„სამხედრო ვალდებულების და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სამხედრო ვალდებულების და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 641
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/12/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38, 24/12/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 120.260.020.05.001.001.610
  • Word
641
09/12/2004
სსმ, 38, 24/12/2004
120.260.020.05.001.001.610
„სამხედრო ვალდებულების და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ.16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიული), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო ვალდებულება შეიძლება მოხდილ იქნეს საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც. საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის ვადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის განისაზღვრება ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის სამხედრო მოსამსახურემ უნდა ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდები. საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტით.“.

2. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოქალაქის პირველად სამხედრო აღრიცხვას ახორციელებენ რაიონის ან ქალაქის (რაიონული დაყოფის გარეშე) ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებები იმ წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე, როდესაც მას უსრულდება 17 წელი.“.

3. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოქალაქის პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისას სამედიცინო შემოწმების ხარჯების დაფინანსება და სამედიცინო კომისიების წევრი ექიმ-სპეცია-ლისტების შრომითი ანაზღაურება წარმოებს შესაბამისი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტის ხარჯზე, კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების შესაბამისად.“.

4. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 17. სამხედრო სამსახურისათვის მოქალაქის მომზადების სახეები

1. სამხედრო სამსახურისათვის მოქალაქის მომზადება ითვალისწინებს:

ა) სამხედრო-პატრიოტულ აღზრდას;

ბ) ფიზიკურ მომზადებას და სპორტის სამხედრო-გამოყენებით სახეობებში მეცადინეობას;

გ) სამკურნალო-პროფილაქტიკურ და გამაჯანსაღებელ მუშაობას;

დ) რეზერვის სამხედრო სპეციალისტების მომზადებასა და გადამზადებას სამხედრო ნაწილებში სპეციალურ შეკრებებზე, აგრეთვე პერიოდულად რეზერვის ოფიცრების სამეთაურო მომზადებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების საგანმანათლებლო დაწესებულებებში განხორციელების პროგრამა განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა და თავდაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით.“.

5. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 19. რეზერვისტთა მომზადება

1. მოქალაქე რეზერვისტთა მომზადების შესაბამისი პროგრამით მომზადებას ერთი წლის ვადით გადის უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიაში ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სხვა სასწავლებელში.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული რეზერვისტთა მომზადების შესაბამისი პროგრამის გავლა ჩაითვლება სამხედრო ვალდებულების მოხდად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ რეზერვისტთა მომზადების პროგრამას შეიმუშავებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და საქართველოს თავდაცვის მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

4. უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიაში ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სხვა სასწავლებელში მოსამზადებელ რეზერვისტთა რიცხოვნობას სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით განსაზღვრავს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.“.

6. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამხედრო ძალებში გაწვევის საფუძველია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელსაც შეიმუშავებს ეროვნული უშიშროების საბჭო რეგიონალური პოლიტიკისა და ადგილობრივი თვით-მმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის განყოფილების (შემდგომში – გაწვევის განყოფილება) მიერ წარმოდგენილი პროექტის საფუძველზე. პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს სამხედრო ძალების მოთხოვნები.“.

7. 21-ე მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას აწარმოებს რაიონის, ქალაქის (რაიონული დაყოფის გარეშე) ადგილობრივი მმართველობის ორგანო, ხოლო საკონტრაქტო პროფესიულ სამხედრო სამსახურში გაწვევას (გარდა წვევამდელებისა) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ან შესაბამისი უწყება.“.

9. 23-ე მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რადაქციით:

„31. გაწვევის განყოფილება გაწვევის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებიდან მიღებულ ინფორმაციას შეჯერებული სახით წარუდგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს.“.

10. 24-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-3 – მე-4 პუნქტები.

11. 25-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამწვევ კომისიას ეკისრება თავისი კომპეტენციის ფარგლებში წვევამდელის მიმართ ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიღება:

ა) სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ;

ბ) სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ;

გ) სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების შესახებ;

დ) სამხედრო ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ;

ე) სამხედრო სასწავლებელში სწავლისათვის ვარგისიანობის შესახებ.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოქალაქის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გამწვევი კომისია წვევამდელს წარადგენს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრულ შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში, სადაც ფუნქციონირებს მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია, რომელიც სამედიცინო შემოწმების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე დამატებითი სამედიცინო გამოკვლევის) შემდეგ ადგენს წვევამდელის ვარგისიანობის ხარისხსა და კატეგორიას, ხოლო იმ სამხედრო ძალების სახეობას, სადაც მან უნდა გაიაროს სამხედრო სავალდებულო სამსახური, განსაზღვრავს შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტი.“.

12. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით იქმნება ცენტრალური გამწვევი კომისია და იმავე ბრძანებულებით განისაზღვრება ცენტრალური გამწვევი კომისიის თავმჯდომარე. ცენტრალურ გამწვევ კომისიაში იქმნება – მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია, რომლის უფლებამოსილება, სამედიცინო შემოწმების ორგანიზებისა და ჩატარების წესი განისაზღვრება დებულებით „სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზის შესახებ“, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“.

13. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 27. სამედიცინო შემოწმება

1. სამხედრო სამსახურში გასაწვევი მოქალაქე სამედიცინო შემოწმებას გადის წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში არსებულ მუდმივმოქმედ სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიაში.

2. მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია შემოწმების შემდეგ წვევამდელის შესახებ იძლევა დასკვნას სამხედრო სამსახურისათვის მისი ვარგისიანობის თაობაზე შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ა) ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის;

ბ) ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის უმნიშვნელო შეზღუდვით;

გ) შეზღუდულად ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის;

დ) დროებით უვარგისია სამხედრო სამსახურისათვის;

ე) უვარგისია სამხედრო სამსახურისათვის.

3. მოქალაქეთა სამხედრო სამსახურისათვის მოსამზადებელი სამკურნალო-პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი ღონისძიებები, სამხედრო ძალებში გასაწვევ წვევამდელთა დამატებითი სამედიცინო გამოკვლევები და მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ ჩატარებული სამუშაოები ფინანსდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან.“.

14. 30-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) არის უმაღლესი ან საშუალო სპეციალური სასწავლებლის სტუდენტი და ჩარიცხული იყო სამხედრო კათედრაზე – ამ პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) არის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი – სწავლის დამთავრებამდე ერთჯერ, 24 წლის ასაკამდე;“.

15. 32-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) გაწვევით ვადიანი საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გამვლელისათვის 3 ან 5 წელი;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

16. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 33. სამხედრო თანამდებობანი

„1. სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით სამხედრო თანამდებობათა ნუსხას ადგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით ან შესაბამისი სამხედრო უწყების ხელმძღვანელი და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

2. ყოველი სამხედრო თანამდებობისათვის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით ან სხვა შესაბამისი სამხედრო უწყება აწესებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.“.

17. 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცრებს ამ კანონით დადგენილი სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკის მიღწევის შემდეგ სამხედრო სამსახურიდან დაითხოვს საქართველოს პრეზიდენტი.“.

18. 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირველადი სამხედრო წოდება – კაპრალი (სპეციალისტი), უმცროსი სერჟანტი, უმცროსი ლეიტენანტი – ენიჭებათ პირებს, რომლებმაც უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიაში ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სხვა სასწავლებელში გაიარეს რეზერვისტთა მომზადების შესაბამისი პროგრამა;“.

19. მე-40 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გაიარეს კაპრალის (სპეციალისტის), უმცროსი სერჟანტის, უმცროსი ლეიტენანტის მომზადების სპეციალური პროგრამა უმაღლეს სამხედრო სასწავ-ლებელში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიაში ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სხვა სას-წავლებელში და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით მიენიჭათ შესაბამისი სამხედრო წოდება;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სარეზერვო ფორმირებები კომპლექტდება და მათი პირადი შემადგენლობა სათანადო სამხედრო მომზადებას გადის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამობილიზაციო გეგმის მიხედვით, რომელსაც თავდაცვის მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“.

20. 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში მყოფი მოქალაქე სამხედრო სამსახურისათვის მომზადების ან გადამზადების მიზნით შეიძლება გაწვეულ იქნეს სამხედრო შეკრებაზე. სამხედრო შეკრების ჩატარების დროს, ადგილსა და ვადას განსაზღვრავს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და დასამტკიცებლად წარუდგენს თავდაცვის მინისტრს.“.

21. 46-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ კანონის 30-ე მუხლის „გ1“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2005 წლის პირველი აპრილიდან, კანონმდებლობით გათვალისწინებული უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაციის შემდეგ.“.

22. 47-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 23 სექტემბრის №629 ბრძანებულების „საქართველოს სამხედრო ძალებისათვის რეზერვის ოფიცრებად სტუდენტთა მომზადების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ პირველი პუნქტის პირველი – მე-3 აბზაცები და მე-2 – მე-10 პუნქტები.“.

23. 48-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“–„ზ“ ქვეპუნქტები:

„ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა გამოსცენ ერთობლივი ბრძანება ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების საგანმანათლებლო დაწესებულებებში განხორცილების პროგრამის თაობაზე;

ვ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 2005 წლის პირველ იანვრამდე უზრუნველყოს რეზერვისტთა მომზადების პროგრამის შემუშავება და საქართველოს თავდაცვის მინისტრისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ზ) საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2005 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს რეზერვისტთა მომზადების პროგრამის დამტკიცება.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 9 დეკემბერი.

№641–IIს