დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიასთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრისა და საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2600 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020434 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2600
2015 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიასთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრისა და საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 23 პუნქტისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალზე 41,6 მვტ სიმძლავრის „ხობიჰესი 2“-ის პროექტის ფარგლებში, სადერივაციო გვირაბისა და გამათანაბრებელი რეზერვუარის მშენებლობისათვის მისასვლელი გზების მშენებლობის მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მართვას დაქვემდებარებული, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის ჩხოროწყუს სატყეო უბნის მუხურის სატყეოს ყოფ. საკოლმეურნეო ტყეში არსებული, 22 926 კვ.მ მიწის ფართობით, სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადა (ხე-მცენარეების ჭრის უფლებით), შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას“ (ს/კ: 205256177) განესაზღვროს 3 (სამი) წლით.
2. შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას“ მიეცეს უფლება, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ტერიტორიიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების შემდეგი სახეობები:
ა) ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.) - 102 (ას ორი) ინდივიდი;
ბ) კაკლის ხე ( Juglans regia L) - 7 (შვიდი) ინდივიდი;
გ) კოლხური ბზა (Buxus colchica Pojark.) - 2 (ორი) ინდივიდი.
3. შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგია“ ვალდებულია:
ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ;
ბ) მოჭრილი მერქნული რესურსი დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით დაასაწყობოს სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს სააგენტოს მიღება-ჩაბარების აქტით.
4. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები