დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „თ და კ რესტორნებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და შპს „თ და კ რესტორნების“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2331 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020222 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2331
2015 წლის 29 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „თ და კ რესტორნებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და შპს „თ და კ რესტორნების“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. რუსთავში, მეგობრობის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 1934.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №02.04.03.545) და ქ. რუსთავში, მეგობრობის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 2183.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №02.04.03.546) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 200 000 (ორასი ათასი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „თ და კ რესტორნებს“ (ს/კ: 204909180).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებასა და შპს „თ და კ რესტორნების“ საკუთრებაში არსებულ, ქ. რუსთავში, მეგობრობის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 1614.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №02.04.03.366) პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, „McDonald's“-ის სავაჭრო ნიშნით მომუშავე სწრაფი კვების რესტორნის მშენებლობა და აღჭურვა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 11 (თერთმეტი) თვის ვადაში;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 11 (თერთმეტი) თვის ვადაში;
დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან 1 (ერთი) თვეში, ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სწრაფი კვების რესტორანში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, არანაკლებ 40 (ორმოცი) ადამიანის დასაქმება არანაკლებ 1 (ერთი) წლის ვადით.
3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს თვითმმართველი ქალაქ რუსთავის ქონების სააუქციონო კომისიის 2009 წლის 2 სექტემბრის პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №46-1 ოქმის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პირობებისგან განსხვავებული პირობა და შპს „თ და კ რესტორნების“ ვალდებულებად განისაზღვროს ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულება.
4. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს „თ და კ რესტორნები“ (ფ/პ დავით ხამაშურიძის უფლებამონაცვლე) გათავისუფლდეს ამ განკარგულების მე-3 პუნქტის საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, თვითმმართველი ქალაქ რუსთავის ქონების სააუქციონო კომისიის 2009 წლის 2 სექტემბრის პირობით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №46-1 ოქმის საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოსგან იმ პირობით, რომ იგი შეასრულებს ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საპრივატიზებო პირობებს.
5. შპს „თ და კ რესტორნები“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის ოდენობის არანაკლებ 5%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრულ საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.
6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები