საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4630-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 030000000.05.001.018018
4630-Iს
11/12/2015
ვებგვერდი, 23/12/2015
030000000.05.001.018018
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე.“.

2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი ერთეულის (შემდგომ – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ერთეული) მიმართვის საფუძველზე იმავე კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის თაობაზე.“.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის VII13 თავი:

„თავი VII13

ადმინისტრაციული სამართალწარმოება „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობით იზოლაციასთან დაკავშირებით

მუხლი 2151. ტერმინის განმარტება

ამ თავის მიზნებისთვის ტერმინი „პაციენტი“ გულისხმობს „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირს.

მუხლი 2152. მოსამართლის ბრძანება პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ

1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეულის მიმართვის საფუძველზე პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციისა და მისი შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ ბრძანებას გამოსცემს მაგისტრატი მოსამართლე, ხოლო იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც მაგისტრატი მოსამართლე არ მოქმედებს, – რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეულის ადგილსამყოფლის მიხედვით.

2. მოსამართლე პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციისა და მისი შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში მოთავსების საქმეს განიხილავს და ბრძანებას გამოსცემს ამ თავით დადგენილი წესით.

მუხლი 2153. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციისა და მისი შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ მოსამართლისათვის ან სასამართლოსათვის მიმართვა

1. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციისა და მისი შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ ბრძანების გამოცემის თხოვნით მაგისტრატ მოსამართლეს ან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მიმართავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ის ადგილობრივი ერთეული, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც განთავსებულია ის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი, რომელმაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივ ერთეულს პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.

2. საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეული მაგისტრატ მოსამართლეს ან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ბრძანების გამოცემის თხოვნით მიმართავს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის მიერ მისთვის შუამდგომლობით მიმართვიდან 72 საათში.

3. საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეულის მიმართვა უნდა იყოს დასაბუთებული და ეფუძნებოდეს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის შუამდგომლობას. ამ მიმართვას პაციენტის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებთან (პასპორტი, პირადობის მოწმობა, სხვა დოკუმენტი) ერთად უნდა დაერთოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის შუამდგომლობა.

მუხლი 2154. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმის განხილვისა და ბრძანების გამოცემის წესი

1. მოსამართლე პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისთვის შესაბამისი მიმართვის წარდგენიდან 48 საათში.

2. მოსამართლე პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმეს ერთპიროვნულად, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილავს. სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომელთა მონაწილეობაც აუცილებელია ადმინისტრაციული სამართალწარმოების უზრუნველსაყოფად. საქმის განხილვაში პაციენტის მონაწილეობა აუცილებელია, თუ ეს საფრთხეს არ შეუქმნის სხვა პირების ჯანმრთელობას. საქმის განხილვაში, პაციენტის გარდა, უნდა მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეულის და შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის წარმომადგენლები, პაციენტის ადვოკატი, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში – პაციენტის სხვა კანონიერი წარმომადგენელი. თუ პაციენტს არ აქვს ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა, პაციენტის სურვილის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია მას ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე დაუნიშნოს. არასრულწლოვანი პაციენტის საქმის განხილვისას არასრულწლოვანი პაციენტის ინტერესებს წარმოადგენს მისი მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც პაციენტის სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია მისი ავადმყოფობის გამო ან სხვა ობიექტური მიზეზით, მოსამართლე პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმის განსახილველად ატარებს გასვლით სასამართლო სხდომას იმ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში, რომელშიც პაციენტი იმყოფება.

3. მოსამართლე სასამართლო სხდომის გახსნის შემდეგ აცხადებს, თუ რა მიმართვა განიხილება, ასახელებს სასამართლო პროცესის მონაწილეებს, არკვევს, არის თუ არა აცილებები. საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეულის წარმომადგენელი ასაბუთებს თავის მიერ წარდგენილ მიმართვას, რის შემდეგაც უპასუხებს მოსამართლის, პაციენტის, მისი ადვოკატის ან/და სხვა კანონიერი წარმომადგენლის შეკითხვებს. პაციენტის კანონიერი წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არ არის მიმართვის განხილვის გადადების საფუძველი.

4. მოსამართლე უფლებამოსილია დაკითხოს იმ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის წარმომადგენელი, რომელმაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივ ერთეულს პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. პაციენტი, მისი ადვოკატი ან/და სხვა კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია მოითხოვოს სხვა პირთა დაკითხვაც, რომელთა ჩვენებას საქმესთან დაკავშირებით შესაძლოა არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს. პაციენტი, მისი ადვოკატი ან/და სხვა კანონიერი წარმომადგენელი ასევე უფლებამოსილია მისცეს განმარტებები სასამართლოს და ჩამოაყალიბოს საპირისპირო მოსაზრებები.

5. სასამართლო სხდომაზე დგება ოქმი. მიმართვის დასაბუთებულობის შემოწმებისა და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების შეფასების შემდეგ მოსამართლე გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციისა და მისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში არანებაყოფლობითი იზოლაციის საფუძვლის ამოწურვამდე, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა მოთავსების შესახებ.

6. თუ არ არსებობს პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის კანონით დადგენილი საფუძვლები, მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება პაციენტის არანებაყოფლობით იზოლაციაზე უარის თქმის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, თუ პაციენტი უკვე იმყოფება სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გაწერილი.

7. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანებაში მიეთითება:

ა) ბრძანების გამოცემის თარიღი და ადგილი;

ბ) მოსამართლის გვარი;

გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ის ადგილობრივი ერთეული, რომელმაც სასამართლოს მიმართვა წარუდგინა;

დ) სასამართლო პროცესის მონაწილე მხარეები;

ე) პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ განკარგულება შესაბამისი დასაბუთებით, აგრეთვე სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში მოსათავსებელი პირის ვინაობა;

ვ) ბრძანების მოქმედების ვადა, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. მოსამართლის ბრძანებაში, როგორც წესი, მიეთითება, რომ იგი პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის საფუძვლის ამოწურვამდე მოქმედებს, რასაც ადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის/„ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე;

ზ) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება, რომელმაც უნდა შეასრულოს მოსამართლის ბრძანება;

თ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

8. პაციენტის არანებაყოფლობით იზოლაციაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის დადგენილებაში მიეთითება:

ა) დადგენილების გამოტანის თარიღი და ადგილი;

ბ) მოსამართლის გვარი;

გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ის ადგილობრივი ერთეული, რომელმაც სასამართლოს მიმართვა წარუდგინა;

დ) სასამართლო პროცესის მონაწილე მხარეები;

ე) პაციენტის ვინაობა;

ვ) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება, რომელმაც უნდა შეასრულოს მოსამართლის დადგენილება;

ზ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

9. მოსამართლის ბრძანება/დადგენილება დგება ოთხ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეგზავნება მიმართვის წარმდგენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივ ერთეულს, მეორე – იმ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს, რომელმაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივ ერთეულს პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა, მესამე – პაციენტს (ან მის ადვოკატს/სხვა კანონიერ წარმომადგენელს), ხოლო მეოთხე ეგზემპლარი რჩება სასამართლოში.

10. საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეული უფლებამოსილია სასამართლოს მიერ მისი მიმართვის განხილვისას მოსამართლის სათათბირო ოთახში გასვლამდე გამოითხოვოს მიმართვა.

11. მოსამართლე წყვეტს პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმის წარმოებას „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

12. მოსამართლის ბრძანება/დადგენილება ძალაში შედის სასამართლო პროცესის მხარეებისათვის ამ ბრძანების/დადგენილების გამოცხადებისთანავე.

მუხლი 2155. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების მოქმედების ვადა, ბრძანების მოქმედების ვადის გაგრძელებისა და ბრძანების მოქმედების ვადამდე შეწყვეტის წესები

1. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანება მოქმედებს პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის საფუძვლის ამოწურვამდე, მაგრამ ბრძანების მოქმედების ვადა 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. პაციენტის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში ყოფნის ვადა აითვლება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე პაციენტის ამ დაწესებულებაში მოთავსების დღიდან.

2. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის ვადის გაგრძელების შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ერთეულის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის გაგრძელება არაუმეტეს 2 თვისა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ერთეულის მიმართვას სასამართლო განიხილავს ამ კოდექსის 2154 მუხლით დადგენილი წესით, მისი წარდგენიდან 72 საათში.

3. პაციენტმა შეიძლება მიმართოს სასამართლოს მის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის შეწყვეტის შუამდგომლობით, თუ იგი მიიჩნევს, რომ არანებაყოფლობით იზოლაციაში ყოფნისას ირღვევა მის მიმართ „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნები, ან აღარ არსებობს არანებაყოფლობითი იზოლაციის საფუძველი. სასამართლო შუამდგომლობის მიღებიდან 72 საათში წყვეტს პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის შეწყვეტის საკითხს. სასამართლო ამ გადაწყვეტილების მიღებისას სხვა გარემოებებთან ერთად ითვალისწინებს პაციენტის მიერ არანებაყოფლობითი იზოლაციის პირობებში ტუბერკულოზის საწინააღმდეგო წამლების მიღების აღდგენის საკითხს. სასამართლოს მიერ პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პაციენტი ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობას სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების მეთვალყურეობით განაგრძობს. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების მოქმედების ვადამდე შეწყვეტის შესახებ პაციენტის მიმართვა განიხილება ამ კოდექსის 2154 მუხლით დადგენილი წესით.

4. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან პაციენტის გაწერის თაობაზე გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეცნობება მაგისტრატ მოსამართლეს ან/და შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.

მუხლი 2156. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების/დადგენილების გასაჩივრება

1. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანება/დადგენილება შეიძლება სააპელაციო სასამართლოში ამ მუხლით დადგენილი წესით გაასაჩივრონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისმა ადგილობრივმა ერთეულმა, აგრეთვე პაციენტმა, მისმა ადვოკატმა, მშობელმა ან სხვა კანონიერმა წარმომადგენელმა.

2. მოსამართლის ბრძანების/დადგენილების გაუქმების შესახებ საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების/დადგენილების გამომცემ/გამომტან სასამართლოში მხარისთვის ბრძანების/დადგენილების ასლის გადაცემიდან 48 საათში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული საქმის მასალების ასლები მეორე მხარესაც ეგზავნება.

3. მოსამართლის ბრძანების/დადგენილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს ამ ბრძანების/დადგენილების მოქმედებას.

4. საჩივარს სააპელაციო სასამართლო განიხილავს არსებითად, კოლეგიურად, მისი შეტანიდან 1 კვირის ვადაში, ამ კოდექსის 2154 მუხლით დადგენილი წესით. ამასთანავე, სააპელაციო საჩივრის განხილვისას სასამართლო უფლებამოსილია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად საკუთარი ინიციატივით ან სასამართლო პროცესის მონაწილე მხარეთა მოთხოვნით დამატებითი ექსპერტიზა დანიშნოს. დამატებითი ექსპერტიზა სახელმწიფოს ხარჯზე ტარდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის დანიშვნას სასამართლო პროცესის მონაწილე ერთ-ერთი მხარე ითხოვს.

5. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ მოსამართლის ბრძანებას აუქმებს ბრძანებით, ხოლო გასაჩივრებულ მოსამართლის დადგენილებას – დადგენილებით.

6. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება/დადგენილება საბოლოოა და არ საჩივრდება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

11 დეკემბერი 2015 წ.

N4630-Iს