„2014 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე

„2014 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3918-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 010100000.09.001.016291
3918-რს
03/07/2015
ვებგვერდი, 17/07/2015
010100000.09.001.016291
„2014 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

 

„2014 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი მიესალმება და ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს იმ ახალ სტანდარტს, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვასთან და მასზე რეაგირებასთან დაკავშირებით დაამკვიდრა.

ეს პროცესი მეტად მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის და საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების თვალსაზრისით. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვა ღიად, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით მიმდინარეობს. მათ მიერ ანგარიშის მოსმენით, რეკომენდაციების შემუშავებით და ამ რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგით  ადამიანის უფლებათა დაცვის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი მკვიდრდება. ეს ხელს უწყობს პარლამენტის წინაშე აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ზრდას და საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას.

საქართველოს სახალხო დამცველი ამ პროცესს დადებითად აფასებს და მიაჩნია, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიცია არ უნდა შეიცვალოს.

 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში დეტალურად არის ასახული 2014 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარება. იგი მოიცავს სამოქალაქო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა ფართო სპექტრს, რომელთა შორისაა: სიცოცხლის უფლება; წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სასჯელის აკრძალვა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; სამართლიანი სასამართლოს უფლება; პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება; აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება; გამოხატვის თავისუფლება; შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება; მიმოსვლის თავისუფლება; საკუთრების უფლება; შრომის უფლება; სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლება; ჯანმრთელობის დაცვის უფლება; ბავშვის უფლებები; სათანადო საცხოვრისის უფლება; სოციალური უზრუნველყოფის უფლება.

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში მიმოხილულია ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ ორგანოებში; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში; ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში; ეროვნულ უმცირესობათა, ხანდაზმულთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა, კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ პირთა, რეპატრიანტთა, ეკომიგრანტთა, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირთა, თავშესაფრის მაძიებელთა და სხვა პირთა უფლებრივი მდგომარეობა.

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებულია 2014 წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების მიერ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეებზე განხორციელებული არაერთი პოზიტიური ცვლილება, რომლებიც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას. კერძოდ:

2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას“, 2014 წლის 18 ივლისს კი ის რატიფიცირებულ იქნა. ევროკავშირთან პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში.

2014 წლის 30 აპრილს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია (2014–2020 წლებისთვის), რომელიც ადამიანის უფლებების ყოველდღიურ ცხოვრებაში რეალიზების იდეას ეფუძნება და განსაზღვრავს საქართველოს ხელისუფლების გრძელვადიან პრიორიტეტებსა და ამოცანებს ამ უფლებათა სფეროში უწყებათაშორისი, მრავალსექტორული, ერთიანი და თანამიმდევრული პოლიტიკის ჩამოყალიბების და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების მიზნით. 2014 წლის 9 ივლისს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა (2014-2015 წლებისთვის), რომლითაც დეტალურად არის განსაზღვრული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მთავრობის საქმიანობა 2014-2015 წლებში. ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ეფექტიანი განხორციელება მნიშვნელოვნად  შეუწყობს ხელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას.

2014 წლის ივნისში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხელი მოაწერა „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის კონვენციას (სტამბოლის კონვენცია). ეს კონვენცია უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია. იგი ამ სფეროში პირველი სამართლებრივად სავალდებულო ინსტრუმენტია და ქმნის თანამიმდევრულ სამართლებრივ ჩარჩოს ძალადობის თავიდან აცილებისათვის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და მოძალადეთა დაუსჯელობის აღკვეთისათვის.   

 2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი,  რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სხვადასხვა უმცირესობის მიმართ არსებული შეუწყნარებლობის აღმოფხვრას, ტოლერანტობის კულტურის ჩამოყალიბებას და თანასწორობის მიღწევას.

2014 წლის 20 იანვარს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2014-2016 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმა.

2014 წლის 19 მარტს რატიფიცირებულ იქნა ლანსაროტის 2007 წლის 25 ოქტომბრის „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია. 

2015 წლის 12 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.

ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია. მისი თანამიმდევრული განხორციელების შედეგია პროპორციული და გონივრული სასჯელები, აგრეთვე სასამართლოს მიერ როგორც სრულწლოვანი, ისე არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის გამოყენების პროცენტული მაჩვენებლის შემცირება.

დადებითად უნდა შეფასდეს ის, რომ 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად თბილისის მერის და საქართველოს არაერთი მუნიციპალიტეტის მერისა და გამგებლის ასარჩევად მეორე ტური გაიმართა. 

2012 წლის სექტემბერში პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ პრობლემის გადასაჭრელად გამოვლენილი პოლიტიკური ნების და რეფორმების განხორციელების წყალობით პატიმართა წამება და მათდამი არასათანადო მოპყრობა მთავარი გამოწვევა აღარ არის. 

 გაუმჯობესდა და უფრო მრავალფეროვანი გახდა მედიაგარემო. ხელისუფლება მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკაში და ჟურნალისტების გამოხატვის თავისუფლებაში არ ჩარეულა.

2014 წლის 1 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისა და პერსონალური მონაცემების დაცვისათვის ახალი ნორმები დაწესდა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილება გაიზარდა. ეს საკანონმდებლო ცვლილებები ევროკავშირმა ვიზების ლიბერალიზაციის თვალსაზრისით დადებითად შეაფასა.

2014 წლის მარტიდან ამოქმედდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც აღნიშნულ სფეროში მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითმა სამთავრობო კომისიამ კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ რეგიონებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა.

2014 წელს გარემონტდა და გაიხსნა სასჯელაღსრულების ცენტრალური საავადმყოფო, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა პატიმართა სამედიცინო მომსახურება. ასევე გარემონტდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 დაწესებულების შენობა. ხორციელდება C ჰეპატიტის სამკურნალო და თვითმკვლელობის თავიდან აცილების პროგრამები.

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია სხვა დადებითი ტენდენციებიც.

საქართველოს სახალხო დამცველმა თავის ანგარიშში წარმოადგინა რეკომენდაციები, რომელთა დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება.

საქართველოს პარლამენტი იზიარებს ზემოაღნიშნულ რეკომენდაციებს და ადგენს:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ:

 ა) სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შეიმუშაოს კანონპროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, აგრეთვე საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილების წესი, მათ შორის, ამ საკითხთან დაკავშირებით დაწესდეს სასამართლოს თავმჯდომარის შესაბამისი უფლებამოსილების მარეგულირებელი იმგვარი ნორმები, რომლებიც სუბიექტური გადაწყვეტილების მიღებას გამორიცხავს და მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობასა და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს;

ბ) შეიმუშაოს სამართლებრივი  მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს გახდის სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის არსებული წესის შეცვლით დაზარალებულის სრულ რეაბილიტაციას, სამართალწარმოების პროცესში დაშვებული დარღვევის გამოვლენას და სასამართლო შეცდომის გამოსწორების გამართული სამართლებრივი მექანიზმის შექმნას;

გ) დაიწყოს დედობის დაცვის შესახებ კონვენციის გადასინჯვის თაობაზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183-ე კონვენციის ხელმოწერისათვის საჭირო პროცედურები მისი შემდგომი რატიფიცირების მიზნით, აგრეთვე უზრუნველყოს კონვენციის განხილვის პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის მაქსიმალური მონაწილეობა.

2. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ:

ა) დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების პრინციპების დაცვით წარმართოს ყველა საქმის გამოძიება, რომლებიც სიცოცხლის უფლების ხელყოფას ეხება;

ბ) 2008 წლის აგვისტოში საომარი მოქმედებების დროს და შემდგომ პერიოდში ჩადენილ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებული საქმეები, მათ შორის, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საქმეები, ეფექტიანად, მოკლე ვადებში გამოიძიოს;

გ) საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრისას, უწყებრივი საგამოძიებო ორგანოების მიმართ უნდობლობის საფუძვლების აღმოფხვრისა და გამოძიების პროცესში ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვის მიზნით, საქმეების სპეციფიკიდან გამომდინარე, პრიორიტეტი მიანიჭოს იმ სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებიც პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებს, აგრეთვე სამართალდამცავი პირების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებს ეხება;

დ) დაასრულოს 2012 წლის 28 აგვისტოს ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილ პირთა საქმეების გამოძიება და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების თაობაზე;

ე) განახორციელოს ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების სიღრმისეული ანალიზი გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების განსაზღვრისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით;

ვ) რეაგირება მოახდინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის თანამშრომელთა მიერ ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე რეაგირების დროს გამოჩენილი სამსახურებრივი გულგრილობის შემთხვევებზე;

ზ) უზრუნველყოს ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ დეტალური სტატისტიკის წარმოება და შესაბამისი მონაცემების პერიოდულად (წელიწადში ერთხელ მაინც) გამოქვეყნება;

თ) დაასრულოს 2009 წლის 15 ივნისს და 2011 წლის 3 იანვარს ჩადენილ დანაშაულთა და ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის ყველა ფაქტის გამოძიება;

ი) უზრუნველყოს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებიც არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტებს და იძულების სხვადასხვა ფორმის გამოყენებით ქონების სახელმწიფოს ან მესამე პირის სასარგებლოდ დათმობას ეხება;

კ) დროულად დაასრულოს იმ საქმეების გამოძიება, რომლებიც რელიგიურ თემებთან დაკავშირებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ეხება, და დროულად მიიღოს შემაჯამებელი გადაწყვეტილებები.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ:

ა) განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, რათა პოლიციელმა პირის დაკავებისას მკაცრად დაიცვას მისი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება და განახორციელოს დაკავების შემთხვევის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დოკუმენტირება;

ბ) უზრუნველყოს ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევაზე რეაგირების ფორმის დახვეწა სამოქალაქო სექტორთან და სხვა კომპეტენტურ უწყებებთან აქტიური თანამშრომლობით, აგრეთვე უბნის ინსპექტორის როლის გაზრდა, რათა მან ადგილობრივი თემის (განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობის) წარმომადგენლებს მიაწოდოს ინფორმაცია და შესთავაზოს კონსულტაციების გაწევა ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხზე;

გ) გააგრძელოს პოლიციელთა ტრენინგი ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ასამაღლებლად, აგრეთვე პოლიციელის მიერ ძალადობის ფაქტზე რეაგირების დროს გენდერული სტერეოტიპების ზეგავლენის აღმოსაფხვრელად;

დ) აწარმოოს გამოცემული ორდერების აღსრულების მონიტორინგი;

ე) ოჯახში ძალადობის ფაქტზე რეაგირების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ შედგენილ ოქმში სრულყოფილად ასახოს მსხვერპლისა და მოწმისაგან მიღებული ახსნა-განმარტებები;

ვ) შეიმუშაოს პოლიციელის მიერ ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის რისკის შეფასების სტანდარტები;

 ზ) უზრუნველყოს ეროვნული უსაფრთხოების არგუმენტით საქართველოში ბინადრობის ნებართვის/საქართველოს ვიზის გაცემისა და საქართველოში შემოსვლის მიზანშეუწონლობის შესახებ დასკვნის კანონით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად დასაბუთება და, შესაძლებლობის ფარგლებში, იმ პირისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება, რომელსაც უარი ეთქვა აღნიშნული უფლების მიღებაზე.

4. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ:

ა)  მიიღოს ყველა გონივრული ზომა, მათ შორის, შესაბამისი სწავლებით და ინსტრუქციების მიცემით, რათა სამედიცინო პერსონალის და პატიმრის გასაუბრებისას კონფიდენციალურობა სრულად იყოს დაცული;

ბ) უზრუნველყოს პაციენტის სამედიცინო მომსახურების პროცესში მონაწილეობა მისთვის გასაწევი სამედიცინო მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, აგრეთვე პატიმრისათვის ჯანმრთელობის დაცვასთან, მათ შორის, პრევენციულ ჯანდაცვასთან, დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

გ) ხელი შეუწყოს სამედიცინო პერსონალის პროფესიულ დამოუკიდებლობასა და კომპეტენტურობას მისი პროფესიული დამოუკიდებლობისა და სამედიცინო ეთიკის პრინციპების პენიტენციური სისტემის მარეგულირებელ სამართლებრივ ჩარჩოში სრულად ასახვით, სამედიცინო პერსონალის უწყვეტი პროფესიული სწავლებითა და ტრენინგების მოდულების გაძლიერებით, ტრენინგების შედეგების მდგრადობის შეფასებითა და სუპერვიზიის მექანიზმის შემუშავებით და მკაფიო სამუშაო აღწერილობების შექმნით;

დ) განსაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში აფთიაქის არარსებობის შემთხვევაში მედიკამენტების ამანათით შეგზავნის მარეგულირებელი წესი;

 ე) პატიმრის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს მისი ოჯახის წევრების საცხოვრებელი ადგილი, რათა უზრუნველყოს პატიმრის მიერ პაემნის უფლებით შეუფერხებლად სარგებლობა;

ვ) გადახედოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ დედათა და ბავშვთა საკითხებს, კერძოდ, შეცვალოს საკვებით მომარაგების სტანდარტი, რათა მათ საკმარისი რაოდენობის საკვები მიეწოდოთ, აგრეთვე შეცვალოს ბავშვის მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვების პროცედურები ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რათა ბავშვი გარე სამყაროს შეეგუოს და დედასთან განშორების დროს მისი ტრავმირება მინიმუმამდე შემცირდეს;

ზ) ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში უზრუნველყოს ხანგრძლივი პაემნისა და ვიდეოპაემნისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა, აგრეთვე პატიმრის მიერ მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სატელეფონო საუბრის უფლებით სრულყოფილად სარგებლობა და, კანონმდებლობის შესაბამისად, კორესპონდენციის კონფიდენციალურობის დაცვა;

თ) ის მსჯავრდებული, რომელსაც სასჯელის ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხდა აქვს განსაზღვრული, მაქსიმალურად მოკლე ვადაში გადაიყვანოს შესაბამის დაწესებულებაში, სადაც ის უზრუნველყოფილი იქნება თავისუფლების ისეთი ხარისხით, რომელიც მისთვის საქართველოს კანონმდებლობით არის გარანტირებული;

 ი) ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისათვის დანერგოს ჩანაცვლებითი შემანარჩუნებელი მკურნალობა;

კ) უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმრებისათვის გაზარდოს ფსიქოლოგიური და სოციალური მომსახურებების ხელმისაწვდომობა, მათ შორის, ენობრივი ბარიერის დასაძლევად მოიძიოს შესაბამისი სპეციალისტები;

 ლ) შექმნას იმგვარი მარეგულირებელი ნორმები, რომლებიც უზრუნველყოფს შესაბამისი ორგანოების მიერ შიდა და გარე მონიტორინგის საფუძველზე, წინასწარ განსაზღვრულ ინდიკატორებსა და სხვა მაჩვენებლებზე დაყრდნობით პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციისა და თანამშრომლების მიერ საკუთარი ფუნქციების შესრულების და დაწესებულებაში წესრიგის შენარჩუნების შესაძლებლობის შეფასებას.

5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ:

ა) გაააქტიუროს სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების და მათით სარგებლობის მექანიზმების თაობაზე საზოგადოების ინფორმირების კამპანია;

ბ) შეიმუშაოს ფსიქიატრიული სამსახურების მუშაობისა და ფსიქიატრიული დახმარების გაწევის სპეციალური ზედამხედველობის გარე სისტემა, აგრეთვე განახორციელოს აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხარისხის კონტროლის სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება;

გ) უზრუნველყოს ეროვნული და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების მოსახლეობისთვის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სხვა ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისთვის გასაგებ ენაზე მიწოდება;

დ) უახლოეს პერიოდში შეცვალოს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესი, რათა გამოირიცხოს გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია;

ე) „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში 2014 წლის 17 ოქტომბერს შეტანილი ცვლილების შესაბამისად, უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე, სპეციალიზებული სოციალური მუშაკების მომზადება, აგრეთვე მათთვის საჭირო პირობების შექმნა და მათი სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვა;

ვ) უზრუნველყოს რეგიონებში არსებული მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვებისთვის საჭირო მომსახურების გაწევა, აგრეთვე მათთვის დამატებითი რესურსების მიწოდება;

ზ) უზრუნველყოს, რომ სოციალურმა სამსახურებმა უფრო აქტიურად იმუშაონ ბავშვის ბიოლოგიური ოჯახის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რათა შესაძლებელი გახდეს ბიოლოგიურ ოჯახთან ბავშვის ურთიერთობის გაჯანსაღება და მისი ამ ოჯახში რეინტეგრაცია;

თ) პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე, დანერგოს მოკლევადიანი ინდივიდუალური აქტივობების დაგეგმვა, შეიმუშაოს  მიღწეული შედეგების შეფასების ინდიკატორები;

ი) უზრუნველყოს შესაბამისი პერსონალის გადამზადება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შედგენის პროცედურების და მათი განხორციელების კონტროლის საკითხებთან დაკავშირებით;

 კ) უზრუნველყოს მომსახურების მიმწოდებლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობა მომსახურების მიმღებთა საგანმანათლებლო საჭიროებების გამოსაკვეთად;

