საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3975-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/07/2015
ძალაში შესვლის თარიღი 31/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.017866
3975-რს
08/07/2015
ვებგვერდი, 17/07/2015
080000000.05.001.017866
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 260-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 260. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება

1. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.

2. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) დიდი ოდენობით;

ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

დ) არაერთგზის;

ე) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

4. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღება –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თერთმეტ წლამდე.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) დიდი ოდენობით;

ბ) წინასწარი  შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

დ) არაერთგზის;

ე) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;

ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

შენიშვნა:

1. ამ თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ის, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებას, მის ანალოგს, პრეკურსორს, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, ფსიქოტროპულ ნივთიერებას, მის ანალოგს ან ძლიერმოქმედ ნივთიერებას, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.

2. ამ თავის მიზნებისათვის ნებაყოფლობით ჩაბარებად ჩაითვლება მხოლოდ ისეთი ქმედება, როდესაც პირი გამოძიების დაწყებამდე წერილობით ან კომუნიკაციის ნებისმიერი ტექნიკური საშუალების გამოყენებით განაცხადებს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების წარმოდგენის თაობაზე და აქტიური ქმედებით ხელს შეუწყობს მის ამოღებას.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილები ვრცელდება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ნებისმიერ ოდენობაზე.

5. ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

8 ივლისი 2015 წ.

N3975-რს