დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20-79 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.35.101.016193 |
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 68-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
1.
დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება, თანდართული რედაქციით.
|
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება
|
მუხლი 1.
გამოყენების სფერო
|
ეს დებულება განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში - თბილისი) მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში - კომისია) საქმიანობის წესს. |
მუხლი 2.
კომისიის მიზანი და ფუნქციები
|
1. კომისიის შექმნის მიზანია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პრინციპებისა და წესების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა კონკურსის ჩატარება.
2. კომისიის ფუნქციებია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსის ჩატარება; ბ) პირის პროფესიული ცოდნის, ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაფასებელი პროცედურის წარმართვა; გ) თბილისის მთავრობასთან შეთანხმებით, კონკურსის პროგრამის, ეტაპების, პირობების, შეფასების ფორმებისა და ჩატარების გრაფიკის განსაზღვრა; დ) კონკურსის შედეგების მიხედვით, ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენა ან მის წარდგენაზე უარის თქმა; ე) თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე ორგანოსთვის/პირისათვის კონკურსანტის შეფასების თაობაზე დასკვნის წარდგენა; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.
|
მუხლი 3.
კომისიის შემადგენლობა
|
1. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.
2. კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღრავს კომისიის თავმჯდომარე აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით. კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობენ მოხელეთა პროფესიული კავშირების წევრები და დამოუკიდებელი სპეციალისტები (პირები, რომლებიც სამსახურებრივად არ არიან დაკავშირებული თბილისის მერიასთან), ასევე შესაძლებელია მონაწილეობდნენ ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პირები. 3. კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში. 4. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომისიისათვის კონსულტაციების გაწევის მიზნით, სათათბირო ხმის უფლებით, შეიძლება მოწვეული იყვნენ დამოუკიდებელი სპეციალისტები. 5. კომისიის მოწვეულ წევრთა და ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დამოუკიდებელ სპეციალისტთა შრომა შესაძლებელია ანაზღაურდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. კომისიის წევრთა აცილებისა და თვითაცილების საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. |
მუხლი 4.
კომისიის თავმჯდომარე
|
1. კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი, თბილისის მთავრობის წარდგინებით. კომისიის თავმჯდომარედ, როგორც წესი, ინიშნება თბილისის მერი, თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) ან თბილისის მერის მოადგილე.
2. კომისიის თავმჯდომარე: ა) განსაზღვრავს კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას; ბ) წარმართავს და ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას; გ) კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოდგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში; დ) კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ქმნის კომისიის სამდივნოს; ე) ქმნის კომისიის სპეციალიზებულ შემადგენლობას და ნიშნავს მის თავმჯდომარეს, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი წესით; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს კონკურსის შესახებ ინფორმაციის საჯაროობას; თ) უზრუნველყოფს ჩატარებული კონკურსის და მისი შედეგების შესახებ ინფორმაციის წარდგენას საჯარო სამსახურის ბიუროში; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას; კ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. |
მუხლი 5.
კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა
|
1. საჭიროების შემთხვევაში, პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით, კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია შექმნას კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა.
2. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის თავმჯდომარესა და წევრებს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე. 3. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ატარებს კონკურსის ეტაპებს და კომისიისთვის ამზადებს დოკუმენტების პროექტებს. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განიხილება და მტკიცდება კომისიის მიერ. 4. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა გადაწყვეტილებებს იღებს ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად. |
მუხლი 6.
კომისიის რეგლამენტი
|
1. კომისიის წევრებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს და კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა. 3. თუ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ქულათა სისტემით შეფასების შესახებ, კომისია ასევე უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ქულათა სისტემით, ამ მუხლის მეორე პუნქტში მითითებული შემადგენლობით. 4. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც აღინიშნება ოქმში.
|
მუხლი 7.
კომისიის სამდივნო
|
1. კონკურსისა და ატესტაციის ორგანიზებულად ჩატარებას უზრუნველყოფს თბილისის მერიის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი, ამასთან, კომისიის საქმიანობის ორგანიზებისა და ხელშეწყობის მიზნით, კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია შექმნას კომისიის სამდივნო.
2. სამდივნოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ თბილისის მერიის მოხელეები და საჭიროებისამებრ, შრომითი ხელშეკრულებით მოწვეული პირები. 3. კომისიის სამდივნო: ა) ორგანიზებას უწევს და ტექნიკურად უზრუნველყოფს კომისიის სხდომებს; ბ) უზრუნველყოფს კონკურსთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი აქტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას; გ) კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს და კომისიის წევრებს უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტებითა და ინფორმაციით; დ) უზრუნველყოფს კომისიაში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვასა და სისტემატიზაციას; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს კომისიის თავმჯდომარის დავალებებსა და მითითებებს. 4. კონკურსის ეტაპების ჩატარებისათვის და სამდივნოს ფუნქციების შესასრულებლად კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსები. 5. კონკურსის დასრულების შემდეგ სამდივნო წყვეტს საქმიანობას. |
მუხლი 8.
საპრეტენზიო კომისია
|
1. კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებით პრეტენზიების განხილვის მიზნით, თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას საპრეტენზიო კომისია.
2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს თბილისის მთავრობა. 3. საპრეტენზიო კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები