„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 597
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 29/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 430050000.10.003.018983
597
27/11/2015
ვებგვერდი, 02/12/2015
430050000.10.003.018983
„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №597

2015 წლის 27 ნოემბერი

   ქ. თბილისი

 

„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/02/2015, 430050000.10.003.018453) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ VI თავი (მასწავლებელთა კარიერული წინსვლა, მოქმედი მასწავლებლების სქემაში განაწილება) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი VI. მასწავლებელთა კარიერული წინსვლა, მოქმედი მასწავლებლების სქემაში განაწილება

მოქმედი მასწავლებლების სქემაში განაწილება  რეგულირდება „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მასწავლებლების განაწილების წესით“. 

მასწავლებლების პირველადი განაწილება სქემაში განხორციელდება 2015 წლის 20 აგვისტოდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლებელია დადგინდეს მასწავლებლების სქემაში განაწილების დამატებითი ვადა. ის მასწავლებლები, რომლებსაც შეჩერებული აქვთ შრომითი ურთიერთობა, სქემაში განაწილდებიან შრომითი ურთიერთობის აღდგენის შემდგომ, რისთვისაც წერილობითი ფორმით მიმართავენ  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს. სქემაში ჩართვა სავალდებულოა საჯარო სკოლის ყველა მასწავლებლისათვის, ხოლო კერძო სკოლებს ექნებათ არჩევანი, ჩაერთონ სქემაში ან აამოქმედონ მასწავლებლის შეფასების სქემასთან თავსებადი სისტემა, რითაც მასწავლებლებს არ შეეზღუდებათ უფლება, განახორციელონ სკოლიდან სკოლაში მობილობა.

სქემაში მასწავლებლების განაწილებისას:

პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება ყველა არასერტიფიცირებულ მოქმედ მასწავლებელს.

უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება მოქმედ მასწავლებელს, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) ამ სქემის ამოქმედების დროისათვის, არის სერტიფიცირებული ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნობრივი ჯგუფის ერთ-ერთ საგანში და შესაბამისი სასწავლო წლის განმავლობაში, ასწავლის ამავე საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს;

ბ) 2014 წლის ბოლომდე, წარმატებით აქვს დაძლეული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის უნარების ნაწილი, 2015 წლის ზაფხულის ჩათვლით, წარმატებით ჩააბარებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნობრივ ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი საგნის გამოცდას და შესაბამისი სასწავლო წლის განმავლობაში ასწავლის ამავე საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს;

გ) აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი განათლების მიმართულებით ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი სასწავლო წლის განმავლობაში.

წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება მოქმედ მასწავლებელს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი განათლების მიმართულებით ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და არის სერტიფიცირებული ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანში და შესაბამისი სასწავლო წლის განმავლობაში, ასწავლის ამავე საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს.

მოქმედ მასწავლებელს მენტორის სტატუსი მიენიჭება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

განაწილების შედეგად, მასწავლებელი მიიღებს თავისი სტატუსის შესაბამის სერტიფიკატს, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გასცემს.

მოქმედი მასწავლებლების სქემაში განაწილების მიზნით, იქმნება ელექტრონული სისტემა.“.

მუხლი 2
იმ მასწავლებელთა სახელფასო ზრდა, რომლებსაც სქემით განსაზღვრული სტატუსი მიენიჭებათ ამ დადგენილების ამოქმედების შემდგომ, განხორციელდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან.
მუხლი 3
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 20 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი