დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 984 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/12/2004 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 42, 31/12/2004 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 12/10/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 120.260.020.05.001.001.721 |
საქართველოს კანონი
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ.16) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:
1. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამხედრო ვალდებულების მოსახდელად მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევა ხდება, როგორც წესი, წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე.”.
2. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 36. სამხედრო სამსახურიდან ვადამდე დათხოვნა
1. სამხედრო სამსახურიდან ვადამდე ითხოვენ იმ სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც სამხედრო-სამედიცინო-საექსპერტო კომისიამ სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად ან შეზღუდულად ვარგისად ცნო.
2. სამხედრო სამსახურიდან სამხედრო მოსამსახურის ვადამდე დათხოვნის სხვა შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის გაწვევით, სამხედრო სამსახურიდან ვადამდე ითხოვენ ამ კანონის 29-ე ან 30-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების წარმოქმნისას.
4. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილია უგზო-უკვლოდ დაკარგულად, ამოირიცხება სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობის სიიდან.
5. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის გაწვევით, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული პირობებისა, ცალკეულ შემთხვევებში სამხედრო სამსახურიდან ვადამდე შეიძლება დათხოვნილი იქნეს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.”.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 29 დეკემბერი.
№984–რს
დოკუმენტის კომენტარები