„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3944-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 130030000.05.001.017840
3944-რს
08/07/2015
ვებგვერდი, 15/07/2015
130030000.05.001.017840
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.03.2015, სარეგისტრაციო კოდი: 130030000.05.001.017622) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური:

ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელებას;

ბ) ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებს;

გ) აკონტროლებს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას.“.

2. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მიმოქცევისათვის განკუთვნილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადებასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის მიმოქცევისათვის განკუთვნილი ნაღდი ფულის აღრიცხვასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულისა და ძვირფასი ლითონის შემცველი ფასეულობის საქართველოს ფარგლების გარეთ გადაზიდვასთან დაკავშირებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, მისდამი მოპყრობის, ამ ინფორმაციის მიღების, გაცემისა და შენახვის წესი და პირობები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და საქართველოს დაზვერვის სამსახურთან შეთანხმების საფუძველზე განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით.“.

3. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ინფორმაციის დამსაიდუმლოებელ უფლებამოსილ პირს/ადმინისტრაციულ ორგანოს ან მის ზემდგომ უფლებამოსილ პირს/ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს, როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოტივირებული მითითებით:

ა) გააუქმოს ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ უკანონო გადაწყვეტილება;

ბ) შეცვალოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხი.“.

4. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოების წესი

1. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოება ხდება არაუგვიანეს იმ ვადისა, რომლითაც ის დასაიდუმლოებულ იქნა. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოებას ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახდენს ინფორმაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელი სუბიექტი ან/და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ეროვნული არქივი, თუ ასეთი უფლებამოსილება მას სახელმწიფო საიდუმლოების მფლობელმა ან მისმა სამართალმემკვიდრემ მიანიჭა. თუ ამგვარი უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ეროვნულ არქივს მინიჭებული არ აქვს ან/და აღნიშნული სუბიექტი აღარ არსებობს, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოების საკითხს წყვეტს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

2. ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოების უფლება აქვს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

3. ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოების საკითხს წყვეტს ინფორმაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელი სუბიექტი ან მისი სამართალმემკვიდრე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით, ხოლო თუ ასეთი სუბიექტი აღარ არსებობს − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული სახელმწიფო ორგანოს, იურიდიული ან ფიზიკური პირის წინადადებით.

4. ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის და ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი დოკუმენტებისა და მასალების კანონით დადგენილი წესით განსაიდუმლოების უფლება აქვს აგრეთვე პროკურორს.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ პასუხს ინიციატორს აცნობებს მის მიერ შესაბამისი წინადადებით მიმართვიდან არაუგვიანეს 1 თვისა. თუ პასუხის მოსამზადებლად მეტი დროა საჭირო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უფლებამოსილია აღნიშნული ვადა 2 თვემდე გააგრძელოს, რის თაობაზედაც ერთთვიანი ვადის ამოწურვამდე წერილობით აცნობებს ინიციატორს. მითითებული ვადების გაშვების შემთხვევაში განსაიდუმლოების საკითხი გადაწყვეტილად ჩაითვლება.

6. ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის წინადადებით საიდუმლოობის გრიფი მოხსნას მის მიერ წარდგენილ სახელმწიფო საიდუმლოობის ნებისმიერი ხარისხის მქონე ინფორმაციას.

7. მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება კანონით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში მის მიერ დასაიდუმლოებული ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე შეტყობინება ეგზავნება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.“.

5. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას, სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის შემოწმების პროცედურის შედეგების გათვალისწინებით, იღებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფი სათანადო ნებართვის გაფორმებით, რომელიც გაიცემა არაუმეტეს 5 წლის ვადით.“.

6. მე-20 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის თანხმობის საფუძველზე იღებს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მქონე სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის ხელმძღვანელი. ამ გადაწყვეტილების თაობაზე ეცნობება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის ქვედანაყოფს.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მიმოქცევისათვის განკუთვნილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადებასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის მიმოქცევისათვის განკუთვნილი ნაღდი ფულის აღრიცხვასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულისა და ძვირფასი ლითონის შემცველი ფასეულობის საქართველოს ფარგლების გარეთ გადაზიდვასთან დაკავშირებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გასცემს საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით.

5. სახელმწიფო საიდუმლოებასთან საქართველოს დაზვერვის სამსახურის იმ მოსამსახურეების, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ სადაზვერვო საქმიანობას, დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმების გარეშე იღებს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი. ამ პუნქტით განსაზღვრულ საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი.“.

7. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გასაცემად პირის შემოწმების პროცედურას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატარებს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენიდან 3 თვის ვადაში, ამ კანონით, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.“.

8. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თანამდებობის პირი/ორგანო, რომელსაც აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების შესახებ. ამ გადაწყვეტილების თაობაზე ეცნობება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.“.

9. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისადმი ელექტრონული ფორმით მოპყრობისათვის შექმნილი კომუნიკაციისა და ინფორმაციის სისტემის გამოყენების ნებართვას გასცემს და მის გამოყენებას ამ ინფორმაციის გაცნობის გარეშე აკონტროლებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.“.

10. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია გააკონტროლოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მდგომარეობა ყველა ორგანოში, რომლებსაც მიღებული აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება ან სადაც არსებობს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.“.

11. 32-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პრესასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში სახელმწიფო საიდუმლოების გამოქვეყნების შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აანალიზებს გამოქვეყნების შესაძლო შედეგებს.“.

მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ 2015 წლის 1 სექტემბრამდე მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი აქტი.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

8 ივლისი 2015 წ.

N3944-რს