„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №341 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №341 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 502
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/09/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.018888
502
24/09/2015
ვებგვერდი, 28/09/2015
010240030.10.003.018888
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №341 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №502

2015 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №341 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №341 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19.12.2013 წ., 010240030.10.003.017508) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-9 მუხლის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მაკროეკონომიკური ანალიზისა და პროგნოზირების დეპარტამენტი;“;

ბ)  „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 17. მაკროეკონომიკური ანალიზისა და პროგნოზირების დეპარტამენტი

მაკროეკონომიკური ანალიზისა და პროგნოზირების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და გაანგარიშების განხორციელება;

ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური და კვარტალური შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა მაკროეკონომიკური მიმოხილვის მომზადების მხრივ;

გ) ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური განვითარების ამსახველი მაჩვენებლების შესახებ ანალიტიკური მასალებისა და ინფორმაციის მომზადება;

დ) ქვეყნის მაკროეკონომიკური რისკების ანალიზის განხორციელება და განსახილველად მომზადება;

ე) სოციალურ-ეკონომიკურ გადაწყვეტილებათა მაკროეკონომიკური შედეგების ანალიზის განხორციელება;

ვ) რეკომენდაციების შემუშავება ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ;

ზ) ეკონომიკური განვითარების სტრატეგიისა და საშუალოვადიანი დაგეგმვის მხარდაჭერა მაკროეკონომიკური პროგნოზებით;

თ) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის სამუშაოთა ორგანიზება და მონაცემთა გავრცელება ქვეყანაში მიღებული სტატისტიკური მეთოდოლოგიითა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციათა გათვალისწინებით;

ი) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის წინადადებათა მომზადება;

კ) მომდევნო საბიუჯეტო წლისათვის ბიუჯეტის შემოსავლების პროგნოზირება და დაგეგმვა;

ლ) საშუალოვადიანი საგადასახადო შემოსავლების პროგნოზირება;

მ) ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის პარამეტრების წლიური გეგმების კვარტლების მიხედვით განწერის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება;

ნ) სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური და კვარტალური შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა შემოსავლების შესრულების მიმდინარეობის ანალიზის მომზადების მხრივ;

ო) მიმდინარე წლის მოსალოდნელი საბიუჯეტო შემოსავლების მონიტორინგი და შეფასება;

პ) დამტკიცებული განწერის საფუძველზე ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ყოველკვარტალური მონიტორინგი, მის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, საბიუჯეტო შემოსავლების ყოველკვარტალური განწერის კორექტირების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება;

ჟ) ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის ცვლილებებთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო ღონისძიებათა შესახებ წინადადებების მომზადება;

რ) ბიუჯეტის შემოსავლების ყოველთვიური და ყოველდღიური მონიტორინგის ანგარიშის მომზადება;

ს) საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემოსავლების ნაწილში ცვლილებების შესახებ წინადადების მომზადება;

ტ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოთა მიერ მიღებული წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების თაობაზე წარდგენილი წინადადებებისა და დოკუმენტების განხილვა;

უ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყნის განვითარების საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების კოორდინაცია.“.

3. მე-18 მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 19. მინისტრის აპარატი

მინისტრის აპარატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოდან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან და საქართველოს პარლამენტიდან შემოსული საკონტროლო დავალებების, მინისტრის სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილებებისა და მინისტრის ბრძანებების/დავალებების შესრულების კონტროლი;

გ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის ურთიერთობის კოორდინაცია;

დ) მინისტრის სახელზე შემოსული კორესპონდენციის დამუშავება, მათ შორის, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის სარეგისტრაციო ნომრის გარეშე შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა და დამუშავება, მინისტრის რეზოლუციათა პროექტების მომზადება;

ე) მინისტრის სათათბირო საბჭოს სხდომებისა და სამინისტროში გამართული თათბირების ორგანიზება, დადგენილი წესით;

ვ) პროტოკოლის წარმოება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ექსპერტებთან თანამშრომლობა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეთა მიღების  ორგანიზაციული უზრუნველყოფა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ოქტომბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი