„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 530
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.018916
530
13/10/2015
ვებგვერდი, 16/10/2015
300160070.10.003.018916
„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №530

2015 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13.01.2014 წ., 300160070.10.003.017613) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა:

ნ.ა) ორმხრივი – დატვირთული ან ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყნიდან გადაადგილება საქართველოს დანიშნულებით და საქართველოდან დატვირთული ან ცარიელი გადაადგილება ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყნის დანიშნულებით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოტვირთვის ან/და დატვირთვის უფლებით;

ნ.ბ) ტრანზიტული – დატვირთული ან ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით ტრანზიტული გადაადგილება  ერთი მიმართულებით ან უკუმიმართულებით, ტრანზიტული გადაადგილების ჩათვლით, საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტვირთვის ან/და დატვირთვის უფლების გარეშე;

ნ.გ) მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან – დატვირთული ან ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება მესამე ქვეყნიდან (რომელიც არ წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყანას) საქართველოს დანიშნულებით და საქართველოდან მესამე ქვეყნის დანიშნულებით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოტვირთვის ან/და დატვირთვის უფლებით.“.

2. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი (შემდგომში – მძღოლი) ვალდებულია, დაიცვას „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით, გადაზიდვებთან დაკავშირებული სტანდარტებით, ტექნიკური რეგლამენტებით და საერთაშორისო ნორმებით, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ექსპლუატაციის, სერვისისა და წინამდებარე წესებით გათვალისწინებული მოთხოვნები.“;

ბ) მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ავტოსატრანსპორტო საშუალება დატვირთულ უნდა იქნეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. მსხვილგაბარიტიანი და მძიმეწონიანი ტვირთის გადაზიდვა, კანონმდებლობით ნებადართულ გაბარიტებსა და წონით პარამეტრებთან მისი კორექტირების შეუძლებლობის შემთხვევაში, რეგულირდება „საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შერჩევის და უსაფრთხოდ გადაადგილების წესის დამტკიცებისა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 3 აგვისტოს №956/1-1/746 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შერჩევის, უსაფრთხოდ გადაადგილების და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის წესის“ საფუძველზე.“.

4. მე-9 მუხლის:

ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მძღოლმა თან უნდა იქონიოს:

ა) სერტიფიკატი მძღოლის სპეციალური მომზადების შესახებ (დანართი №2). ასეთი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში – ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყნის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამისი წესებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით სერტიფიკატისათვის განსაზღვრულ მონაცემებს;  

ბ) გადაზიდვის მარშრუტის სქემა წინამდებარე წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

გ) მძღოლებისათვის განკუთვნილი წერილობითი ინსტრუქცია;

დ) სასუნთქი ორგანოებისა და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებები წერილობითი ინსტრუქციით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ე) ავტოსატრანსპორტო საშუალების სერვისის წიგნაკი;

ვ) საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელებისას – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ ქართულ და ინგლისურ ენებზე გაცემული სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობა განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე (დანართი №1). ასეთი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში – ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს დაშვების მოწმობისათვის საქართველოს კანონმდებლობით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამისი წესებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ მონაცემებს;

ზ) შესაბამისი ლიცენზია/ნებართვა, ან ლიცენზიის/ნებართვის სათანადო წესით დამოწმებული ასლი, ან უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული, შესაბამისი ლიცენზია/ნებართვა, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან კანონით და მინიჭებული აქვს ისეთივე სამართლებრივი სტატუსი, როგორიც აქვს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემულ ლიცენზიას/ნებართვას;

თ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობის დამადატურებელი დოკუმენტი.“;

ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაზღვრული სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვისას, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი ამოწმებს ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამისი წესებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.“.

5. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა

1. ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ სამთავრობათაშორისო შეთანხმებებისა და ტრანსპორტის მინისტრთა ევროპული კონფერენციის (ECMT) რეზოლუციების საფუძველზე.

2. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (ცარიელი ან დატვირთული) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად, შემდეგი ერთ-ერთი დოკუმენტის წარდგენით:

ა) საქართველოს მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვის ნებართვა (შემდგომში – მრავალმხრივი ნებართვა):

ა.ა) ტრანსპორტის მინისტრთა ევროპული კონფერენციის (შემდგომში – ECMT) ნებართვა, ან

ა.ბ) შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (შემდგომში – BSEC) ნებართვა, ან

ა.გ) ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (შემდგომში – TRACECA) ნებართვა;

ბ) „ავტორიზაცია საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე“, რომელიც საქართველოს მხარის მიერ, საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, პარტნიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოსათვის გადაცემულია და მის მიერ, კონკრეტული გადამზიდველის სახელზე გაცემულია:

ბ.ა) ერთჯერად ორმხრივ/ტრანზიტულ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე (შემდგომში – ორმხრივი/ტრანზიტული ავტორიზაცია);

ბ.ბ) მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან ერთჯერად საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე;

ბ.გ) ერთჯერად უნივერსალურ (ორმხრივ, ტრანზიტულ და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე;

ბ.დ) მრავალჯერად ორმხრივ/ტრანზიტულ ან/და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე (შემდგომში – მრავალჯერადი ავტორიზაცია);

გ) საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა.

3. ნებართვის/ავტორიზაციის წარდგენისას მძღოლი ვალდებულია, საბაჟო გამშვები პუნქტის ან/და გაფორმების ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს განუცხადოს მის მიერ აღნიშნული ნებართვით/ავტორიზაციით განსახორციელებელი კონკრეტული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის სახის შესახებ.

4. თითოეული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა ხორციელდება ცალკეული ნებართვის/ავტორიზაციის წარდგენით, თუ ამ წესით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5. გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს ან სურვილი აქვს განახორციელოს ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა ECMT-ის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, უნდა პასუხობდეს ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2009 წლის 21 ოქტომბრის (EC) №1071/2009 რეგლამენტის „საავტომობილო გადაზიდვების ოპერატორის საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელ პირობებთან დაკავშირებული საერთო წესების განსაზღვრისა და ევროსაბჭოს 96/26/EC დირექტივის გაუქმების შესახებ“ და ECMT-ის 2000 წლის 5 ივნისის CEMT/CM (2000)10/FINAL კონსოლიდირებული რეზოლუციით „საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების წესის თაობაზე” განსაზღვრულ მოთხოვნებს.

6. ECMT ნებართვით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, საბაჟო გამშვები პუნქტის ან/და გაფორმების ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს წარუდგინოს:

ა) ECMT სერტიფიკატები – დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს სატვირთო ავტომობილის ან/და მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) ტექნიკური და უსაფრთხოების მდგომარეობის შესატყვისობას, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) შესაბამისი წესების ან/და ევროსაბჭოს დირექტივების დებულებებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან:

ა.ა) სატვირთო ავტომობილისა და მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატი;

ა.ბ) სატვირთო ავტომობილისა და მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატი;

ბ) აღრიცხვის წიგნაკი – ECMT ნებართვის მფლობელის სახელზე შევსებული აღრიცხვის ფურცლების კრებული, რომელშიც ქრონოლოგიურად, თითოეული რეისის შესაბამისად, აღირიცხება დატვირთული და დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ განხორციელებული ავტოსატრანსპორტო სამუშაო;

გ) გადამზიდველის მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) გადამზიდველთან მძღოლის დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტი.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე, საბაჟო გამშვები პუნქტის ან/და გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი:

ა) ამოწმებს:

ა.ა) ნებართვისა და ECMT სერტიფიკატის შევსების სისწორესა და ურთიერთშესაბამისობას;

ა.ბ) აღრიცხვის წიგნაკში დაფიქსირებულ მონაცემებს;

ა.გ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ავტომობილის მართლზომიერი ფლობისა და გადამზიდველთან დასაქმების ფაქტს; 

ბ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №1018 განკარგულებით შექმნილი „ლიცენზიების, ნებართვებისა და სერტიფიკატების ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ (შემდგომში – „ერთიანი ელექტრონული სისტემა“) ნებართვის ნომრის მეშვეობით მოიძიებს ინფორმაციას აღნიშნული ნებართვის შესახებ, ავსებს შესაბამის ველებს და აკეთებს აღნიშვნებს;

გ) მძღოლის მოთხოვნის შემთხვევაში, პირადნომრიანი ბეჭდით ადასტურებს აღრიცხვის წიგნაკის შესაბამის გრაფაში შეტანილ ინფორმაციას,  საქართველოს საბაჟო საზღვარზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების თაობაზე.

8. BSEC ან TRACECA ნებართვა საქართველოს ტერიტორიაზე გამოიყენება, მხოლოდ ერთი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვისათვის. BSEC ან TRACECA ნებართვის საფუძველზე  შესაძლებელია, ცარიელმა ან დატვირთულმა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ ერთი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ფარგლებში, ტრანზიტით გაიაროს საქართველოს ტერიტორია ან/და შეასრულოს ორმხრივი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა BSEC-ის ან TRACECA-ს წევრ ქვეყანასთან ან/და ნაცვალგების საფუძველზე, გადაზიდოს ტვირთი მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან (მხოლოდ საქართველოს მრავალმხრივი და ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში), სხვა ორმხრივი ან ტრანზიტული საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის წარდგენის გარეშე.

9. საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ BSEC ან TRACECA ნებართვის წარდგენის შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტის ან/და გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი:

ა) ამოწმებს ნებართვისა და თანმხლები დოკუმენტების შევსების სისწორესა და ურთიერთშესაბამისობას;

ბ) „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ ნებართვის ნომრის მეშვეობით მოიძიებს ინფორმაციას აღნიშნული ნებართვის შესახებ, ავსებს შესაბამის ველებს და აკეთებს აღნიშვნებს, მათ შორის ნებართვით განსახორციელებელი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის სახის შესახებ;

გ) მძღოლის მოთხოვნის შემთხვევაში, ნებართვის შესაბამის გრაფაში აფიქსირებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების თარიღსა და დროს და ადასტურებს მას პირადნომრიანი ბეჭდით.

10. საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის წარდგენის შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტის ან/და გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი:

ა) ავტორიზაციის ნომრის მეშვეობით, „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ მოიძიებს ინფორმაციას აღნიშნული ავტორიზაციის შესახებ;

ბ) ამოწმებს ავტორიზაციისა და თანმხლები დოკუმენტების შევსების სისწორესა და ურთიერთშესაბამისობას;

გ) „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ ავსებს შესაბამის ველებს და აკეთებს აღნიშვნებს, მათ შორის ნებართვით განსახორციელებელი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის სახის შესახებ;

დ) მძღოლის მოთხოვნის შემთხვევაში, ავტორიზაციაზე აფიქსირებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების თარიღსა და დროს და ადასტურებს მას პირადნომრიანი ბეჭდით.

11. საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვის წარდგენის შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი:

ა) ამოწმებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ წარდგენილი და „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ ატვირთული ნებართვების სისწორესა და ურთიერთშესაბამისობას და აკეთებს შესაბამის აღნიშვნას;

ბ) მძღოლის მოთხოვნის შემთხვევაში, ნებართვის შესაბამის გრაფაში აფიქსირებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების თარიღსა და დროს და ადასტურებს მას პირადნომრიანი ბეჭდით.

12. ამ მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები უნდა ინახებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებაში და მოთხოვნისთანავე წარედგინოს შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელს.

13. თუ ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება ერთდროულად ახორციელებს სხვადასხვა სახის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვას (ტრანზიტული ან/და ორმხრივი ან/და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან), სხვადასხვა სატრანსპორტო დოკუმენტით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, კომპეტენტურ მაკონტროლებელ ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი ნებართვები/ავტორიზაციები (ECMT ნებართვა, მრავალჯერადი ავტორიზაცია ან/და თითოეული სახის გადაზიდვის შესაბამისი ტრანზიტული ან/და ორმხრივი ან/და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის მრავალმხრივი ნებართვა ან/და ერთჯერადი ავტორიზაცია).

14. თუ ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება ერთდროულად ახორციელებს სხვადასხვა ტვირთის რამდენიმე ტრანზიტულ ან/და რამდენიმე ორმხრივ ან/და რამდენიმე მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვას სხვადასხვა სატრანსპორტო დოკუმენტით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, საქართველოს საბაჟო საზღვარზე შესაბამის მაკონტროლებელ ორგანოს წარუდგინოს, გადაზიდვის შესაბამისად, ერთი ტრანზიტული ან/და ერთი ორმხრივი ან/და ერთი მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა/ავტორიზაცია.

15. დაუშვებელია ერთი სახის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვით/ავტორიზაციით სხვა სახის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის განხორციელება.

16. თუ გადამზიდველს, რომელიც უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ახორციელებს ორმხრივ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვას ორმხრივი/ტრანზიტული ავტორიზაციით ან BSEC ან TRACECA ნებართვით, დანიშნულების ადგილზე გამოცხადების შემდეგ სურს განახორციელოს იმავე ტვირთის თავდაპირველი ნებართვით/ავტორიზაციით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, საბაჟო გამშვებ პუნქტს ან/და გაფორმების ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად წარუდგინოს:

ა) შესაბამისი მრავალმხრივი ნებართვა, ან

ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაცია, რომელიც იძლევა მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის უფლებას, ან

გ) სააგენტოს მიერ გაცემული  საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა.

17. თუ უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ცარიელი ან დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ ან ვერ ასრულებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი ნებართვით/ავტორიზაციით გათვალისწინებულ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვას (ამ მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა), იგი ვალდებულია, აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება უცვლელ მდგომარეობაში (დატვირთვა-გადმოტვირთვის გარეშე) გაიყვანოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან, შემოსვლის ქვეყნის საზღვარზე არსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით. შედეგად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას წარდგენილი ნებართვა/ავტორიზაცია ჩაითვლება გამოყენებულად და ექვემდებარება „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ პროგრამულად „განაშთვას“.

18. საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის განმახორციელებელი, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, თუ:

ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას, საბაჟო გამშვებ პუნქტში არ წარადგენს შესაბამის ნებართვას/ავტორიზაციას, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი განუსაზღვრავს მას შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის 6 სამუშაო დღის ვადას, რომელიც აითვლება სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში, ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევისათვის დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება შემოსვლის ქვეყანაში უკან დაბრუნებას;

ბ) ორმხრივი ან/და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის განხორციელებისას, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასვლისას, საბაჟო გამშვებ პუნქტში არ წარადგენს შესაბამის ნებართვას/ავტორიზაციას, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი განუსაზღვრავს მას ნაკლოვანებათა აღმოფხვრის (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის) 3 სამუშაო დღის ვადას. განსაზღვრულ ვადაში ნაკლოვანებათა აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევისათვის დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება შემოსვლის ქვეყანაში უკან დაბრუნებას;

გ) ტრანზიტული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვისას ახორციელებს თავდაპირველი ნებართვით/ავტორიზაციით გათვალისწინებულისაგან განსხვავებულ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვას და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასვლისას  საბაჟო გამშვებ პუნქტში ან/და გაფორმების ორგანოში არ წარადგენს შესაბამის ნებართვას/ავტორიზაციას, მას განესაზღვრება ნაკლოვანებათა აღმოფხვრის (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის) 3 სამუშაო დღის ვადა. თუ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი ნაკლოვანება, ტრანზიტული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის წესების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალება (საქართველოს ტერიტორიაზე დატვირთვის უფლების გარეშე) ექვემდებარება შემოსვლის ქვეყანაში უკან დაბრუნებას;

დ) ორმხრივი ან/და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის განხორციელებისას, გაფორმების ორგანოში არ წარადგენს შესაბამის ნებართვას/ავტორიზაციას, ასეთ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვის უფლება მიეცემა, მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ავტორიზაციის წარდგენის შემდეგ.

19. საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ შესაბამისი ერთჯერადი ნებართვით/ავტორიზაციით გათვალისწინებული გადაზიდვის სრულყოფილად განხორციელების ან მისი პირობების დარღვევის შემთხვევაში, გაფორმების ორგანოს ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასვლისას – საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ აკეთებს შესაბამის აღნიშვნას, რის შემდეგაც პროგრამულად ხორციელდება აღნიშნული ნებართვის/ავტორიზაციის „განაშთვა“.

20. იმ შემთხვევაშიც, თუ სრულყოფილად არ სრულდება თავდაპირველად წარდგენილი ერთჯერადი ნებართვით/ავტორიზაციით გათვალისწინებული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა და მის ნაცვლად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ახორციელებს სხვა სახის გადაზიდვას, სხვა ნებართვის/ავტორიზაციის წარდგენით, თავდაპირველი ნებართვა ითვლება გამოყენებულად და საბაჟო გამშვები პუნქტის ან გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ პროგრამულად ახორციელებს თავდაპირველი ნებართვის/ავტორიზაციის „განაშთვას“.

21. თუ ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო (როდესაც ვერ ხერხდება „ერთიან ელექტრონულ სისტემასთან“ დაკავშირება), პროგრამულად ვერ ხორციელდება შესაბამისი აღნიშვნები ან/და ნებართვის/ავტორიზაციის „განაშთვა“, საბაჟო გამშვები პუნქტის ან გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი წარდგენილ ნებართვაზე/ავტორიზაციაზე აკეთებს შესაბამის აღნიშვნებს, ადასტურებს მათ პირადნომრიანი ბეჭდით და ინახავს  ნებართვის/ავტორიზაციის ასლს შემდგომში „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ ასახვის მიზნით.

22. არარეგისტრირებული (მათ შორის რეგისტრაციიდან მოხსნილი) ავტოსატრანსპორტო საშუალების, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება  6 ტონას,  ან  ტვირთამწეობა აღემატება 3,5 ტონას, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილება დაიშვება ტვირთის გარეშე. ასეთი სატრანსპორტო საშუალებით ტვირთის გადაადგილების შემთხვევაში (გარდა საზღვაო გზით შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში გადაადგილებისა), უნდა განხორციელდეს:

ა) სატრანსპორტო საშუალების უკან გაბრუნება, ან

ბ) დატვირთული მისაბმელის/ნახევარმისაბმელის შემდგომი გადაზიდვა საქართველოში ან უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული, შესაბამისი ნებართვის/ავტორიზაციის მქონე სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მეშვეობით, ან

გ) შემდგომი გადაზიდვის მიზნით, ტვირთის გადატვირთვა სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებაში, რომელზეც გაცემულია შესაბამისი ნებართვა/ავტორიზაცია.“.   

6. მე-15 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. განსაზღვრული სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობის მისაღებად, განმცხადებელმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს განცხადება დაშვების მოწმობის გაცემის შესახებ, რომელსაც თან უნდა დაერთოს:

ა) განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე დასაშვებად  ავტოსატრანსპორტო საშუალების შეფასების ოქმი;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობის დამადასტურებელი ტესტირების ბარათი;

გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-5 დღეს.   

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი