„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1344
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/04/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19, 28/04/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 110.050.000.04.001.001.787
  • Word
1344
20/04/2005
სსმ, 19, 28/04/2005
110.050.000.04.001.001.787
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 75) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საერთო სასამართლოებია: რაიონული (საქალაქო) სასამართლო, საოლქო სასამართლო, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლო.“.

2. V თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი V

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლო“.

3. 28-ე – 33-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 28. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლო

ავტონომიურ რესპუბლიკაში იქმნება ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლო.

    მუხლი 29. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს უფლებამოსილებანი

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლო ამ კანონითა და საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში, საქმეებს იხილავს პირველი ინსტანციით, აგრეთვე იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე.

    მუხლი 30. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს შემადგენლობა

1. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლო შედგება თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სხვა მოსამართლეებისაგან.

2. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.

3. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში იქმნება პრეზიდიუმი, აგრეთვე ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული კოლეგიები და პალატები.

4. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს კოლეგიებისა და პალატების შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე. თითოეულ კოლეგიასა და პალატას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც შესაბამისი კოლეგიისა და პალატის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

5. ამ კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეს შეიძლება დაევალოს საქმის განხილვაში მონაწილეობა ამავე სასამართლოს სხვა კოლეგიაში ან პალატაში.

6. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის შემადგენლობაში შედიან ამ სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები, აგრეთვე კოლეგიებისა და პალატების ის თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები.

    მუხლი 31. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები

1. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეთაგან 5 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. დაუშვებელია ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ამავე სასამართლოს კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარედ პირის ზედიზედ მეორე ვადით არჩევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სასამართლოს ყველა სხვა მოსამართლე წერილობით უარს განაცხადებს სასამართლოს ან შესაბამისი კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარეობაზე.

    მუხლი 32. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს კოლეგიების, პალატებისა და პრეზიდიუმის უფლებამოსილებანი

1. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პალატებში საქმეები განიხილება სააპელაციო წესით, ხოლო კოლეგიებში – პირველი ინსტანციით, გარდა საგამოძიებო კოლეგიისა.

2. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პალატებსა და კოლეგიებში საქმეები განიხილება სამი მოსამართლის შემადგენლობით, ხოლო საგამოძიებო კოლეგიებში – ერთპიროვნულადაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმი განიხილავს საქართველოს გენერალური პროკურორის, შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის ან პროკურორის წარდგინებებს სისხლის სამართლის საქმეებზე ამ რესპუბლიკის სასამართლოს მიერ გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული განაჩენისა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმი უფლებამოსილია მის განსჯადობას მიკუთვნებული საკითხი განიხილოს და გადაწყვიტოს, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის უმრავლესობა, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა პრეზიდიუმის სხდომის მონაწილეთა ნახევარზე მეტმა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადაწყვეტილება არ მიიღება. პრეზიდიუმი გადაწყვეტილებას იღებს დადგენილების სახით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.

    მუხლი 33. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებანი

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე:

ა) თავმჯდომარეობს ერთ-ერთ სასამართლო კოლეგიას ან პალატას;

ბ) კანონით დადგენილი წესით ანაწილებს უმაღლეს სასამართლოში შემოსულ საქმეებსა და სხვა მასალებს;

გ) ორგანიზებას უწევს უმაღლესი სასამართლოს მუშაობას;

დ) ხელმძღვანელობს უმაღლესი სასამართლოს აპარატს, კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი სასამართლოს მოხელეებს და სხვა თანამშრომლებს, შეუფარდებს მათ დისციპლინურ სახდელებს;

ე) იღებს მოქალაქეებს და უზრუნველყოფს მათი განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების დროულ განხილვას;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სასამართლო პრაქტიკის, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგა-დებას, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, ხოლო განზოგადების მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს;

ზ) თავმჯდომარეობს უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის სხდომებს, ხოლო ამ კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეს ავალებს საქმის განხილვაში მონაწილეობას ამავე სასამართლოს სხვა კოლეგიაში ან პალატაში;

თ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.“.

4. 34-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 34. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეთა უფლებამოსილებანი“.

5. 47-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რაიონული (საქალაქო), საოლქო, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეების თანამდებობაზე წარდგენა ხდება კონკურსის წესით.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო რაიონულ (საქალაქო), საოლქო, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოშობიდან არა უგვიანეს 7 დღისა ან მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არა უადრეს 60 და არა უგვიანეს 30 დღისა აცხადებს კონკურსს საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს მეშვეობით, ხოლო გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში აწარმოებს მოსამართლეობის კანდიდატის რეგისტრაციას. კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარადგინოს განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, ხოლო მოსამართლეობის კანდიდატად რეგისტრაციიდან 7 დღეში – კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ცნობა თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის თაობაზე. დეკლარაციის ტექსტი არავისთვის არ არის ხელმისაწვდომი ამ პირის თანამდებობაზე დანიშვნამდე, მისი თანხმობის გარეშე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მოსამართლეობის კანდიდატთა სია ქვეყნდება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.“.

6. 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 48. მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის წესი

რაიონული (საქალაქო), საოლქო, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეებს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.“.

7. 53-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 53. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება

რაიონული (საქალაქო), საოლქო, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეებს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.“.

8. 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რაიონული (საქალაქო), საოლქო, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეთა საქმის განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვე-ტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.“.

9. მე-60 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება ცხრა წევრისაგან. მის შემადგენლობაში თანამდებობის მიხედვით შედიან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველოს იუსტიციის მინისტრი.“.

10. 73-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 73. მოსამართლის თანაშემწე

1. მოსამართლის თანაშემწე იღებს მოქალაქეებს, მათ განცხადებებს, ამზადებს საქმეებს სასამართლოს სხდომის განსახილველად, მოსამართლის დავალებით ასრულებს საქმის განხილვასთან დაკავშირებულ სხვა მოვალეობებს.

2. მოსამართლის თანაშემწედ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და, როგორც წესი, გავლილი აქვს სამთვიანი სასწავლო კურსი სამოსამართლო სწავლების ცენტრში, ან აქვს მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად, ადვოკატად მუშაობის 1 წლის გამოცდილება, ან საქართველოს უზენაესი სასამართლოს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსულტანტად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება, ანდა ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.

3. მოსამართლის თანაშემწეს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს თავმჯდომარე.

4. რაიონულ (საქალაქო), საოლქო, ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ სასამართლოებში მოსამართლეთა თანაშემწეების რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.“.

11. 77-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია არის საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო. მოსამართლეთა კონფერენცია შედგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოებისა და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეებისაგან.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი       მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 20 აპრილი.

№1344–Iს