საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1681
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 35, 04/07/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.001.875
  • Word
1681
17/06/2005
სსმ, 35, 04/07/2005
090.000.000.05.001.001.875
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-16 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქმის განხილვისას სასამართლოს (მოსამართლის) განჩინებით (დადგენილებით) შეიძლება ჩატარდეს მთლიანად ან ნაწილობრივ დახურული სასამართლო სხდომა: სახელმწიფო, სამსახურებრივი ან კომერციული საიდუმლოების დაცვის მიზნით; პირადი მიმოწერის და სატელეგრაფო შეტყობინების სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებისას, თუ ამის თანახმა არ არის პირი; განსასჯელის სამართალში მიცემისას. მთლიანად ან ნაწილობრივ დახურულ სასამართლო სხდომაზე მხარის მოთხოვნით განიხილება აგრეთვე: არასრულწლოვნის დანაშაულის საქმე, სქესობრივი დანაშაულის და სხვა კატეგორიის საქმეები, რათა არ გახმაურდეს ცნობები საქმეში მონაწილე პირის ინტიმური ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შესახებ, როდესაც ამას მოითხოვს პროცესის მონაწილის და მისი ოჯახის წევრების ან ახლო ნათესავების პირადი უსაფრთხოების დაცვა.

5. დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილება აგრეთვე საგამოძიებო ორგანოების წარდგინება (შუამდგომლობა) სასამართლო ბრძანებისა და დადგენილების გამოთხოვის შესახებ (გარდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შემთხვევისა) და სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების საკითხი.“.

2. 24-ე მუხლის:

ა) 51 და 52 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. ბრალდების წარდგენისათვის საკმარის მტკიცებულებათა შეკრების შემდეგ, თუ გამომძიებელი პროკურორის თანხმობით ან პროკურორი არ გამოიტანს დადგენილებას პირის ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, დაზარალებულს, მის წარმომადგენელს, სამოქალაქო მოსარჩელეს, აგრეთვე იმ პირს, რომლის მიმართაც ხდება მტკიცებულებათა შეკრება, უფლება აქვს ამ კოდექსით დადგენილი წესით ზემდგომ პროკურორთან ან გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში შეიტანოს საჩივარი და მოითხოვოს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.

52. ბრალდებულს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გადაცემიდან 10 დღის ვადაში უფლება აქვს ამ კოდექსით დადგენილი წესით ზემდგომ პროკურორთან ან გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში შეიტანოს საჩივარი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შეგნებულად გაჭიანურების თაობაზე. საჩივრის დაკმაყოფილება იწვევს ყველა იმ მტკიცებულების უკანონოდ ცნობას, რომლებიც მოპოვებული იქნა წინასწარი გამოძიების დროს მას შემდეგ, რაც შეიქმნა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკმარისი საფუძველი.“;

ბ) 52 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 53 ნაწილი:

„53. ამ მუხლის 51 და 52 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში რაიონული (საქალაქო) სასამართლო საჩივარს იხილავს ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება ექვემდებარება გასაჩივრებას ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ან საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.“.

3. 28-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, სისხლისსამართლებრივი დევნა აგრეთვე არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული უნდა შეწყდეს, თუ:

ა) პირს არ მიუღწევია იმ ასაკისათვის, რომლიდანაც დგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 36-ე–38-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ბ) გარდაიცვალა ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმის წარმოება საჭიროა გარდაცვლილის რეაბილიტაციისა და ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გამოძიების წარმართვისათვის;

გ) გასულია ამ კოდექსის 75-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ვადა.“;

ბ) მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული გარემოებები გამოვლინდება სასამართლო განხილვის სტადიაზე, სასამართლო ამთავრებს საქმის განხილვას და გამოაქვს გამამართლებელი განაჩენი. იგივე წესი გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 36-ე–38-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

5. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „პ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული გარემოებები გამოვლინდება სასამართლო განხილვის სტადიაზე, სასამართლო ამთავრებს საქმის განხილვას და გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, ამასთანავე, განსასჯელს ათავისუფლებს სასჯელის მოხდისაგან.“.

4. 46-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კოდექსით დადგენილი წესით განსასჯელის სამართალში მიცემის საკითხს განსჯადობის მიხედვით წყვეტენ: რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ან საოლქო სასამართლოს კოლეგია.“.

5. 48-ე მუხლის:

ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვასა და სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებებთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ სასამართლო ბრძანების გაცემა, გამომძიებლისა და პროკურორის უკანონო მოქმედებების გამო ამ კოდექსით დადგენილი წესით შეტანილი საჩივრების გადაწყვეტა, გამოძიების ორგანოებისა და პროკურორის მიერ უარყოფილი შუამდგომლობების განხილვა იმ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის კომპეტენციას განეკუთვნება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ტარდება წინასწარი გამოძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.“;

ბ) 51 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

6. 68-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პირველი ინსტანციის სასამართლოს უფლება აქვს პირი დაზარალებულად ცნოს კამათის დაწყებამდე.“.

7. 70-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაზარალებულს ცრუ ჩვენების მიცემისათვის ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის შესაბამისად. სისხლისსამართლებრივი დევნა ამ საფუძვლით შეიძლება დაიწყოს მხოლოდ განაჩენის ან სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.“.

8. 72-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ არსებობს საფუძველი ეჭვისათვის, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მისთვის ბრალდების წასაყენებლად, გამომძიებელი პროკურორის თანხმობით ან პროკურორი ცნობს მას ეჭვმიტანილად, რის შესახებაც გამოაქვს დადგენილება. თუ ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის, მას უნდა წაეყენოს ბრალდება არა უგვიანეს 30 დღისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ, თუ მას ბრალდება არ წაეყენა, დადგენილება მისი ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ უქმდება. ეჭვმიტანილი, რომელიც დაკავებული არ არის, სარგებლობს ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ყველა უფლებით, გარდა იმავე ნაწილის „ა“, „დ“ და „ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული უფლებებისა. მას აგრეთვე უფლება აქვს ეჭვმიტანილად ცნობისთანავე ხელზე მიიღოს მისი ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილების ასლი.“.

9. 75-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დანაშაულის ერთი და იმავე შემთხვევის გამო პირი ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში შეიძლება მიცემული იყოს არა უმეტეს 12 თვისა, თუ ამ ვადის გასვლამდე მისთვის დანაშაულის სხვა შემთხვევის გამო არ წაუყენებიათ ახალი ბრალდება. აღნიშნული ვადის გასვლისთანავე წყდება სისხლისსამართლებრივი დევნა პირის მიმართ ან საქმე წარიმართება სასამართლოში არსებითად განსახილველად. ასეთი ბრალდების წაყენებისას აღნიშნული ვადის დინება წყდება და იგი გამოითვლება ახალი ბრალდების წაყენების დღიდან. თუ პირის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაუშვებელია მომავალში მისთვის იმავე ბრალდების წაყენება.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში არ ჩაითვლება ის დრო, რომლის განმავლობაშიც ბრალდებულის მიმართ შეუძლებელი იყო საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარება მისი ავადმყოფობის გამო (რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სამედიცინო დასკვნით), ანდა იგი ემალებოდა გამოძიებას და მის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა, ან თავს არიდებდა გამოძიებას, ანდა მას იცავდა იმუნიტეტი.“.

10. 78-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს უფლება აქვთ მთელი პროცესის მანძილზე უარი თქვან დამცველის დანიშვნაზე ან დანიშნულ დამცველზე და მოიწვიონ დამცველი შეთანხმებით ან დაცვა დამოუკიდებლად განახორციელონ. ასეთი უარი დასაშვებია მხოლოდ თვით ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და განსასჯელის ინიციატივით. ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს უფლება აქვთ შეცვალონ თავიანთი პოზიცია და კვლავ მოითხოვონ დამცველის დანიშვნა ან მოიწვიონ დამცველი შეთანხმებით. ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და განსასჯელის მოთხოვნა საქმეში მონაწილე მათი დამცველის შეცვლის ან ახალი დამცველის მოწვევის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, თუ დამცველის შეცვლა ანდა ახალი დამცველის მოწვევა მიზნად არ ისახავს პროცესის გაჭიანურებას ან პროცესის სხვა მონაწილისათვის ხელის შეშლას მის უფლებამოსილებათა განხორციელებაში.“.

11. 83-ე მუხლის:

ა) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დამცველის შეცვლა ან ახალი დამცველის მოწვევა არ დაიშვება, თუ შეცვლა მიზნად ისახავს სამართალწარმოების გაჭიანურებას და მისთვის ხელის შეშლას. დამცველის შეცვლაზე ან ახალი დამცველის მოწვევაზე უარის თქმის შემთხვევაში გამომძიებელს პროკურორის თანხმობით გამოაქვს მოტივირებული დადგენილება, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან 5 დღის ვადაში. ზემდგომი პროკურორი ვალდებულია ასეთი საჩივარი განიხილოს მისი მიღებიდან არა უგვიანეს 72 საათისა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. სასამართლოში საქმის განხილვისას იმავე შემთხვევაში მოსამართლეს (სასამართლოს) გამოაქვს დადგენილება (განჩინება).“;

ბ) მე-7 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი:

„8. სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის მხარის მიერ მოწვეული დამცველის რაოდენობა პროცესის მწარმოებელმა ორგანომ შეიძლება შეზღუდოს გონივრულ ფარგლებში, თუ შეზღუდვა მიზნად ისახავს პროცესის უსაფუძვლოდ გაჭიანურების თავიდან აცილებას. იმავდროულად მხარისათვის უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კანონით მინიჭებული დაცვის უფლების სრულფასოვნად განხორციელება.“.

12. 84-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დამცველს უფლება აქვს:

ა) იცოდეს ეჭვისა და ბრალდების არსი;

ბ) დაუბრკოლებლად შეხვდეს დასაცავ პირს მარტო და რაიმე მეთვალყურეობის გარეშე, აგრეთვე თავისუფლების შეზღუდვის ან თავისუფლების აღკვეთის ადგილის ადმინისტრაციისა და გამოძიების ორგანოს მხრივ შეხვედრის რაოდენობისა და ხანგრძლივობის შეუზღუდავად, გარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

გ) მონაწილეობა მიიღოს ეჭვმიტანილისა თუ ბრალდებულის მონაწილეობით ან დაცვის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში, დაუსვას შეკითხვები დასაკითხს, მოითხოვოს ოქმში იმ მონაცემების შეტანა, რომლებიც უარყოფს ბრალდებას ან ამსუბუქებს ეჭვმიტანილისა თუ ბრალდებულის პასუხისმგებლობას;

დ) მონაწილეობა მიიღოს ბრალდებულისათვის ბრალდების წაყენებაში და მის დაკითხვებში;

ე) განუმარტოს ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს მათი უფლებები და ყურადღება მიაქციოს ამ უფლებათა დარღვევას;

ვ) შეკრიბოს დაცვისათვის საჭირო მონაცემები და ისინი მტკიცებულებათა სახით წარუდგინოს პროცესის მწარმოებელ ორგანოს;

ზ) მოითხოვოს დაცვისათვის აუცილებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება;

თ) განაცხადოს აცილება;

ი) განაცხადოს შუამდგომლობა;

კ) გაეცნოს ეჭვმიტანილის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებას, ჩვენებას, ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილებას, დაკავების ოქმს და ამოიწეროს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უშუალოდ შეეხება მისი დასაცავი პირის ინტერესებს;

