„საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1608
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 01/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 300.100.000.05.001.001.864
  • Word
1608
10/06/2005
სსმ, 33, 01/07/2005
300.100.000.05.001.001.864
„საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 1998 წელი, მუხ. 58) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის კომპეტენცია სახელმწიფო რეზერვის მიმართ

1. სახელმწიფო რეზერვის მარაგის შენახვა და მომსახურება, სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ოპერაციების წარმოება, მატერიალურად საპასუხისმგებლო შენახვის კონტროლი ცენტრალიზებულია და მისი განხორციელება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება.

2. დეპარტამენტი:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს შესაბამისი წლის ბიუჯეტის პროექტისათვის სახელმწიფო რეზერვის ხარჯების სტრუქტურას;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო რეზერვში მატერიალურ ფასეულობათა მიმწოდებლის შერჩევას და მასთან ხელშეკრულების გაფორმებას;

გ) ახორციელებს მატერიალურად საპასუხისმგებლო შენახვის კონტროლს;

დ) ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარუდგენს ამ კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

3. სახელმწიფო რეზერვის სისტემის სტრუქტურა და მისი მართვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

4. სახელმწიფო რეზერვის სისტემა არ მოიცავს საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, რომლებიც დეპარტამენტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებენ მატერიალურ ფასეულობათა საპასუხისმგებლო შენახვას.

5. სახელმწიფო რეზერვის ობიექტების, როგორც განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ობიექტების, დაცვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ნომენკლატურას და დაგროვების ოდენობას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშავებს დეპარტამენტი და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.“.

3. მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტი სახელმწიფო რეზერვების დადგენილ ოდენობამდე შევსებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ახორციელებს სახელმწიფო რეზერვში მატერიალურ ფასეულობათა მიმწოდებლის შერჩევას, აგრეთვე პროდუქციის ღირებულების, ხარისხისა და მისი ხანგრძლივი შენახვისათვის ვარგისობის გათვალისწინებით მასთან ხელშეკრულების გაფორმებას.

3. სახელმწიფო რეზერვში მატერიალურ ფასეულობათა მიწოდების სახელმწიფო დამკვეთია დეპარტამენტი.“.

4. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობათა გაცემას განახლების, შეცვლის, გასესხების, ჯავშნის მოხსნის, გაშვების, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციოდ, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე აწარმოებს დეპარტამენტი.“.

5. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო რეზერვის შევსება-განახლება, რეზერვის შესაქმნელად განკუთვნილი რესურსების შენახვა, რესურსების დროებით სარგებლობაში გადაცემა ხდება დეპარტამენტსა და, შესაბამისად, მიმწოდებელს, მატერიალურად პასუხისმგებელ შემნახველსა და დროებით მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი           მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 10 ივნისი.

№1608-Iს