„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსხურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსხურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2459
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 56, 28/12/2005
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2006
სარეგისტრაციო კოდი 280.070.110.05.001.002.077
  • Word
2459
23/12/2005
სსმ, 56, 28/12/2005
280.070.110.05.001.002.077
„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსხურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 28) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირთა წრე

ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები:

ა) ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში;

ბ) სპეციალური წოდების მქონე პირები, რომლებიც მსახურობდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში;

გ) ოფიცრები, მათ შორის, სამხედრო პროკურატურის, ყოფილი სამხედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო-სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და მათი ოჯახის წევრები, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით;

დ) რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით);

ე) პარტიზანები, მოხალისეები, პარტიზანული და მოხალისეთა რაზმების მეთაურები, რომელთა თანამდებობები შეესაბამებოდა ოფიცერთა თანამდებობებს;

ვ) მეორე მსოფლიო ომში და სხვა შეიარაღებულ კონფლიქტებში დაღუპულ (უგზო-უკვლოდ დაკარგულ) ან იქ მიღებული ჭრილობის, დასახიჩრების, კონტუზიისა და სხვა დაავადების შედეგად გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრები;

ზ) გარდაცვლილ სამხედრო პენსიონერთა ოჯახის წევრები;

თ) სხვა სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების მუშაკები და მათი ოჯახის წევრები საქართველოსა და ამ სახელმწიფოთა შორის დადებული ხელშეკრულების (შეთანხმების) საფუძველზე.“.

3. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. სახელმწიფო კომპენსაციის მიღების საფუძვლები

სახელმწიფო კომპენსაციის მიღების საფუძვლებია:

ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა;

ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა;

გ) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენა;

დ) მარჩენალის გარდაცვალება.“.

4. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლების რეალიზაცია

1. სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც ამ კანონის თანახმად სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ, სახელმწიფო კომპენსაცია მიეცემათ სამსახურიდან თადარიგში გასვლის ან სამსახურიდან გადადგომის შემდეგ.

2. სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობის შეზღუდვის გამო სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნებათ სამსახურის ხანგრძლივობის მიუხედავად.

3. გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრთათვის სახელმწიფო კომპენსაციის ან სახელმწიფო პენსიის დანიშვნის პირობები რეგულირდება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ ან „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონებით.

4. სახელმწიფო კომპენსაცია არ დაენიშნება სასამართლო წესით სამხედრო ან სპეციალურ წოდებაჩამორთმეულ პირებს და მათი ოჯახის წევრებს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ისინი გამართლებული ან რეაბიტილირებული არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

5. მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 მუხლები ამოღებულ იქნეს.

6. მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. ამ კანონით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფა

ამ კანონით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრებისათვის სახელმწიფო კომპენსაციებით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

    მუხლი 9. სახელმწიფო კომპენსაციებით უზრუნველყოფის განმახორციელებელი ორგანო

ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ პირთა სახელმწიფო კომპენსაციებით უზრუნველყოფას ახორციელებს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო.“.

7. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.

8. მე-2 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო კომპენსაცია სამხედრო მოსამსახურეთათვის“.

9. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11. სამხედრო მოსამსახურისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების განმსაზღვრელი პირობები

სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ:

ა) ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი;

ბ) იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო საჭიროების გამო გაწვეულ იქნენ სამხედრო სამსახურში, საპენსიო ასაკის მიღწევის დღისათვის იმყოფებიან სამხედრო სამსახურში და აქვთ სამხედრო ძალებში წელთა ნამსახურობის 10 წელი;

გ) ყოფილი სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, სასაზღვრო ჯარების, სხვა კანონიერი სამხედრო ფორმირებების სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პენსიონერებს, რომლებიც შემდგომ ჩაირიცხნენ საქართველოს სამხედრო ძალების კადრის სამხედრო სამსახურში.“.

10. მე-12, მე-13, მე-14 და მე-15 მუხლები ამოღებულ იქნეს.

11. მე-3 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო კომპენსაცია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სამხედრო მოსამსახურეთათვის“.

12. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 17. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სამხედრო მოსამსახურეთათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის პირობები

ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს შეზღუდული შესაძლებლობის გამო სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნებათ, თუ მათ შესაძლებლობა შეეზღუდათ სამხედრო ან ოპერატიული სამსახურის პერიოდში, ან არა უგვიანეს სამი თვისა სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ, ან ამ ვადაზე უფრო გვიან, მაგრამ სამსახურის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების გამო.“.

13. მე-18, მე-19, მე-20, 21-ე, 22-ე, 23-ე და 24-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

14. მე-4 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრთა სახელმწიფო კომპენსაცია“.

15. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 25. გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრთათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის პირობები

1. ამ კანონის პირველ მუხლში აღნიშნულ მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნებათ, თუ სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ან გარდაიცვალა სამხედრო სამსახურის დროს, ან არა უგვიანეს სამი თვისა სამხედრო სამსახურიდან გასვლის შემდეგ, ან ამ ვადაზე უფრო გვიან სხვა დაავადებით, რომელიც სამხედრო მოსამსახურემ მიიღო სამხედრო სამსახურის ან ოპერატიული მუშაობის დროს. ამ უფლებით სარგებლობენ ყოფილი სამხედრო ტყვეების ოჯახის წევრები, რომლებიც ნებაყოფლობით არ ჩაბარდნენ ტყვედ და ტყვეობაში ყოფნის დროს არ ჩაიდინეს სამშობლოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

2. სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე საომარი მოქმედების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურის ოჯახი უთანაბრდება ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახს.“.

16. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 26. სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე ოჯახის წევრები

სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ მის:

ა) შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე;

ბ) შრომისუუნარო მეუღლეს, მშობლებს და შვილებს.“.

17. 27-ე–58-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

18. 59-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 59. სამსახურებიდან დათხოვნისას სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად ზოგიერთი კატეგორიის პირთათვის წელთა ნამსახურობის ჩათვლა

1. სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების ოფიცრებს, აგრეთვე საქართველოს პროკურატურის ორგანოების სხვა თანამშრომლებს ადრინდელი წელთა ნამსახურობა შეიარაღებულ ძალებსა და სამართალდამცავ ორგანოებში (პოლიციის სამსახურში) ჩაეთვლებათ საერთო წელთა ნამსახურობაში. სამსახურიდან დათხოვნისას თავიანთი სტატუსით ისინი უთანაბრდებიან სამხედრო მოსამსახურე ოფიცრებსა და პოლიციის მუშაკებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით ასევე სარგებლობენ საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზევადიანი და სახელშეკრულებო (კონტრაქტით) სამსახურგავლილი პირები, თუ ისინი გადაყვანილ იქნენ ზემოთ აღნიშნული ერთი უწყებიდან მეორეში.“.

19. მე-7 და მე-8 თავები ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

 მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 23 დეკემბერი.

№2459–რს