დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 369 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 420000000.10.003.018753 |
|
„მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
|
| მუხლი 1 |
ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზეგავლენის აღსაკვეთად, ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად ატმოსფერული ჰაერის მიკროორგანიზმებით დაბინძურებისაგან დაცვის სამართლებრივი რეჟიმის განსაზღვრის მიზნით „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს „მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ თანდართული დებულება.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებისთანავე.
|
|
დებულება
|
მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად
აქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ |
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. დებულება შემუშავებულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, „გარემოს დაცვის შესახებ“ და „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად. 2. დებულება განსაზღვრავს ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე დასახლებული ადგილების ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დასაცავად მიმართულ ღონისძიებებს იმ ობიექტების განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის, რეკონსტრუქციისა (ტექნიკური გადაიარაღება) და ექსპლუატაციისას, რომლებსაც შესაძლოა მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოყოფით მავნე ზეგავლენა მოახდინონ ატმოსფერულ ჰაერზე.
მუხლი 2. მიკრობული დაბინძურების წყაროები და ნორმატივები 1. ატმოსფერული ჰაერის მიკრობული დაბინძურების წყაროს წარმოადგენს საწარმოო პროცესი, ატმოსფერულ ჰაერში საწარმოო შენობებიდან ორგანიზებული და არაორგანიზებული გამონაფრქვევები და სხვ. 2. ცოცხალი მიკროორგანიზმებისა და ბიოლოგიურად აქტიური აეროზოლების შემცველობაზე ატმოსფერული ჰაერის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა კვლევის თანამედროვე მეთოდებზე დაყრდნობით დამუშავებული ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი წყაროების იდენტიფიკაციის სქემა (დანართი №1). 3. მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ხარისხის რეგულირების საფუძველს წარმოადგენს მარეგლამენტირებელი ნორმატივი − ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია (ზდკ). 4. მიკრობპროდუცენტებისა და ბაქტერიული პრეპარატების მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, რადგანაც მიკროორგანიზმებს აქვთ ადამიანის ორგანიზმზე რეზორბციული ზემოქმედების უნარი, დგინდება განსხვავებული მარეგლამენტირებელი ნორმატივი − საშუალო სადღეღამისო ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია (ზდკ სს). საშუალო სადღეღამისო ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია (ზდკ სს) გამოისახება მიკრობული უჯრედების რაოდენობით 1მ3 ჰაერში. 5. დასახლებული ადგილების ატმოსფერულ ჰაერში ზოგიერთი მიკროორგანიზმპროდუცენტებისა და ბაქტერიული პრეპარატების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები მოცემულია №2 დანართის №1 და №2 ცხრილებში. 6. ყველა სამრეწველო შტამი უნდა მიეკუთვნებოდეს არაპათოგენურ ან პირობით პათოგენურ მიკროორგანიზმებს, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციით მიეკუთვნებიან რისკის II ჯგუფს (ზომიერი ინდივიდუალური რისკი და მთლიანად მოსახლეობისათვის შეზღუდული რისკი), რაც საშიშროების ხარისხის მიხედვით შეესაბამება III და IV კლასებს.
მუხლი 3. მიკრობიოლოგიური მრეწველობის საწარმოთა კლასიფიკაცია 1. სანიტარიული კლასიფიკაციით დადგენილია მიკრობიოლოგიური მრეწველობის საწარმოთა 4 კლასი, სამრეწველო პროცესის ტიპისა და საშიშროების მიხედვით. 2. I კლასს განეკუთვნება საწარმოები, რომლებიც აწარმოებენ ცილოვან-ვიტამინურ კონცენტრატებს ნახშირწყლებიდან (ნავთობი, ეთანოლი, მეთანოლი, ბუნებრივი აირი), ან იყენებენ პათოგენობის I-II ჯგუფის მიკროორგანიზმებს. 3. II კლასს განეკუთვნება საწარმოები, რომლებიც აწარმოებენ: ა) საკვებ ბაციტრაცინს; ბ) მიკრობიოლოგიური სინთეზის მეთოდით მიღებულ საკვებ ამინომჟავებს; გ) ანტიბიოტიკებს; დ) მერქნისა და სოფლის მეურნეობის ნარჩენებისაგან ჰიდროლიზის მეთოდით მიღებულ საკვებ საფუვრებს, ფურფუროლსა და სპირტს; ე) ზედაპირული მეთოდით მიღებულ სხვადასხვა დანიშნულების ფერმენტებს; ვ) მცენარეული ნედლეულისაგან მიღებულ პექტინებს. 4. III კლასს განეკუთვნება საწარმოები, რომლებიც აწარმოებენ: ა) საკვებ საფუვრებს; ბ) ბიოპრეპარატებს მცენარეთა დაცვისათვის სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებლად; გ) მიკრობიოლოგიური სინთეზის გზით მიღებულ მცენარეთა დაცვის საშუალებებს; დ) ვაქცინებსა და შრატებს; ე) აგრეთვე მიკრობიოლოგიური პროფილის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები და საწარმოები. 5. IV კლასს განეკუთვნება საწარმოები, რომლებიც აწარმოებენ სხვადასხვა დანიშნულების ფერმენტებს სიღრმივი კულტივირების მეთოდით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები