„ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის სათათბირო ორგანოს ახალგაზრდული საბჭო"-ს დებულების დამტკიცების შესახებ

„ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის სათათბირო ორგანოს ახალგაზრდული საბჭო"-ს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/10/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.138.016226
41
09/10/2015
ვებგვერდი, 15/10/2015
010250020.35.138.016226
„ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის სათათბირო ორგანოს ახალგაზრდული საბჭო"-ს დებულების დამტკიცების შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №41

2015 წლის 9 ოქტომბერი

ქ. ახალციხე

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის სათათბირო ორგანოს „ახალგაზრდული საბჭოს“ დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ე.ვ. ქვეპუნქტის,  ,,ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის სათათბირო ორგანოს „ახალგაზრდული საბჭოს“  დებულება დანართის №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე



დანართი №1
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის სათათბირო ორგანოს

„ახალგაზრდული საბჭო“-ს დებულება


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ე.ვ. ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული დებულება განსაზღვრავს  ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის სათათბირო ორგანოს _ „ახალგაზრდული საბჭო“-ს უფლებამოსილებას, მიზნებსა  და საქმიანობის წესს.

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
„ახალგაზრდული საბჭო „ (შემდგომში საბჭო) - წარმოადგენს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის სათათბირო ორგანოს, რომლის ძირითადი მიზანია ახალგაზრდული საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის განხორციელებისას, წინადადებებისა და რეკომენდაციების  მომზადება და მონაწილეობა ახალგაზრდული პროგრამებისა და პროექტების შემუშავებაში.

მუხლი 2. საბჭოს მიზნები და ამოცანები
1. ახალგაზრდების ჩართვა საზოგადოებრივ/პოლიტიკურ ცხოვრებაში;
2. რეკომენდაციების და წინადადებების შემუშავება ახალგაზრდების თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართულობის კუთხით და მათი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის წარდგენა.
3. ცალკეული ახალგაზრდული ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებისათვის ხელშეწყობა მეცნიერების, განათლების, კულტურის, მრეწველობის, სპორტისა და სხვა სფეროებში.

მუხლი 3. საბჭოს უფლება-მოვალეობანი
საბჭო უფლებამოსილია:
ა) მოამზადოს წინადადებები  ახალგაზრდული საზოგადოებრივი ინიციატივების შესახებ და გაუწიოს რეკომენდაცია ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
ბ) დაამყაროს კომუნიკაცია და ითანამშრომლოს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
გ) განახორციელოს სხვადასხვა სახის აქტივობები  არსებული ახალგაზრდული პრობლემების გამოსავლენად და გადასაჭრელად.
დ) ითანამშრომლოს  ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებთან.
ე) განახორციელოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული სხვა აქტივობები.

მუხლი 4. საბჭოს სტრუქტურა
1. საბჭო შედგება სათათბირო ხმის უფლების მქონე 10 წევრისგან.
2. საქმიანობის კოორდინაციისათვის, საბჭო თავის წევრთაგან საბჭოს უფლებამოსილების ვადით  ირჩევს საბჭოს თავმჯდომარეს.
3. საბჭოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს საბჭოს სხდომებს, ხელს აწერს საბჭოს გადაწყვეტილებებს  და მოქმედებს საბჭოს სახელით.
4. საბჭოს ჰყავს სამდივნო, რომელიც იქმნება საბჭოს მუშაობისათვის საჭირო პირობების უზრუნველსაყოფად.
5. სამდივნოს ხელმძღვანელობს საბჭოს აღმასრულებელი მდივანი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს  საბჭოს თავმჯდომარე.
6. საბჭოს მუშაობაში მოწვევით შეიძლება მონაწილეობდნენ ის პირები, რომლებიც არ არიან საბჭოს წევრები.

მუხლი 5. საბჭოს წევრობა
1. საბჭოს წევრი შეიძლება გახდეს სტუდენტის სტატუსის მქონე ნებისმიერი ახალგაზრდა, რომელიც იზიარებს საბჭოს მიზნებს. საბჭოს შემადგენლობაში შესაძლოა შედიოდნენ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე დამამთავრებელი კლასის სკოლის მოსწავლეები (მე-11/მე-12 კლასი).
2. საბჭოს წევრობის მსურველი წერილობითი განცხადებით მიმართავს საბჭოს თავმჯდომარეს.
3. წევრი აირჩევა 1 წლის ვადით, ღია კონკურსის წესით, სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე.
4. საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) უფლებამოსილების 1 წლიანი ვადის გასვლისას (გარდა საბჭოს პირველი - შემადგენლობის ხუთი წევრისა);
გ) არასაპატიო მიზეზით, საბჭოს მუშაობაში ხანგრძლივად (2 თვე), მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში;
5. საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარი განახლდება ყოველ ექვს თვეში ერთხელ. პირველი როტაცია ჩატარდება საბჭოს დაფუძნებიდან ექვსი თვის თავზე. საბჭოს შემადგენლობას დატოვებს 5 წევრი,  შემთხვევითობის პრინციპით კენჭისყრის საფუძველზე.

