საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4677-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2015
ძალაში შესვლის თარიღი 20/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.018047
4677-რს
18/12/2015
ვებგვერდი, 29/12/2015
090000000.05.001.018047
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 48-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასამართლომ ფიცის დადების წინ მოწმეს უნდა აუხსნას ფიცის მნიშვნელობა და განუმარტოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე და 371-ე მუხლებით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.“.

2. 50-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არ შეიძლება გამოიკითხოს ან მოწმედ დაიკითხოს პირი, რომელსაც ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიაწოდოს ინფორმაცია ან მისცეს ჩვენება.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ − მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში, იმავე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების მიერ – იმ შემთხვევაში, თუ მათ საქართველოს კანონმდებლობით აკისრიათ თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება და იმავდროულად აქვთ ინფორმაცია არასრულწლოვნის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 139-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 140-ე ან 141-ე მუხლით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 253-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 255-ე მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით ან 2551 ან 2552 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, სურვილის შემთხვევაში, გამოკითხვის დროს ინფორმაციის მიწოდება ან მოწმის სახით ჩვენების მიცემა არ ჩაითვლება ზემოაღნიშნული ვალდებულების დარღვევად.“. 

3. 64-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ამ კოდექსის 114-ე მუხლით დადგენილი წესით მოწმის დაკითხვისას, თუ აცილების შუამდგომლობა დაყენებულია მაგისტრატი მოსამართლის მიმართ, – ეს მაგისტრატი მოსამართლე.“.

4. 75-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ პირის მიერ გამოკითხვისას მიწოდებულ ინფორმაციასა და მის ჩვენებას შორის ან მოწმის ჩვენებებს შორის არსებითი წინააღმდეგობაა, მხარე უფლებამოსილია მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა ჩვენების/ჩვენებების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის თაობაზე.“.

5. 113-ე და 114-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 113. გამოკითხვის წესი

1. ნებისმიერი პირი, რომელიც შესაძლებელია ფლობდეს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, ნებაყოფლობით შეიძლება გამოკითხულ იქნეს მხარეთა მიერ. დაუშვებელია, გამოსაკითხი პირი აიძულონ, წარმოადგინოს მტკიცებულება ან გასცეს ინფორმაცია.

2. გამოსაკითხ პირს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით, არ გასცეს ინფორმაცია საკუთარი თავის ან/და ახლო ნათესავის წინააღმდეგ. გამოკითხვის ჩამტარებელმა მხარემ გამოსაკითხ პირს ამ უფლებების, აგრეთვე ამ კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების შესახებ განმარტება გამოკითხვის დაწყებამდე უნდა მისცეს.

3. გამოკითხვის წინ უნდა დადგინდეს გამოსაკითხი პირის ვინაობა და სხვა აუცილებელი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია უნდა აღინიშნოს გამოკითხვის ოქმში.

4. გამოკითხვის ჩამტარებელი მხარე ვალდებულია გამოსაკითხ პირს განუმარტოს, რომ გამოკითხვა ნებაყოფლობითია. განმარტების შესახებ უნდა აღინიშნოს გამოკითხვის ოქმში.

5. გამოსაკითხი პირი გამოკითხვაზე როგორც თანხმობის, ისე უარის თქმის შემთხვევაში ვალდებულია გამომკითხველს თავისი პირადი მონაცემების შესახებ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს.

6. გამოსაკითხი პირი გამოკითხვაზე თანხმობის შემთხვევაში ვალდებულია გამოკითხვის ჩამტარებელ მხარეს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებების შესახებ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს.

7. გამოკითხვის ჩამტარებელი მხარე ვალდებულია გამოსაკითხი პირი წერილობით გააფრთხილოს ცრუ დასმენისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული) და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული) მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. გაფრთხილების შესახებ უნდა აღინიშნოს გამოკითხვის ოქმში.

8. თუ გამოკითხვას ბრალდების მხარე ატარებს, გამოსაკითხი პირის მიერ გამოკითხვაზე უარის თქმის შემთხვევაში იგი უფლებამოსილია განუმარტოს გამოსაკითხ პირს, რომ ის შეიძლება დაბარებულ იქნეს მაგისტრატ მოსამართლესთან ჩვენების მისაცემად, რომ ჩვენების მიცემა სავალდებულოა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს გამოსაკითხი პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ეს ინფორმაცია უნდა აღინიშნოს გამოკითხვის ოქმში.

9. გამოკითხვისას შესაძლებელია ხმის ან/და გამოსახულების ჩამწერი ტექნიკური საშუალებების გამოყენება. გამოსაკითხ პირს მათი გამოყენების შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს.

10. თუ ეს კოდექსი ბრალდებულის მიმართ ამ მუხლის დებულებებისგან განსხვავებულ წესს არ ადგენს, ამ მუხლის დებულებები ბრალდებულზედაც ვრცელდება.

მუხლი 114. გამოძიების დროს პირის მოწმედ დაკითხვის წესი

1. გამოძიების სტადიაზე როგორც ბრალდების მხარის, ისე დაცვის მხარის შუამდგომლობით გამოძიების ადგილის ან მოწმის ადგილსამყოფლის მიხედვით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმედ შეიძლება დაიკითხოს პირი, თუ:

ა) არსებობს მისი სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის გაუარესების რეალური საფრთხე, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მის მოწმედ დაკითხვას სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს;

ბ) იგი დიდი ხნით ტოვებს საქართველოს;

გ) არსებითად განსახილველად საქმის სასამართლოში წარმართვისათვის აუცილებელი მტკიცებულების სხვა წყაროებიდან მოპოვება არაგონივრულ ძალისხმევას საჭიროებს;

დ) ეს აუცილებელია დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით.

2. ბრალდების მხარის შუამდგომლობით გამოძიების ადგილის ან მოწმის ადგილსამყოფლის მიხედვით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმედ შეიძლება ასევე დაიკითხოს გამოსაკითხი პირი, თუ არსებობს ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაციის შესაძლო ფლობის ფაქტი, და ეს პირი გამოკითხვაზე უარს ამბობს.

3. ამ მუხლით დადგენილი წესით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენების მიცემა სავალდებულოა. ჩვენების მიცემაზე უარის თქმა იწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ეს წესი არ მოქმედებს ამ მუხლის მე-15 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე პირის მოწმედ დაკითხვის თაობაზე  შუამდგომლობის შეტანის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი. პროკურორი უფლებამოსილია მაგისტრატ მოსამართლეს შუამდგომლობით თავად მიმართოს ან შუამდგომლობით მიმართვა გამომძიებელს დაავალოს.

5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარე შუამდგომლობით მიმართავს მაგისტრატ მოსამართლეს გამოძიების ადგილის ან მოწმის ადგილსამყოფლის მიხედვით. შუამდგომლობაში აღინიშნება მოწმის სახელი, გვარი, მისამართი და პირის იდენტიფიკაციისათვის აუცილებელი სხვა ინფორმაცია, აგრეთვე  მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისი მოწმედ დაკითხვის საფუძველი.

6. მაგისტრატი მოსამართლე შუამდგომლობას ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოწმე უნდა დაიკითხოს გონივრულ ვადაში, მაგრამ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა. ეს ვადა დაკითხვის ინიციატორ მხარესთან შეთანხმებით შეიძლება გაგრძელდეს, თუ მოწმე დადგენილ ვადაში საპატიო მიზეზით ვერ ცხადდება სასამართლოში. დაუშვებელია მოწმის ღამით დაკითხვა. დაწყებული დაკითხვა ღამის დადგომისთანავე უნდა შეწყდეს და  მეორე დღისთვის უნდა გადაიდოს.

7. შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში მაგისტრატ მოსამართლეს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება და მას დაკითხვის ინიციატორ მხარეს უგზავნის/გადასცემს. შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 24 საათში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს ერთპიროვნულად, მისი შეტანიდან არაუგვიანეს 24 საათისა. საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინება დაუყოვნებლივ ეგზავნება საჩივრის ავტორს და გასაჩივრებული განჩინების გამომტან მაგისტრატ მოსამართლეს. ამ შემთხვევაში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის დაკითხვა უნდა დაიწყოს გონივრულ ვადაში, მაგრამ მაგისტრატი მოსამართლისთვის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინების გადაცემიდან არაუგვიანეს 24 საათისა. ეს ვადა დაკითხვის ინიციატორ მხარესთან შეთანხმებით შეიძლება გაგრძელდეს, თუ მოწმე დადგენილ ვადაში საპატიო მიზეზით ვერ ცხადდება სასამართლოში.

8. ამ მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო მოწმედ დასაკითხ პირს იძახებს უწყებით, ტელეფონით ან კომუნიკაციის სხვა ტექნიკური საშუალებით. გამოძახების შესახებ უწყებაში/სხვა შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს, ვინ, რა მიზნით, ვისთან და რა მისამართზე არის გამოძახებული, ზუსტი დრო, როდესაც ის უნდა გამოცხადდეს, აგრეთვე რა შედეგები მოჰყვება არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას. მოწმის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოქმედებს ამ კოდექსის 149-ე მუხლით დადგენილი წესი. დაკითხვის ინიციატორი მხარე უფლებამოსილია მოწმედ დასაკითხი პირის წერილობითი თანხმობით თავად უზრუნველყოს მაგისტრატ მოსამართლესთან მისი წარდგენა.

9. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებითა და მე-15 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის მოწმედ დაკითხვა მხარეთა მონაწილეობით მიმდინარეობს. დაკითხვის ინიციატორი მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოწმე არ დაიკითხება. მეორე მხარის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს დაკითხვის წარმოებას. მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე ან/და სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონების, პირადი ცხოვრების დაცვის მიზნით, მხარის დასაბუთებული შუამდგომლობითა და მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია მოწმის დაკითხვა ჩატარდეს მეორე მხარის წინასწარი ინფორმირებისა და დასწრების გარეშე. ამ შემთხვევაში მოწმის მიერ მიცემული ჩვენება სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ შესაძლებელია მისი ხელახალი დაკითხვა.

10. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაცვის მხარე მოწმის დაკითხვას არ ესწრება.

11. მოწმეს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით.

12. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოწმის დაკითხვა მიმდინარეობს დახურულ სასამართლო სხდომაზე, ამ კოდექსის 115-ე მუხლით დადგენილი წესით. პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმედ დაკითხვისას არ მოქმედებს ამ კოდექსის 115-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა.

13. მოწმის დაკითხვის დასრულებისთანავე მაგისტრატი მოსამართლე უზრუნველყოფს მის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენების დაკითხვის ინიციატორი მხარისთვის როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით გადაცემას.

14. დაცვის მხარე უფლებამოსილია წინასასამართლო სხდომაზე დააყენოს შუამდგომლობა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმედ დაკითხული პირის ჩვენების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ, თუ მიიჩნევს, რომ პირი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმედ კანონის არსებითი დარღვევით დაიკითხა.

15. გამოძიების სტადიაზე დასაკითხი პირის ადგილსამყოფლის მიხედვით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე შეიძლება ასევე დაიკითხოს პირი, თუ:

ა) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების, ინდივიდუალური შეთანხმების ან ნაცვალგების პირობების საფუძველზე შემოსულია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ;

ბ) დასაკითხი პირი გამოძახებულია „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით დადგენილი წესით.

16. ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება ბრალდებულზე.“.

6. 115-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაკითხვის დაწყებამდე სასამართლო ადგენს მოწმის ვინაობას. სასამართლო ფიცის დადების შემდეგ მოწმეს განუმარტავს, რა უფლება-მოვალეობები აქვს მას, რა საქმეზეა იგი გამოძახებული, რომ იგი ვალდებულია თქვას ყველაფერი, რაც იცის საქმესთან დაკავშირებით, და აფრთხილებს ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის და ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, ასევე განუმარტავს, რომ იგი ვალდებული არ არის, მისცეს დანაშაულის ჩადენაში თავისი თავის ან ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენება. სასამართლო ასევე ადგენს, რა დამოკიდებულება აქვს მოწმეს ბრალდებულთან და დაზარალებულთან.“.

