დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის N8/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 83/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 09/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016175 |
|
„გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
|
1.
პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ეს წესი არ ვრცელდება ნაღდი ფულით შემოსავლის და გასავლის ოპერაციების, საგადახდო ბარათით განხორციელებული ოპერაციების (საბარათე ოპერაციების), ასევე ელექტრონული ფულით გადახდის ოპერაციების შესრულების საკითხებზე, გარდა ამ წესის თავი IV-ით განსაზღვრული უცხოური ვალუტით გადახდის ოპერაციების წარმოების საკითხებისა.“. |
2.
მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) სახელმწიფო ორგანო – საქართველოს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა);“. ბ) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უ) ერთჯერადი გადახდის ოპერაცია – საკრედიტო გადახდის ოპერაცია, რომლის შესრულება პროვაიდერის მიერ ხდება გადამხდელი ფიზიკური პირის მიერ პროვაიდერისათვის გადაცემული ნაღდი თანხის ფარგლებში, აღნიშნული თანხის ამ ფიზიკური პირის ანგარიშზე ჩარიცხვის გარეშე. აღნიშნული ოპერაციისას პროვაიდერისთვის გადაცემული ნაღდი თანხის ოდენობა წარმოადგენს გადახდის ოპერაციის (ოპერაციების) თანხისა და საკომისიოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჯამს;“; |
3.
მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ბ) გადახდის ოპერაციის თანხის მიმღები არის სახელმწიფო ხაზინა ან სხვა სახელმწიფო ორგანო.“. |
4.
მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სხვა მეწარმე პირის მაგივრად, მხოლოდ ისეთი საკრედიტო გადახდის ოპერაციები სადაც გადახდის ოპერაციის თანხის მიმღები არის სახელმწიფო ხაზინა ან სხვა სახელმწიფო ორგანო.“. |
5.
მე-6 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ ქვეყნის შიგნით განხორციელებული გადახდის ოპერაციის თანხა აღემატება 1500 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში, ასევე კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში, გადამხდელის დასახელების გარდა პროვაიდერის შიდა სისტემაში უნდა დაფიქსირდეს და გადაეცეს შესაბამის საგადახდო ან შეტყობინების გაცვლის სისტემას გადამხდელი (რეზიდენტი ან არარეზიდენტი) ფიზიკური პირის პირადი ნომერი საქართველოში გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის უცხოური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და ამ დოკუმენტის გამცემი ქვეყნის დასახელება.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. თუ უცხოური ვალუტის გადახდის ოპერაციის განხორციელებისას შუამავალი ან/და მიმღების პროვაიდერი არ არის საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი პირი ან მისი ადგილსამყოფელი არ არის საქართველოს ტერიტორია, მაშინ პროვაიდერის შიდა სისტემაში უნდა დაფიქსირდეს და გადაეცეს შესაბამის საგადახდო ან შეტყობინების გაცვლის სისტემას მინიმუმ შემდეგი ინფორმაცია: ა) გადამხდელის შესახებ: დასახელება, ანგარიშის ნომერი (გარდა ერთჯერადი გადახდის ოპერაციებისა), საიდენტიფიკაციო ნომერი ან/და მისამართი ან/და ფიზიკური პირის დაბადების თარიღი და ადგილი. ბ) მიმღების შესახებ: დასახელება და ანგარიშის ნომერი, თუ გადახდის ოპერაციის შესრულებაში ანგარიშის ნომერი იღებს მონაწილეობას.“. |
6.
მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გადამხდელის ბანკი ვალდებულია, 10000 (ათი ათასი) ლარი და მეტი ოდენობის თანხის გადახდის ოპერაცია შეასრულოს (დაადებეტოს გადამხდელის ანგარიში დავალებაში მითითებული თანხის ოდენობით და ჩარიცხოს მიმღების პროვაიდერის ანგარიშზე) აღნიშნული დავალების მიღების დღეს დაუყოვნებლივ, თუ გადამხდელსა და მის ბანკს შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მაგრამ არაუგვიანეს „საგადახდო სისტემის და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვადისა.“.
|
7.
მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. გადამხდელის ბანკი ვალდებულია, შესასრულებლად მიღებული საკრედიტო საგადახდო დავალების თანხა ჩარიცხოს მიმღების პროვაიდერის ანგარიშზე ამ საგადახდო დავალების შესასრულებლად მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა, გარდა ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
|
8.
მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საინკასო დავალებები, ბანკში მათი წარდგენის ქრონოლოგიური რიგითობით;“. ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) აღსრულების ეროვნული ბიუროს და კერძო აღმასრულებლის მიერ წარმოდგენილი საინკასო დავალებები. იმ შემთხვევაში, თუ ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინკასო დავალება წარმოდგენილია აღსრულების ეროვნული ბიუროს ან კერძო აღმასრულებლის მიერ საბანკო ანგარიშზე დადებული ყადაღით უზრუნველყოფილი მოთხოვნის აღსასრულებლად, მაშინ საინკასო დავალების შესრულება ხორციელდება ყადაღის რეგისტრაციის რიგითობის მიხედვით. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში საინკასო დავალება სრულდება ბანკში წარდგენის ქრონოლოგიური რიგითობით. |
| მუხლი 2 |
1.
ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
2.
ამ ბრძანების პირევლი მუხლის მე–8 პუნქტი ამოქმედდეს 2015 წლის 1 ოქტომბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები