დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4335-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/10/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/10/2015 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 16/12/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010190030.06.001.016035 |
|
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge, 03.07.2012. სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016009) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 107-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ ქვეპუნქტი: „რ1) გასცემს საქართველოს მთავარი პროკურორისათვის დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივ მოწმობას;“. 2. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2191 და 2192 მუხლები: „მუხლი 2191 1. საპროკურორო საბჭოს 4 წევრი, მათ შორის, 2 წევრი – პარლამენტის წევრთაგან, აირჩევა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ მუხლით დადგენილი წესით. 2. საპროკურორო საბჭოს 1 წევრს თავის წევრთაგან ირჩევს უმრავლესობა, ხოლო მეორეს იმ პარლამენტის წევრთაგან, რომლებიც უმრავლესობაში არ შედიან, ირჩევენ უმრავლესობის გარეთ მყოფი პარლამენტის წევრები იმ წესით, რომელსაც თავადვე დაადგენენ თავიანთი შემადგენლობების უმრავლესობით. საპროკურორო საბჭოს წევრად არჩეულად ჩაითვლება პარლამენტის წევრი, რომელიც, შესაბამისად, უმრავლესობის წევრთა ან უმრავლესობის გარეთ მყოფ პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის ხმებს მიიღებს. 3. თუ უმრავლესობა შექმნილი არ არის, საპროკურორო საბჭოს 2 წევრს პარლამენტის წევრთაგან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი. ყოველ ფრაქციას და პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს უფლება აქვთ, წარადგინონ საპროკურორო საბჭოს წევრობის თითო კანდიდატი. საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი წარედგინება პარლამენტის ბიუროს საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა. პარლამენტის ბიუროს საპროკურორო საბჭოს წევრის არჩევის საკითხი შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. თუ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული კენჭისყრის ორივე ტურის გამართვის შემდეგ ისევ დარჩა შეუვსებელი ვაკანსია, 1 თვის ვადაში გაიმართება ხელახალი არჩევნები ამ პუნქტით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში პარლამენტის ბიუროს საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატები 2 კვირის ვადაში წარედგინება. 4. პარლამენტი საპროკურორო საბჭოს 2 წევრს კონკურსის საფუძველზე ირჩევს. საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე. ზემოაღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში. ზემოთ ჩამოთვლილ ორგანიზაციათაგან თითოეული უფლებამოსილია პარლამენტს წარუდგინოს საპროკურორო საბჭოს წევრობის არაუმეტეს 3 კანდიდატისა. პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატმა წევრად არჩევაზე წინასწარ წერილობითი თანხმობა უნდა განაცხადოს. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საპროკურორო საბჭოს წევრის კანდიდატურის წარდგინებას უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი იურიდიული განათლებისა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლები, სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების ნუსხა (თუ აქვს ასეთი შრომები), კანდიდატის წერილობითი თანხმობა, ხოლო თუ კანდიდატურის წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია − აგრეთვე ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის შესრულების დამადასტურებელი საბუთები. 7. ამ მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საპროკურორო საბჭოს ახალი წევრი უნდა აირჩეს საპროკურორო საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 30 კალენდარული დღისა და ამ ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა. თუ პარლამენტის მიერ საპროკურორო საბჭოს ახალი წევრის არჩევისას ეს ვადები მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, მისი არჩევის პროცესი, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისად, დაიწყება ან გაგრძელდება მორიგი სესიის დაწყებისთანავე ან მორიგი სესიის დაწყებამდე, რიგგარეშე სესიაზე. 8. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ა) საპროკურორო საბჭოს წევრის კანდიდატურა პარლამენტს უნდა წარედგინოს საპროკურორო საბჭოს წევრის: ა.ა) უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს მე-60 და არაუგვიანეს მე-40 კალენდარული დღისა; ა.ბ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − უფლებამოსილების შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა; ბ) საპროკურორო საბჭოს წევრთა კანდიდატურების წარდგენის ვადას პარლამენტის ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე; გ) პარლამენტისთვის წარდგენილი სათანადო საბუთები დაუყოვნებლივ გადაეცემა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, რომელმაც მათი განხილვა, ამ მუხლის მე-4−მე-6 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად, უნდა დაასრულოს საპროკურორო საბჭოს წევრთა კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან: გ.ა) 10 კალენდარული დღის ვადაში − ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; გ.ბ) 4 კალენდარული დღის ვადაში − ამ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საბუთების განხილვის დასრულების შემდეგ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საპროკურორო საბჭოს წევრობის იმ კანდიდატთა სიას, რომლებიც შეესაბამებიან ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სათანადო საბუთებთან ერთად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატთა სიას და თანდართულ საბუთებს დაუყოვნებლივ გადასცემს ფრაქციებს; ე) ფრაქციებს უფლება აქვთ, წარდგენილი საპროკურორო საბჭოს წევრთა კანდიდატურები განიხილონ პარლამენტის ბიუროსთვის საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატთა სიის წარდგენიდან: ე.ა) 2 კვირის ვადაში − ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ე.ბ) 1 კვირის ვადაში − ამ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ვ) პარლამენტის ბიუროს საპროკურორო საბჭოს წევრის არჩევის საკითხი შეაქვს ფრაქციათა მიერ კანდიდატურების განხილვის ვადის ამოწურვიდან უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. კენჭისყრის დაწყებამდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელი პარლამენტს გააცნობს წარდგენილ კანდიდატთა მონაცემებს. 9. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში: ა) პარლამენტი საპროკურორო საბჭოს წევრთა კანდიდატურების პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე მართავს კენჭისყრას საპროკურორო საბჭოს წევრის ასარჩევად. საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატებს კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ. კენჭისყრის რიგითობა ანბანურად, კანდიდატთა გვარების მიხედვით განისაზღვრება; ბ) კენჭისყრის პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლებიან საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატები, რომლებიც პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებს მიიღებენ. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ კანდიდატთა რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან საუკეთესო შედეგის მქონე სათანადო რაოდენობის კანდიდატები. თუ არჩეული კანდიდატი ვერ გამოვლინდა რამდენიმე კანდიდატის მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი და არჩეულად ჩაითვლება უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი; გ) თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, იმავე დღეს ან პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე გაიმართება კენჭისყრის მე-2 ტური, რომელშიც კენჭი ეყრებათ დარჩენილ კანდიდატთაგან პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს. ამ კანდიდატთა რაოდენობა ვაკანტური ადგილების გაორმაგებულ რაოდენობას არ უნდა აღემატებოდეს. თუ აღნიშნულ კანდიდატთა რაოდენობა ამ რიცხვზე მეტი აღმოჩნდა მათ მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, კენჭი ეყრება ყველა ასეთ კანდიდატს. კენჭისყრის მე-2 ტურში არჩეული კანდიდატი გამოვლინდება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით; დ) თუ კენჭისყრის პირველ ტურში კანდიდატთა რაოდენობა ვაკანტური ადგილების რაოდენობას არ აღემატება და ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, კენჭისყრის მე-2 ტური არ გაიმართება. 10. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამავე მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, 70 კალენდარული დღის ვადაში გაიმართება ხელახალი არჩევნები ამ მუხლით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში საპროკურორო საბჭოს წევრთა კანდიდატურების წარდგენის ვადას იმ პირობების დაცვით, რომ ეს ვადა 14 კალენდარულ დღეზე ნაკლები არ იყოს და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა და ფრაქციებმა კანდიდატურები ამ მუხლის მე-8 პუნქტის „გ.ა“ და „ე.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვადებში განიხილონ, ადგენს და პარლამენტის ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. მუხლი 2192 1. პარლამენტი საქართველოს მთავარ პროკურორს ირჩევს 6 წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, პარლამენტისთვის მისი კანდიდატურის წარდგენიდან 3 კვირის ვადაში. თუ პარლამენტის მიერ საქართველოს მთავარი პროკურორის არჩევის ვადა მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, მისი არჩევის პროცესი, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისად, დაიწყება ან გაგრძელდება მორიგი სესიის დაწყებისთანავე ან მორიგი სესიის დაწყებამდე, რიგგარეშე სესიაზე. 2. პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის მიერ საქართველოს მთავარი პროკურორის კანდიდატურის განხილვის შემდეგ პარლამენტის ბიურო ამ კანდიდატურას, აღნიშნული კომიტეტის დასკვნას და თანდართულ საბუთებს პარლამენტს წარუდგენს. 3. საქართველოს მთავარი პროკურორის კანდიდატურასთან დაკავშირებით პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი ამზადებს სათანადო დასკვნას ამ რეგლამენტის 46-ე მუხლით დადგენილი წესით. 4. თუ საქართველოს მთავარი პროკურორობის კანდიდატმა ვერ მიიღო პარლამენტის მიერ თანამდებობაზე მის ასარჩევად საკმარისი რაოდენობის ხმები, პარლამენტს წარედგინება კანდიდატურა, რომელიც შეირჩევა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის პირველი–მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით. 5. საქართველოს მთავარ პროკურორად ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა არ შეიძლება.“. 3. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2297 მუხლი: „მუხლი 2297 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 93 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს მთავარ პროკურორს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება პარლამენტის გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 2. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ საქართველოს მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი უფლებამოსილია საპროკურორო საბჭოს მიმართოს საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნის წინადადებით. შესაბამის მიმართვაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს კონკრეტული ბრალდების სახე, ბრალდების შინაარსი, სათანადო არგუმენტები და მას უნდა ერთოდეს არსებული მასალები. 3. საპროკურორო საბჭოს მიერ პარლამენტისთვის საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ წარდგინებით მიმართვის შემთხვევაში, რომელსაც უნდა ერთოდეს შესაბამისი დასკვნა და სხვა აუცილებელი მასალები, ამ წარდგინების მიღებიდან 2 კვირის ვადაში პარლამენტის შესაბამისი კომიტეტები განიხილავენ მას და სათანადო დასკვნას გადასცემენ პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიუროს საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. 4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დასაწყისი დაემთხვა პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, ან იმავე პუნქტით გათვალისწინებული პროცესი ვერ დასრულდა პარლამენტის მიმდინარე სესიის დასრულებამდე, საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის გადასაწყვეტად პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვევა. 5. თუ პარლამენტი არ მიიღებს საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას, საკითხი პარლამენტის დღის წესრიგიდან მოხსნილად ჩაითვლება. 6. საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მისი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებებს მიიღებენ საპროკურორო საბჭო და საქართველოს პარლამენტი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ მუხლით დადგენილი თანამიმდევრობითა და წესით, იმ გამონაკლისით, რომ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში საგანგებო (ad hoc) პროკურორი არ ინიშნება.“. მუხლი 2 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.09.2015, სარეგისტრაციო კოდი: 110060000.05.001.017913) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2191 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ საპროკურორო საბჭოს წევრთა კანდიდატურებს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 4 კალენდარული დღის ვადაში განიხილავს და შესაბამის დასკვნას სათანადო საბუთებთან ერთად დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. საქართველოს პარლამენტის ბიურო საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატთა სიას და თანდართულ საბუთებს დაუყოვნებლივ გადასცემს საპარლამენტო ფრაქციებს. 2. საპარლამენტო ფრაქციებს უფლება აქვთ, წარდგენილი საპროკურორო საბჭოს წევრთა კანდიდატურები განიხილონ საქართველოს პარლამენტის ბიუროსთვის საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატთა სიის წარდგენიდან 4 კალენდარული დღის ვადაში. 3. საქართველოს პარლამენტი საპარლამენტო ფრაქციათა მიერ საპროკურორო საბჭოს წევრთა კანდიდატურების განხილვის ვადის ამოწურვის შემდეგ უახლოეს პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე მართავს კენჭისყრას საპროკურორო საბჭოს წევრის ასარჩევად. 4. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.09.2015, სარეგისტრაციო კოდი: 110060000.05.001.017913) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2191 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საპროკურორო საბჭოს თითო წევრს საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ მყოფი პარლამენტის წევრები ირჩევენ არაუგვიანეს 2015 წლის 28 ოქტომბრისა. მუხლი 3. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 16 ოქტომბერი 2015 წ. N4335-Iს |
დოკუმენტის კომენტარები