 


მუხლი 6. საბჭოს წევრის უფლება-მოვალეობები
1. საბჭოს წევრს უფლება აქვს :
ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს მუშაობაში, უშუალოდ ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
ბ) წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები საბჭოს მიერ განსახილველ საკითხებზე;
გ) სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდეს საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებაში.
2. საბჭოს წევრი ვალდებულია :
ა) დაიცვას საბჭოს დებულება და საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
ბ) არ გაახმაუროს საბჭოს წევრობის პერიოდში მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია;
გ) რეგულარულად დაესწროს საბჭოს სხდომებს და მიიღოს მონაწილეობა საბჭოს საქმიანობაში.
3. საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ან ეწეოდეს პარტიულ საქმიანობას.

მუხლი 7. საბჭოს ასოცირებული წევრი
1. დაინტერესების შემთხვევაში, დებულებით დადგენილი წესით ნებისმიერ სტუდენტს/დამამთავრებელი კლასის სკოლის მოსწავლეს შეუძლია განცხადებით მიმართოს საბჭოს და  გახდეს საბჭოს ასოცირებული წევრი;
2. ასოცირებული წევრობისთვის საჭიროა მსურველის განცხადება და საბჭოს მინიმუმ ერთი წევრის რეკომენდაცია.
3. საბჭოს ასოცირებული წევრი უფლებამოსილია, დაესწროს საბჭოს სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს საბჭოს მიერ დაგეგმილ აქტივობებში.

მუხლი 8. საბჭოს მუშაობის წესი
1. საბჭოს სხდომა მოიწვევა საბჭოს გადაწყვეტილებით თვეში ერთხელ. საბჭოს სხდომა   შესაძლოა გაიმართოს  ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოწვევითაც.
2. საბჭოს გააჩნია თავისი სამოქმედო გეგმა, რომელსაც გამგებელთან შეთანხმებით ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭო საქმიანობას წარმართავს დამტკიცებული გეგმის შესაბამისად.
3. საბჭოს თითოეულ წევრს უფლება აქვს საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხების გარშემო წარმოადგინოს საკუთარი წინადადებები და მოსაზრებები.
4. საბჭო წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს.
5. საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს სრული შემადგენლობის  ½ + 1 ხმით. ყოველ წევრს აქვს ერთი ხმა. ხმის გადაცემა დაუშვებელია.
6. გამგებელთან  შეთანხმებით, თვეში ერთხელ მაინც  საბჭო ხვდება გამგებელს ან მისი არყოფნის შემთხვევაში გამგებლის ერთ-ერთ მოადგილეს და ერთობლივად განიხილება საბჭოს მიერ მომზადებული წინადადებები და რეკომენდაციები, წარმოჩნდება საბჭოს მიერ შესწავლილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიულ ერთეულში არსებული  პრობლემები და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზები, იგეგმება ერთობლივი აქტივობები.

მუხლი 9. საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხები
1. საბჭო განიხილავს :
ა) საბჭოს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებს;
ბ) სხვადასხვა ახალგაზრდული გაერთიანების და კერძო პირების მიერ წარმოდგენილ ინიციატივებს, პროექტებს, პროგრამებს, რომლებიც დაკავშირებულია ახალციხეში ახალგაზრდების გააქტიურებასთან და მათ ჩართულობასთან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.
გ) საბჭოს ასოცირებული წევრების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებს.
2. საბჭოს სხდომაზე განსახილველ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი უნდა იყოს განმარტებითი ბარათი, სადაც მოკლედ და გასაგებად იქნება ჩამოყალიბებული წინადადების მიზანი და შესაბამისობა საბჭოს საქმიანობასთან , განხორციელების გეგმა და საჭირო რესურსები (მათ შორის, ეკონომიკური დასაბუთება) და ასევე მოსალოდნელი შედეგები.

მუხლი 10. ფინანსები და სხვა შემოსავლები
საბჭოს დაფინანსება შეიძლება განხორციელდეს შემოწირულობებით, გრანტებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ნებადართული შემოსავლებით, რომლებიც მართლზომიერად უნდა იქნას გამოყენებული  საბჭოს ეფექტური მუშაობის უზრუნველსაყოფად და მიმართული უნდა იყოს საბჭოს მიზნების შესრულებისაკენ.

მუხლი 11. გარდამავალი დებულებები
საბჭოს პირველი  შემადგენლობა, საპილოტე რეჟიმში შეირჩევა სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების გარეშე ,, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური’’ -სა და სტუდენტთა და მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფის  რეკომენდაციის საფუძველზე,  ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ.

მუხლი 12. საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტა
საბჭოს უფლებამოსილება უწყდება  ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით.

მუხლი 13. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საბჭოს გადაწყვეტილებით,   ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით.