დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 834 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 03/09/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 37-38, 10/09/1997 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 08/12/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 110.050.000.05.001.000.234 |
საქართველოს ორგანული კანონი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი №33, 1997 წლის 31 ივლისი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამტებები:
1. ამოღებულ იქნეს 85-ე მუხლის მე-4 პუნქტი.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 851 მუხლი:
„მუხლი 851. საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა
საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების ამოქმედებამდე საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად".
3. 86-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 86. საერთო სასამართლოების მოსამართლეთა უფლებამოსილება. სასამართლოს აპარატი
1. რაიონის (ქალაქის) სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი სასამართლოების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, გარდა იმ მოსამართლეებისა, რომლებიც დანიშნული (არჩეული) არიან ამ კანონის შესაბამისად, შეუწყდებათ უფლებამოსილება 1998 წლის 1 მაისს.
2. 1998 წლის 1 მაისამდე რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაეს სასამართლოებსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები თანამდებობაზე ინიშნებიან (აირჩევიან) და თანამდებობიდან თავისუფლდებიან, აგრეთვე მათი სამსახურებრივი უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. თუ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა ვაკანტური დარჩა 1998 წლის 1 მაისის შემდეგ, მაშინ ახალი მოსამართლის უფლებამოსილების დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაუგრძელებს უფლებამოსილებას ამ სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რაიონის (ქალაქის) სასამართლოს მოსამართლეს. ახალი კონკურსი მოსამართლის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად უნდა დაინიშნოს ბოლო კონკურსის ჩატარებიდან ან საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოსამართლის დანიშვნაზე უარის თქმიდან არა უგვიანეს ექვსი თვისა. თუ ამ კანონის შესაბამისად დანიშნული რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება არ იწყება 1998 წლის 1 მაისს, მისი უფლებამოსილების დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით, შეუძლია უფლებამოსილება გაუგრძელოს ამ სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რაიონის (ქალაქის) სასამართლოს მოსამართლეს.
4. 1998 წლის 1 მაისის შემდეგ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეთა უფლებამოსილების დაწყებამდე, საქართველოს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, ამ ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს წარდგინებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაუგრძელებს უფლებამოსილებას შესაბამისად – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ან ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს.
5. 1998 წლის 1 მაისამდე საერთო სასამართლოების აპარატის საშტატო განრიგი და სტრუქტურა განისაზღვრება ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობით".
4. 87-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვა „გაუგრძელდებათ“ შეიცვალოს სიტყვით „უგრძელდებათ“; მე-3 პუნქტში სიტყვების „1997 წლის 15 ოქტომბრამდე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „აგრეთვე ყველა საქმე, რომელთა განხილვაც არ დამთავრებულა 1997 წლის 25 ნოემბრამდე“; ამავე პუნქტს დაემატოს წინადადება: „1997 წლის 25 ნოემბრამდე დაუმთავრებელი საქმეების შემდგომი განხილვის წესი განისაზღვრება საპროცესო კანონმდებლობით“.
5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 881 მუხლი:
„მუხლი 881. საქართველოს საერთო სასამართლოების უფლებამოსილების ვადა. მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა
1. საქართველოს საერთო სასამართლოებს, რომლებიც მოქმედებდნენ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიღებამდე, გარდა საარბიტრაჟო და სამხედრო სასამართლოებისა, გაუგრძელდეთ უფლებამოსილების ვადა აღნიშნული კანონის მიღების დღიდან 1998 წლის 1 მისამდე. მათი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ამ სასამართლოთა წარმოებაში არსებული საქმეების შემდგომი განხილვის წესი განისაზღვრება საპროცესო კანონმდებლობით.
2. საქართველოს საერთო სასამართლოები 1998 წლის 1 მაისამდე საქმეებს განიხილავენ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის შესახებ კანონის მიღებამდე საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები, დისციპლინურ სახდელთა სახეები, დისციპლინური სამართალწარმოებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესი განისაზღვრება ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობით.
4. 1998 წლის 1 მაისამდე ძალაშია მოსამართლეთა კონფერენციის შესახებ ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობა".
6. 90-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ამ კანონის ამოქმედებიდან, თუ მისი გარდამავალი ან დასკვნითი დებულებანი სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ძალადაკარგულად ჩაითვალოს“;
ბ) ამავე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები, ხოლო მე-2 პუნქტიდან „გ“ და „ე“ ქვეპუნქტები; ამასთან, „დ“ ქვეპუნქტი ჩაითვალოს „გ“ ქვეპუნქტად;
გ) 90-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:
„3. 1997 წლის 25 ნოემბრიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
„საქართველოს საარბიტრაჟო სასამართლოებში სასამართლო წარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გამოყენების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 28 ნოემბრის კანონი (პარლამენტის უწყებანი), 1996 წლის 25 დეკემბერი, №31-32).
4. 1998 წლის 1 მაისიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) „საქართველოს რესპუბლიკის რაიონის (ქალაქის) სასამართლოების მსაჯულთა არჩევნებისა და გაწვევის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 20 მარტის კანონი (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №3, მუხ. 249);
ბ) „მსაჯულების მიერ სასამართლოში მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 20 მარტის დადგენილება (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №3, მუხ. 250).
II. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაეს სასამართლოებში, აგრეთვე თბილისის საქალაქო სასამართლოში საკასაციო გასაჩივრების ვადაში არ ჩაითვლება 1997 წლის 8 ივლისიდან ამ კანონის ამოქმედებამდე გასული დრო.
III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1997 წლის 3 სექტემბერი.
№834-Iს
დოკუმენტის კომენტარები