ლ) გაეცნოს დადგენილებებსა და ოქმებს დაკავებისა და დაპატიმრების შესახებ, ყველა იმ საგამოძიებო მოქმედების ოქმს, რომელთა ჩატარებაშიც მონაწილეობდა ის ან მისი დასაცავი პირი, საქმის მასალებს, რომლებიც ადასტურებს დაკავებისა და დაპატიმრების საჭიროებას, დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ექსპერტიზის დასკვნას;

მ) გაასაჩივროს პროკურორთან, ხოლო საჩივრის უარყოფის შემთხვევაში ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით – გამოძიების ადგილის მიხედვით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში გამომძიებლის და პროკურორის მოქმედება და დადგენილება, რომლებიც, მისი აზრით, არღვევს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაცვის უფლებას;

ნ) გამოვიდეს სასამართლოში გამომძიებლის, პროკურორის აქტებთან დაკავშირებით მის მიერ, აგრეთვე ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის მიერ შეტანილი საჩივრების განხილვისას;

ო) წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის დროს, გაეცნოს საქმის ყველა მასალას, გააკეთოს ამონაწერები ამ მასალებიდან, მოითხოვოს ნებისმიერი საპროცესო აქტის ასლი;

პ) იცოდეს მისი შუამდგომლობით საპროცესო მოქმედების ჩატარების, ასევე სასამართლო სხდომის გამართვის დრო და ადგილი;

ჟ) მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში საქმის განხილვის ყველა სტადიაზე და დაიცვას განსასჯელის უფლებები;

რ) მიიღოს ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების, განსასჯელის სამართალში მიცემის შესახებ დადგენილების, საბრალდებო დასკვნის, განაჩენის, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ განჩინების (დადგენილების) ასლები, აგრეთვე სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოების განაჩენისა და განჩინების ასლები, იმის მიუხედავად, რომ ეს ასლები გადაეცა ბრალდებულს (განსასჯელს);

ს) გაასაჩივროს სასამართლოს განაჩენი და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებანი;

ტ) საწინააღმდეგო მოსაზრებები გამოთქვას სასამართლოსა და ბრალდების მხარის მოქმედებებზე, რომლებიც, მისი აზრით, უკანონოა, და მოითხოვოს მათი შეტანა სასამართლო სხდომის ოქმში;

უ) მიიღოს მცოდნე პირთა წერილობითი მოსაზრებები და გამოიყენოს ისინი შუამდგომლობათა და საჩივართა დასაბუთებისათვის;

ფ) პირისათვის ბრალდების წაყენებისა და პირველი დაკითხვის შემდეგ გაეცნოს საქმის ყველა მასალას;

ქ) განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებები.“.

13. 95-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, მსჯავრდებულის ახლო ნათესავს – თუ იგი არ დათანხმდება მისცეს ჩვენება, როგორც ბრალდების მოწმემ;“.

14. 102-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამსწრე მოიწვევა ჩხრეკის, ამოღების ან შემთხვევის ადგილის დათვალიერების ჩატარების ფაქტის, მიმდინარეობისა და შედეგების დასადასტურებლად, აგრეთვე ამ კოდექსით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში. ამ ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამდე გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია დამსწრის მოწვევის უფლება ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გათვალისწინებით განუმარტოს ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში მითითებულ პირებს.“.

15. 108-ე მუხლის მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. განცხადებული აცილების საკითხზე პროკურორს, მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება, ხოლო სასამართლოს – განჩინება.“.

16. 140-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის შუამდგომლობით მოსამართლე წინასწარი გამოძიების ადგილის მიხედვით გასცემს ბრძანებას დაპატიმრების, შინაპატიმრობის და მათი ვადის გაგრძელების, ბრალდებულის პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემის, გირაოს ან სხვა აღკვეთის ღონისძიებების, ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების, ქონებაზე ყადაღის დადების, ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, სხვა პირის სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებისა და ამ კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო სამართლებრივი იძულების სხვა ღონისძიების გამოყენების, აღკვეთის ღონისძიებათა შეცვლის შესახებ, აგრეთვე დადგენილებას აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან, შეცვლასთან ან აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ან შინაპატიმრობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით გაცემული ბრძანების გაუქმების შესახებ.“;

ბ) მე-19 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული, უცხო სახელმწიფოს მიერ ძებნილი, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შეფარდების საკითხის გადასაწყვეტად პროკურორი დაკავების ადგილის მიხედვით რაიონულ სასამართლოს წარუდგენს უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური პირის (ორგანოს) მიერ გაცემულ ბრძანებას დაპატიმრების შესახებ, დადგენილებას ძებნის გამოცხადების თაობაზე და პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტებს. მოსამართლე პროკურორის მონაწილეობით ერთპიროვნულად განიხილავს შუამდგომლობას მისი წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა. ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს აქვს სასამართლო სხდომაში მონაწილეობის უფლება.“.

17. 145-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ეჭვისათვის, რომ დაკავებულს აქვს იარაღი ან აპირებს თავიდან მოიშოროს დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი მტკიცებულებები, დამკავებელ თანამდებობის პირს უფლება აქვს ჩაატაროს პირადი ჩხრეკა, რაზედაც უნდა შეადგინოს ოქმი ამ კოდექსით დადგენილი წესების დაცვით. პირადი ჩხრეკის ოქმი შეიძლება შედგეს პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში დაკავებულის მიყვანის შემდეგაც. ასეთ შემთხვევაში ოქმში უნდა აღინიშნოს, თუ რატომ არ იქნა იგი შედგენილი პირადი ჩხრეკის ჩატარების ადგილზე.“;

ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. გამომძიებელს, რომელიც იძიებს სისხლის სამართლის საქმეს, შეუძლია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედება სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად და დასაზუსტებლად, დაკავების კანონიერების შესამოწმებლად.“.

18. 168-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შესახებ შუამდგომლობით პროკურორი ან გამომძიებელი პროკურორის თანხმობით მიმართავს შესაბამის სასამართლოს ამ კოდექსის 140-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

19. 180-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

20. მე-200 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსამართლის ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მისი გამოცემიდან ან აღსრულებიდან 72 საათში, ხოლო დადგენილება ქონებისათვის ყადაღის დადებაზე უარის თქმის შესახებ – მისი გამოტანიდან 48 საათში შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსის 243-ე მუხლით დადგენილი წესით. გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების აღსრულებას.“.

21. 219-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რეაბილიტაციის საფუძველია გამამართლებელი განაჩენი, აგრეთვე მოსამართლის ან პროკურორის დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებში და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, აგრეთვე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე უკანონო სასამართლო განჩინების (დადგენილების) გაუქმების შესახებ.“.

22. 227-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ რეაბილიტაციის საფუძველი გამოვლინდა სასამართლოში, მოსამართლემ (სასამართლომ) სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გამამართლებელ განაჩენში ან განჩინებაში (დადგენილებაში), რომელსაც რეაბილიტაცია მოსდევს, უნდა ცნოს რეაბილიტირებულისათვის მიყენებული ყველა სახის ზიანის ანაზღაურების უფლება. განაჩენის ან განჩინების (დადგენილების) ასლი რეაბილიტირებულს უნდა გადაეცეს ხელზე ან გაეგზავნოს ფოსტით. მას განემარტება, რომ ზიანის ანაზღაურებისა და უფლებების აღდგენის შესახებ განცხადება სასამართლოში შეტანილი უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენის ან რეაბილიტაციის სხვა აქტის გამოტანის დღიდან 6 თვის ვადაში. რეაბილიტირებულს უფლება აქვს მიმართოს რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს, რომელიც რეაბილიტირებულის განცხადების მიხედვით განსაზღვრავს მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მოითხოვს საფინანსო და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოების გაანგარიშებას. თუ სასამართლომ საქმე შეწყვიტა მისი საკასაციო წესით განხილვისას, ზიანის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო, რომელმაც განაჩენი გამოიტანა, ოღონდ სხვა შემადგენლობით.“.

23. 242-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს გამომძიებლის ან პროკურორის მოქმედება და გადაწყვეტილება, რომლებიც, მომჩივნის აზრით, უკანონო და დაუსაბუთებელია, კერძოდ:

ა) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ პროკურორის დადგენილება;

ბ) ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება (73-ე მუხლი).“.

24. 243-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. პატიმრობის ან შინაპატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ მოსამართლის ბრძანების კანონიერება და დასაბუთებულობა შეიძლება 24 საათში გაასაჩივრონ მხარეებმა ზემდგომ სასამართლოში. ეს ბრძანება კანონიერ ძალაში შედის მისი გამოცემისთანავე. ამ ნაწილით გათვალისწინებული წესით ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ან საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის გადაწყვეტილება პატიმრობის ან შინაპატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ საჩივრდება შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ან საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში. სასამართლო მხარეთა საჩივარს იხილავს მიღებიდან 48 საათში.“.

25. 259-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის დაკავებისთანავე უნდა ეცნობოს შესაბამისი რაიონის პროკურორს, რომელიც 48 საათში შუამდგომლობით მიმართავს დაკავების ადგილის მიხედვით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს პირის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით. სასამართლო აღნიშნულ საკითხს იხილავს ამ კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს პირისათვის გადაწყვეტილების გადაცემიდან 15 დღის ვადაში, შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში ან საოლქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს განიხილავს 10 დღის ვადაში.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე შესაბამისი რაიონული სასამართლოს მოსამართლე 2 თვემდე, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ან საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია კიდევ 2 თვემდე აგრძელებენ საექსტრადიციო პატიმრობის ვადას.“;

გ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:

„7. ამ მუხლით გათვალისწინებული საექსტრადიციო პატიმრობის მიმართ გამოიყენება ამ კოდექსის 243-ე მუხლი.“.

26. 266-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 266. საქმის ქვემდებარეობით გადაგზავნა

თუ წინასწარი გამოძიების დაწყების შემდეგ გამოიკვეთა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება განეკუთვნება გამოძიების სხვა ორგანოს კომპეტენციას, გამომძიებელი პროკურორის თანხმობით გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებათა შესრულების შემდეგ დაუყოვნებლივ გადააგზავნის საქმეს ქვემდებარეობის მიხედვით.“.

27. 282-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსით დადგენილი წესით გამომძიებელს პროკურორის თანხმობით, პროკურორს გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. დადგენილებაში აღინიშნება:

ა) ბრალდებული პირის სახელი და გვარი, მისი დაბადების რიცხვი, თვე და წელი;

ბ) ბრალდების ფორმულირება, ესე იგი ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხისა თუ საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით;

გ) მტკიცებულებანი, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა;

დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, მუხლის ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული.“.

28. 290-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამოღება, ჩხრეკა, საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშეც, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით, რის შესახებაც რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, უნდა ეცნობოს 24 საათის განმავლობაში და გადაეცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლებიც ასაბუთებს საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების აუცილებლობას. მოსამართლე მასალების შემოსვლიდან არა უგვიანეს 24 საათისა, პროკურორის მონაწილეობით ამოწმებს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას. მოსამართლე უფლებამოსილია განმარტების მისაცემად გამოიძახოს ის პირი, რომელმაც ამოღება, ჩხრეკა, საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, მოსამართლის ბრძანების გარეშე ჩაატარა. მასალების განხილვის შემდეგ მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება:

ა) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ;

ბ) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობისა და ამ მოქმედებით მიღებულ მტკიცებულებათა დაუშვებლობის შესახებ.“.

29. 292-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შუამდგომლობას საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ერთპიროვნულად იხილავს მოსამართლე წინასწარი გამოძიების ადგილის მიხედვით.“.

30. 293-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. მოსამართლის ბრძანება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ან დადგენილება ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ მისი გამოცემიდან ან აღსრულებიდან 72 საათში, ხოლო დადგენილება საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე უარის თქმის შესახებ – მისი გამოტანიდან 48 საათში შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსის 243-ე მუხლით დადგენილი წესით, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ან საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების აღსრულებას.“.

31. 318-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ არსებობს ამოღების ან ჩხრეკის საფუძველი, პროკურორმა ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელმა მოტივირებული შუამდგომლობით უნდა მიმართოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს წინასწარი გამოძიების ადგილის მიხედვით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის თაობაზე მოსამართლის ბრძანების მისაღებად.“.

32. 326-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ გამომძიებელი, პროკურორი, აგრეთვე ამ კოდექსის 145-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული პირები ადგენენ ოქმს ამ კოდექსის 287-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ ამოღების ან ჩხრეკის ჩამტარებელი თანამდებობის პირი, დამსწრე, სპეციალისტი, აგრეთვე პირი, რომელთანაც ჩატარდა ჩხრეკა ან ამოღება, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – ამ კოდექსის 321-ე მუხლში აღნიშნულ პირთაგან ერთ-ერთი.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას იყო მცდელობა, გაენადგურებინათ და გადაემალათ მოსაძებნი საგანი ან დოკუმენტი, ანდა თუ გასაჩხრეკმა ან სხვა პირმა წინააღმდეგობა გასწია, ეს უნდა აღინიშნოს ოქმში. ოქმში ასევე უნდა აღინიშნოს გამომძიებლის, პროკურორის, აგრეთვე ამ კოდექსის 145-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული პირების მიერ განხორციელებული ღონისძიებანი.“.

33. 334-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დათვალიერებაში მონაწილეობისათვის შეიძლება მოწვეულ იქნენ სპეციალისტი და ექსპერტი, აგრეთვე ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დამცველი, სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეები.“.

34. 404-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული პროცესის მონაწილეები უარს იტყვიან დანიშნულ დამცველზე, გამომძიებელი პირადად მათ წარუდგენს საქმის მასალებს გასაცნობად. პროცესის მონაწილეთა მიერ საქმის მასალების გაცნობაზე უარის თქმის შემთხვევაში გამომძიებელი ადგენს ოქმს საქმის მასალების გაცნობაზე უარის თქმის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს პროცესის შესაბამისი მონაწილე. ამის შემდეგ გამომძიებელი უფლებამოსილია საქმე გადააგზავნოს პროკურორთან.“.

35. 409-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბრალდებო დასკვნა არის ბრალდებულისადმი წაყენებული ბრალდების მოკლე წერილობითი აღწერა და განსასჯელის სამართალში მიცემის საფუძველი.“.

36. 412-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 412. შემოსულ საქმეზე პროკურორის მიერ გადასაწყვეტი საკითხები

გამომძიებლისაგან შემოსული საქმის განხილვისას პროკურორი ვალდებულია შეამოწმოს:

ა) იყო თუ არა ქმედება, რომელიც ბრალდებულს ერაცხება, და არის თუ არა ამ ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობა;

ბ) ხომ არ არსებობს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის საფუძვლები;

გ) ყოველმხრივი, სრული და ობიექტურია თუ არა წინასწარი გამოძიება;

დ) დასაბუთებულია თუ არა წაყენებული ბრალდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით;

ე) წაყენებული აქვს თუ არა პირს ბრალდება ყველა დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც წინასწარმა გამოძიებამ დაადგინა;

ვ) მიცემულია თუ არა პასუხისმგებლობაში ბრალდებული, ასევე დანაშაულის ჩადენაში მხილებული ყველა პირი;

ზ) სწორია თუ არა დანაშაულის კვალიფიკაცია;

თ) სწორად არის თუ არა შერჩეული აღკვეთის ღონისძიება;

ი) მიღებულია თუ არა ზომები წარდგენილი სამოქალაქო სარჩელისა და შესაძლო საპროცესო კონფისკაციის უზრუნველსაყოფად;

კ) გამოვლენილია თუ არა მიზეზები და პირობები, რომლებმაც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას, და მიღებულია თუ არა ზომები მათ აღსაკვეთად;

ლ) დაცულია თუ არა წინასწარი გამოძიების ორგანოების მიერ ამ კოდექსის ყველა სხვა მოთხოვნა.“.

37. 413-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 413. პროკურორის გადაწყვეტილება შემოსული საქმის გამო

პროკურორი ვალდებულია 5 დღე-ღამის ვადაში განიხილოს შემოსული საქმე და მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) შეადგინოს საბრალდებო დასკვნა, თუ მიიჩნევს, რომ არსებობს საფუძველი საქმის სასამართლოში გადასაგზავნად;

ბ) დაუბრუნოს საქმე თავისი წერილობითი მითითებებით გამომძიებელს დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად;

გ) შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა და შეადგინოს შესაბამისი დადგენილება ამ კოდექსით დადგენილი წესით.“.

38. 415-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 415. ბრალდების შეცვლა უფრო მძიმე ბრალდებით

თუ აუცილებელია ბრალდების შეცვლა უფრო მძიმე ან ისეთი ბრალდებით, რომელიც თავდაპირველი ბრალდებისაგან არსებითად განსხვავდება ფაქტობრივი გარემოებებით, პროკურორი საქმეს უბრუნებს გამომძიებელს ახალი ბრალდების წარსადგენად ან უშუალოდ წარუდგენს ბრალდებულს ახალ ბრალდებას.“.

39. 416-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბრალდებო დასკვნის შედგენის შემდეგ პროკურორი საბრალდებო დასკვნის ასლს აბარებს ბრალდებულს, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – დამცველს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს. თუ ბრალდებული თანამდებობის პირი ან რეკეტირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, საბრალდებო დასკვნის ასლი უნდა ჩაბარდეს მის დამცველს. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში პროკურორი სისხლის სამართლის საქმეს განსჯადობის მიხედვით უგზავნის შესაბამის სასამართლოს.

3. პროკურორის მიერ საბრალდებო დასკვნის შედგენიდან არა უგვიანეს 48 საათისა საქმე განსჯადობის მიხედვით უნდა გადაეგზავნოს შესაბამის სასამართლოს.“.

40. 417-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასამართლო სხდომაზე საქმის განსახილველად საკმარისი საფუძვლის არსებობისას მოსამართლე (სასამართლო), რაკი წინასწარ არ წყვეტს ბრალეულობის საკითხს, გამოიტანს დადგენილებას (განჩინებას) განსასჯელის სამართალში მიცემის შესახებ.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოსამართლეს (სასამართლოს) განმწესრიგებელ სხდომაზე გამოაქვს დადგენილება (განჩინება) განსასჯელის სამართალში მიცემის შესახებ, აბრუნებს საქმეს დამატებითი გამოძიებისათვის, წყვეტს საქმეს წარმოებით, აჩერებს საქმის წარმოებას ან წარმართავს საქმეს განსჯადობით, აგრეთვე წყვეტს აღკვეთის ღონისძიების საკითხს ამ კოდექსით დადგენილი წესით. განსასჯელის სამართალში მიცემის შემთხვევაში სასამართლოს განმწესრიგებელ სხდომაზე შეუძლია საბრალდებო დასკვნიდან გამორიცხოს ბრალდების ცალკეული პუნქტი ან გამოიყენოს სისხლის სამართლის კანონი ნაკლებად მძიმე დანაშაულის შესახებ, ამასთანავე, არ შეცვალოს ბრალდების ფორმულირება.“.

41. 418-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 418. მოსამართლის (სასამართლოს) დადგენილება (განჩინება) განსასჯელის სამართალში მიცემის შესახებ

განსასჯელის სამართალში მიცემის შესახებ მოსამართლის (სასამართლოს) დადგენილებაში (განჩინებაში) უნდა აღინიშნოს: მისი შედგენის დრო და ადგილი, დასკვნა იმის შესახებ, რომ არსებობს სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვის საკმარისი მონაცემები; სამართალში მისაცემი პირების ზუსტი ვინაობა და იმ ქმედებათა კვალიფიკაცია, რომლებიც მათ ერაცხება, გადაწყვეტილებები შემოსულ შუამდგომლობაზე და სასამართლო სხდომის მომზადების შესახებ.“.

42. 420-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ მოსამართლე (სასამართლო) სამართალში მიცემის საკითხის განხილვის დროს დაადგენს, რომ ბრალდებული (განსასჯელი) მიიმალა და მისი ადგილსამყოფელი უცნობია, იგი გამოიტანს დადგენილებას (განჩინებას) ბრალდებულის მოძებნამდე სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ბრალდებული (განსასჯელი) საზღვარგარეთაა და თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას.

11. თუ ბრალდებული თანამდებობის პირი ან რეკეტირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, სისხლისსამართლებრივი დევნა არ ჩერდება.“.

43. 424-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 424. სამართალში მიცემის დროს გამოსარკვევი საკითხები

სამართალში მიცემის საკითხის გადაწყვეტისას მოსამართლემ (სასამართლომ) უნდა განიხილოს შემდეგი საკითხები თითოეული განსასჯელის მიმართ:

ა) მოცემული სასამართლოს განსჯადია თუ არა საქმე;

ბ) ქმედებაში, რომელიც განსასჯელს ერაცხება, არის თუ არა დანაშაულის შემადგენლობა;

გ) ქმედებას, რომელიც განსასჯელს ერაცხება, სწორად აქვს თუ არა შეფარდებული სისხლის სამართლის კანონი;

დ) ხომ არ არის საქმეში გარემოებები, რომლებიც იწვევს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას ან შეჩერებას;

ე) შეკრებილია თუ არა საჭირო მტკიცებულებები სასამართლო სხდომაზე საქმის განსახილველად;

ვ) წინასწარი გამოძიების დროს ხომ არ დარღვეულა საპროცესო კანონი;

ზ) შედგენილია თუ არა საბრალდებო დასკვნა ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად;

თ) სწორად არის თუ არა შერჩეული აღკვეთის ღონისძიება;

ი) მიღებულია თუ არა ზომები სამოქალაქო სარჩელის ან შესაძლო საპროცესო კონფისკაციის უზრუნველსაყოფად;

კ) უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა მხარის შუამდგომლობა.“.

44. 425-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 425. სისხლის სამართლის საქმის სასამართლო სხდომაზე განსახილველად მომზადებასთან დაკავშირებით გადასაწყვეტი საკითხები

თუ მოსამართლე (სასამართლო) მიიჩნევს, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი განსასჯელის სამართალში მისაცემად, მან უნდა გადაწყვიტოს საკითხები, რომლებიც შეეხება:

ა) დამცველის დანიშვნას ამ კოდექსის 81-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ბ) დაზარალებულის ცნობას სამოქალაქო მოსარჩელედ, თუ სამოქალაქო სარჩელი წინასწარი გამოძიებისას არ წარდგენილა;

გ) სამოქალაქო სარჩელის ან საპროცესო კონფისკაციის უზრუნველყოფის ზომას;

დ) პირებს, რომლებიც დაბარებული უნდა იქნენ სასამართლო სხდომაზე, როგორც დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, მოპასუხე, მათი წარმომადგენლები, მოწმეები, ექსპერტები და სპეციალისტები;

ე) დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვას;

ვ) საქმის განხილვას დახურულ სასამართლო სხდომაზე ამ კოდექსის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ზ) სხდომის დროსა და ადგილს;

თ) თარჯიმნის დაბარებას.“.

45. 426-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნებისას მოსამართლე (სასამართლო) ვალდებულია გადაწყვიტოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების, აგრეთვე პატიმრობის ვადის გაგრძელების საკითხი ამ კოდექსით დადგენილი წესით.“.