7. 117-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 117. ყრუ-მუნჯის და მძიმედ დაავადებულის გამოკითხვა/დაკითხვა

1. ყრუ-მუნჯის გამოკითხვა/დაკითხვა ტარდება შესაბამისი ცოდნის მქონე თარჯიმნის მონაწილეობით. თუ გამოსაკითხი/დასაკითხი პირი ყრუა, მისთვის შეკითხვების დასმა შეიძლება წერილობით, ხოლო თუ იგი მუნჯია, მას შეუძლია შეკითხვებს პასუხები წერილობით გასცეს.

2. მძიმედ დაავადებულის გამოკითხვა/დაკითხვა ტარდება ექიმის ნებართვით და საჭიროების შემთხვევაში მისი დასწრებით.“.

8. 118-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. არ დაიკითხება ის მოწმე, რომელიც დასაკითხად ვერ გამოცხადდება სასამართლოში ამ კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის გამო. ამ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ქვეყნდება პირის წინასასამართლო ჩვენება. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მხოლოდ ეს ჩვენება, თუ იგი პირის ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით არ დასტურდება.“.

9. 131-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამოსაცნობად წარდგენამდე ამომცნობი ამ კოდექსით დადგენილი წესით უნდა იყოს გამოკითხული/დაკითხული ამოსაცნობი ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების თაობაზე და იმ გარემოების შესახებ, რომელშიც მას ამოსაცნობ ობიექტთან ჰქონდა შეხება. ამოცნობისას ამომცნობმა უნდა განმარტოს, რა ნიშან-თვისებებით ამოიცნო ამოსაცნობი ობიექტი.“.

10. 135-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამოკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს გამოსაკითხი პირის სახელი, გვარი, ასაკი, მოქალაქეობა, განათლება, სამუშაო ადგილი, საქმიანობა ან/და თანამდებობა, საცხოვრებელი ადგილი, ოჯახური მდგომარეობა, მისი ურთიერთობა ბრალდებულთან თუ დაზარალებულთან, მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შინაარსი, მისი დამოკიდებულება სასამართლოში გამოცხადებისა და ჩვენების მიცემისადმი, აგრეთვე ამ კოდექსის 113-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია.“.

11. 243-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გამოკითხვის ოქმისა და გამოძიების დროს მიცემული ჩვენების გამოკვლევა, მოწმის დისტანციური დაკითხვა“;

ბ) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს.

2. თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება). სასამართლო ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.“.

12. 247-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ ბრალდებული წინააღმდეგია, სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე მის მიერ გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ინფორმაციის აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) და ზემოაღნიშნული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია. მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვაზე ან ამ ინფორმაციის აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენაზე (დემონსტრირებაზე) ბრალდებულის უარი არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.“. 

13. 332-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3–მე-5 ნაწილები:

„3. 2017 წლის 1 იანვრამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე, 324-ე, 3241, 3291–3302, 331-ე და 3311 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა გამოძიების დროს დაკითხვა წარმოებს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი წესით.

4. 2018 წლის 1 იანვრამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 1261, 178-ე, 179-ე, 276-ე, 323-ე–3232,  325-ე–329-ე და 378მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა გამოძიების დროს დაკითხვა წარმოებს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი წესით.

5. დანაშაულთა ერთობლიობისას, თუ პირს ბრალი ამ მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის/დანაშაულების ჩადენაშიც ედება, გამოძიების დროს დაკითხვა წარმოებს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი წესით.“.    

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ძალა აგრეთვე აქვს მოწმის იმ ჩვენებას, რომელიც მიღებულია ამ კანონის ამოქმედებამდე, გამოძიების დროს მოწმის დაკითხვისათვის საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 20 თებერვლიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

18 დეკემბერი 2015 წ.

N4677-რს