თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და სარგებლობაში არსებული მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და სარგებლობაში არსებული მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/01/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016311
6
18/01/2016
ვებგვერდი, 21/01/2016
010250020.35.163.016311
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და სარგებლობაში არსებული მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტი
 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №6

2016 წლის 18 იანვარი

ქ.თელავი

 

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და სარგებლობაში არსებული მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის   „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის დ ამავე კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 და  მე-3 ნაწილების შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის (შემდგომ ტექსტში - თელავის მუნიციპალიტეტი) საკუთრებაში და სარგებლობაში არსებული მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს  გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა გიორგობიანი



დანართი
თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და სარგებლობაში არსებული მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი შემუშავებულია  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული წესების გათვალისწინებით.

2. ეს წესი განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და სარგებლობაში არსებული მოძრავი ქონების (შემდგომ ტექსტში – ქონება) სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებს და სარგებლობის უფლებით გადაცემის საფასურს.

3. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორები შეიძლება იყვნენ:

ა) საქართველოს სახელმწიფო უწყებები ან/და მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები;

ბ) ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.

4. ქონების სარგებლობის უფლებით გაცემა შეიძლება ვადით, სასყიდლით და უსასყიდლოდ (უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა, თხოვება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმები);

5. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული წესების და ამ წესის შესაბამისად.

6. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თელავის მუნციპალიტეტის გამგებელი.

7. ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის ინიციატორი განაცხადს წარუდგენს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც თავის მხრივ, საკითხის განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას მისი სარგებლობაში გადაცემის შესახებ.

8. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ვადას განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 2. ქირის ოდენობა

1. ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება თელავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5% -ის  ოდენობით.

2.  ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის წლიური/ანდა ყოველთვიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება თელავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ.

3.  სპეციალური დანიშნულების ტექნიკის შემთხვევაში ქირის ოდენობა განისაზღვროს 1 საათით მომსახურებისათვის 100 ლარის ოდენობით, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში 1 საათი 5 ლარის ოდენობით.

4. სპეციალური დანიშნულების ტექნიკის და ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში  მომსახურება გულისხმობს შესაბამისი გამართული ტექნიკით და მძღოლით უზრუნველყოფას.

5.  სარგებლობის უფლებით გადაცემის შემდეგ იდება ხელშეკრულება დაინტერესებულ პირს და თელავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს შორის.

6. ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები პირი ვალდებულია სრულად უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემული სპეციალური ტექნიკის და  ავტოსატრანსპორტო საშუალების საწვავით უზრუნველყოფა, აგრეთვე სპეციალური ტექნიკის გადაადგილება საკუთარი ხარჯებით. 

7.  სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონებიდან შემოსული ქირის ოდენობა სრულად ირიცხება თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

მუხლი 3. დავათა განხილვის წესი

ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე დაკავშირებულ სადავო საკითხებს (მათ შორის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს სასამართლო.