაუგვიანეს გამოცემის მომდევნო დღისა;

ე) ცესკოს მდივნის განკარგულებებს არაუგვიანეს გამოცემის მომდევნო დღისა;

ვ) რეგისტრირებულ პრეზიდენტობის კანდიდატების სიებს კენჭისყრამდე არა უგვიანეს 24 დღისა;

ზ) ცესკოს სხდომის ოქმს ხელმოწერისთანავე;

თ) ინფორმაციას საარჩევნო სუბიექტების მიერ ცესკოში/საოლქო საარჩევნო კომისიებში დანიშნული წარმომადგენლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 48 საათში.

4. საფინანსო დეპარტამენტი:

ა) ცესკო სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შესახებ – ქვეყნდება ყოველწლიურად;

ბ) ცესკოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ – მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალებისა და ხელშეკრულების ღირებულების მითითებით – ქვეყნდება კვარტალურად;

გ) გადაუდებელი აუცილებლობით ცესკოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ – ქვეყნდება კვარტალურად;

დ) ცესკოს თანამდებობის პირებზე, წევრებზე, თანამშრომლებზე გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ (ჯამურად) – ქვეყნდება კვარტალურად;

ე) ცესკოს თანამშრომელთა ოფიციალური და სამუშაო ვიზიტებისათვის გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ (ჯამურად) (ცალკე – ქვეყნის შიგნით და ცაკლე – ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებებისათვის) – ქვეყნდება კვარტალურად;

ვ) ცესკოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ – მოდელის მითითებით – ქვეყნდება ყოველწლიურად;

ზ) ცესკოს მიერ საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯის შესახებ (ჯამურად) – ქვეყნდება ყოველწლიურად;

თ) ცესკოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ (ჯამურად) – ქვეყნდება ყოველწლიურად;

ი) ცესკოს მიერ სატელეკომუნიკაციო მომსახურების შესყიდვაზე გაწეული ხარჯების შესახებ – ქვეყნდება ყოველწლიურად;

კ) ცესკოს მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ – ქვეყნდება ყოველწლიურად.

5. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი:

ა) ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ – პერიოდულად;

ბ) ამომრჩეველთა ერთიან სიას – პერიოდულად;

გ) ამომრჩეველთა რაოდენობას ოლქების მიხედვით – პერიოდულად;

დ) საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს – შესაბამისი კომისიებიდან მიღებისთანავე; 

ე) არჩევნების შედეგების შესახებ, თითოეული საარჩევნო უბნის მიხედვით – არჩევნების საბოლოო შედეგის შეჯამებისთანავე.

6. კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი:

ა) ცესკოს მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშს – ყოველწლიურად;

ბ) ეთნიკური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს – ყოველწლიურად;

გ) ცესკოს სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას – პერიოდულად;

დ) ცესკოს კონტაქტცენტრში შემოსული ზარებისა და „ონლაინ ჩათის“ მომსახურების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს – პერიოდულად;

ე) ცესკოს მიერ არჩევნების დროს შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშს – ყოველი არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 60 დღის ვადაში;

ვ) გენდერულ სტატისტიკას – წინამდებარე წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში.

7. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური:

ა) საარჩევნო ადმინისტრაციის თანამდებობრივ ხეს (სტრუქტურას) – ცესკოს დადგენილების/განკარგულების  მიღებიდან 24 საათის განმავლობაში;

ბ) ცესკოს აპარატის დეპარტამენტების/სამსახურების  დებულებებს – გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში; ცვლილებების/დამატებების შეტანის შემთხვევაში – გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში;

გ) ინფორმაციას ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიის საკადრო მიგრაციის შესახებ   გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში;

დ) ცესკოს აპარატსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ განაცხადებას – შესარჩევი კონკურსის გამოცხადებისთანავე;

ე) ცესკოს აპარატის კონკურსში მონაწილე კონკურსანტთა სიას – საბუთების მიღების ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში;

ვ) ცესკოს აპარატის შესარჩევი კონკურსის II ტურში (გასაუბრება) მონაწილე კანდიდატთა სიას – საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში;

ზ) საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა სიას – საბუთების მიღების ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში;

თ) ცესკოს აპარატსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში კონკურსის შედეგად შერჩეული/არჩეული კანდიდატის შესახებ ინფორმაციას – საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში;

ი) ინფორმაციას ცესკოს აპარატში სტაჟიორთა მისაღები კონკურსის გამოცხადების შესახებ – ცესკოს თავმჯდომარის ბრძანების გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში;

კ) ცესკოს აპარატში სტაჟირების მსურველთათვის განაცხადის ფორმას – სტაჟიორთა მისაღები კონკურსის გამოცხადებისთანავე;

ლ) ინფორმაცია ცესკოს თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის და წევრების შესახებ: სახელი, გვარი, ბიოგრაფიული მონაცემები – განახლდება ცვლილების შემთხვევაში;

მ) ცესკოს დეპარტამენტების და განყოფილებების, სამსახურების (სტრუქტურული ერთეულების) უფროსების შესახებ, ასევე ცესკოს თავმჯდომარის მრჩეველის, ცესკოს ხელმძღვანელი პირების თანაშემწეების შესახებ: სახელი, გვარი – განახლდება ცვლილების შემთხვევაში;

ნ) საოლქო საარჩევნო კომისიების მუდმივი წევრების შესახებ: სახელი, გვარი – განახლდება ცვლილების შემთხვევაში;

ო) საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესახებ: სახელი, გვარი – ქვეყნდება არჩევნების პერიოდში;

პ) ცესკოს მისამართის, ელექტრონული ფოსტის მისამართის, ტელეფონის ნომრის შესახებ – განახლდება ცვლილების შემთხვევაში;

ჟ) საოლქო საარჩევნო კომისიების მისამართის, ელექტრონული ფოსტის მისამართის, ტელეფონის ნომრის შესახებ – განახლდება ცვლილების შემთხვევაში;

რ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის პასუხისმგებელი პირის სახელის, გვარის, სამსახურის ელექტრონული ფოსტის, სამსახურის ტელეფონის ნომრის შესახებ – განახლდება ცვლილების შემთხვევაში;

ს) ინფორმაციას პოლიტიკური პარტიების მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის შესახებ – დანიშვნიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.

8. შიდა აუდიტის სამსახური:

ა) შიდა აუდიტის სამსახურის სტრატეგიული გეგმა – დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში;

ბ) შიდა აუდიტის სამსახურის წლიური გეგმა – დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში.

9. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი:

ა) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტი – დამტკიცებიდან ერთი კვირის ვადაში;

ბ) ინფორმაციული აქტივებისა გამოყენების წესი – დამტკიცებიდან ერთი კვირის ვადაში.


მუხლი 6. დასკვნითი დებულებები
წინამდებარე წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული:
  1. კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში;
  2. ყოველწლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია – წლის დასრულებიდან 3 თვის ვადაში;
  3. სამართლებრივ აქტში/აქტებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში – ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში;
  4. საარჩევნო პერიოდში არსებული ინფორმაცია, აღნიშნული ინფორმაციის დადგენის კანონით გათვალისწინებული ვადების ამოწურვიდან 5 დღის ვადაში, ხოლო საბოლოო სახით, არჩევნების შედეგების ცესკოს შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან 1 თვის ვადაში.


დანართი 2
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი

მუხლი 1. ზოგადი დებულება
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს ცესკოში არსებული საჯარო ინფორმაციის (შემდგომში ინფორმაცია) ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესს და ფორმას.

მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის გაცემა
  1. საჯარო ინფორმაცია შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა მხარემ (ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო) და „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და ვადებში მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია.
  2. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული მხარის მიერ განცხადებაში მითითებულ ელფოსტაზე გაგზავნით ან მისივე მოთხოვნით კომპაქტურ დისკზე ჩაწერით.
  3. თუ დაინტერესებული მხარის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მისი მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია გაგზავნილ იქნეს ელექტრონულად, მაშინ ცესკო იტოვებს უფლებას მხარის თანხმობის შემთხვევაში განახორციელოს მისი კომპაქტურ დისკზე ჩაწერა და მხარეს გადაახდევინოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად განსაზღვრული ოდენობა.

მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა
1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გაცემით დაინტერესებულმა მხარემ, ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება, რომელიც დარეგისტრირდება სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების განყოფილებაში ან/და გააგზავნოს მოთხოვნა კანცელარიის ელექტრონულ მისამართზე ამ დადგენილების დანართი 1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ განყოფილებაში მითითებულ ველებში შესაბამისი ინფორმაციის მითითებით (განცხადების შინაარსი, ელ. ფოსტის მისამართი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი (ფიზიკური პირის შემთხვევაში), ორგანიზაციის დასახელება (იურიდიული პირის შემთხვევაში), მობილურის ნომერი).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ განიხილება.


მუხლი 4. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება
1. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაიხდევინება:

ა) ინფორმაციის მომთხოვნის მისივე დისკეტაზე ან კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერისას; ასევე მეხსიერების ბარათზე ჩაწერისას;

ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას;

გ) ფიზიკური პირებისათვის საჯარო დაწესებულებაში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას.

2. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა განსაზღვრულია „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით.


მუხლი 5. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცედურები და ვადები
  1. სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების განყოფილებაში შემოსული ელგანცხადება, კანცელარიის თანამშრომლის მიერ მიღებისთანავე გადაეგზავნება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირს (ცესკოს მდივანს) და შესაბამის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რომლის კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება.
  2. ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება/მომზადების შემდგომ, კომისიის მდივანი წერილობითი სახით ადასტურებს ინფორმაციის გაცემას ან უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე, რაც „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით ელექტრონულად ეცნობება განმცხადებელს სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების განყოფილების თანამშრომლის მიერ. ცესკოს უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ.
  3. ცესკო ვალდებულია გასცეს ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს:

ა) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;

ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;

გ) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.

  1. თუ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭიროა 10-დღიანი ვადა, ცესკო ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს.
  2. მოთხოვნილი ელექტრონული საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭირო ვადები აითვლება განცხადების სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების განყოფილების ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე შემოსვლისა და მისი კანცელარიაში რეგისტრაციის მომდევნო სამუშაო დღიდან.