საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1433
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/05/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 23, 25/05/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 19/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.190.030.06.001.001.823
  • Word
1433
13/05/2005
სსმ, 23, 25/05/2005
010.190.030.06.001.001.823
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. 175-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამომრჩეველთა ინიციატივით კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა მიერ იქმნება საინიციატივო ჯგუფი არანაკლებ 10 წევრის შემადგენლობით.“.

2. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის XXVI2 თავი:

„თავი XXVI2. ამომრჩეველთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელება

    მუხლი 1764

1. არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორცილების მიზნით საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა მიერ იქმნება საინიციატივო ჯგუფი არანაკლებ 5 წევრის შემადგენლობით .

2. საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში გატარების თაობაზე განცხადებით მიმართავს პარლამენტის ბიუროს. განცხადებას უნდა დაერთოს კანონპროექტი და საინიციატივო ჯგუფის წევრთა შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი; დაბადების წელი, თვე და რიცხვი; პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი; მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი. ეს მასალები ბიუროს უახლოესი სხდომიდან 2 დღის ვადაში გადაეცემა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს.

3. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარების თაობაზე ბიუროს მიერ მასალების გადაცემიდან 5 დღის ვადაში საინიციატივო ჯგუფს გადასცემს სარეგისტრაციო მოწმობას ან რეგისტრაციაზე ეუბნება მოტივირებულ უარს. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა დარღვევა.

4. საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს სარეგისტრაციო მოწმობის მიღებამდე გამოითხოვოს რეგისტრაციაში გატარების თაობაზე განცხადება.

5. საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღების დღიდან უფლებამოსილია დაიწყოს კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება.

6. ხელმოწერების შესაგროვებლად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის თითოეულ ფურცელს ხელს აწერს არა უმეტეს 50 ამომრჩევლისა. ხელმოწერების სისწორეზე პასუხისმგებელი პირი აღნიშნავს შემდეგ მონაცემებს: სახელს, გვარს; დაბადების წელს, თვესა და რიცხვს; პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერს; მისამართსა და ხელმოწერის თარიღს, რასაც ხელმოწერით ადასტურებს ამომრჩეველი. თითოეულ ასეთ ფურცელს ხელმოწერით ადასტურებს საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, რომელიც პასუხისმგებელია ხელმოწერების სისწორეზე და პასუხს აგებს ხელმოწერების გაყალბებისათვის. მისი ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო ბიუროში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ან/და მმართველობის ორგანოში.

7. შევსებულ ხელმოწერების ფურცლებს საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღებიდან 45 დღის ვადაში წარუდგენს პარლამენტის ბიუროს, რომელიც 2 დღის ვადაში გადასცემს მათ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს.

8. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ხელმოწერების ფურცლების მიღებიდან 2 კვირის ვადაში შერჩევითი პრინციპის საფუძველზე ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და შედეგებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას. თუ დადგინდა, რომ ხელმოწერები შესრულებულია ამ თავის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა აღმოჩნდა 30 000-ზე ნაკლები, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნის საფუძველზე ბიურო უარს ეუბნება საინიციატივო ჯგუფს კანონპროექტის პარლამენტში განსახილველად წარდგენაზე. შესაბამისად, კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელება უარყოფილად ითვლება.

9. ბათილად მიიჩნევა ყველა ხელმოწერა, რომელიც:

ა) შესრულებულია ფურცელზე, რომელიც არ შეესაბამება დადგენილ ფორმას ან/და რომელიც ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით არ არის დადასტურებული ან დამოწმებული;

ბ) არ შეიცავს ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მონაცემებს;

გ) შესრულებულია მოტყუებით ან სხვა პირის მიერ, თუ ამას წერილობით დაადასტურებს ამომრჩეველი.

10. კანონპროექტის წარდგენაზე უარის მიღების შემთხვევაში საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს 5 დღის ვადაში მიმართოს საერთო სასამართლოს სისტემაში არსებულ პირველი ინსტანციის სასამართლოს.

11. ამომრჩეველთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დადებითი დასკვნა, წარმოდგენილი კანონპროექტი და ამომრჩეველთა ხელმოწერები წარედგინება პარლამენტის ბიუროს.

12. არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით წარმოდგენილ კანონპროექტზე პარლამენტში მომხსენებლად გამოდის საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ან საინიციატივო ჯგუფის უფლებამოსილი წარმომადგენელი, ხოლო თანამომხსენებლად – წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი. ამომრჩევლის ინიციატივით წარმოდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშნული პირი არ შეიძლება იყოს პარლამენტის ან მთავრობის წევრი, ასევე მთავრობის ან პრეზიდენტის წარმომადგენელი.

13. კანონპროექტი განიხილება კანონპროექტის განხილვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2.

ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

 ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2005 წლის 13 მაისი.

№1433–Iს

    შეტანილი ცვლილებები:

შეცდომის გასწორება - სსმ I, №25, 02.06.2005წ., გვ.18