46. 429-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განსასჯელის სამართალში მიცემის შემდეგ, საქმის სასამართლო განხილვის დაწყებამდე 5 დღის ვადაში, ხოლო რთულ საქმეებზე – 10 დღის ვადაში პროკურორს, განსასჯელს, მის დამცველს და კანონიერ წარმომადგენელს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხეს და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ სათანადო ამონაწერები და გადაიღონ ასლები.“.

47. 433-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 433. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვის დაწყების ვადა

სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა უნდა დაიწყოს განსასჯელის სამართალში მიცემის შესახებ მოსამართლის (სასამართლოს) დადგენილების (განჩინების) გამოტანიდან არა უგვიანეს 10 დღე-ღამისა, ხოლო რთულ საქმეებზე – არა უგვიანეს 14 დღე-ღამისა.“.

48. 473-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სასამართლო გამოძიების გაუქმების ან შეკვეცის შემთხვევაში სასამართლო (მოსამართლე) განიხილავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით (ნაწილით) გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელის ერთი მესამედით შემცირების შესაძლებლობას.“.

49. 475-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ბრალდების მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულება, რომელიც მითითებულია საბრალდებო დასკვნის დანართსა და განსასჯელის სამართალში მიცემის შესახებ გამოტანილ დადგენილებაში. ახალ მტკიცებულებათა გამოვლენისას ბრალდების მხარე სასამართლო განხილვის დაწყებამდე არა უგვიანეს 7 დღისა მოწინააღმდეგე მხარეს გადასცემს ამ დადგენილების ასლს. თუ ახალი მტკიცებულება გამოვლინდა სასამართლო განხილვისას, სასამართლო აცხადებს შესვენებას იმ დროით, რომელიც საჭიროა დაცვისათვის ამ მტკიცებულების გასაცნობად. დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს შესვენება, რათა ამ მტკიცებულებას გაეცნოს ბრალდების მხარე.“.

50. 477-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 477. წინასწარი გამოძიების დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვის ან მისი მტკიცებულებად გამოყენების დაუშვებლობა

თუ განსასჯელი წინააღმდეგია, წინასწარი გამოძიების დროს მის მიერ მიცემული ჩვენების სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა და მისი ჩვენების ხმის ჩანაწერის საჯაროდ მოსმენა, ასევე მისი მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია.“.

51. 501-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსის 426-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება (დადგენილება) სისხლის სამართლის საქმის დამატებით გამოძიებისათვის გასაგზავნად და საქმეს უბრუნებს პროკურორს.“.

52. 507-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სისხლის სამართლის კანონი, რომლითაც განსასჯელი მისცეს სამართალში.“.

53. 510-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 510. გამამართლებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

გამამართლებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში აღინიშნება: ბრალდების არსი, რომლითაც განსასჯელი სამართალში მისცეს; სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს სასამართლოს დასკვნას განსასჯელის უდანაშაულობის შესახებ; მოტივი, რომელიც ხსნის, თუ რატომ მიიჩნევს სასამართლო არასარწმუნოდ ან არასაკმარისად მტკიცებულებას, რომელსაც ემყარებოდა განსასჯელის მიმართ წაყენებული ბრალდება, ანდა რატომ მიიჩნევს სასამართლო, რომ არ არსებობს დანაშაულის შემთხვევა, ან რომ განსასჯელის მიერ ჩადენილი ქმედება არ არის დანაშაული; სამოქალაქო სარჩელის მიმართ გადაწყვეტილების მოტივები.“.

54. 563-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) განსასჯელი სამართალში არ არის მიცემული კანონით დადგენილი წესით;“.

55. 596-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს გენერალურ პროკურორს, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორს, თუ არსებობს შესაბამისი საფუძველი, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო უფლება აქვთ საკუთარი ინიციატივითაც წარდგინებით მიმართონ შესაბამისად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმს სახელმწიფოსა და მოქალაქის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. თუ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმი უარყოფს საქართველოს გენერალური პროკურორის ან ამ ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მიერ შეტანილ წარდგინებას, საქართველოს გენერალური პროკურორი უფლებამოსილია იმავე საქმეზე წარდგინებით მიმართოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.“.

56. 6792 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მითითება ამ კოდექსის 6791 მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილების შესახებ ან იმავე მუხლით გათვალისწინებული გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის მიერ მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება.“.

57. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 67910 მუხლი:

     „მუხლი 67910. სისხლის სამართლის პროცესის წარმოება არაიდენტიფიცირებული ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, მსჯავრდებულის მიმართ

1. თუ დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი დაკავებული პირის ვინაობა (სახელი, გვარი, ასაკი, სქესი, მოქალაქეობა) დაუდგენელია და იგი უარს აცხადებს თვითიდენტიფიცირებაზე, ან ფიზიკური ნაკლის თუ სხვა ობიექტურ გარემოებათა გამო შეუძლებელი ხდება მისი იდენტიფიცირება, პროცესის მწარმოებელი პირი დაუბრკოლებლად ადგენს საპროცესო მოქმედების ოქმს, რომელშიც შესაბამისი სპეციალისტების მონაწილეობით აღიწერება პირის ყველა შესაძლო გარეგნული ნიშანი (სავარაუდო ასაკი, სქესი, სიმაღლე, თმის ფერი, თვალების ფერი, გარეგნობისა და იერის სხვა თავისებურება), რომლითაც შესაძლებელია ამ პირის იდენტიფიცირება (ოქმს უნდა დაერთოს ფოტოსურათი). ამასთანავე, საპროცესო ხელმძღვანელობის განმახორციელებელი პროკურატურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანხმობით პირს შესაძლებელია მიენიჭოს პირობითი სახელი ციფრების ან/და ასოების იმგვარი კომბინაციით, რომელიც საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან შესაძლებელს გახდის ამ პირის იდენტიფიცირებას შემდგომი საპროცესო მოქმედებებისას. პირობითი სახელი არ შეიძლება იყოს ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახავი და შეურაცხმყოფელი შინაარსისა.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შემდგომი საპროცესო მოქმედება ხორციელდება სრული მოცულობით, დაუბრკოლებლად. ამასთანავე, ყველა საპროცესო მოქმედება არაიდენტიფიცირებული ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, მსჯავრდებულის მიმართ ხორციელდება დამცველის სავალდებულო მონაწილეობით. დანიშნული დამცველის ხარჯებს ანაზღაურებს სახელმწიფო.

3. არაიდენტიფიცირებული პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემიდან არა უგვიანეს 3 დღე-ღამისა, ამ კოდექსით დადგენილი წესით, ინიშნება კოპლექსური სამედიცინო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლითაც სხვა საკითხებთან ერთად უნდა დადგინდეს ამ პირის ფსიქიკური მდგომარეობა, სისხლის ჯგუფი და განხორციელდეს დაქტილოსკოპიური რეგისტრაცია.

4. გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულია უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების ჩატარება ამ მუხლში აღნიშნული პირის იდენტიფიცირების მიზნით (მისი სახელის, გვარის, ასაკის, მოქალაქეობისა და შერაცხაობის დასადგენად).

5. თუ არაიდენტიფიცირებული პირის ვინაობა დადგინდება სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე (სასამართლო) ვალდებულია 48 საათის განმავლობაში ამ გარემოებას შეუსაბამოს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებები.

6. არაიდენტიფიცირებული განსასჯელი პირის მიმართ განაჩენის დადგენისას სათათბირო ოთახში გასვლამდე მოსამართლე (სასამართლო) ვალდებულია დარწმუნდეს, რომ ჩატარებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიება აღნიშნული პირის იდენტიფიცირებისათვის.

7. თუ არაიდენტიფიცირებული პირის ვინაობა დადგინდება მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის შემდეგ და ეს გარემოება გავლენას ახდენს დანაშაულის კვალიფიკაციაზე ან სასჯელის ზომაზე, ან იწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას, განაჩენი უნდა გადაისინჯოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ამ კოდექსის LIX თავით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გარემოება იწვევს შებრუნებას საუარესოდ.“.

58. 680-ე მუხლის:

ა) მე-5 და მე-6 ნაწილები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-13 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 და მე-15 ნაწილები:

„14. 2005 წლის 3 მაისამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოებში განსახილველად შესული სისხლის სამართლის საქმეები (გარდა იმ საქმეებისა, რომლებზედაც სასამართლო გამოძიება დასრულებულია) გადაეგზავნოს შესაბამის სასამართლოს განსჯადობის მიხედვით. 2005 წლის 3 მაისის შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონული სასამართლოს მიერ ამ ნაწილით გათვალისწინებულ საქმეებზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება ექვემდებარება ამ კოდექსით დადგენილი წესით გასაჩივრებას შესაბამის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლეთა და მსაჯულთა მიერ 2005 წლის 3 მაისამდე და მას შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებები ექვემდებარება საკასაციო წესით გასაჩივრებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატაში ამ კოდექსის 546-ე–573-ე მუხლებით დადგენილი წესით.“.

59. 6803 მუხლი ამოღებულ იქნეს.

60. 6804 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პატიმრობისა და შინაპატიმრობის დროებითი ვადები“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსის 162-ე მუხლის პირველი, მე-2–მე-4, მე-6–მე-8 და მე-11 ნაწილების და 166-ე მუხლის მე-4 ნაწილის ამოქმედებამდე მოქმედებს ამ მუხლის მე-2–მე-10 ნაწილები.“;

გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წინასწარი გამოძიებისას პატიმრობის ვადაა 3 თვე ეჭვმიტანილის დაკავების ან ბრალდებულის დაპატიმრების მომენტიდან. პატიმრობის ვადის დინება წყდება საბრალდებო დასკვნის შედგენის შემდეგ განსჯადობის მიხედვით სასამართლოში საქმის ჩაბარების მომენტში. თუ დაკავებული დააპატიმრეს, მისი პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. თუ სამთვიანი პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ ბრალდებულმა მისთვის შერჩეული ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება დაარღვია ან თუ მას უფრო მძიმე ბრალდება წარედგინა, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს უფლება აქვს გასცეს ბრძანება ბრალდებულის 1 თვით დაპატიმრების შესახებ.“;

დ) მე-9 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 ნაწილი:

„10. შინაპატიმრობა ბრალდებულს შეიძლება დაუწესდეს არა უმეტეს 9 თვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ ეს აღკვეთის ღონისძიება უნდა შეიცვალოს ან გაუქმდეს.“.

61. 6806 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6806. 2006 წლის 1 იანვრამდე სასამართლოს მიერ პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების, გამოყენების შესახებ გაცემული ბრძანების მოქმედების ვადა

1. 2006 წლის 1 იანვრამდე სასამართლოს მიერ პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების, გამოყენების შესახებ გაცემული ბრძანება მოქმედებს მასში მითითებული საპატიმრო ვადის ამოწურვამდე.

2. 2006 წლის 1 იანვრამდე სასამართლოში შესულ სისხლის სამართლის საქმეზე ამ კოდექსის 6804 მუხლით გათვალისწინებული განსასჯელის პატიმრობის დროებითი ვადები მოქმედებს მათ ამოწურვამდე.“.

62. 681-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსის 33-ე მუხლის მე-4 ნაწილი და 217-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.“;

ბ) მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ კოდექსის 75-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 162-ე მუხლის პირველი, მე-2–მე-4, მე-6–მე-8 და მე-11 ნაწილები, 166-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 401-ე მუხლის 11 ნაწილი, 406-ე მუხლის 42 ნაწილი და 407-ე მუხლის 21 ნაწილი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 17 ივნისი.

№1681–Iს