დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 98 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.016602 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 25.07.2015 წ., 040030000.22.027.016589) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. იუსტიციის სახლის სტრუქტურული ქვედანაყოფები იუსტიციის სახლის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) მომსახურების განვითარებისა და გაყიდვების დეპარტამენტი, რომლის სტრუქტურული ერთეულებია: ა.ა) პროდუქტების განვითარებისა და ინოვაციების მართვის სამსახური; ა.ბ) მომსახურების პროცედურების განვითარებისა და ბიზნეს ანალიზის სამსახური; ა.გ) გაყიდვების სამსახური; ბ) ხარისხის მართვის დეპარტამენტი; გ) ფილიალების კოორდინაციისა და სატელეფონო მომსახურების დეპარტამენტი, რომლის სტრუქტურული ერთეულებია: გ.ა) ფილიალების კოორდინაციის სამსახური; გ.ბ) სატელეფონო მომსახურების სამსახური; დ) ეკონომიკური დეპარტამენტი, რომლის სტრუქტურული ერთეულებია: დ.ა) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური; დ.ბ) შესყიდვების სამსახური; ე) სამეურნეო და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის დეპარტამენტი; ვ) მარკეტინგული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი; ზ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომლის სტრუქტურული ერთეულებია: ზ.ა) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური; ზ.ბ) საქმისწარმოების სამსახური; ზ.გ) იურიდიული სამსახური; ზ.დ) ადმინისტრაციისა და პროტოკოლის სამსახური; თ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი.“. 2. მე-7 მუხლის: ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ამტკიცებს იუსტიციის სახლის და მისი დეპარტამენტების საქმიანობის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას; უზრუნველყოფს იუსტიციის სახლის სტრატეგიული მიზნების და ამოცანების განხორციელებას და იუსტიციის სახლის საქმიანობის შესაბამისობას სტრატეგიულ მიზნებთან;“; ბ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) უზრუნველყოფს დეპარტამენტებისა და ფილიალების კოორდინირებულ საქმიანობას;“. 3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი. 2. დეპარტამენტის უფროსი პასუხისმგებელია დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებაზე და დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე. 3. იმ დეპარტამენტის, რომელშიც არ შედიან სამსახურები, უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე. დეპარტამენტში შემავალი სამსახურების უფროსები ამავდროულად არიან დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს (მოადგილეებს), მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (მოადგილეები) ასრულებს (ასრულებენ) დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრულ ფუნქციებს. 4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (ერთ-ერთი მოადგილე) ან აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანამშრომელი. 5. დეპარტამენტის უფროსის ფუნქციებია: ა) დეპარტამენტის წლიური სამოქმედო გეგმის განსაზღვრა და დეპარტამენტის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების წარდგენა; ბ) განხორციელებული საქმიანობის ანალიზი, დეპარტამენტის საქმიანობის გაუმჯობესების გზების ძიება და წინადადებების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; გ) ადამიანური რესურსის საჭიროების განსაზღვრა, ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურისათვის ინფორმაციის მიწოდება და კანდიდატთა შერჩევის პროცესში ჩართულობა; დ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ კორესპონდენციებზე და საკითხებზე დროული, ადეკვატური რეაგირება და მომხმარებლის ინტერესზე მორგებული გამოსავლის ძიება კანონით დადგენილ ფარგლებში; ე) დეპარტამენტის ფუნქციების ფარგლებში მესამე პირებთან ურთიერთობა; ვ) დეპარტამენტის საქმიანობის მეთოდოლოგიის განსაზღვრა და განვითარება; ზ) დეპარტამენტის თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა; თ) დეპარტამენტის საქმიანობის მუშაობის ეფექტურობის გაზრდისკენ მიმართული პროექტების ინიციირება; ი) იუსტიციის სახლის სხვა დეპარტამენტებთან და ფილიალებთან თანამშრომლობა მათ ფუნქციებში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით; კ) დაქვემდებარებულ თანამშრომელთა შორის მოვალეობების გადანაწილება და მათ მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების კონტროლი; ლ) დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტების ვიზირება; მ) კანონმდებლობით და აღმასრულებელი დირექტორის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. 6. დეპარტამენტის შემადგენლობაში შედიან მრჩევლები და სპეციალისტები. 4. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი: „მუხლი 81. დეპარტამენტის სამსახურის უფროსი 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც, ამავდროულად, არის შესაბამისი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. სამსახურის უფროსს, მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი. 2. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის ფუნქციების შესრულებაზე და სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე.“. 5. მე-9 – მე-15 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. მომსახურების განვითარებისა და გაყიდვების დეპარტამენტი 1. დეპარტამენტი ახორციელებს ამ მუხლის მე-2 – მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს. 2. დეპარტამენტის პროდუქტების განვითარებისა და ინოვაციების მართვის სამსახურის ფუნქციებია: ა) იუსტიციის სახლის სტრატეგიული მიზნების შესაბამისად პროდუქტების განვითარებაზე ზრუნვა; ბ) არსებული და ახალი პროდუქტების პაკეტირების განსხვავებული შესაძლებლობების ანალიზი და წინადადებების შემუშავება; გ) პროდუქტების ტესტირება, მათ განვითარებაში ცვლილებების დაგეგმვა და განხორციელება; დ) პროდუქტების განვითარებისა და ინოვაციების მართვის მიმართულებით, იუსტიციის სახლის შესაძლებლობების გამოსავლენად და გამოვლენილი შესაძლებლობების გარშემო იდეების გენერირების მიზნით მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება და მისი მუდმივი განვითარება; ე) პროდუქტების განვითარებასა და ინოვაციებთან დაკავშირებით, თანამშრომლების იდეების გენერირებისა და ინოვაციურ პროცესებში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა; ვ) იდეების წინასწარი ტესტირების ორგანიზება, იდეების დამუშავებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა, დამუშავებული იდეების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა და განხორციელება; ზ) პროექტების მიმდინარეობაზე დაკვირვება; ცვლილებების საჭიროების შემთხვევაში, ახალი იდეების გენერირება და ცვლილებების ორგანიზება; თ) საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის კვლევა. 3. დეპარტამენტის მომსახურების პროცედურების განვითარებისა და ბიზნეს ანალიზის სამსახურის ფუნქციებია: ა) ტექნოლოგიური პროექტების მართვა; ბ) გასაუმჯობესებელი პროგრამების, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სისტემების და სხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ანალიზის პროცესის მართვა; გ) იუსტიციის სახლის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინირებული თანამშრომლობით ბიზნეს-ამოცანის სრულყოფილად ჩამოყალიბება; დ) ახალი სისტემების და პროცედურების დანერგვის მიზნით, შესაბამისი ტრენინგების მომზადება და თანამშრომლებისთვის გადამზადების პროცესის ჩატარების უზრუნველყოფა; ე) პროდუქტების, პროექტების და მომსახურების პროცესების წინასწარი ფინანსური ანალიზი; ბიუჯეტის ფორმირების მიზნით სათანადო ინფორმაციის შეგროვება და პროგნოზირება; ვ) პროდუქტების, პროექტების, მომსახურების პროცესების ბიუჯეტიდან არსებული და მოსალოდნელი გადახრების კონტროლისა და ანალიზისთვის საჭირო სამუშაოების ორგანიზება; ზ) იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებული პერიოდული სტატისტიკების მომზადება, ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; თ) პროდუქტების, პროექტების, მომსახურების პროცესების ხარჯების ოპტიმიზაციისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ხელმძღვანელობისთვის წინადადებების წარდგენა; ი) მომსახურების პროცედურების ხარვეზების ძიება, დროული გამოვლენა, მათი ანალიზი და გადაწყვეტის გზების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება; მომსახურების პროცედურების ოპტიმიზაციის იდეების გენერირება; კ) იუსტიციის სახლის მომსახურების პროცედურების მუდმივი განვითარება, მომსახურების პროცესთან დაკავშირებული სისტემური ცვლილებების მართვა და მათი წინასწარი ტესტირება; ლ) ახალი ან/და არსებული პროდუქტის დანერგვა/დახვეწასთან დაკავშირებული პროცესის უზრუნველყოფა; მ) მომსახურების პროცედურების აღწერილობების მომზადება; ნ) პროცედურების/სისტემების ოპტიმიზაციისთვის ტექნოლოგიების და მეთოდოლოგიური სიახლეების მუდმივი მონიტორინგი. 4. დეპარტამენტის გაყიდვების სამსახურის ფუნქციებია: ა) პროდუქტების გაყიდვების მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება და განვითარება; ბ) პროდუქტების გაყიდვების არხების შექმნის შესაძლებლობების კვლევა, ანალიზი და შესაბამისი წინადადებების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; გ) გაყიდვების გეგმის შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; დ) ჯვარედინი გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა და განხორციელების უზრუნველყოფა; ე) გარე მომხმარებლების მოძიება და მათთვის შეთავაზებების ორგანიზება. მუხლი 10. ხარისხის მართვის დეპარტამენტი დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) მომსახურების მაღალი ხარისხის (მომხმარებლისთვის მარტივად გასაგები, კომფორტული, სწრაფი და უხარვეზო) მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი სტანდარტების შემუშავება, დანერგვა და განვითარება; ბ) იუსტიციის სახლის მომსახურების ხარისხის დონის განსაზღვრის და ამაღლების მიზნით კვლევის ამოცანების განსაზღვრა, კვლევის ჩატარების და უკუკავშირის უზრუნველყოფა; გ) უკუკავშირის განხორციელების სტანდარტის შემუშავება, დანერგვა და განვითარება; დ) ფილიალებში არსებული მდგომარეობის ანალიზის, კვლევებისა და უკუკავშირის შედეგების საფუძველზე არსებული ან შესაძლო პრობლემების ან/და ხარვეზების იდენტიფიცირება, ანგარიშის მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ე) მომსახურების ხარისხის ამაღლებისთვის რეკომენდაციების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა. მუხლი 11. ფილიალების კოორდინაციისა და სატელეფონო მომსახურების დეპარტამენტი 1. დეპარტამენტი ახორციელებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს. 2. დეპარტამენტის ფილიალების კოორდინაციის სამსახურის ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში ფილიალების გამართული და შეუფერხებელი საქმიანობის კოორდინაცია, ასევე, ფილიალებს შორის გამართული კავშირისა და ურთიერთობის უზრუნველყოფა; ბ) საოპერაციო სისტემების ტექნიკური გამართულობის უზრუნველსაყოფად ფილიალებში მომხმარებელთა მომსახურებასთან დაკავშირებული პროცედურული, ტექნიკური და პროგრამული საკითხების იდენტიფიცირება, შესაბამისი დეპარტამენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება და მომხმარებელთათვის იუსტიციის სახლის სერვისების შეუფერხებლად მიწოდების მონიტორინგი; გ) ფილიალების ფუნქციების შესასრულებლად სიახლეების, პროდუქტების და სერვისების შესახებ ინფორმაციის, საკანონმდებლო ცვლილებების, ინსტრუქციებისა და მითითებების დროული მიწოდება; დ) ფილიალებში ტრენინგების საჭირო თემატიკის იდენტიფიცირება და უფლებამოსილი დეპარტამენტისათვის ინფორმაციის მიწოდება; ე) ფილიალებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ფილიალების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, წინადადებებისა და რეკომენდაციების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ვ) ხელმძღვანელობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და პროექტებში ფილიალების ჩართულობის კოორდინაცია; ზ) იუსტიციის სახლის ახალი ფილიალების გახსნის პროცესში ჩართულობა. 3. დეპარტამენტის სატელეფონო მომსახურების სამსახურის ფუნქციებია: ა) იუსტიციის სახლის სერვისებთან დაკავშირებით სატელეფონო და ონლაინ-კომუნიკაციის საშუალებებით კვალიფიციური, მარტივად გასაგები, მაღალი ხარისხის საკონსულტაციო და საინფორმაციო მომსახურება სატელეფონო მომსახურების ხარისხის სტანდარტის და იუსტიციის სახლის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად; ბ) მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებით სატელეფონო და ონლაინ-კომუნიკაციის საშუალებებით შემოსული შეკითხვების ყოველთვიური ანალიზი და შესაბამისი დეპარტამენტებისათვის მიწოდება; ამ ანალიზის საფუძველზე ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა; გ) საჭიროების შემთხვევაში, ახალ პროდუქტთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით გამავალი ზარების განხორციელება მომხმარებელთა აზრის კვლევის მიზნით. მუხლი 12. ეკონომიკური დეპარტამენტი 1. დეპარტამენტი ახორციელებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს. 2. დეპარტამენტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ფუნქციებია: ა) პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების კანონმდებლობის შესაბამისად წარმოება; ბ) ბუღალტრული ოპერაციების კანონმდებლობის შესაბამისად აღრიცხვა; გ) იუსტიციის სახლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშების მომზადება, მათი ხელმძღვანელობისთვის და სხვა უფლებამოსილი უწყებებისთვის წარდგენა; დ) ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვადასხვა წყაროების მიხედვით, შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა; ე) ფინანსური ინფორმაციის/დოკუმენტების შენახვისა და დაცვის უზრუნველყოფა; ვ) უნაღდო ფულადი ოპერაციების/ტრანზაქციების დროული წარმოება შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე; ზ) იუსტიციის სახლის თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურების და სხვა განაცემების გაცემის ორგანიზება; თ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების აღრიცხვის უზრუნველყოფა; ი) ფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების და მოთხოვნების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაცია და ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვა; კ) არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება და ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვა; ლ) იუსტიციის სახლის ბიუჯეტის პროექტის შედგენა და შესაბამის დეპარტამენტებთან/უწყებებთან განხილვა/შეთანხმება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; მ) იუსტიციის სახლის საბიუჯეტო პროცესის მართვა; სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლების გონივრული და განვითარებაზე ორიენტირებული ხარჯვის უზრუნველყოფა; ნ) იუსტიციის სახლის ხარჯების ოპტიმიზაციისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა. 3. დეპარტამენტის შესყიდვების სამსახურის ფუნქციებია: ა) იუსტიციის სახლის მიზნების შესაბამისად, იუსტიციის სახლის გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელი საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს შესყიდვა, შესაბამისი დეპარტამენტის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე; ბ) სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, ხელმოწერის ორგანიზება; ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება; გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის, მასში შესატანი ცვლილებების პროექტის შემუშავება და წარდგენა; დ) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების ჩატარება, ანგარიშგება, შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება, წარმოება, რეგისტრაცია და შენახვა; ე) შესყიდვის რაციონალური განხორციელების, ღია და სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით, ბაზრის კვლევა და ალტერნატივების ძიება. მუხლი 13. სამეურნეო და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის დეპარტამენტი დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) იუსტიციის სახლის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის, შენახვის და მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა, ასევე, იუსტიციის სახლის ფილიალების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რაც აუცილებელია მაღალი ხარისხის სერვისის მისაწოდებლად; ბ) სასაწყობო მეურნეობის მართვა და სასაწყობო ინფრასტრუქტურის გამართულობის უზრუნველყოფა; გ) იუსტიციის სახლის ავტო-პარკის მართვა და მისი გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოების ორგანიზება, დაშვებული ლიმიტების გათვალისწინებით საწვავის ხარჯვის კონტროლი; დ) იუსტიციის სახლის დეპარტამენტებისა და ფილიალების საჭირო ნივთებით მომარაგება; ე) იუსტიციის სახლის შენობაში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა; ვ) იუსტიციის სახლისთვის სხვადასხვა სახის მომსახურების მომწოდებელი სუბიექტების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და გამოვლენილ ნაკლოვანებებზე რეაგირება; ზ) იუსტიციის სახლის არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციის პროცესის უზრუნველყოფა; თ) იუსტიციის სახლის შენობა-ნაგებობების მდგომარეობის შემოწმება და საჭირო ღონისძიებების ჩატარების უზრუნველყოფა; ი) სამშენებლო, სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ორგანიზება და მართვა და ამ მიზნით მესამე პირებთან ურთიერთობა; კ) იუსტიციის სახლის ინფრასტრუქტურის (მათ შორის ელექტრო-კომუნიკაციის, ვენტილაცია-კონდიცირების და სხვა) გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. მუხლი 14. მარკეტინგული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) ბრენდის – „იუსტიციის სახლი“ განვითარებაზე ზრუნვა; ბ) ბრენდის – „იუსტიციის სახლი“ განვითარების მიზნით იდეების გენერირება, ანალიზი, კვლევითი სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება; გ) იუსტიციის სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესის მართვა; დ) ბრენდის – „იუსტიციის სახლი“ მახასიათებლების შესახებ თანამშრომელთა ინფორმირებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება; ე) მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება; ვ) იუსტიციის სახლის ბრენდისთვის საზიანო ფაქტებსა და მოვლენებზე დაუყოვნებლივ რეაგირება; ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის საჭიროებების განსაზღვრა და განხორციელების ორგანიზება, საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება; თ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომელთა კომუნიკაციის ფორმების და შინაარსის შესახებ მითითებების შემუშვება და თანამშრომელთა ინფორმირების უზრუნველყოფა; ი) იუსტიციის სახლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი და რეაგირება. მუხლი 15. ადმინისტრაციული დეპარტამენტი 1. დეპარტამენტი ახორციელებს ამ მუხლის მე-2 – მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს. 2. დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ფუნქციებია: ა) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და სტრატეგიის განსაზღვრა და მისი შესრულების უზრუნველყოფა; ბ) ადამიანური რესურსების მართვის მეთოდოლოგიის შექმნა და განვითარება; გ) ადამიანური რესურსების მოზიდვა, შერჩევა/დაქირავების პროცესის ორგანიზება და მართვა; დ) იუსტიციის სახლსა და თანამშრომლებს შორის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საქმიანობის სათანადო დოკუმენტური გაფორმება და თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოება; ე) იუსტიციის სახლში შრომის შინაგანაწესის პროექტის შემუშავება; ვ) თანამშრომელთა მოტივაციის და შეფასების სისტემების შექმნა, დანერგვა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ზ) ადამიანური რესურსების მართვის მიზნებისათვის შესაბამისი მონაცემთა დამუშავება; თ) ადამიანური რესურსის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების ინიციირება და ორგანიზება; ი) თანამშრომლების საქმიანობასთან მათი შრომის ანაზღაურების სისტემის შესაბამისობის ანალიზი და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; კ) თანამშრომელთა მიერ შრომით პირობებთან დაკავშირებით დასმული საკითხების განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ლ) თანამშრომელთა შრომითი კმაყოფილების კვლევის განხორციელების ორგანიზება და კვლევის შედეგების საფუძველზე რეკომენდაციების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; მ) თანამშრომელთა გუნდური მუშაობის და თანამშრომელთა შორის არაფორმალური ურთიერთობების განვითარებისთვის ღონისძიებების ორგანიზება; ნ) ელექტრონული ტაბელის ადმინისტრირება. 3. დეპარტამენტის საქმისწარმოების სამსახურის ფუნქციებია: ა) იუსტიციის სახლში არსებული საქმისწარმოების პროცესის ორგანიზება; ბ) შემოსული და შექმნილი დოკუმენტაციის მიღება, დამუშავება, რეგისტრაცია და ადრესატისთვის დროულად მიწოდება; გ) საიდუმლო საქმისწარმოების პროცესის წარმართვა და ორგანიზება; დ) საქმისწარმოებით დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და არქივირება; ე) საქმისწარმოების პროცესის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ვ) ელექტრონული ან მატერიალური სახით შემოსული კორესპოდენციის რეგისტრაცია, კლასიფიცირება და სარეზოლუციო ადრესატისათვის გადაგზავნა დადგენილი წესის შესაბამისად; ზ) ელექტრონულ დოკუმენტბრუნვის სისტემაში არსებული კორესპოდენციის მატერიალური ფორმით დაინტერესებული პირებისათვის გაცემა; თ) საფოსტო რეესტრის წარმოება ელექტრონული და მატერიალური ფორმით; ი) იუსტიციის სახლში გამოსაყენებელი დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების შემუშავება და ადმინისტრირება. 4. დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის ფუნქციებია: ა) იუსტიციის სახლის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან/და ექსპერტიზა და ვიზირება; გ) ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და გადაწყვეტილების პროექტების მომზადება; დ) სასამართლო დავებზე იუსტიციის სახლის წარმომადგენლობა; ე) იუსტიციის სახლის სახელით დასადები ხელშეკრულებების (გარდა შრომითი ხელშეკრულებებისა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებისა) მომზადება და ხელმოწერის პროცესის ორგანიზება; ვ) იუსტიციის სახლის სახელით დასადები სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების და შრომითი ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება; ზ) იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებით შესამუშავებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა და მათი მიღების პროცესში ჩართულობა; თ) იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და მათ შესახებ იუსტიციის სახლის ხელმძღვანელობის და დეპარტამენტების დროული ინფორმირება; ი) იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებით იუსტიციის სახლის თანამშრომლებისთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა; კ) მოთხოვნის შემთხვევაში იუსტიციის სახლში მიღებული ან მისაღები გადაწყვეტილებების სამართლებრივი ანალიზი. 5. დეპარტამენტის ადმინისტრაციისა და პროტოკოლის სამსახურის ფუნქციებია: ა) დეპარტამენტების მიერ თავიანთ საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადების კოორდინირება; ბ) დეპარტამენტების მიმდინარე საქმიანობის, აგრეთვე მათ მიერ განსახორციელებელი სამოქმედო გეგმების განხილვა და იუსტიციის სახლის მიზნებთან და სტრატეგიასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; გ) შესაბამის დეპარტამენტებთან ერთად იუსტიციის სახლის საქმიანობის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების უზრუნველყოფა; დ) აღმასრულებელი დირექტორის ან/და დეპარტამენტების მიერ ინიციირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება თანამშრომლებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ინსტრუქტაჟით უზრუნველყოფა; ე) შიდაორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით ერთგვაროვანი მიდგომების ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად თანამშრომლებთან კომუნიკაცია; ვ) იუსტიციის სახლის წარმომადგენლობითი საკითხების (მათ შორის, საზღვარგარეთის ქვეყნებში) დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინაცია; ზ) დელეგაციების მიღებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, დელეგაციების ვიზიტების პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების გამართვა, სტუმრების მიღება-გაცილება და სხვადასხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრების ორგანიზება; თ) საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა უწყებების უფლებამოსილი პირების ჩართვა საპროტოკოლო ღონისძიების ორგანიზებაში; ი) დამატებითი შემოსავლის გენერირების მიზნით აუქციონის პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა. მუხლი 16. შიდა აუდიტის დეპარტამენტი 1. შიდა აუდიტის დეპარტამენტი ფუნქციურად დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია მხოლოდ აღმასრულებელი დირექტორის წინაშე. აღმასრულებელი დირექტორის მიერ შიდა აუდიტის დეპარტამენტის ანგარიშებზე, დასკვნებსა და რეკომენდაციებზე რეაგირება ემსახურება მართვის ეფექტიანობისა და ეფექტურობის მიზნის მიღწევას. დაუშვებელია შიდა აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება საქმიანობის დაგეგმვის, განხორციელებისა და ანგარიშგების ნებისმიერ ეტაპზე. 2. შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს იუსტიციის სახლში მიმდინარე ნებისმიერი პროცესი და საქმიანობის სფერო. იუსტიციის სახლის თანამშრომლები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ შიდა აუდიტის დეპარტამენტთან და უზრუნველყონ მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის თაობაზე არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა ან/და ქმედებების განხორციელება. 3. დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) იუსტიციის სახლის დეპარტამენტების და ფილიალების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან და მოქმედ სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის შემოწმება/მონიტორინგი; ბ) იუსტიციის სახლის სტრატეგიული განვითარების გეგმის შესრულების მონიტორინგი; გ) იუსტიციის სახლის სტრატეგიული პროექტების განხორციელების მონიტორინგი; დ) იუსტიციის სახლში მიმდინარე პროცესების და საქმიანობის სფეროების აუდიტის და მონიტორინგის შედეგებზე ანგარიშების მომზადება და აღმასრულებელი დირექტორისთვის წარდგენა; ე) დეპარტამენტში შემოსული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა, იუსტიციის სახლის თანამშრომელთა მიერ ჩადენილი დარღვევების ფაქტებზე სატელეფონო შეტყობინებების მიღება და შესაბამისი რეაგირება; ვ) იუსტიციის სახლში სამართალდარღვევის, დისციპლინური გადაცდომის ან/და იუსტიციის სახლის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შესახებ ცნობებთან (განცხადება, წერილი, საჩივარი, შეტყობინება, სხვა ინფორმაცია ან ფაქტი) დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, დასკვნის მომზადება და აღმასრულებელი დირექტორისათვის წარდგენა; ზ) იუსტიციის სახლის თანამშრომელთა სამსახურებრივი დისციპლინის შემოწმება, გამოვლენილი დისციპლინური გადაცდომების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე სათანადო რეკომენდაციებისა და პრევენციული წინადადებების შემუშავება და აღმასრულებელი დირექტორისთვის წარდგენა; თ) იუსტიციის სახლში ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება; ი) დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშების მომზადება და აღმასრულებელი დირექტორისთვის წარდგენა; კ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს იუსტიციის სახლის მიზნებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.“. 6. მე-17 – 23-ე მუხლები ამოღებულ იქნეს. 7. 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ადამიანური რესურსის საჭიროების განსაზღვრა, ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურისათვის ინფორმაციის მიწოდება და კანდიდატთა შერჩევის პროცესში ჩართულობა; დ) ფილიალში წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება და აღნიშნულის შესახებ შესაბამისი დეპარტამენტ(ებ)ის დროული ინფორმირება;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები