ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული მონაცემებით სარგებლობის, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით აღნიშნული მონაცემების გაცემისა და გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ

ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული მონაცემებით სარგებლობის, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით აღნიშნული მონაცემების გაცემისა და გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 416
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 010130000.10.003.018802
416
06/08/2015
ვებგვერდი, 07/08/2015
010130000.10.003.018802
ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული მონაცემებით სარგებლობის, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით აღნიშნული მონაცემების გაცემისა და გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული მონაცემებით სარგებლობის, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით აღნიშნული მონაცემების გაცემისა და გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №416

2015 წლის 6 აგვისტო

   ქ.თბილისი

 

ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული მონაცემებით სარგებლობის, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით აღნიშნული მონაცემების გაცემისა და გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული მონაცემებით სარგებლობის, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხოციელების მიზნით აღნიშნული მონაცემების გაცემისა და გაცვლის წესი თანდართული რედაქციით.       
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული მონაცემებით სარგებლობის, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნის და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხოციელების მიზნით აღნიშნული მონაცემების

გაცემისა და გაცვლის წესი


მუხლი 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), მისი ტერიტორიული სამსახურები და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი (შემდგომში – საკონსულო დეპარტამენტი) ვალდებული არიან, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესის (შემდგომში − წესი) შესაბამისად, ფიზიკურ პირთა შესახებ მოთხოვნილი ინფორმაცია მიაწოდონ:

ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ორგანოების გამომძიებლებს;

ბ) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოპერატიულ ორგანოებს;

გ) საქართველოს სამინისტროებს, მათ ტერიტორიულ ორგანოებს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და მათ ტერიტორიულ ორგანოებს, სასამართლო ხელისუფლების ორგანოებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილებების განმახორციელებელ ნებისმიერ პირს.

 მუხლი 2

1. ამ წესის პირველი მუხლით გათვალისწინებული ორგანოების უფლებამოსილი პირი დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნას ინფორმაციის მიწოდების შესახებ წარუდგენს სააგენტოს, მის ტერიტორიულ სამსახურსა და საკონსულო დეპარტამენტს.

2. სააგენტო, მისი ტერიტორიული სამსახურები და საკონსულო დეპარტამენტი ამ წესის პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სუბიექტებზე ინფორმაციას გასცემენ დაუყოვნებლივ, ხოლო, თუ მოთხოვნილი ინფორმაცია საჭიროებს დამუშავებას ან/და გადამოწმებას – 24 საათის განმავლობაში.

3. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი ინფორმაცია საჭიროებს გამოთხოვას საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებიდან, საკონსულო დეპარტამენტი ამ წესის პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სუბიექტების მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას გასცემს 5 დღის ვადაში, ხოლო, თუ მოთხოვნილი ინფორმაცია საჭიროებს დამუშავებას ან/და გადამოწმებას – 15 დღის ვადაში.

4. სააგენტო, მისი ტერიტორიული სამსახურები და საკონსულო დეპარტამენტი ამ წესის პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებზე ინფორმაციას გასცემს 5 დღის ვადაში, ხოლო, თუ მოთხოვნილი ინფორმაცია საჭიროებს დამუშავებას ან/და გადამოწმებას – 10 დღის ვადაში.

5. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი ინფორმაცია საჭიროებს გამოთხოვას საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებიდან, საკონსულო დეპარტამენტი ამ წესის პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას გასცემს 10 დღის ვადაში, ხოლო, თუ მოთხოვნილი ინფორმაცია საჭიროებს დამუშავებას ან/და გადამოწმებას – 20 დღის ვადაში.

მუხლი 3

1. ამ წესის პირველი მუხლით გათვალისწინებული ორგანოების  მიერ სააგენტოში, მის ტერიტორიულ სამსახურსა და საკონსულო დეპარტამენტში ინფორმაციის მიწოდების შესახებ წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს:

ა) მოთხოვნილი მონაცემების ჩამონათვალს;

ბ) ინფორმაციის მოთხოვნის საფუძველსა და მიზეზს;

გ) პირის, რომლის შესახებაც მოთხოვნილია ინფორმაცია, სახელს, გვარს ან/და სხვა ცნობილ მონაცემებს, რაც საჭიროა პირის იდენტიფიკაციისათვის;

დ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სააგენტოსა და საკონსულო დეპარტამენტს შორის ინფორმაციის გაცვლა შეიძლება განხორციელდეს, როგორც წერილობით, ისე ელექტრონული ფორმით.  

3. სააგენტო, მისი ტერიტორიული სამსახური და საკონსულო დეპარტამენტი ფიზიკურ პირთა შესახებ ინფორმაციას ამ წესის პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტში მითითებულ ორგანოებზე გასცემენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საჭიროა მათი ფუნქციების განსახორციელებლად.

4. დაუშვებელია ამ წესის პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული პირების/ორგანოების მიერ ინფორმაციის მოთხოვნის ფაქტის გახმაურება. ინფორმაციის მოთხოვნის ფაქტის გახმაურება გამოიწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ  პასუხისმგებლობას.

მუხლი 4

1. ინფორმაციის გაცემის შესახებ სააგენტოს, მისი ტერიტორიული სამსახურისა და საკონსულო დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს გაცემული  მონაცემების ჩამონათვალს, ინფორმაციის გაცემის საფუძველსა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.

2. სააგენტო, მისი ტერიტორიული სამსახური და  საკონსულო დეპარტამენტი ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ ან მოთხოვნა არ შეიცავს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს, ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

3. ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს, მისი ტერიტორიული სამსახურისა და საკონსულო დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს მოთხოვნილი მონაცემების გაცემაზე უარის თქმის საფუძველს, გასაჩივრების წესსა და უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერას.

 მუხლი 5

1. სააგენტო და საკონსულო დეპარტამენტი მათ მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციას ელექტრონული ფორმით მიაწვდიან ან მონაცემთა ბაზაზე რეალურ დროში დაშვებას გაუკეთებენ ამ წესის პირველი მუხლით გათვალისწინებულ პირებს/ორგანოებს, თუ ეს აუცილებელია მათი ფუნქციების განსახორციელებლად.

2. სააგენტო და საკონსულო დეპარტამენტი ვალდებული არიან, მათ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია ელექტრონული ფორმით მიაწოდონ ამ წესის პირველი მუხლით გათვალისწინებულ ორგანოებს, მათი მოთხოვნის საფუძველზე, არაუგვიანეს 5 დღის ვადაში.

3. სააგენტო და საკონსულო დეპარტამენტი ამ წესის პირველი მუხლით გათვალისწინებულ ორგანოებს, მათი მოთხოვნის საფუძველზე, მონაცემთა ბაზაზე რეალურ დროში დაშვებას, ტექნიკური საშუალებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, გაუკეთებენ გონივრულ ვადაში.

4. წარდგენილი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს მოთხოვნის საფუძველსა და მითითებას კონკრეტული ინფორმაციის მიწოდების ფორმაზე,  რომელიც მათ ესაჭიროებათ მონაცემთა ბაზიდან.

5. მონაცემთა ბაზაზე რეალურ დროში დაშვებასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ–ტექნიკური საკითხები და დაშვების ხარისხი განისაზღვრება ინფორმაციის გამცემ და მიმღებ მხარეებს შორის დადებული წერილობითი შეთანხმებით.

6. სააგენტო და საკონსულო დეპარტამენტი ვალდებული არიან, მათ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია ელექტრონული ფორმით მიაწოდონ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 6. საქართველოს სამინისტროები, მათი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ცენტრალური საარჩევნო კომისია, სასამართლო ხელისუფლების ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე საჯარო–სამართლებრივი უფლებამოსილებების განმახორციელებელი პირები ვალდებულნი არიან, მონაცემთა ბაზის სრულყოფისათვის სააგენტოს, მის მიერ მოთხოვნილი ფორმის შესაბამისად, მიაწოდონ მათ  ხელთ არსებული მონაცემები არაუგვიანეს 5 დღის ვადაში.

მუხლი 7

1. საკონსულო დეპარტამენტი ვალდებულია, სააგენტოს, მისი ფუნქციებიდან გამომდინარე, გაუკეთოს მონაცემთა ბაზაზე რეალურ დროში დაშვება, ხოლო სააგენტო ვალდებულია, საკონსულო დეპარტამენტს, მისი ფუნქციებიდან გამომდინარე, გაუკეთოს მის მონაცემთა ბაზაზე რეალურ დროში დაშვება.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უფლებამოსილნი არიან, მონაცემთა ბაზაზე რეალურ დროში დაშვება გაუკეთონ სააგენტოსა და საკონსულო დეპარტამენტს. მონაცემთა ბაზაზე რეალურ დროში დაშვებასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხები და დაშვების ხარისხი განისაზღვრება მხარეებს შორის შეთანხმებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემთა ბაზასთან კავშირის განსახორციელებლად აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეძენას, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სააგენტო ან/და საკონსულო დეპარტამენტი.

მუხლი 8

1. ამ წესის პირველ მუხლში მითითებული პირები/ორგანოები ვალდებულნი არიან, ამ წესის საფუძველზე მიღებული ინფორმაცია გამოიყენონ იმ მიზნების მისაღწევად, რომლებიც საჭიროა მათი ფუნქციების განხორციელებისათვის და არ დაუშვან ინფორმაციის გადაცემა, ან სხვაგვარად გამჟღავნება ან გამოყენება, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. ამ წესის პირველ მუხლში მითითებული პირები/ორგანოები ვალდებულნი არიან, მიიღონ შესაბამისი სამართლებრივი, ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან ან ნებისმიერი სხვა უკანონო დამუშავებისაგან.