საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1030
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 19/12/1986
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 13, 26/12/1986
სარეგისტრაციო კოდი 0000000000000000000000000000
  • Word
1030
19/12/1986
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 13, 26/12/1986
0000000000000000000000000000
საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება

 

საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

 

„არასრულწლოვანი შვილებისათვის ალიმენტის გადახდევინების წესის რამდენადმე შეცვლის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 14 ოქტომბრის ბრძანებულების შესაბამისად საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

შეტანილ იქნეს ცვლილებანი და დამატებანი საქართველოს სსრ შემდეგ საკანონმდებლო აქტებში:

1. საქართველოს სსრ 1970 წლის 18 ივნისის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსში („საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები“, 1970 წ., №6, მუხ. 96):

1) 72-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„არასრულწლოვანი შვილებისათვის მშობლებს ალიმენტი გადახდებათ შემდეგი ოდენობით: ერთ ბავშვზე – მშობელთა ხელფასის (შემოსავლის) ერთი მეოთხედი, ორ ბავშვზე – ერთი მესამედი, სამ და მეტ ბავშვზე – ნახევარი, მაგრამ არანაკლებ 20 მანეთისა თვეში თითოეულ ბავშვზე.

ამ წილთა და ალიმენტთა მინიმალური ოდენობა სასამართლოს შეუძლია შეამციროს, თუ მშობელს, რომელიც მოვალეა იხდიდეს ალიმენტს, ჰყავს სხვა არასრულწლოვანი შვილები, რომლებიც ამ მუხლის შესაბამისად დადგენილი ოდენობით ალიმენტის გადახდისას შეიძლება აღმოჩნდნენ მატერიალურად უფრო ნაკლებად უზრუნველყოფილი, ვიდრე ის შვილები, რომლებიც ალიმენტს იღებენ, აგრეთვე იმ შემთხვევებში, თუ მშობელი, რომელსაც ალიმენტს ახდევინებენ, პირველი ან მეორე ჯგუფის ინვალიდია, ანდა თუ შვილები მუშაობენ და საკმარისი ხელფასი აქვთ, ან სხვა საპატიო მიზეზების არსებობისას“;

2) 95-ე მუხლის მეოთხე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„განცხადების საფუძველზე ალიმენტის დაკავება შეიძლება იმ შემთხვევებშიც, თუ საერთო თანხა, რომელიც დაკავებულ უნდა იქნეს განცხადების და სააღსრულებო დოკუმენტის საფუძველზე, აღემატება მოვალის კუთვნილი ხელფასის და მასთან გათანაბრებული გადასახდელების და გასაცემების 50 პროცენტს, აგრეთვე, თუ მოვალე სასამართლოს გადაწყვეტილების ან სახალხო მოსამართლის დადგენილების საფუძველზე შვილებისათვის ალიმენტს უხდის სხვა დედას“.

2. საქართველოს სსრ 1973 წლის 28 ივნისის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები“, 1973 წ., №6, მუხ. 118; 1983 წ., №11, მუხ. 370; 1986 წ., №6, მუხ. 140) 125-ე მუხლის მესამე ნაწილს სიტყვების „გამასწორებელი სამუშაოების მოხდისას“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და არასრულწლოვანი შვილებისათვის ალიმენტის გადახდევინებისას“.

3. საქართველოს სსრ 1971 წლის 9 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ შრომა-გასწორების კოდექსის („საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები“, 1971 წ., №12, მუხ. 202) 52-ე მუხლს მესამე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ახალი ნაწილი:

„ამ მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული წესი იმ მსჯავრდებულებისათვის პირად ანგარიშზე დარიცხული ხელფასის წილის შენარჩუნების შესახებ, რომლებიც სასჯელს იხდიან შრომა-გასწორების კოლონიებში, საპყრობილეებსა და შრომა-გასწორების კოლონია-დასახლებებში, არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც არასრულწლოვანი შვილებისათვის იხდიან ალიმენტს“.

მეოთხე ნაწილი ჩაითვალოს მეხუთე ნაწილად.

4. საქართველოს სსრ 1964 წლის 26 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის („საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები“, 1964 წ., №36, მუხ. 662) 398-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მესამე ნაწილი:

„ხელფასიდან და მასთან გათანაბრებული გადასახდელიდან და გასაცემიდან ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დადგენილი დაქვითვების ოდენობის შეზღუდვები არ ვრცელდება არასრულწლოვანი შვილებისათვის ალიმენტის გადახდევინებისას.“.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი.

თბილისი, 1986 წლის 19 დეკემბერი.

№1030 – XI