ქალაქ თბილისის მუნიციპალური პროგრამის ,,ხალხური რეწვის დარგის განვითარება“ დამტკიცების თაობაზე

ქალაქ თბილისის მუნიციპალური პროგრამის ,,ხალხური რეწვის დარგის განვითარება“ დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 26-105
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/10/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.016224
26-105
30/10/2015
ვებგვერდი, 03/11/2015
010250050.35.101.016224
ქალაქ თბილისის მუნიციპალური პროგრამის ,,ხალხური რეწვის დარგის განვითარება“ დამტკიცების თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

       ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26-105

2015 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალური პროგრამის ,,ხალხური რეწვის დარგის განვითარება“ დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1.  დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალური პროგრამა – „ ხალხური რეწვის დარგის განვითარება“, დანართის შესაბამისად.         
2.  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი



დანართი
ქალაქ თბილისის მუნიციპალური პროგრამა

„ხალხური რეწვის დარგის განვითარება“

 

თავი I. ზოგადი ნაწილი


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალური პროგრამის „ხალხური რეწვის დარგის განვითარება“ (შემდგომში პროგრამა) მიზანია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში (შემდგომში თბილისი) ხალხური რეწვის დარგის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.

2. პროგრამის ამოცანებია:

ა) თბილისში მოქმედი მეწარმეების კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო გაყიდვების (მათ შორის, საქართველოში უცხოელ ტურისტებზე) პოტენციალის ზრდა;

ბ)თბილისში მოქმედი ხალხური რეწვის დარგის მეწარმეების სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება;

გ)თბილისში მოქმედი ხალხური რეწვის დარგის მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხისა და ასორტიმენტის ზრდა;

დ)  თბილისში  ხალხური რეწვის დარგში მეწარმეთა  და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა.

3. პროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი“ (შემდგომში ცენტრი).

4. პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, პროგრამით  გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად, კონტრაქტორების/მიმწოდებლების შერჩევა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ პროგრამის მიზნებისათვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დარგი – ხალხური რეწვის ინდუსტრია;

ბ) ხალხური რეწვა მხატვრული ღირებულების მქონე დეკორატიული ან/და ფუნქციონალური დატვირთვის მატარებელი პროდუქციის შექმნა, ხელით ან/და მარტივი საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით;

გ) მეწარმე სუბიექტი – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რეგისტრირებული ხალხური რეწვის დარგში მოქმედი მეწარმე სუბიექტი, აგრეთვე ხალხური რეწვის დარგში მოქმედი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, გარდა, სახელმწიფოს ან  მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებისა;

დ) სამრეწველო ბენეფიციარი – მეწარმე სუბიექტი, რომელმაც მიიღო პროგრამით განსაზღვრული ხელშეწყობა, დადგენილი პირობების შესაბამისად;

ე) სავაჭრო ბენეფიციარი – მეწარმე სუბიექტი, რომელმაც მიიღო პროგრამით განსაზღვრული ხელშეწყობა, დადგენილი პირობების შესაბამისად და უზრუნველყოფს ხალხური რეწვის მაღაზიის ფუნქციონირებას;

 ვ) საფინანსო ორგანიზაცია – იურიდიული პირი, რომლის საქმიანობას წარმოადგენს ფინანსური მომსახურების განხორციელება, მოქმედებს კომერციული ბანკის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სახით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და პროგრამის ფარგლებში, თანამშრომლობს ცენტრთან;

ზ) პროგრამის ინსტრუმენტი – ცენტრის მიერ პროგრამის განხორციელების მიზნით გამოყენებული სამრეწველო და სავაჭრო ბენეფიციარების ან/და ხალხური რეწვის დარგის ხელშეწყობის საშუალება;

თ) კომპონენტი პროგრამის ინსტრუმენტის შემადგენელი ნაწილი, რომელიც პროგრამის ინსტრუმენტის გამოყენებისას მიეწოდება ბენეფიციარს ან/და დარგს როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა კომპონენტთან/კომპონენტებთან ერთობლივად;

ი) სამრეწველო-სავაჭრო ფართი – პროგრამის სამრეწველო ბენეფიციარის მიერ ხალხური რეწვის პროდუქციის შექმნისა და რეალიზაციის მიზნით გამოყენებული ფართი;

კ) ხალხური რეწვის მაღაზია – პროგრამის სამრეწველო ბენეფიციარების და დარგში მოქმედი სხვა მეწარმე სუბიექტების მიერ წარმოებული პროდუქციის სარეალიზაციო სივრცე;

ლ) აპლიკანტი პროგრამით გათვალისწინებული ინსტრუმენტით სარგებლობის მსურველი პირი;

მ) განაცხადი – აპლიკანტის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, ცენტრში წარმოდგენილი მხარდაჭერის მოპოვების მოთხოვნა პროგრამის ერთი ან ერთზე მეტი ინსტრუმენტით სარგებლობის თაობაზე;

ნ) კომისია – ამ პროგრამის შესაბამისად, შექმნილი კომისია, რომელიც განიხილავს ცენტრში შემოსულ განაცხადებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, აგრეთვე ასრულებს ამ პროგრამით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.


