დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქრათველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 684 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 21/12/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41, 30/12/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.030.110.05.001.001.623 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 35) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები განისაზღვრება საქართველოს კანონით.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებისა და მდივნის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი არ უნდა იყოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის 90 პროცენტზე ნაკლები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისა კი – 85 პროცენტზე ნაკლები.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიეცემა შრომის ანაზღაურების ყოველთვიური დანამატი მისი თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის არანაკლებ 90 პროცენტის ოდენობისა.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური დანამატის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებს, მდივანსა და წევრებს მიეცემათ შრომის ანაზღაურების ყოველთვიური დანამატი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური დანამატის 50 პროცენტის ოდენობით.“.
2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შეღავათები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 21 დეკემბერი.
№684 – რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები