სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დამტკიცების თაობაზე

სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 110/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 31/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 440050000.22.022.017016
110/ნ
31/08/2015
ვებგვერდი, 02/09/2015
440050000.22.022.017016
სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №110/ნ

2015 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

 

სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და  ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტი ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე



დანართი
სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო

სახელმწიფო სტანდარტი


შესავალი

ადრეული და სკოლამდელი ასაკი ბავშვის ფიზიკური, გონებრივი, სოციალური და ემოციური განვითარების მნიშვნელოვანი პერიოდია. ადრეულ და სკოლამდელ ასაკში მიღებული გამოცდილება დიდ გავლენას ახდენს ბავშვის მომზადებაზე როგორც სკოლისათვისб ასევე ცხოვრების შემდგომი ეტაპებისათვის.

ადრეულ და სკოლამდელ ასაკში ბავშვის განვითარება ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს, რაც თავის მხრივ საჭიროებს შესაბამის სააღმზრდელო, საგანამანათლებლო, განმავითარებელ პროცესს.

საქართველომ, „ბავშვთა უფლებათა კონვენციასთან შეერთების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 21 აპრილის 465 დადგენილებითა და „ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის შესახებ“ 1995 წლის 21 დეკემბრის გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული №50/155 რეზოლუციის რატიფიცირებით დაადასტურა ყოველი ბავშვის უფლება, ჰქონდეს ცხოვრების ისეთი პირობები, რომელიც ხელს შეუწყობს მისი ფიზიკური, გონებრივი, სოციალური და ემოციური უნარების განვითარებას. წინამდებარე სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტი (შემდგომში სტანდარტი) განამტკიცებს ბავშვთა უფლებებათა კონვენციის მიზანსწრაფვას და აყალიბებს შინაარსს, რომელიც დაეხმარება სკოლამდელი განათლების სფეროს წარმომადგენლებს, დაგეგმონ ბავშვის მრავალმხრივი განვითარების შესაბამისი სააღმზრდელო პროცესი. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სტანდარტი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელობით მომზადდა.

სტანდარტი სკოლამდელი განათლების სფეროს წარმომადგენლებს სთავაზობს ინფორმაციას ბავშვის ადრეულ ასაკში განვითარების სპეციფიკასა და თავისებურებებზე. სტანდარტის შინაარსი განსაზღვრავს ბავშვის მიერ არა მხოლოდ კონკრეტული ცოდნის შეძენას, არამედ მისი პიროვნული თვისებების განვითარებასა და მის ფსიქოლოგიურ და ემოციურ მზაობას, რაც სკოლაში სწავლისათვის არის აუცილებელი. სტანდარტის ძირითადი პრინციპია ბავშვის ადრეული ასაკის უნიკალურობის გაცნობიერება ადამიანის, როგორც მოქალაქის და პიროვნების, ფორმირების პროცესში.

1.    სტანდარტის მიზნები

სტანდარტის მიზნებია:

  • განუვითაროს ბავშვს მომავალი ცხოვრებისათვის, წარმატებულ მოქალაქედ ფორმირებისათვის, მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის საჭირო უნარები;
  • ხელი შეუწყოს ბავშვს საუკეთესო არჩევანის გაკეთებასა და ახალ გამოწვევებთან გამკლავებაში; სიღრმისეული, მოქნილი და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაში;
  • განუვითაროს ბავშვს ფიზიკური და ემოციური სიჯანსაღე;
  • მოამზადოს ბავშვი პირველი კლასის მოსწავლის მიმართ არსებული მოლოდინებისა და გამოწვევებისათვის;
  • შეუქმნას ბავშვს პოზიტიური განწყობა სწავლისადმი, სკოლაში წასვლამდე ერთი წლის განმავლობაში;
  • განუვითაროს ბავშვს კითხვისა და წერის სწავლისათვის საჭირო უნარები და რაოდენობრივი წარმოდგენები.

2.      სტანდარტის განმარტება და სტრუქტურა

სტანდარტი წარმოადგენს ერთი აკადემიური წლის ბოლოს, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე, ბავშვის მიერ მისაღწევ სასურველ შედეგებს მისი ფიზიკური, გონებრივი, სოციალური და ემოციური განვითარებისთვის.

სტანდარტი წარმოადგენს ინფორმაციას ბავშვის განვითარების ხუთ ძირითად სფეროზე:

  1. ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება;
  2. სწავლისადმი მიდგომა;
  3. სოციალურ-ემოციური განვითარება;
  4. შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა;
  5. მეტყველება, კომუნიკაცია და წიგნიერება.

განვითარების თითოეული სფერო შედგება ქვესფეროებისგან, რომლებიც დაყოფილია მიმართულებებად. განვითარების თითოეულ სფეროს წამძღვარებული აქვს სფეროს, ქვესფეროებისა და მიმართულებების მოკლე აღწერა. თითოეულ მიმართულებაში განსაზღვრულია შედეგი, რომელიც წარმოადგენს ბავშვის განვითარებისთვის დასახულ კონკრეტულ მიზანს.

კონკრეტულ სფეროში განვითარების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია ცხრილის ფორმატში. ცხრილში ინფორმაცია ბავშვის განვითარების ხუთი სფეროს შესახებ სათითაოდ არის აღწერილი. თითოეული სფერო სათაურის სახით არის დატანილი. თითოეული სფერო ქვესფეროებისაგან შედგება და ინფორმაცია ქვესფეროების შესახებ პირველ სვეტში არის წარმოდგენილი. მეორე სვეტში ასახულია ინფორმაცია კონკრეტული მიმართულებების შესახებ, მესამე სვეტში დატანილი ინფორმაცია კი ბავშვის განვითარების კონკრეტულ შედეგებს წარმოადგენს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ აღმზრდელმა ბავშვის აღზრდა და განვითარება მისი ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით განახორციელოს თითოეული ბავშვის ინდივიდუალურობიდან და მისი საჭიროებებიდან გამომდინარე.

სტანდარტით ხელმძღვანელობა და მისი დანერგვა სავალდებულოა ყველა იმ უწყებისთვის, რომელიც შესაბამისი ასაკის ბავშვების სააღმზრდელო და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა.

3.    სტანდარტის დანერგვის ზოგადი რეკომენდაციები

სტანდარტის შინაარსი დაეხმარება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლებს სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის წარმართვაში. სტანდარტის მიხედვით სააღმზრდელო პროცესის განხორციელება თავის მხრივ მოითხოვს შესაბამის მეთოდოლოგიურ რესურსებს, სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის საჭირო ინსტრუქცია-რეკომენდაციებსა და ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სათანადო მოწყობას.

სტანდარტის დანერგვისთვის მნიშვნელოვანი რესურსები და საქმიანობა:

-         აღმზრდელის სახელმძღვანელო;

-         სასკოლო მზაობის პროგრამის ყოველკვირეული აქტივობების კრებული;

-         ტრენერთა, მეთოდისტთა/აღმზრდელთა სატრენინგო მოდულები;

-  ფიზიკური და საგანმანათლებლო გარემოს მოწყობისთვის საჭირო რეკომენდაციები;

-         სასკოლო მზაობის ჯგუფებისათვის შესაბამისი მასალებისა და რესურსების ჩამონათვალი;

-         ფიზიკური გარემოს მოწყობა და შესაბამისი საგანმანათლებლო მასალითა და რესურსით აღჭურვა;

-         ადამიანური რესურსის მომზადება/გადამზადება;

-         სტანდარტის დანერგვის მონიტორინგი;

-         საკონსულტაციო მხარდაჭერა. 

4. სტანდარტში აღწერილი ბავშვის განვითარების სფეროები, ქვესფეროები, მიმართულებები და შედეგები:

სფერო: 1. ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება

ადრეულ ასაკში ადამიანის სხეული მუდმივად და მნიშვნელოვნად იცვლება. ეს ცვლილებები გამოიხატება არა მხოლოდ ბავშვის სიმაღლეში ზრდასა და სხეულის მასის მატებაში, არამედ მისი აღნაგობისა და პროპორციების ცვლილებებში, კოორდინაციის უნარისა და მოძრაობის დახვეწაში. ბავშვის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა მისი ადეკვატური ზრდისა და განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ქვემოთ წარმოდგენილ სფეროში „ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება“ წარმოდგენილია შემდეგი ქვესფეროებით:

  • ფიზიკური განვითარება, მათ შორის მოტორული განვითარება;
  • ჯანმრთელობა;
  • კვება;
  • უსაფრთხოება.

ფიზიკური განვითარება ზრდის დინამიკური პროცესია, რომელიც დამოკიდებულია როგორც გენეტიკურ, ასევე გარემო ფაქტორებზე. ზრდის დინამიკური პროცესი გულისხმობს სხეულის მასის, სიგრძის, თავისა და გულმკერდის გარშემოწერილობების მატებას, სხეულის ცალკეული ნაწილის პროპორციების ჩამოყალიბებასა და ბავშვის ორგანიზმის ბიოლოგიურ მომწიფებას. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ფიზიკური ჩვევები და უნარები გარკვეული კანონზომიერებით ვითარდება, გასათვალისწინებელია, რომ ყველა ბავშვი უნიკალურია და განვითარების ტემპიც ინდივიდუალური აქვს. მოტორული განვითარება არის ბავშვის უნარი, სხვადასხვა ჯგუფის კუნთების ამოქმედებით შეასრულოს ესა თუ ის მოძრაობა. მოტორული განვითარება მოიცავს მსხვილ, ანუ უხეშ და წვრილ, ანუ ნატიფ მოტორიკასა და სენსო-მოტორულ, ანუ მგრძნობელობით-მოძრაობით უნარებს.

მსხვილი მოტორიკა (უხეში მოტორიკა)   არის ბავშვის უნარი, აკონტროლოს კიდურები და მსხვილი კუნთები, რომელთა საშუალებითაც იგი ახერხებს სიარულს, სირბილს, ხტომასა  და სხვა.

წვრილი მოტორიკა (ნატიფი მოტორიკა)   არის ბავშვის უნარი, აკონტროლოს მაჯისა და თითების მომხრელი და გამშლელი კუნთები, თვალის სწორი და ირიბი კუნთები, რომლებიც მხედველობის მიმართულებას  განსაზღვრავენ, და რომელთა საშუალებითაც ბავშვი ახერხებს ხატვას, ძერწვასა  და თასმების შეკვრას.

სენსორული (გრძნობადი) პროცესები შეგრძნებების (მხედველობის, ყნოსვის, სმენის, გემოს, შეხების) საშუალებით გარემოს აღქმისა და შეცნობის უნარი, რაც ბავშვს კოორდინირებული მოქმედებების შესრულებაში ეხმარება.

ჯანმრთელობა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია პირადი ჰიგიენისა და მოვლის ძირითადი უნარ-ჩვევების ცოდნაზე. კარგი ფიზიკური მდგომარეობა, ჯანმრთელობა განაპირობებს ბავშვის ენერგიულობას, ძალას, ამტანობასა და მოქნილობას. ეს საშუალებას აძლევს ბავშვს, ჩაერთოს სხვადასხვა აქტივობაში, გამოხატოს ინტერესი, შეძლოს ყურადღების კონცენტრირება, რაც მეტად მნიშვნელოვანია სწავლის პროცესში.

კვება ჯანმრთელობისა და ფიზიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი ასპექტია. სკოლამდელ ასაკში ბავშვებს ექმნებათ წარმოდგენები ჯანსაღი და არაჯანსაღი კვებისა და საკვები პროდუქტების შესახებ, უყალიბდებათ კვებასთან დაკავშირებული ჩვევები. ამასთანავე, კვების პროცესი იძლევა ბავშვებში სხვა მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების (კომუნიკაცია, სოციალურ-ემოციური უნარები, შემეცნებითი უნარები და ზოგადი ცოდნა) განვითარების შესაძლებლობას.

უსაფრთხოება ფიზიკური კეთილდღეობის სრულყოფილების მნიშვნელოვანი ასპექტია. უსაფრთხოებისათვის აუცილებელია ბავშვის დაცვა ზიანის მომტანი სხვადასხვა ნივთიერებისა და სიტუაციის ზემოქმედებისაგან. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ბავშვისათვის იმის სწავლება, თუ როგორ მოერიდოს სახიფათო ნივთსა და როგორ აიცილოს თავიდან სხვადასხვა საშიში სიტუაცია. ამ უნარების განსავითარებლად ბავშვმა უნდა ისწავლოს უსაფრთხოების წესები, მათ შორის სხვადასხვა ბუნებრივი კატასტროფების შემთხვევაში მოქცევის წესები. უნდა იცოდეს, როდის და როგორ ითხოვოს დახმარება და გაიაზროს, რომ არსებობს ზღვარი უსაფრთხოებასა და საშიშროებას შორის. ფიზიკურ უსაფრთხოებასთან ერთად ბავშვები სწავლობენ პირადი უსაფრთხოების დაცვის ძირითად წესებს, სწავლობენ განსხვავებას მისაღებ და მიუღებელ ფიზიკურ შეხებას შორის.

   სფერო: 1. ნმრთელობა და ფიზიკური განვითარება

ქვესფერო

მიმართულება

დეგი

1.1.

ფიზიკური განვითარება

1.1.1. მსხვილი მოტორიკა

ბავშვს  შეუძლია განახორციელოს  კოორდინირებული მოძრაობები სირბილის, ხტუნვის და ცოცვის დროს; დაიცვას წონასწორობა და  სიამოვნება მიიღოს   ფიზიკური აქტიურობისაგან.

 

 

 

 

 

 

 

 

1.1.2. წვრილი მოტორიკა

 

 

 

ბავშვს შეუძლია  ადვილად ჩაერთოს მისთვის ნაცნობ აქტივობებში, რომლებიც  თვალისა  და ხელის კოორდინაციას მოითხოვს;

ბავშვს მოსწონს ახალი დავალებების შესრულება, რომლებიც წვრილი  მოტორიკის გამოყენებას მოითხოვს: მაგ., ძერწვა, „ფაზლების“  აწყობა, ხატვა და ა.შ.  

 

 

 

 

                         

1.1.3. სენსორული პროცესები

ბავშვს შეუძლია აღიქვას სამყარო  მხედველობის, სმენის, შეხების, გემოსა და ყნოსვის შეგრძნებებით.

 

 

 

 

 

 

 

1.1.4. ფიზიკური აქტივობა

ბავშვს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს   მრავალფეროვან ფიზიკურ აქტივობებში, აქვს ენერგია და გამძლეობა.

1.2.

ჯანმრთელობა

1.2.1. პირადი ჰიგიენა და თავის მოვლის უნარ-ჩვევები

ბავშვს შეუძლია თვითმომსახურება და პირადი  ჰიგიენის დაცვა. კერძოდ,  საპირფარეშოთი სარგებლობა, ხელ-პირის დაბანა, კბილების გახეხვა და ჩაცმა.  

1.3.

კვება

1.3.1. კვებასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები

ბავშვს შეუძლია ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვების განსხვავება, დამოუკიდებლად ჭამა, წესების დაცვა ჭამის დროს.    

 

1.4.

უსაფრთხოება

1.4.1. ფიზიკური უსაფრთხოება

ბავშვს  შეუძლია თავი აარიდოს საფრთხის შემცველ საგნებსა და სიტუაციებს,  ესმის უსაფრთხოების წესები და ითვალისწინებს მათ; აქვს ინფორმაცია ბუნებრივი კატასტროფების, მაგ. მიწისძვრის, წყალდიდობის, ქარიშხლის, და ხანძრის დროს თავდაცვის გზებზე.

 

 

 

1.4.2. პირადი უსაფრთხოება

ბავშვს შეუძლია  უფროსებთან და თანატოლებთან ურთიერთობისას გააცნობიეროს  დასაშვები  და მიუღებელი ქცევა.

 

ბავშვს შეუძლია საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში  ადეკვატური რეაგირება მოახდინოს  როდესაც მასზე გარკვეულ ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ.

 

სფერო: 2. სწავლისადმი მიდგომა

სწავლისადმი მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სფეროა სასკოლო მზაობისათვის. სწავლისადმი მიდგომა აერთიანებს სწავლისადმი დამოკიდებულებასა და სასწავლო უნარ-ჩვევებს.  სწავლისადმი მიდგომა მჭიდროდ უკავშირდება როგორც შემეცნებით, ასევე სოციალურ-ემოციურ სფეროს. სწავლისადმი დამოკიდებულება მოიცავს მოტივაციურ ასპექტებს, რომლებიც განმარტავს: რატომ და რისთვის სწავლობს ბავშვი; სასწავლო უნარ-ჩვევები კი მოიცავს შემეცნებით პროცესებს, რომლებიც ხსნის, თუ როგორ სწავლობს ბავშვი. ამ პრინციპზე დაყრდნობით სწავლისადმი მიდგომაში გამოყოფილია ორი ქვესფერო: მოტივაცია და სასწავლო და სააზროვნო უნარები.

მოტივაცია არის ქცევის ფსიქოლოგიური საფუძველი. ის აძლევს ბიძგს მოქმედებას. სწავლის მოტივაცია განაპირობებს ბავშვის ჩართვას სწავლის პროცესში. მოტივაცია თავის მხრივ მოიცავს:

ცნობისმოყვარეობას და ინტერესს, რომელიც გამოხატავს ბავშვის ცნობისწადილით აღსავსე დამოკიდებულებას, ახალი ინფორმაციის მოპოვების, ახალი გამოცდილების შეძენისა და სწავლის სურვილს.

ინიციატივას და დამოუკიდებლობას, ინიციატივა და დამოუკიდებლობა ეხმარება ბავშვს ჩაერთოს მოქმედებაში, მიიღოს მონაწილეობა სასწავლო აქტივობებში და გაბედულად აითვისოს სიახლეები.

სასწავლო უნარები გულისხმობს ინფორმაციის მიღებისა და გადამუშავების გზასა და სტილს. სასწავლო უნარები მოიცავს:

ყურადღების კონცენტრირება, რომელიც არის ბავშვის უნარი, მიმართოს ყურადღება გარკვეულ საქმიანობაზე და გარკვეული დროის განმავლობაში შეინარჩუნოს იგი, არ გადაერთოს სხვა საკითხზე მის წინაშე დასმული ამოცანის შესრულებამდე.

შემოქმედებითობასა და გამომგონებლობას, რომელიც გამოხატავს ბავშვის უნარს, გაიღრმავოს არსებული ცოდნა, გამოიყენოს წარმოსახვა და გონებასა და ქმედებაში გარდაქმნას ფორმები და სახეები, რომლებსაც იმ მომენტში რეალურად ვერ ხედავს.

პრობლემის გადაჭრას, რომელიც გამოხატავს ბავშვის უნარს, გაუმკლავდეს პრობლემურ  სიტუაციას, მოძებნოს გამოსავალი და სცადოს მისი გადაჭრა რამდენიმე ხერხით.

სიმბოლურ აზროვნებას, რომელიც ემსახურება ბავშვის ეტაპობრივ მომზადებას სიმბოლოების გამოყენებისა და გაგებისათვის.

გააზრებასა და ინტერპრეტაციას, რომელიც გამოხატავს ბავშვის უნარს, ისწავლოს გამოცდილებაზე დაყრდნობით – გაიაზროს ინფორმაცია და მიღებული გამოცდილება გამოიყენოს მომავალი მოქმედებისათვის.

კრიტიკულ აზროვნებას, რომელიც პრობლემების კრიტიკულ ანალიზსა და შეფასებას გულისხმობს.

კვლევას, რომელიც გამოხატავს ინფორმაციის მიღებისა და გადამუშავების პროცესებსა და საშუალებებს. ბავშვი ამ ასაკში სამყაროს შესახებ ინფორმაციას ძირითადად ობიექტებთან უშუალო კონტაქტით, მოსინჯვით, ცდისა და შეცდომის მეთოდით იღებს. იკვლევს ობიექტებს, მასალებსა და მათ მახასიათებლებს, აღმოაჩენს მათ შორის მსგავსებასა და განსხვავებას.

 

 

სფერო: 2. სწავლისადმი მიდგომა

 

ქვესფერო

მიმართულება

დეგი

2.1. მოტივაცია         

2.1.1. ცნობისმოყვარეობა და ინტერესი

ბავშვს შეუძლია ახალი  ინფორმაციის მიღების მიზნით დასვას შეკითხვები  და მზად არის ახალი გამოცდილების მისაღებად.

 

2.1.2. ინიციატივა და დამოუკიდებლობა;

ბალანსი დამოუკიდებლობასა და დამოკიდებულებას შორის

ბავშვს  შეუძლია შეარჩიოს მისთვის სასურველი აქტივობა, გააკეთოს კარგი არჩევანი. ცდილობს პრობლემის გადაჭრას,  საჭიროების შემთხვევაში  მიმართავს სხვებს დახმარებისთვის.

 

2.2. სასწავლო და სააზროვნო უნარები

2.2.1. ყურადღების კონცენტრირება

ბავშვს შეუძლია შეაჩეროს და გარკვეული დროის განმავლობაში შეინარჩუნოს ყურადღება კონკრეტულ ამოცანაზე, მათ შორის გარკვეული დაბრკოლებების წარმოქმნის შემთხვევაშიც.

2.2.2. შემოქმედებითობა და გამომგონებლობა*

ბავშვს მოსწონს სხვადასხვა სახის შემოქმედებითი აქტივობები;

შეუძლია მოიგონოს ახალი  როლები, დიალოგები, ამბები და თამაშები. ძერწვისას და ხატვისას შექმნას  ახალი ფორმები და  შინაარსები.

2.2.3. პრობლემის გადაჭრა*

ბავშვს შეუძლია  მოძებნოს პრობლემების გადაჭრის განსხვავებული გზები.

2.2.4. სიმბოლური აზროვნება*

ბავშვს შეუძლია  ამოიცნოს  და სხვადასხვა საგნისა თუ მოვლენების წარმოსადგენად გამოიყენოს სიმბოლოები და ნიშნები (მაგ., ამოიცნოს სიმბოლო, რომელიც მიუთითებს მედ.  პუნქტს, საპირფარეშოს; როლური თამაშის დროს გამოიყენოს განსხვავებული საგნები როგორც სიმბოლოები).

2.2.5. გააზრება და ინტერპრეტირება*

ბავშვს შეუძლია ისწავლოს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით.

2.2.6. კრიტიკული აზროვნება*

ბავშვს შეუძლია საგნებისა და მოვლენების  შედარება, მათ შორის მსგავსებისა და განსხვავების ამოცნობა.  

2.2.7. კვლევა

ბავშვს შეუძლია მიიღოს  ინფორმაცია  შეკითხვების დასმის, უშუალო დაკვირვების, ცდისა და შეცდომის გზით.

 

სფერო: 3. სოციალურ-ემოციური განვითარება

ადამიანის შემეცნების (აზროვნების, კოგნიციის) განვითარებასთან ერთად ეტაპობრივად ვითარდება სოციალური უნარ-ჩვევებიც. სოციალურ-ემოციური სფერო განსაზღვრავს ბავშვის პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებასა და ადამიანებთან ურთიერთობას. სოციალური განვითარება განაპირობებს ბავშვის უნარს დაამყაროს ურთიერთობა გარემოსთან და გარშემომყოფებთან. ემოციური განვითარება განაპირობებს ბავშვის უნარს, შეძლოს საკუთარი გრძნობების გააზრება და გამოხატვა, სხვათა გრძნობების გაგება (თანაგრძნობა) და სათანადოდ რეაგირება.

წინასასკოლო ასაკში ბავშვები აქტიურად ურთიერთობენ ერთმანეთთან, მეგობრობენ, ჩხუბობენ, რიგდებიან, სწყინთ, ეჭვიანობენ და ასევე ეხმარებიან ერთმანეთს. ბავშვები ამ ურთიერთობებს ძალიან მძაფრად განიცდიან და განსხვავებული გრძნობები ეუფლებათ. ამ ასაკში მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ბავშვის შემდგომ ურთიერთობებსა და დამოკიდებულებებზე სამყაროს მიმართ. ამიტომ, ამ სფეროს განვითარებას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ბავშვის პიროვნების ფორმირების თვალსაზრისით.

სოციალურ-ემოციური სფერო თავის მხრივ მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

თვითშეფასება ეს არის ადამიანის დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ, როგორ აფასებს საკუთარ თავსა და ქცევას დადებითად თუ უარყოფითად, აგრეთვე საკუთარი თავის რწმენასა და იმედს, რომ წარმატებული იქნება ამა თუ იმ საქმიანობაში ან სხვებთან  ურთიერთობის დროს.

იდენტობა („მე“-კონცეფცია) ეს არის ადამიანის წარმოდგენა საკუთარი თავის შესახებ: ვინ ვარ მე? რომელ ჯგუფს ვაკუთვნებ ჩემს თავს? ბავშვი მიაკუთვნებს საკუთარ თავს გარკვეულ ეროვნებას, სქესს და ა.შ.

თვითმართვა გულისხმობს ადამიანის მიერ საკუთარი ქცევისა და ემოციების მართვის უნარს. ამაში მოიაზრება სტრესული სიტუაციების დაძლევა, იმედგაცრუებისა და მარცხის გადატანა, ნებისყოფის გამომუშავება ყოველდღიური საქმიანობითა და წესების დაცვით.

თვითგამოხატვა გულისხმობს ადამიანის უნარს, სწორად გაიგოს საკუთარი განცდები და სათანადოდ გამოხატოს საკუთარი თავი, დამოკიდებულებები და გრძნობები.

ურთიერთობა უფროსებთან და თანატოლებთან ეს არის, ერთ მხრივ, ბავშვებს შორის ურთიერთობა და, მეორე მხრივ, ბავშვებსა და ზრდასრულებს შორის კავშირის დამყარების პროცესი, რომელიც რთული და მრავალმხრივია. თანატოლებთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი ნაწილია კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების უნარ-ჩვევები.

ჯგუფში ქცევისა და ადაპტაციის უნარი (ადაპტაციური სოციალური ქცევა) გულისხმობს ბავშვის უნარს, შეეგუოს იმ ადამიანებს, რომლებთანაც ურთიერთობს და იმ სიტუაციას, რომელშიც იმყოფება. ერთი მხრივ, გამოამჟღავნოს ნდობა, გასაგებად და თავდაჯერებულად გამოხატოს თავისი სურვილები და განცდები და, მეორე მხრივ, გაუგოს სხვას. თუ ბავშვს არ აქვს სხვისი როლის გათავისების უნარი, მას უჭირს, დაინახოს მოვლენები სხვა ადამიანის თვალთახედვიდან, თანაუგრძნოს სხვა ადამიანს. ასაკობრივ ზრდასთან ერთად ბავშვს ეს უნარი უვითარდება. 

 

 

სფერო: 3. სოციალურ-ემოციური განვითარება

 

ქვესფერო

მიმართულება

დეგი

3.1.ემოციური განვითარება

3.1.1. თვითშეფასება

ბავშვმა იცის საკუთარი შესაძლებლობებისა და სირთულეების შესახებ

3.1.2. იდენტობა

ბავშვი აკუთვნებს თავს სხვადასხვა ჯგუფს (ოჯახს, ბაღს, ბაღის ჯგუფს, სამშობლოს)

3.1.3. თვითმართვა

ბავშვს შეუძლია საკუთარი ემოციების და იმპულსების მართვა;

ბავშვს შეუძლია სიამოვნების/ჯილდოს მოკლე დროით გადავადება.

3.1.4. თვითგამოხატვა

ბავშვს შეუძლია ემოციების შესაბამისი ფორმით გამოხატვა.

3.2. სოციალური განვითარება

3.2.1.ურთიერთობა უფროსებთან

ბავშვს შეუძლია ენდოს ნაცნობ უფროსებს და ჰქონდეს მათთან  პოზიტიური ურთიერთობა.

3.2.2.ურთიერთობა  თანატოლებთან

ბავშვს შეუძლია გამოამჟღავნოს   კეთილგანწყობა და ითამაშოს  თითქმის ყველა თანატოლთან, მათ შორის მათთან, ვინც  რაიმე ნიშნით განსხვავდება  მისგან   სქესის, შეზღუდული შესაძლებლობის, გარეგნული  ან სხვა რაიმე ნიშნით;

ბავშვს შეუძლია მოლაპარაკების გზით კონფლიქტის გადაჭრა.

3.2.3. ჯგუფში ქცევის და ადაპტაციის უნარი

 

 

         3.2.3.1.თავდაჯერებულობა და ავტონომიურობა

        3.2.3.2.მოქნილობა

         3.2.3.3.თანაგრძნობა

ბავშვს შეუძლია  თავი იგრძნოს უსაფრთხოდ და დაცულად ნაცნობ გარემოში, იოლად ჩაერთოს   მიმდინარე ჯგუფურ აქტივობებში.

 

 

 

ბავშვს შეუძლია გაიაზროს გარკვეული ქცევის შესაძლო შედეგები.

 

 

ბავშვს შეუძლია გამოამჟღავნოს  მოქნილობა და საკუთარი ქცევა მიუსადაგოს  გარემოსა და ყოველდღიურ საქმიანობებს.

 

 

 

სფერო: 4. შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა

 

 

შემეცნება არის ცოდნის მიღების პროცესი, წარმოდგენების შექმნა სამყაროს მოვლენების, მათი თანაარსებობისა და თანმიმდევრობის შესახებ. შემეცნებით განვითარებას ეტაპობრიობა ახასიათებს, კერძოდ, განვითარების ყოველი შემდგომი ეტაპი ეფუძნება წინა ეტაპზე მიღებულ გამოცდილებას. შემეცნებითი უნარებისა და შესაძლებლობის განვითარებისათვის მეტად მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარების პირველი წლები. ბავშვს, ცოდნის შეძენასთან ერთად უვითარდება ის ფუნქციები, რომელთა მეშვეობითაც ამ ცოდნას იძენს. ადამიანს სამყაროს შესახებ წარმოდგენა ადრეული ასაკიდანვე ექმნება. შემეცნებით განვითარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება როგორც ყოველდღიური ფუნქციონირებისათვის, ასევე წარმატების მისაღწევად. შემეცნებითი განვითარებისათვის საჭიროა, ბავშვს განუვითარდეს რაოდენობრივი წარმოდგენები, ჩასწვდეს სივრცით მიმართებებს,  მოვლენებს შორის  დროით და მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს. ცოდნას, ინფორმაციას როგორც ფიზიკური, ისე სულიერი სამყაროს შესახებ, ბავშვი სხვადასხვა გზით იღებს, მათ შორის ადამიანებთან, საზოგადოებასთან ურთიერთობის საშუალებით. ასევე მნიშვნელოვანია, ბავშვი ჩართული იყოს შემოქმედებით პროცესებში და ჰქონდეს თვითგამოხატვის მრავალფეროვანი საშუალება. ყოველივე ეს ბავშვს წარმოდგენას უქმნის ადამიანის იმ სპეციფიკურ მახასიათებლებზე, რომლებიც განასხვავებს მას სხვა არსებებისგან; კერძოდ, შემოქმედებითობაზე, ზოგადად კულტურის გავლენასა  და სოციალურ მახასიათებლებზე – ოჯახზე, საზოგადოებაზე.

შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა აერთიანებს ექვს ქვესფეროს:

  • ესთეტიკა და კულტურა;
  • რაოდენობრივი წარმოდგენები;
  • ბუნება;
  • ტექნოლოგია;
  • ზოგადი ცოდნა;
  • სააზროვნო უნარები (ლოგიკური აზროვნება).

ესთეტიკა და კულტურა აერთიანებს ბავშვის უნარებს, გამოხატოს და წარმოადგინოს საკუთარი თავი, მისი შინაგანი სამყარო მუსიკის, ცეკვის, წარმოდგენის (პერფორმანსის), ხატვისა და ხელოვნების სხვა მრავალფეროვანი გამომსახველობითი საშუალებებით. ეს კი, თავის მხრივ, გულისხმობს ბავშვის მიერ ხელოვნების სხვადასხვა ფორმის აღქმას, გაგებასა და დაფასებას. ამ ქვესფეროში დიდი ყურადღება ეთმობა ბავშვის მიერ საკუთარი ოჯახის, საზოგადოებისა და ქვეყნის კულტურის შესახებ ცნობიერების განვითარებას.

რაოდენობრივი წარმოდგენების განვითარება მოიცავს ანგარიშის, გაზომვის, დაჯგუფების და დახარისხების წინარე უნარების განვითარებას. ეს უნარი მნიშვნელოვანია, რათა ბავშვს შეეძლოს იმ მათემატიკური საკითხების გადაჭრა, რომლებიც მას ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება შეხვდეს.

ბუნება აერთიანებს  ბავშვის უნარებს, გაიგოს, შეიმეცნოს ფიზიკური გარემო, დააკვირდეს, გამოიკვლიოს, ჩაატაროს ექსპერიმენტები იმ პროცესებზე, რომლებსაც თვალსაჩინო შედეგი მოსდევს. გარემოს შესახებ ცოდნის შეძენით ბავშვი ინფორმაციას იღებს, მაგ., დედამიწის და ცოცხალი ბუნების შესახებ, სწავლობს ბუნებაზე ზრუნვის მნიშვნელობას.

ტექნოლოგია გულისხმობს ბავშვის უნარ-ჩვევებს, რომლებიც სხვადასხვა ასაკის შესაბამისი ტექნოლოგიების უსაფრთხო გამოყენებას უკავშირდება.

ზოგადი ცოდნა მოიცავს ცოდნას დროითი და სივრცითი მიმართებების შესახებ. დროითი მიმართებები გულისხმობს – როდის ხდება კონკრეტული მოვლენა? წარსულში, აწმყოსა თუ მომავალში. ასევე მოვლენათა თანმიმდევრობას, ხანგრძლივობასა და თანხვედრას. სივრცითი მიმართებები გულისხმობს საგანთა მდებარეობის და საგანთა ურთიერთგანლაგების აღქმასა და წარმოდგენას:  სად მდებარეობს კონკრეტული საგანი? ჩემს ზევით, ქვევით და ა.შ.

სააზროვნო უნარები (ლოგიკური აზროვნება) გულისხმობს მიზეზშედეგობრიობის გააზრებას, საგნების ან მოვლენების დაკავშირებას ერთმანეთთან, იმის გარკვევას, თუ რა იწვევს ცვლილებას, რით არის ცვლილება განპირობებული. მიზეზშედეგობრიობის შესახებ წარმოდგენები ბავშვებს უვითარდებათ უშუალო დაკვირვების, ექსპერიმენტების ჩატარების გზით. სააზროვნო უნარები გულისხმობს სხვა მნიშვნელოვან უნარებსაც, რომლებიც ზემოთ დეტალურად არის განხილული სწავლისადმი მიდგომის სფეროს ქვეშ (იხ. 2.2.2. შემოქმედებითობა და გამომგონებლობა, 2.2.3. პრობლემის გადაჭრა, 2.2.4. სიმბოლური აზროვნება, 2.2.5. გააზრება და ინტერპრეტირება, 2.2.6. კრიტიკული აზროვნება, 2.2.7. კვლევა).

 

 

სფერო: 4. შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა

 

ქვესფერო

მიმართულება

დეგი

4.1. ესთეტიკა და კულტურა

4.1.1. გარემოს ესთეტიკური აღქმა და დაფასება

ბავშვი აქვს რა ყოველდღიური შეხება წიგნებთან, სათამაშოებთან, ანიმაციურ ფიმლებთან და სახვითი და გამოყენეითი ხელოვნების ნიმუშებთან, ადეკვატურად აღიქვამს მათ. შერჩეული აქვს საყვარელი ნივთი ან ხელოვნების ნიმუში, წიგნი ან ანიმაციური ფილმი.

4.1.2. თვითგამოხატვა

ბავშვს მოსწონს  ხელოვნების სხვადასხვა სფეროს აქტივობებში მონაწილეობა.

 

4.1.3.      ოჯახი

ბავშვს შეუძლია აღწეროს საკუთარი  ოჯახი, მისი ზოგიერთი გამორჩეული მახასიათებელი, ტრადიციები და წეს-ჩვეულებები.

4.1.4. გათვითცნობიერებულობა სამოქალაქო საკითხებში

ბავშვს შეუძლია  მონაწილეობა მიიღოს ჯგუფის  წესების შემუშავებაში  და დაიცვას ისინი.

 

ბავშვს შეუძლია მოქმედებისას დაიცვას  სამართლიანობის და თანასწორობის პრინციპი, დაეხმაროს სხვებს.

 

ბავშვს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს  სივრცის მოწესრიგებასა და სხვა ყოველდღიურ, რუტინულ საქმიანობებში.

4.1.5 საკუთარი და სხვათა კულტურის შესახებ ცოდნა

ბავშვი მონაწილეობს ტრადიციულ აქტივობებში, ამაყობს თავისი კულტურით და პატივს სცემს სხვა კულტურებს.

4.2. რაოდენობრივი წარმოდგენები

4.2.1. რიცხვები და ანგარიში

ბავშვს შეუძლია:

- შეადაროს   ერთნაირი საგნებისგან შემდგარი მოწესრიგებული ერთობლიობა (ამბობს - მეტია, ნაკლებია ან  თანაბარი);

- დაასახელოს  მოცემული რიცხვის მომდევნო რიცხვი (0-9 მდე);

- დაუთვლელად დაასახელოს  ზუსტი რაოდენობა ერთგვაროვან, მცირე ზომის საგანთა გროვაში (საგანთა რაოდენობა არ აღემატება 5-ს) და დათვლით შეამოწმოს  საკუთარი პასუხი;

- შექმნას  მოცემული რიცხვის შესაბამისი რაოდენობის საგანთა ერთობლიობა და საგანთა ერთობლიობას შეუსაბამოს რიცხვი;

- გადმოწეროს რამდენიმე ციფრი;

- შეასრულოს მათემატიკური გარდაქმნები (მიმატება-გამოკლება 10-ის ფარგლებში) ყოველდღიურ აქტივობებში  სათამაშოებისა და მონეტების გამოყენებით (მე მივეცი ნინოს ერთი  კუბურა, მას ახლა ორი კუბურა აქვს). 

4.2.2. გაზომვა

ბავშვს შეუძლია შეადაროს საგნები ზომის, მოცულობის, წონის, სიმაღლის, სიგრძის მიხედვით და შეუძლია საგნის  ,,გაზომვა’’ არასტანდარტული საზომი ინსტრუმენტებით.

 

4.2.3. კანონზომიერების დადგენა

ბავშვს შეუძლია დაახარისხოს და დააჯგუფოს  საგნები ერთი ან ორი ნიშნის  მიხედვით და  შეთავაზებული  ნიმუშის მიხედვით გააგრძელოს კანონზომიერება (გააგრძელოს/დაასრულოს საგნების თანმიმდევრობა).

4.3. ბუნება

4.3.1.ბუნებრივი გარემო

ბავშვმა იცის ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა, რა სარგებელი მოაქვთ მცენარეებსა  და ცხოველებს  ადამიანისთვის  და იჩენს მზრუნველობას მცენარეებისა და ცხოველების მიმართ.

 

ბავშვი ზრუნავს გარემოზე, უფრთხილდება ბუნებრივ რესურსებს, აცნობიერებს ენერგიისა და წყლის დაზოგვის მნიშვნელობას. გამოიმუშავებს და იცავს ქცევის წესებს ენერგიისა და წყლის დაზოგვასთან მიმართებაში.

 

ბავშვი არ აბინძურებს გარემოს და ესმის ამ მხრივ გარემოზე ზრუნვის დადებითი შედეგი და აუცილებლობა, იცავს  ქცევის  წესებს, რათა არ დააბინძუროს გარემო. აცნობიერებს, რომ დაბინძურებული ტერიტორიები საფრთხეს  უქმნის  ადამიანების ჯანმრთელობას, ფლორასა და ფაუნას.

 

4.4. ტექნოლოგია

4.4.1.ტექნოლოგია

ბავშვი ინტერესდება სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალებებით;

ბავშვს შეუძლია გამოიყენოს   გრაფიკულ - კომპიუტერული პროგრამები, რომლის საშუალებითაც ხატავს ან აწყობს სხვადასხვა ფიგურებს (და რომლებიც არ არის დაფუძნებული შეჯიბრზე, გამოცნობაზე და ა.შ.); ბავშვი იჩენს სიფრთხილეს და პასუხისმგებლობით იყენებს ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს, მაგალითად, ციფრულ ფოტოაპარატს.

4.5. ზოგადი ცოდნა

4.5.1. დრო

ბავშვს შეუძლია ადეკვატურად გამოიყენოს დროის აღმნიშვნელი სიტყვები - გუშინ, დღეს, ხვალ.

ბავშვმა იცის წელიწადის დროები და მათი ზოგადი მახასიათებლები.

ბავშვს შეუძლია საკუთარ გეგმებზე საუბრისას გამოიყენოს ზმნა მომავალ დროში.

4.5.2. სივრცე

ბავშვს შეუძლია ოთახში თავისუფლად გადაადგილდეს ისე, რომ თავი აარიდოს ადამიანებსა და საგნებს (არ დაეჯახოს);

სწორად გამოიყენოს ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი სიტყვები;

ზეპირად მიწოდებული ან მარტივი თვალსაჩინოების  გამოყენებით  მიაგნოს გარკვეულ ადგილს;

შეუძლია დაასახელოს  საკუთარი მისამართი, ქალაქი/სოფელი და ქვეყანა. 

4.6. სააზროვნო უნარები

4.6.1.

მიზეზშედეგობრიობა (ლოგიკური აზროვნება)

ბავშვს შეუძლია დასვას შეკითხვები  შედეგის/მოვლენის მიზეზებთან დაკავშირებით; შეუძლია გამოარჩიოს ერთი შედეგის რამდენიმე შესაძლო მიზეზი და ერთი მიზეზის რამდენიმე შესაძლო შედეგი.

აგრეთვე იხილეთ სწავლისადმი მიდგომის სფერო (იხ. 2.2.2. შემოქმედებითობა და გამომგონებლობა, 2.2.3. პრობლემის გადაჭრა, 2.2.4. სიმბოლური აზროვნება, 2.2.5. გააზრება და ინტერპრეტირება, 2.2.6. კრიტიკული აზროვნება, 2.2.7. კვლევა)

სფერო: 5. მეტყველება, კომუნიკაცია და წიგნიერება

მეტყველება, ენა და აზროვნება ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ენა აზრის გამოხატვის საშუალებაა, მას თავისი კანონები აქვს და ისინი საერთოა ერთ ენაზე მოსაუბრე ადამიანებისათვის. რა განსხვავებაა ენასა და მეტყველებას შორის? მეტყველება ამოქმედებული ენაა, რომელსაც კონკრეტული ადამიანი სხვადასხვა შინაარსის გამოსახატავად იყენებს. ასხვავებენ წერითსა და ზეპირ მეტყველებას. მეტყველების განვითარება კომპლექსური პროცესია, რომელიც დაბადებიდან იწყება ზეპირი მეტყველების განვითარებით. წერით მეტყველებას ბავშვი სასკოლო ასაკში ეუფლება, თუმცა ადრეულ ასაკში ბავშვს ესაჭიროება წერითი მეტყველების ასათვისებლად მომზადება, კითხვისა და წერის წინარე უნარების  განვითარება.

სფერო აერთიანებს სამ ქვესფეროს: მეტყველება, კომუნიკაცია და წიგნიერება.

მეტყველება მოიცავს ზეპირმეტყველებას, რომელიც აერთიანებს ორ სამეტყველო ქცევას: მოსმენას (რეცეფციულ უნარს) და ლაპარაკს (პროდუციულ უნარს). მეტყველებას უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია ბავშვის განვითარების პროცესში. იგი აზროვნების მთავარ საყრდენს წარმოადგენს. სახელდება და გააზრება ურთიერთგადაჯაჭვული პროცესებია, ამიტომ ბავშვის მიერ  ნააზრევის თუ განცდილის სიტყვიერად გამოხატვის ხელშეწყობა აღმზრდელის მუდმივი ზრუნვის საგანი უნდა იყოს.

კომუნიკაცია გულისხმობს ამ თუ იმ სამეტყველო სიტუაციის მართებულად შეფასებას (ვინ, რას, რისთვის საუბრობს) და სამეტყველო ქცევის ადეკვატურად წარმართვას. კომუნიკაცია შეიძლება იყოს სიტყვიერი და არასიტყვიერი (ხმის დონე, ინტონაცია, ჟესტი, მიმიკა, სხეულის მოძრაობა). წარმატებული კომუნიკაციის დასამყარებლად, მოსაუბრე სათქმელის ჩამოყალიბებისას ითვალისწინებს მსმენელის ინტერესებს და იმ სიტუაციას, რომელშიც სოციალური ინტერაქცია მიმდინარეობს, მიზნობრივად იყენებს კომუნიკაციის როგორც სიტყვიერ, ისე არასიტყვიერ ხერხებს. კომუნიკაციის უნარების განსავითარებლად ერთ-ერთი მეთოდია ინსცენირება, რომლის დროსაც ბავშვი სწავლობს საკომუნიკაციო სიტუაციის (როლის) შესაბამისი ჟესტ-მიმიკის, ინტონაციის, ხმის ტემბრისა თუ დონის  გამოყენებას.

წიგნიერება არის ცვალებად კონტექსტში კითხვის, წერის, ინფორმაციის დამუშავების, იდეებისა და მოსაზრებების გამოთქმის, გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების მოგვარების უნარი იმ ცოდნის საფუძველზე, რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იძენს.

სკოლამდელ ასაკში წიგნიერება გულისხმობს კითხვისა და წერითი მეტყველების დაუფლებისათვის მომზადებას, კითხვისა და წერის მიმართ ინტერესის გაღვივებასა და დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, ბავშვის გათვითცნობიერებას იმ საკითხებში, თუ როგორ და რა მიზნით გამოიყენება ნაბეჭდი მასალა. წიგნიერება აერთიანებს კითხვისა და წერის მიმართულებას.

კითხვის მიმართულება ემსახურება იმ საბაზისო უნარების განვითარებას, რომლებიც ხელს უწყობს შემდგომში კითხვის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. კერძოდ:

  • წიგნთან მოპყრობის წესების გათავისებას - როგორ უნდა დავიჭიროთ წიგნი, როგორ გადავფურცლოთ და როგორ შევინახოთ იგი;
  • წიგნის კომპონენტების - გარეკანისა და ფურცლების, ილუსტრაციისა და ტექსტის, სათაურის იდენტიფიცირებას;
  • მედია საშუალებების - აფიშა, წიგნი, აბრა, ჟურნალი და სხვ. დანიშნულების ამოცნობას;
  • სიტყვის გრაფიკულ  (ანუ, გრაფემულ) და აკუსტიკურ (ანუ, ფონემურ) ხატებს შორის არსებული მიმართებების გაგებას;
  • ფონოლოგიური წარმოდგენების ჩამოყალიბებას, ბგერასა და ასოს შორის არსებული მიმართებების გააზრებას;
  • უფროსის მიერ წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრებას.  

წერის მიმართულება ემსახურება წინაწერითი (გრაფო-მოტორული) უნარების განვითარებას: ხელით ზუსტი მოძრაობების შესრულებას, იმის გათავისებას, რომ აზრის ფორმირება და კომუნიკაცია წერილობითაც არის შესაძლებელი.

 

სფერო: 5. მეტყველება, კომუნიკაცია და წიგნიერება

ქვესფერო

მიმართულება

დეგი

5.1. მეტყველება

5.1.1.მოსმენა (რეცეფციული მეტყველება)

ბავშვს თითქმის ყოველთვის ესმის ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია თანატოლებისა და აღმზრდელების მხრიდან, მათ შორის, მითითებები, თხოვნა, ზეპირად მოთხრობილი ან წაკითხული ზღაპრები და ისტორიები.

5.1.2.ლაპარაკი/ზეპირი მეტყველება (ექსპრესიული მეტყველება)

ბავშვს შეუძლია აზრის გამართულად ჩამოყალიბება,  ამბის სწორი თანმიმდევრობით გადმოცემა, სიუჟეტის მნიშვნელოვანი მომენტების ჩათვლით. 

5.2. კომუნიკაცია

5.2.1. მეტყველება და კომუნიკაცია

ბავშვს ესმის სოციალური კომუნიკაციის ნორმები და შეუძლია გარკვეული პერიოდით ჩაერთოს დიალოგსა და დისკუსიაში.

5.3. წიგნიერება

5.3.1. ფონემური ცნობიერება

ბავშვს გაცნობიერებული აქვს, რომ სიტყვები შედგება უმცირესი ერთეულებისაგან ბგერებისაგან;

ბავშვს შეუძლია  მარცვლები ან  ბგერები გაამთლიანოს სიტყვებად, და პირიქით, სიტყვები დაშალოს მარცვლებად ან ბგერებად.

ბავშვს ესმის, რომ მარცვლის დამატებით/შეცვლით შეიძლება შეიცვალოს სიტყვა, მისი მნიშვნელობა.

 

5.3.2. კითხვა

ბავშვი ითხოვს, რომ წაუკითხონ წიგნები, აქვს საყვარელი წიგნი ან ზღაპრები; იცის, რომ ასოები გარკვეულ ბგერებს აღნიშნავს; იცის, როგორ გამოითქმის ზოგიერთი ასო; ცნობს რამდენიმე ნაწერ სიტყვას, საკუთარ სახელსა და რამდენიმე ჯგუფელის სახელს.

5.3.3. წერა

ბავშვს შეუძლია საკუთარი სახელის დაწერა; ცდილობს ასოების გამოყვანას.