მუხლი 3. პროგრამის ბენეფიციარები
პროგრამის ბენეფიციარები შეიძლება გახდნენ, ხალხური რეწვის დარგში მოქმედი თბილისში რეგისტრირებული და თბილისში ძირითადი საქმიანობის მქონე მეწარმე   სუბიექტები.

მუხლი 4. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამა ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით, ცენტრისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

თავი II. პროგრამის ინსტრუმენტები


მუხლი 5. პროგრამის ინსტრუმენტები
პროგრამა ხორციელდება ერთი ან რამდენიმე ინსტრუმენტის გამოყენებით. პროგრამის განხორციელებისას ცენტრი უფლებამოსილია, გამოიყენოს შემდეგი ინსტრუმენტები:

         ა) ფინანსური მხარდაჭერა;

         ბ) კომერციული მხარდაჭერა;

      გ) მატერიალურ-ტექნიკური, ინტელექტუალური ან/და მომიჯნავე სფეროების მხარდაჭერა.


მუხლი 6. ფინანსური მხარდაჭერის ინსტრუმენტი
1. ფინანსური მხარდაჭერის ინსტრუმენტი გულისხმობს პროგრამის სამრეწველო და სავაჭრო ბენეფიციარების ხარჯების დაფინანსებას და მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

ა) სამრეწველო ბენეფიციარის გადაიარაღებისთვის საჭირო ხარჯების თანადაფინანსება, შემდეგი პირობების დაცვით:

ა.ა) სამრეწველო ბენეფიციარების მიერ გადაიარაღებისთვის შეიძლება, შეძენილი იქნეს დაზგა-დანადგარები, საწარმოო პროცესებისთვის საჭირო ინვენტარი, საწარმოო პროცესის გაუმჯობესებისთვის საჭირო სხვა აღჭურვილობა და მოწყობილობები(გარდა ნედლეულისა);

ა.ბ) სამრეწველო ბენეფიციარის გადაიარაღებისთვის ცენტრიდან მოთხოვნილი/გაცემული თანადაფინანსების  ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხარჯების სრული ოდენობის 80%-ს;

ა.გ) ერთი სამრეწველო ბენეფიციარის გადაიარაღებისათვის ცენტრიდან მოთხოვნილი/გაცემული თანადაფინანსების თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 15,000 (თხუთმეტი ათასი) ლარს.

ბ) სამრეწველო ბენეფიციარისთვის სამრეწველო-სავაჭრო ფართის ქირის თანადაფინანსება, შემდეგი პირობების დაცვით:

ბ.ა) სამრეწველო ბენეფიციარისთვის სამრეწველო-სავაჭრო ფართის ქირის თანადაფინანსების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს18 (თვრამეტი) თვეს;

ბ.ბ) ცენტრიდან მოთხოვნილი/გაცემული თანადაფინანსების  მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ფართის ყოველთვიური ქირის 80%-ს, ამასთან, ფართის ქირა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი საექსპერტო დასკვნით დადგენილი დასაქირავებელი ფართის ქირის საბაზრო  ღირებულების  80%-ს;

ბ.გ) ერთი სამრეწველო ბენეფიციარისთვის სამრეწველო-სავაჭრო ფართის ყოველთვიური ქირის ცენტრიდან მოთხოვნილი/გაცემული თანადაფინანსების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1,600  (ათას ექვსასი) ლარს.

გ) ხალხური რეწვის მაღაზიის ფართის სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსება. ცენტრიდან მოთხოვნილი/გაცემული თანადაფინანსების  ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სრული სარემონტო ხარჯების 80%-ს, ამასთან არაუმეტეს 225 ( ორას ოცდახუთი) ლარს სარემონტო ფართის 1 მ2-ზე;

დ) სავაჭრო ბენეფიციარისთვის ხალხური რეწვის მაღაზიის მოწყობის (ავეჯი, ინვენტარი და სხვა) ხარჯების დაფინანსება, ამასთან, ერთი ხალხური რეწვის მაღაზიის მოწყობის ხარჯების ცენტრიდან მოთხოვნილი/გაცემული დაფინანსების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 15,000 (თხუთმეტი ათასი) ლარს;

ე) სავაჭრო ბენეფიციარისთვის ხალხური რეწვის მაღაზიის ფართის ქირის თანადაფინანსება მოხდეს შემდეგი პირობების დაცვით:

ე.ა) ხალხური რეწვის მაღაზიის ფართის ქირის თანადაფინანსების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 18 (თვრამეტი) თვეს;

ე.ბ) სავაჭრო ბენეფიციარისთვის ხალხური რეწვის მაღაზიის ფართის ქირის ცენტრიდან მოთხოვნილი/გაცემული თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად:

ე.ბ.ა) ფართის ყოველთვიური ქირის 70%-ით პირველი 6 თვის განმავლობაში. ამასთან, ფართის ქირა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი საექსპერტო დასკვნით დადგენილი დასაქირავებელი ფართის ქირის საბაზრო ღირებულების 70%-ს, მაგრამ, არაუმეტეს 4,500  (ოთხი ათას ხუთასი) ლარს თვეში;

ე.ბ.ბ) ფართის ყოველთვიური ქირის 50%-ით მომდევნო 6 თვის განმავლობაში. ამასთან, ფართის ქირა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი საექსპერტო დასკვნით დადგენილი დასაქირავებელი ფართის ქირის საბაზრო ღირებულების 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 3,000 (სამი ათასი) ლარს თვეში;

ე.ბ.გ) ფართის ყოველთვიური ქირის 30%-ით დარჩენილი 6 თვის განმავლობაში. ამასთან, ფართის ქირა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი საექსპერტო დასკვნით დადგენილი დასაქირავებელი ფართის ქირის საბაზრო ღირებულების 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 2,000 (ორი ათასი) ლარს თვეში.

ვ) სესხის პროცენტის თანადაფინანსება, მოხდეს შემდეგი პირობების დაცვით:

ვ.ა) სესხის პროცენტის თანადაფინანსება განისაზღვრება საფინანსო ორგანიზაციის მიერ,  ბენეფიციარზე გაცემული სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთიდან არაუმეტეს 8 (რვა) საპროცენტო ერთეულის ოდენობით;

 ვ.ბ) სესხის პროცენტის თანადაფინანსება შეიძლება მოხდეს ბენეფიციარზე გაცემული სესხის არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის შესაბამისი საპროცენტო ხარჯის, კრედიტის პირველი ტრანშის გაცემიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) თვის განმავლობაში;

ვ.გ) პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტი სესხის დამტკიცებისათვის მიმართავს საფინანსო ორგანიზაციას, რომელიც ამ პროგრამის პირობების და საფინანსო ორგანიზაციაში მოქმედი საკრედიტო პოლიტიკის შესაბამისად, განიხილავს  სესხის დამტკიცების საკითხს;

ვ.დ) საფინანსო ორგანიზაციის მიერ დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სესხის დამტკიცებისთანავე, საფინანსო ორგანიზაცია ცენტრს აცნობებს სესხის გრაფიკს, თანადაფინანსების ყოველთვიური თანხის ოდენობას და კრედიტთან დაკავშირებულ სხვა მონაცემებს;

ვ.ე) საფინანსო ორგანიზაციის მიერ,  ბენეფიციარზე გაცემული სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს:

ვ.ე.ა) 50,000 აშშ დოლარამდე (ან ეკვივალენტი ევროში) სესხის შემთხვევაში 15%-ს;

ვ.ე.ბ) 50,000-დან  100,000 აშშ დოლარის ჩათვლით (ან ეკვივალენტი ევროში) სესხის შემთხვევაში 14%-ს;

ვ.ე.გ) 100,000 აშშ დოლარზე მეტი (ან ეკვივალენტი ევროში)  სესხის შემთხვევაში 13%-ს;

ვ.ე.დ) 125,000 ლარამდე სესხის შემთხვევაში 17%-ს;

ვ.ე.ე) 125,000-დან 250,000 ლარის ჩათვლით სესხის შემთხვევაში 16%-ს;

ვ.ე.ვ) 250,000 ლარზე მეტი სესხის შემთხვევაში 15%-ს.

ვ.ვ) ამ პროგრამის ფარგლებში, საფინანსო ორგანიზაციის მიერ,  ბენეფიციარზე სესხი შეიძლება გაიცეს შემდეგი პირობებით:

ვ.ვ.ა) სესხის დამტკიცების, გაცემის ჯამური საკომისიო განისაზღვრება მაქსიმუმ 0,1%-ის ოდენობით;

ვ.ვ.ბ) სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო და ჯარიმა განისაზღვრება 0%-ის ოდენობით;

ვ.ვ.გ) სესხის რეფინანსირების შემთხვევაში, საფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია ბენეფიციარს დააკისროს საკომისიო არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ ასეთი შემთხვევებისათვის დაწესებული განაკვეთისა;

ვ.ვ.დ) სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული გადასახდელი თანხის ვადაგადაცილების შემთხვევაში, საფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია, ბენეფიციარს დაარიცხოს ჯარიმა არაუმეტეს ვადაგადაცილებული გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ვ.ვ.ე) სესხის ძირითად თანხაზე გათვალისწინებული საშეღავათო პერიოდი  განისაზღვრება საფინანსო ორგანიზაციის მიერ ინდივიდუალურად, მაქსიმუმ 12 (თორმეტი) თვის პერიოდით;

ვ.ვ.ვ) საფინანსო ორგანიზაციის მიერ სესხის რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში, ცენტრის მიერ გადასახდელი ყოველთვიური თანადაფინანსების თანხა არ უნდა აღემატებოდეს თავდაპირველად დამტკიცებული გრაფიკით გათვალისწინებულ ოდენობას;

ვ.ვ.ზ) ლარის კურსის ცვლილების შემთხვევაში, ცენტრის მიერ, საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების  ყოველთვიური თანხა არ უნდა აღემატებოდეს სესხის გაცემის დღეს დამტკიცებული ყოველთვიური  გადასახდელი თანხის ოდენობას;

ვ.ვ.თ) ცენტრი უფლებამოსილია საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება შეწყვიტოს:

ვ.ვ.თ.ა) ბენეფიციარის მიერ გადახდის გრაფიკის 90 (ოთხმოცდაათი) დღეზე მეტი პერიოდით ვადაგადაცილების შემთხვევაში;

ვ.ვ.თ.ბ)  ბენეფიციარის მიერ კრედიტის მიზნობრიობის დარღვევის შემთხვევაში;

ვ.ვ.თ.გ) სესხის რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში, თუ ახალი პირობები შეუსაბამოა პროგრამით განსაზღვრულ პირობებთან;

ვ.ვ.თ.დ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით, ცენტრისათვის დამტკიცებული, ასიგნებების შემცირების შემთხვევაში;

ვ.ვ.თ.ე) მხარეთა შეთანხმებით.

ვ.ზ) სესხის გაცემასთან დაკავშირებულ სხვა პირობებს საფინანსო ორგანიზაცია განსაზღვრავს  ინდივიდუალურად, საფინანსო ორგანიზაციის მიერ დადგენილი შიდა სტანდარტების და რეგულაციების შესაბამისად.

2. ფინანსური მხარდაჭერის ინსტრუმენტით  გათვალისწინებული კომპონენტების სარგებლობისას ჯამურად მოთხოვნილი/გაცემული თანადაფინანსების  მაქსიმალური ოდენობა ერთ სამრეწველო ბენეფიციარზე არ უნდა აღემატებოდეს 60,000 (სამოცი ათასი) ლარს, ხოლო სავაჭრო ბენეფიციარზე არ უნდა აღემატებოდეს 100,000 (ასი ათასი) ლარს.

3. ქალაქ თბილისის შესაბამისი წლის ბიუჯეტით, ცენტრისათვის გამოყოფილი, საბიუჯეტო ასიგნებების შემცირების, ბენეფიციარის მიერ ამ პროგრამით და ცენტრთან დადებული ხელშეკრულებით დადგენილი პირობების და ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია შეწყვიტოს პროგრამის ინსტრუმენტების გამოყენება.

4. ფინანსური მხარდაჭერის ინსტრუმენტის გამოყენება ხდება ამ პროგრამის V თავით დადგენილი წესით.

 


მუხლი 7. კომერციული მხარდაჭერის ინსტრუმენტი
1. კომერციული მხარდაჭერის ინსტრუმენტი გულისხმობს პროგრამის ბენეფიციარებისთვის წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის და საექსპორტო ბაზრებზე პოპულარიზაციის ხელშეწყობას, რომელიც შეიძლება მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს:

ა) უცხოელი პოტენციური საბითუმო მყიდველების ჯგუფების ჩამოყვანის და სამრეწველო ბენეფიციარებთან საქმიანი შეხვედრების ორგანიზების ხელშეწყობა, რომელიც თავის მხრივ მოიცავს:

ა.ა) უცხოელი პოტენციური საბითუმო მყიდველების ჰონორარების სრულად ან ნაწილობრივდაფინანსებას;

ა.ბ) უცხოელი პოტენციური საბითუმო მყიდველების ავიაბილეთების, სასტუმროს და შიდა ტრანსპორტირებისღირებულების სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსებას;

ა.გ) უცხოელი პოტენციური საბითუმო მყიდველების და ადგილობრივი მეწარმეების საქმიანი შეხვედრებისთვის ივრცის და  აღჭურვილობის ქირავნობის ღირებულების სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას.

ბ) საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენებსა და ბაზრობებში (მათ შორის, დღესასწაულების პერიოდში) სამრეწველო ბენეფიციარების მონაწილეობის მიღების ხელშეწყობა, რომელიც თავის მხრივ მოიცავს:

ბ.ა) სამრეწველო ბენეფიციარების საერთაშორისო გამოფენებსა და ბაზრობებში მონაწილეობის თვის მგზავრობის და სასტუმროს მომსახურების ღირებულების სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსებას;

ბ.ბ) საერთაშორისო გამოფენებსა და ბაზრობებში წარმოსაჩენი პროდუქციის ტრანსპორტირების ღირებულების სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსებას;

ბ.გ) საერთაშორისო გამოფენებსა და ბაზრობებში მონაწილეობის მიღებისთვის საჭირო სივრცის, სტენდის ქირავნობის და მასთან დაკავშირებული სხვა საჭიროების სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსებას;

ბ.დ) ადგილობრივ გამოფენებსა და ბაზრობებში (მათ შორის, სადღესასწაულო პერიოდებში) მონაწილეობის მიღებისთვის საჭირო სივრცის, სტენდის ქირავნობის და მასთან დაკავშირებული სხვა საჭიროების სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსებას;

გ) კონფერენციების, სამიტების, ფესტივალების და მათთან დაკავშირებული ღონისძიებების, ხალხური რეწვის დარგში წლის საუკეთესო ოსტატების კონკურსის მეშვეობით შერჩევისა და დაჯილდოების ცერემონიალის ჩატარების ორგანიზება, რომელიც თავის მხრივ მოიცავს:

გ.ა) კონფერენციების, სამიტების, ფესტივალების და მათთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარებისთვის საჭირო სივრცის ქირავნობის ღირებულების სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსებას;

გ.ბ) კონფერენციების, სამიტების, ფესტივალების და მათთან დაკავშირებული ღონისძიებების უცხოელი მონაწილეების ვიზიტთან დაკავშირებული ავიაბილეთებისა და სასტუმროს მომსახურების ღირებულების სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსებას;

გ.გ) კონფერენციების, სამიტების და ფესტივალების ჩატარებასთან დაკავშირებული ბეჭდვითი მასალის ღირებულების სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსებას;

გ.დ) წლის საუკეთესო ოსტატების შერჩევის მიზნით კონკურსის ჟიურის წევრების ჰონორარების სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსებას;

გ.ე) წლის საუკეთესო ოსტატების დაჯილდოების ცერემონიალისთვის საჭირო სივრცის, აღჭურვილობის ქირავნობის და მასთან დაკავშირებული სხვა საჭიროების სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსებას;

გ.ვ) წლის საუკეთესო ოსტატების დაჯილდოების ცერემონიალისთვის ბეჭდვითი მასალის ღირებულების სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსებას;

გ.ზ) წლის საუკეთესო ოსტატების დაჯილდოების ცერემონიალისთვის ოსტატებისთვის გადასაცემი პრიზების ღირებულების სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსებას.

დ) სავაჭრო ბენეფიციარისთვის ხალხური რეწვის მაღაზიის ფუნქციონირებისათვის თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებითგადაცემას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ამასთან ამ კომერციული მხარდაჭერის ინსტრუმენტის ფარგლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემა შეიძლება მოხდეს არაუმეტეს 12 ( თორმეტი) თვის ვადით.

 2. კომერციული მხარდაჭერის ინსტრუმენტის გამოყენება ხდება ამ პროგრამის V თავით დადგენილი წესით ან/და ცენტრის გადაწყვეტილებითა და ორგანიზებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 


მუხლი 8. მატერიალურ-ტექნიკური, ინტელექტუალური და მომიჯნავე სფეროების მხარდაჭერის ინსტრუმენტი
1. მატერიალურ-ტექნიკური, ინტელექტუალური და მომიჯნავე სფეროების მხარდაჭერის ინსტრუმენტი გულისხმობს პროგრამის ბენეფიციარების პროფესიული და სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას და განვითარებას, რომლის ფარგლებშიც შეიძლება დაფინანსდეს:

ა) უცხოელი და ადგილობრივი კვალიფიციური სპეციალისტების ჰონორარები, სრულად ან ნაწილობრივ;

ბ) საკონსულტაციო მომსახურების და ტრენინგების ჩატარებისთვის მოწვეული უცხოელი ექსპერტების ავიაბილეთების, სასტუმრო მომსახურების და შიდა ტრანსპორტირების ღირებულება სრულად ან ნაწილობრივ;

გ) უცხოელი და ადგილობრივი კვალიფიციური სპეციალისტების მიერ საკონსულტაციო მომსახურების და ტრენინგების ჩატარების ორგანიზებისთვის საჭირო სივრცის და აღჭურვილობის ქირავნობის ღირებულება სრულად ან ნაწილობრივ;

დ) უცხოელი და ადგილობრივი კვალიფიციური სპეციალისტების მიერ საკონსულტაციო მომსახურების და ტრენინგების ჩატარებასთან დაკავშირებული კვების მომსახურების, ყავის შესვენების და სხვა საჭიროების ღირებულება სრულად ან ნაწილობრივ;

ე) საკონსულტაციო მომსახურების და ტრენინგის ჩატარებისას სამრეწველო ბენეფიციარების მიერ საექსპერიმენტო პროდუქციის შექმნის მიზნით გამოყენებული ნედლეულის და სხვა სახარჯი მასალების ღირებულება სრულად ან ნაწილობრივ;

ვ) საკონსულტაციო მომსახურებასთან, ტრენინგის მომზადებასთან და ჩატარებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დაფინანსება სრულად ან ნაწილობრივ.

2. მატერიალურ-ტექნიკური, ინტელექტუალური და მომიჯნავე სფეროების მხარდაჭერის ინსტრუმენტის და შესაბამისი კომპონენტების გამოყენება ხორციელდება ცენტრის გადაწყვეტილებით და ორგანიზებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი III.პროგრამის პროექტები


მუხლი 9. პროექტები
პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებისთვის განსახორციელებელი პროექტებია:

ა) გადაიარაღება;

ბ) სამუშაო პირობების გაუმჯობესება, განსაზღვრული ვადის  განმავლობაში მათი სამრეწველო-სავაჭრო ფართებით უზრუნველყოფის გზით;

გ) წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა ხალხური რეწვის მაღაზიების  ფუნქციონირების გზით;

დ) კვალიფიციური სპეციალისტების მონაწილეობით საკონსულტაციო მომსახურება და ტრენინგების ორგანიზება, პროფესიული და სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით;

ე) პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით კონფერენციების, სამიტების, ფესტივალების და მათთან დაკავშირებული ღონისძიებების, ხალხური რეწვის დარგში წლის საუკეთესო ოსტატების კონკურსის მეშვეობით შერჩევისა და დაჯილდოების ცერემონიალის ჩატარების ორგანიზება;

ვ) საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენებსა და ბაზრობებში (მათ შორის დღესასწაულების პერიოდში) მონაწილეობის მიღების უზრუნველყოფა და მათი ნამუშევრების წარმოჩენა;

ზ) საექსპორტო გაყიდვის არხების განვითარებისთვის  უცხოელ პოტენციურ საბითუმო მყიდველებთან დაკავშირება და სავაჭრო ვიზიტების ორგანიზება.

თავი IV. პროგრამის მონაწილე სუბიექტების ფუნქციები და უფლება-ვალდებულებები


მუხლი 10. ცენტრის ფუნქციები 
ცენტრის ფუნქციებია:

ა) თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების, კულტურული და შემოქმედებითი დაწესებულებების, ხალხური რეწვის ასოციაციებისა და კავშირების, შესაბამის მიზნობრივ ქვეყნებში მოქმედი საქართველოს საელჩოებისა და წარმომადგენლობების, საზღვარგარეთის ქვეყნების საქართველოში მოქმედი საელჩოების და წარმომადგენლობების, ადგილობრივი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, კერძო სექტორის მხარდამჭერი ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციებისა და პროგრამის განხორციელებაში ჩართული ან/და მონაწილე სხვა პირების პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის კოორდინაცია;

ბ) პროგრამის მიზნების შესაბამისი პროექტების/ღონისძიებების ორგანიზება, თანადაფინანსება და განხორციელება სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით;

გ) პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების, ღონისძიებების, ხელშეკრულებების, ურთიერთგაგების მემორანდუმების, ტექნიკური დავალებების და სხვა სახის დოკუმენტების შემუშავება;

დ) პროგრამის ფარგლებში ნაყოფიერი თანამშრომლობის მიზნით, დარგის წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, ურთიერთგაგების მემორანდუმების და ხელშეკრულებების გაფორმება;

ე) პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელების უზრუნველსაყოფად კონტრაქტორ(ებ)ის შერჩევა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ვ) პროგრამის ფარგლებში სამრეწველო და სავაჭრო ბენეფიციარების გამოვლენის მიზნით, ცენტრთან არსებული კომისიის შექმნა;

ზ) სამრეწველო და სავაჭრო ბენეფიციარების ფართების ქირის თანადაფინანსების კომპონენტების გამოყენებისას, კონკრეტული დასაქირავებელი ფართის ქირის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით შესაბამისი საექსპერტო დასკვნით უზრუნველყოფა;

თ) ბენეფიციარებთან, პარტნიორებთან და პროგრამის განხორციელებაში ჩართულ სხვა პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი;

ი) პროგრამით გათვალისწინებული სარგებლის პოპულარიზაცია (მათ შორის, მედიასაშუალებებით);

კ) ქალაქ თბილისის შესაბამისი წლის ბიუჯეტით ცენტრისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების შემცირების, ბენეფიციარის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში  გამოყოფილი სახსრების არამიზნობრივად გამოყენების ან ბენეფიციარის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში ცენტრთან დადებული ხელშეკრულების პირობების/ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, შეწყვიტოს პროგრამის მხარდაჭერის ინსტრუმენტის გამოყენება;

ლ) თბილისის საკრებულოს და თბილისის მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, ცენტრის წესდებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 


მუხლი 11. სამრეწველო და სავაჭრო ბენეფიციარების ვალდებულებები
1. სამრეწველო ბენეფიციარის ვალდებულებებია:

ა) პროგრამით გათვალისწინებული მხარდაჭერის მიღების ფარგლებში ცენტრის მიერ განსაზღვრული ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა;

ბ) ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში, პროგრამით გათვალისწინებული ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში, მეწარმეთა გადაიარაღების შესყიდვისთვის საჭირო დოკუმენტების ცენტრისთვის წარდგენა;

გ) ფინანსური მხარდაჭერის ინსტრუმენტით სარგებლობის შემთხვევაში  სამრეწველო და სავაჭრო ფართის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

დ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი გადასახადების გადახდა და ფინანსური აღრიცხვიანობის და ანგარიშგების წარმოება;

ე) ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში  გადაიარაღებისა და სამრეწველო-სავაჭრო ფართის ქირის თანადაფინანსების კომპონენტით სარგებლობის შემთხვევაში  შეგირდ(ებ)ის აყვანის უზრუნველყოფა, მათთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება;

ვ) ცენტრისთვის რეგულარული ანგარიშგების მიწოდება, ცენტრის მიერ მოთხოვნილი ფორმითა და პერიოდულობით;

ზ) ცენტრთან დადებული ხელშეკრულების პირობებისა და ვალდებულებების შესრულება.

2. სავაჭრო ბენეფიციარის ვალდებულებებია:

ა) განახორციელოს ხალხური რეწვის მაღაზიის გამართული ფუნქციონირება და აღნიშნულ  ობიექტში სამრეწველო ბენეფიციარების და დარგში მოქმედი სხვა მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია;

ბ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი გადასახადების გადახდა, ფინანსური აღრიცხვიანობის და ანგარიშგების წარმოება;

გ) კვალიფიციურ, მათ შორის, უცხო ენის მცოდნე კონსულტანტებთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება;

დ) პროდუქციის შენახვის წესების და მოთხოვნების დაცვა;

ე) ხალხური რეწვის მაღაზიის უსაფრთხოების დაცვის თანამედროვე სისტემებით უზრუნველყოფა;

ვ) ხალხური რეწვის მაღაზიაში სამრეწველო ბენეფიციარებისთვის წინასწარ შეთანხმებული სავაჭრო სივრცის გამოყოფის უზრუნველყოფა მათ მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის მიზნით. ამასთან, ცენტრთან შეთანხმების გარეშე, ხალხური რეწვის მაღაზიაში არ დაუშვას იმ პროდუქციის რეალიზაცია, რომელიც არ წარმოადგენს ხალხური რეწვის ნაწარმს;

ზ) პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა და ხალხური რეწვის მაღაზიის ტურისტულ მარშრუტში ჩასმა;

თ) სარეალიზაციო პროდუქციის საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით საჭირო დოკუმენტაციის  (ნებართვები, დასკვნები და ა.შ.) უზრუნველყოფა;

ი) უცხოელი მყიდველის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის საზღვარზე დაბრუნების უზრუნველყოფა. ამ მიზნით გადის საჭირო პროცედურებს საგადასახადო ორგანოში უფლებამოსილ სავაჭრო პირად რეგისტრაციის შესახებ, იღებს ე.წ. Tax Free უფლებას და ასრულებს საქონლის შეფუთვის, დალუქვის, ელექტრონულ სისტემაში მონაცემთა შეტანის და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს;

კ) ცენტრისთვის პერიოდული ანგარიშგების მიწოდება, ცენტრის მიერ მოთხოვნილი ფორმითა და პერიოდულობით;

ლ) ხალხური რეწვის მაღაზიის პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა სახის მარკეტინგული და საპრომოციო ღონისძიებების და პრეზენტაციების მოწყობა;

მ) ცენტრთან დადებული ხელშეკრულების პირობებისა და ვალდებულებების შესრულება.

თავი V. პროგრამის ინსტრუმენტების გამოყენების წესი


მუხლი 12. განაცხადის წარდგენა
1. პროგრამით გათვალისწინებული ფინანსური და კომერციული მხარდაჭერის ინსტრუმენტებით სარგებლობის მსურველი პირი აპლიკანტი წარადგენს ცენტრის მიერ დადგენილი ფორმის განაცხადს ელექტრონული ან ბეჭდური სახით.

  2. განაცხადების მიღების დაწყების, წარდგენის ბოლო ვადის და განაცხადების მიღების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს ცენტრი.


მუხლი 13. განაცხადების შეფასების სისტემა და ვადები
1. მხარდაჭერის მოპოვებისათვის წარსადგენი დოკუმენტების სიას, პირობებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აპლიკანტი, განაცხადის ფორმას, განაცხადის შეფასების ფორმას და განაცხადის შეფასების ქულათა სისტემას, კომისიის წარდგინებით ამტკიცებს ცენტრის თავმჯდომარე.

2. განაცხადების პირველად ტექნიკურ გადარჩევას (პროგრამის პირობებთან და დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, დადგენილი დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემოწმება) უზრუნველყოფს  ცენტრი.

3. განაცხადში ან/და წარდგენილ დოკუმენტებში ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია განმცხადებლისგან მოითხოვოს ხარვეზის გამოსწორება ან/და ინფორმაციის დაზუსტება.

4. ფინანსური ინსტრუმენტით მოსარგებლე სამრეწველო ბენეფიციარის გამოსავლენად განაცხადები ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

ა) აპლიკანტის გამოცდილება ხალხური რეწვის დარგში;

ბ) ცენტრიდან მოთხოვნილი დაფინანსების მიზანშეწონილობა და ეკონომიურობა;

გ) ხარჯების მოსალოდნელ შედეგებთან შესაბამისობა;

დ) აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი პროექტის პერსპექტიულობა, ასორტიმენტის მრავალფეროვნების, გაყიდვების და მომგებიანობის ზრდის თვალსაზრისით;

ე) აპლიკანტის სამეწარმეო გამოცდილება და კომპეტენცია.

5. კომერციული ინსტრუმენტით მოსარგებლე სამრეწველო ბენეფიციარის გამოსავლენად განაცხადები ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

ა) აპლიკანტის მიერ წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტის მრავალფეროვნება;

ბ) საექსპორტო გაყიდვების პოტენციალი;

გ) წარმადობის ზრდის პოტენციალი;

დ) აპლიკანტის მიერ წარმოებული პროდუქციის მხატვრული ღირებულება და ნამუშევრის ხარისხი.

6. სავაჭრო ბენეფიციარის გამოსავლენად განაცხადები ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

ა) ხალხური რეწვის მაღაზიის კონცეფცია და დიზაინი;

ბ) აპლიკანტის პროფილური გამოცდილება და სამეწარმეო კომპეტენცია;

გ) ცენტრიდან მოთხოვნილი დაფინანსების მიზანშეწონილობა და ეკონომიურობა;

დ) ხარჯების მოსალოდნელ შედეგებთან შესაბამისობა;

ე)აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი პროექტის პერსპექტიულობა, ასორტიმენტის მრავალფეროვნების, გაყიდვების და მომგებიანობის ზრდის თვალსაზრისით;

ვ) პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი მარკეტინგული ღონისძიებები და პროდუქციის გაყიდვის ხელშემწყობი აქციების გეგმის პერსპექტიულობა.

7. განაცხადთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება განაცხადის და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ხოლო თუ განაცხადების წარდგენისათვის დადგენილია განსაზღვრული ვადა, განაცხადების წარდგენისათვის დადგენილი ვადის დასრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში. საჭიროების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია ეს ვადა გაზარდოს არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღით.

8. იმ შემთხვევებში, როდესაც პროგრამისთვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრები არასაკმარისია ყველა მოწონებული განაცხადის დასაფინანსებლად, მხარდაჭერას მოიპოვებენ რიგითობით, ყველაზე მაღალი ქულის მქონე განაცხადები.


მუხლი 14. კომისია
1. პროგრამით გათვალისწინებული მხარდაჭერის ინსტრუმენტების (გარდა ამ პროგრამის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ინსტრუმენტისა) გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს კომისია.

2. კომისიის ფუნქციებია:

ა) საჭიროებისამებრ, პროგრამის სრულყოფის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;

ბ) მხარდაჭერის მოპოვებისათვის წარსადგენი დოკუმენტების სიის, პირობების, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აპლიკანტი, განაცხადის ფორმის, განაცხადის შეფასების ფორმის და განაცხადის შეფასების ქულათა სისტემის, სამრეწველო-სავაჭრო ფართების მდებარეობის არეალ(ებ)ის შესახებ პროექტების შემუშავება და ცენტრის თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

გ) ამ პროგრამით დადგენილი წესით განაცხადების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.

3. კომისიის შემადგენლობაში შედის არანაკლებ 5 წევრი. კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას, ცენტრის თავმჯდომარის წარდგინებით, განსაზღვრავს თბილისის მთავრობა. კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის წევრთაგან ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის თავმჯდომარე.

4. კომისიის თავმჯდომარე წარმართავს და ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას, თავმჯდომარეობს კომისიის სხდომებს.

5. კომისიის  თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში.


მუხლი 15. კომისიის მუშაობის წესი
1. კომისიის სხდომების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის მდივანი. ცენტრის თავმჯდომარე კომისიის მდივნის ფუნქციას აკისრებს ცენტრის თანამშრომელს.

2. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, კომისიის დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ კომისიის 3 წევრისა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.

3. ფინანსური და კომერციული მხარდაჭერის მოპოვების განცხადებებთან დაკავშირებით კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით. ამასთან, ქულათა სისტემით შეფასებისას თანაბარი ქულების მიღების შემთხვევაში, კომისია გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით, საერთო წესის შესაბამისად.

4. კომისიის წევრი ვალდებულია კომისიის სხდომის დაწყებამდე,  განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს აპლიკანტის ობიექტურად შეფასებასა და  გადაწყვეტილების მიუკერძოებლად მიღებაში.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შემთხვევაში, კომისიის წევრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრი არ განაცხადებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნული ცნობილი გახდება კომისიისათვის სხდომის მიმდინარეობისას ან მანამდე, შესაბამისი კომისიის წევრის მიერ კანდიდატის შეფასება არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

6. კომისიის სხდომა ფორმდება  ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს, ოქმს დაურთოს მოსაზრებები, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 


მუხლი 16. მხარდაჭერის ინსტრუმენტის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, განაცხადის/ბენეფიციარის შერჩევისა და პროგრამის ინსტრუმენტის გამოყენების შესახებ, დასამტკიცებლად წარედგინება ცენტრის თავმჯდომარეს.

თავი VI. დასკვნითი დებულებები


მუხლი 17. პროგრამაში ცვლილებების განხორციელება
წინამდებარე პროგრამაში ცვლილებების განხორციელება ხდება საქართველოს  კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 18. პროგრამის მონიტორინგი
პროგრამის შესრულების მონიტორინგს ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.