ლ) უზრუნველყოს სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ბავშვთათვის ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული დახმარების სტანდარტების შემუშავება, ბავშვთა საჭიროებებზე მორგებული ფსიქოლოგიური დახმარების დანერგვა შესაბამისი კადრების მომზადებით, ჩატარებული მუშაობის სუპერვიზიის მექანიზმის შექმნით, ადეკვატური ფსიქიატრიული დახმარებისა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავებით და დროულად განხორციელებით;

მ) უზრუნველყოს მომსახურების მიმწოდებელთა და მიმღებთა რეგულარული სწავლება ბავშვის უფლებებისა და ბავშვის მიმართ ძალადობის თავიდან აცილების საკითხებზე, მზრუნველთათვის შეიმუშაოს სპეციალური ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროგრამები;

ნ) განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ბიოლოგიურ ოჯახში დროებით გაყვანის პერიოდში ბავშვისთვის შექმნილ სოციალურ პირობებს და უზრუნველყოს მის მიმართ ძალადობის თავიდან აცილება;

 ო) უზრუნველყოს მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების პერსონალის გადამზადება ბავშვთა მომსახურების ინდივიდუალური გეგმების სრულყოფილად წარმოების სწავლების მიზნით და ამ გეგმების შემუშავებისას ბავშვებისა და აღმზრდელების მოსაზრებების გათვალისწინება;

პ) მეთვალყურეობა გაუწიოს ბავშვთა ინდივიდუალური განვითარების გეგმების წარმოებას;

ჟ) უზრუნველყოს ბავშვის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში განთავსებისას სახლისთვის ბავშვის დოკუმენტაციის დროულად მიწოდება, რისკების ადეკვატური შეფასება და ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმის განსაზღვრა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით;

რ) მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებისთვის შეიმუშაოს კვების სტანდარტი, უზრუნველყოს აღმზრდელთა რეგულარული გადამზადება ბავშვთა კვების საკითხებთან დაკავშირებით;

 ს) განახორციელოს ბავშვის რთული ქცევის მულტიდისციპლინური მართვა ფსიქოლოგის და, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის აქტიური მონაწილეობით;

ტ) უზრუნველყოს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მომსახურების რაიონული ცენტრების სოციალურ მუშაკთა აქტიური მონაწილეობა მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში მყოფ ბავშვებზე ზრუნვის პროცესში;

უ) ბავშვზე ზრუნვის პროცესის ჩაშლისა და ბავშვის უფლებების დარღვევის თავიდან ასაცილებლად განხორციელებული ფსიქოლოგიური, ფსიქიატრიული, პედაგოგიური და სოციალური ღონისძიებების არაეფექტიანობის შემთხვევაში უზრუნველყოს ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმის შერჩევის საკითხის დროულად განხილვა და ადეკვატური ზომების მიღება;

ფ) მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის ადგილმდებარეობის განსაზღვრისას გაითვალისწინოს ბავშვის საჭიროებები და ადგილობრივ თემში შესაბამისი რესურსების არსებობა.

 6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ:

ა) გააძლიეროს მუშაობა დევნილთა ინფორმირებულობის გასაზრდელად და პრივატიზაციის პროცესში დევნილებს მათ მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე მიაწოდოს სრული ინფორმაცია ამ პროცესის ნებაყოფლობითობის და გრძელვადიანი განსახლების ალტერნატივის შესახებ;

ბ) დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში გააგრძელოს დევნილთა იმ ობიექტებიდან გამოსახლების პროცესი, რომლებიც, საექსპერტო დასკვნის მიხედვით, ავარიულია;

გ) კერძო საკუთრებაში მყოფ ობიექტებში მცხოვრები დევნილები კერძო მესაკუთრეთა კანონიერი უფლებების დასაცავად მოკლე ვადებში დააკმაყოფილოს ალტერნატიული ფართობით.

7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ:

 ა) ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით ხელი შეუწყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შექმნასა და ფუნქციონირებას  მუნიციპალიტეტების ცენტრებსა და სოფლებში, სადაც არსებობს მოსახლეობის შესაბამისი მოთხოვნა;

ბ) საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის ფარგლებში ხელი შეუწყოს ეროვნული უმცირესობების ენებზე სწავლების მქონე სკოლების სხვადასხვა საგნის პედაგოგთა მომზადებისა და გადამზადების ეფექტიანი და ხელმისაწვდომი სისტემის შექმნას;

გ) სამოქალაქო ინტეგრაციისა და კულტურათაშორისი დიალოგის მხარდაჭერის მიზნით იმ ფაკულტეტებსა და კურსებზე, სადაც ე. წ. ერთს პლუს ოთხი სისტემის სტუდენტები სწავლობენ, სწავლების პროცესის პარალელურად განახორციელოს კულტურათაშორისი და ეთნოსთაშორისი დიალოგის ხელშემწყობი საგანმანათლებლო პროგრამები და უმრავლესობისა და უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს ამ პროგრამებში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა მისცეს;

 დ) სამოქალაქო ინტეგრაციის და ეროვნული უმცირესობების თვითიდენტიფიკაციის მხარდაჭერის მიზნით, მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების მოთხოვნის შემთხვევაში მისცეს მათ მშობლიური ენის სასკოლო განათლების ფარგლებში შესწავლის შესაძლებლობა;

ე) მიმდინარე წელს გააგრძელოს საგანმანათლებლო დაწესებულებების ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პროცესი.

8. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ განახორციელოს სათანადო ღონისძიებები ქვეყანაში არსებულ მუზეუმებთან დაკავშირებით, რათა არ იქნეს უგულებელყოფილი კულტურული თვითმყოფადობის პატივისცემის პრინციპი, რომელიც მოიცავს მუზეუმის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნით, აგრეთვე მოქალაქის უფლებას, ისარგებლოს კულტურული ფასეულობებით.

9. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განახორციელოს სათანადო ღონისძიებები „ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ“ ევროპის საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის კონვენციის რატიფიცირებისათვის საჭირო პროცედურების დასაწყებად. 

10. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა განაგრძოს მუშაობა საქართველოს ტერიტორიაზე მე-20 საუკუნის 90-იან წლებში კონფლიქტების შედეგად დაზარალებულთა ქონებრივი უფლებების აღდგენისა და რესტიტუციის ახალი პოლიტიკის შესამუშავებლად.

11. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა:

ა) საჯარო მოხელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როდესაც  საჯარო მოხელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას საკუთარი განცხადების საფუძველზე ითხოვს, დეტალურად შეისწავლონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები და მათი შესაბამის სამართლებრივ აქტში ასახვისას მიუთითონ ის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომელთა საფუძველზედაც იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება;

 ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფარგლებში უზრუნველყონ ხანდაზმულთათვის მათი საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებული პროგრამებისა და სერვისების შეთავაზება;

გ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სხვების თანაბარი შესაძლებლობების მხარდამჭერი პროგრამებისა და ღონისძიებების დაგეგმვაში ამ პირთა, მათ შორის, ქალთა ან/და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების, მონაწილეობა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი ჩართვა;

დ) საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მინიჭებულ უფლებამოსილებათა დაუბრკოლებლად განსახორციელებლად უზრუნველყონ საქართველოს სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით შესრულება;

 ე) დაიწყონ მუშაობა საკრებულოებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე სტრუქტურული ერთეულის შექმნისათვის, აგრეთვე ხელი შეუწყონ გამგეობებში გენდერული თანასწორობის საკითხების გადაწყვეტისათვის პასუხისმგებელ პირთა განსაზღვრას;

ვ) ხელი შეუწყონ თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ლიდერ ქალთა მონაწილეობას და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამ პროცესში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა ჩართვას;

 ზ) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებსა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გააუმჯობესონ ინფრასტრუქტურა, სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები და განაახლონ სასწავლო ინვენტარი, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ რეგიონებში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

 12. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და რეგიონულმა მედიასაშუალებებმა უზრუნველყონ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, მათ მიმართ კორექტული ტერმინოლოგიის გამოყენების და პოზიტიური განწყობის ჩამოყალიბების, ამ პირთა სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის, მათი უფლებების დაცვისა და ღირსების პატივისცემის საკითხებზე; ამისათვის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავის ტელერადიოგადაცემებში დანერგოს გენდერული თანასწორობისა და „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს №1325 რეზოლუციის პრინციპები.

13. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს იმ განცხადებებისა და საჩივრების დროული, ობიექტური და სრულყოფილი შესწავლა, რომლებიც მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენას ეხება, აგრეთვე მათზე რეაგირება.

14. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ და საერთო სასამართლოებმა:

ა) პირის ექსტრადიციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას სრულყოფილად შეისწავლონ და გამოიკვლიონ მის მიმღებ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა, აგრეთვე პირის მიმართ არასათანადო მოპყრობის რისკი და უზრუნველყონ მისი უფლებების დაცვა;

 ბ) აამაღლონ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლო განჩინების დასაბუთებულობის სტანდარტი და განჩინებაში აღნიშნონ, თუ რა გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნიეს აუცილებლად ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება და რატომ ვერ უზრუნველყოფდა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევას;

 გ) ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შემთხვევაში დეტალურად, შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეისწავლონ ბრალდებულის ან იმ პირის მატერიალური მდგომარეობა, რომელმაც უნდა გადაიხადოს გირაოს თანხა;

დ) უზრუნველყონ მხარეებისთვის სასამართლო განაჩენის ასლის კანონით დადგენილ ვადაში გადაცემა;

ე) უზრუნველყონ სააპელაციო საჩივრისა და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის გაუჭიანურებლად, სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის წარდგენისთანავე ან შესაგებლის წარდგენისთვის კანონით გათვალისწინებული ვადის გასვლისთანავე გაგზავნა;

 ვ) უზრუნველყონ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერების საკითხის განხილვა და შესაბამისი, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება;

ზ) სისხლის სამართლის საქმეზე ქონებას ყადაღა დაადონ მხოლოდ კანონით განსაზღვრული საფუძვლითა და მიზნით, რათა გამოირიცხოს კანონიერად მოპოვებულ ქონებაზე ყადაღის დადებით საკუთრების უფლების შეზღუდვა;

თ) საქმის განხილვის დროს გამოითხოვონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში არსებული ყველა ინფორმაცია, რომელთა საფუძველზედაც პირს უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლის უფლების მიღებაზე, და გაეცნონ მას.  

15. საქართველოს მთავრობამ:

ა) „უცხოელის საქართველოდან გაძევების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №525 დადგენილებაში შეიტანოს ცვლილებები საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებული რეკომენდაციების შესაბამისად;

ბ) განახორციელოს სპეციალური სახელმწიფო პროგრამები ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მოსახლეობის სრულყოფილი ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად;

გ) ბავშვთა რეზიდენტული დაწესებულებების იმ ბენეფიციართა უფლებების დასაცავად, რომლებმაც ეს დაწესებულებები სრულწლოვანების მიღწევის გამო დატოვეს, შეიმუშაოს ამ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერის და საზოგადოებაში ღირსეული ინტეგრაციის უზრუნველყოფის პოლიტიკა;

დ) დაამტკიცოს ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლებშიც ასახული იქნება დაბერების თაობაზე მადრიდის საერთაშორისო სამოქმედო გეგმაში/იმპლემენტაციის რეგიონალურ სტრატეგიაში (MIPAA/RIS) მოცემული პრინციპები, განახორციელოს შესაბამისი პოლიტიკისა და პროგრამების აღნიშნულ პრინციპებთან ჰარმონიზაცია;

ე) გააგრძელოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და გოგონათა უფლებების განსაკუთრებული დაცვა, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ექსპლუატაციის, შეურაცხყოფის და მათ მიმართ ძალადობის ფაქტების გამოვლენის, გამოძიების და დამნაშავეთა კანონის შესაბამისად დასჯის პროცესი;

 ვ) ხელი შეუწყოს აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე გენდერული მეინსტრიმინგის განხორციელებას გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებისა და ადამიანური და ფინანსური რესურსების გაზრდით;

ზ) განახორციელოს შესაბამისი სამთავრობო უწყებების მიერ ზემოაღნიშნული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.

16. საქართველოს პარლამენტს დაგეგმილი აქვს, მიმდინარე წელს განახორციელოს მნიშვნელოვანი რეფორმების მომდევნო ეტაპი. კერძოდ, საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებით უზრუნველყოფილი იქნება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და დამკვიდრდება ადამიანის უფლებათა დაცვის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტები.

17. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მონიტორინგი გაუწიოს „2014 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებული ფაქტების თავიდან აცილებისა და რეკომენდაციების შესრულებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს აღნიშნული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში წარედგინოს 2016 წლის 1 მარტამდე.

18. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი

 

ქუთაისი,

3 ივლისი 2015 წ.

N3918-რს