დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 473 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 31/12/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.016851 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 85-ე ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03.01.2011წ., 2000900000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციის VII1 კარის შემდეგ დაემატოს:
|
1.
VII2 კარი შემდეგი რედაქციით:
„კარი VII2 მუხლი 1112. საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელ პირთა რეესტრის წარმოების და საცხოვრებელი ფართობის იურიდიულ პირებზე გამქირავებელი პირების მიერ საგადასახადო შეღავათით სარგებლობის წესი 1. საცხოვრებელი ფართობის იურიდიულ ან ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად იმ ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს იბეგრება 5 პროცენტით. 2. ფიზიკური პირი, რომელიც საცხოვრებელ ფართობს აქირავებს საცხოვრებელი მიზნით და არ ახორციელებს ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს, აღნიშნულის თაობაზე შემოსავლების სამსახურს წარუდგენს განცხადებას დანართი №VII2-01 შესაბამისად. განცხადებას უნდა ერთვოდეს: ა) ქირავნობის ხელშეკრულების ასლი ან/და სხვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საცხოვრებელი ფართობის საცხოვრებელი მიზნით გაქირავება; ბ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება გამქირავებლის საკუთრების/სარგებლობის უფლება ქირავნობის საგანზე. 3. შემოსავლების სამსახური განცხადების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს და უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული პირის შესახებ მონაცემების საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელ პირთა რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) შეტანას, რის თაობაზეც აცნობებს განმცხადებელს და გასცემს რეესტრში შეტანის დამადასტურებელ დოკუმენტს. 4. განცხადებაში აღნიშნული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში გამქირავებელი ვალდებულია შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს ახალი განცხადება, რომელიც შევსებულ უნდა იქნეს სრულად. 5. საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელი პირის მონაცემები რეესტრიდან შესაძლებელია ამოღებულ იქნეს როგორც პირის მიმართვის (დანართი №VII2-01) შემთხვევაში, ასევე საგადასახადო ორგანოს გადაწყეტილებით იმ შემთხვევაში თუ პირი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირობას. 6. რეესტრში მიეთითება საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელი პირის სახელი, გვარი, საიდენტიფიკაციო ან პირადი ნომერი, გაქირავებული ფართობის მისამართი, გაქირავებული ფართობის საკადასტრო კოდი, დამქირავებელი იურიდიული/ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, სახელი, გვარი/დასახელება, ქირავნობის ხელშეკრულების მოქმედების ვადა, რეესტრში მონაცემების შეტანის/ცვლილების/ამოღების თარიღი, შენიშვნა. 7. ფიზიკური პირის მიერ რეესტრში ასახვის მიზნით წარდგენილი განცხადება არ წარმოადგენს ამ პირის გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის (რეგისტრაციის) საფუძველს. 8. საცხოვრებელი ფართობის საცხოვრებელი მიზნით იურიდიულ პირზე გაქირავებით მიღებულ შემოსავალზე, რომელიც ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას, ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ გავრცელდება თუ გამქირავებელი პირის მონაცემები შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტისათვის არ არის შეტანილი რეესტრში. მაგალითი 1: ფაქტობრივი გარემოება: ფიზიკურმა პირმა 2016 წლის 20 მაისს საცხოვრებელი ფართი საცხოვრებელი მიზნით მიაქირავა იურიდიულ პირს, 27 მაისს დამქირავებელმა მის მიერ გადახდილი ქირის თანხა გადახდის წყაროსთან დაბეგრა 20%-იანი განაკვეთით. ხოლო გამქირავებელმა მისი მონაცემების რეესტრში შეტანის მიზნით საგადასახადო ორგანოს მიმართა ამავე წლის 29 მაისს. შედეგი: მოცემულ შემთხვევაში, 27 მაისს გადახდილი ქირის თანხა ექვემდებარება 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრას (მიუხედავად იმისა, რომ გადახდა განხორციელდა ამ წესის ამოქმედების შემდეგ), ვინაიდან, თანხის გადახდის დროს გამქირავებლის მონაცემი არ იყო შეტანილი რეესტრში. 9. საცხოვრებელი ფართობის საცხოვრებელი მიზნით იურიდიულ პირზე გაქირავებით მიღებულ შემოსავალზე, რომელიც არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას, ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ გამქირავებელი ფიზიკური პირის მონაცემები შესაბამისი საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე შეტანილია რეესტრში. მაგალითი 2: ფაქტობრივი გარემოება: ფიზიკურმა პირმა 2016 წლის 1 აპრილს საცხოვრებელი ფართი საცხოვრებელი მიზნით მიაქირავა იურიდიულ პირს, 5 აპრილს განხორციელდა ქირის თანხის გადახდა, რომელიც არ ექვემდებარებოდა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. გამქირავებელმა, მისი მონაცემების რეესტრში შეტანის მიზნით 2017 წლის 1 აპრილამდე მიმართა საგადასახადო ორგანოს და 2016 წლის საანგარიშო პერიოდის მიხედვით მიღებული შესაბამისი ქირის თანხა დაბეგრა 5%-ით. შედეგი: მოცემულ შემთხვევაში გამქირავებლის მიერ მიღებული შემოსავლის 5%-იანი განაკვეთით დაბეგვრა მართლზომიერია.“. |
2.
დანართი №VII2-01 თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები