თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/10725-15 (შპს "გაზეთი დაზღვევა და ცხოვრება" გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ

  • Word
თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/10725-15 (შპს "გაზეთი დაზღვევა და ცხოვრება" გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/10725-15
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 26/06/2015
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/10725-15
26/06/2015
ვებგვერდი, 30/06/2015
თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/10725-15 (შპს "გაზეთი დაზღვევა და ცხოვრება" გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქმე №2/10725-15

 

 

 

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

 

2015 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი – შპს ,,გაზეთი დაზღვევა და ცხოვრება’’

(საიდენტიფიკაციო ნომერი 202908826)

დირექტორი – ვლადიმერ ბაშელეიშვილი

მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილმა ერთპიროვნულად განიხილა შპს ,,გაზეთი დაზღვევა და ცხოვრების’’ დირექტორის ვლადიმერ ბაშელეიშვილის განცხადება გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

 

გამოარკვია:

2015 წლის 4 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,გაზეთი დაზღვევა და ცხოვრების’’ დირექტორმა ვლადიმერ ბაშელეიშვილმა და მოითხოვა შპს ,,გაზეთი დაზღვევა და ცხოვრების’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, ვინაიდან შპს ,,გაზეთი დაზღვევა და ცხოვრებას’’ არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 ივნისის განჩინებით შპს ,,გაზეთი დაზღვევა და ცხოვრების’’ დირექტორს ვლადიმერ ბაშელეიშვილს განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი, განესაზღვრა 5 (ხუთი) სამუშაო დღე ხარვეზის შესავსებად.

2015 წლის 12 ივნისს შპს ,,გაზეთი დაზღვევა და ცხოვრების’’ დირექტორის ვლადიმერ ბაშელეიშვილის მიერ წარმოდგენილ იქნა განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ივნისის განჩინებით შპს ,,გაზეთი დაზღვევა და ცხოვრების’’ დირექტორს ვლადიმერ ბაშელეიშვილს ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდა საპროცესო ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღით და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა სასამართლოში წარმოედგინა შპს ,,გაზეთი დაზღვევა და ცხოვრების’’ წესდება.

2015 წლის 23 ივნისს შპს ,,გაზეთი დაზღვევა და ცხოვრების’’ დირექტორის ვლადიმერ ბაშელეიშვილის მიერ შევსებულ იქნა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი.

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად  არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ შპს ,,გაზეთ დაზღვევა და ცხოვრებას’’ არ გააჩნია არავითარი ქონება, არ გააჩნია ფულადი თანხები ანგარიშზე, მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, ვინაიდან განცხადებაში წარმოდგენილი მასალებით შპს ,,გაზეთ დაზღვევა და ცხოვრებას’’ საბანკო ანგარიშებზე არ ერიცხება თანხა, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე (არ არსებობს არანაირი ქონება) ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი, ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არათუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია.

სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,გაზეთ დაზღვევა და ცხოვრების’’ (საიდენტიფიკაციო ნომრით 202908826) დირექტორს ვლადიმერ ბაშელეიშვილს უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

2. განჩინება გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სასამართლოს დაფაზე.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება, თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა 5 დღის ვადაში მხარეზე განჩინების გადაცემის ან გამოცემის დღიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი).

 

მოსამართლე                                                           თამარ ჭუნიაშვილი