საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 55
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 25/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/06/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.038.016470
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
55
25/06/2015
ვებგვერდი, 26/06/2015
010340000.22.038.016470
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/06/2015 - 23/07/2015)

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №55

2015 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს  გენერალური ინსპექციის თანდართული დებულება.

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 27 დეკემბრის №188 ბრძანება.

 

მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ დევდარიანი



საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს

გენერალური ინსპექციის დებულება


თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გენერალური ინსპექციის (შემდგომში – გენერალური ინსპექცია) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას და საქმიანობის წესს.

 

მუხლი 2

1. გენერალური ინსპექცია არის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. გენერალური ინსპექცია თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.

 

მუხლი 3

გენერალური ინსპექცია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობისა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით.

 

მუხლი 4

გენერალური ინსპექცია ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 5

გენერალურ ინსპექციას აქვს ბლანკი და ბეჭედი, რომელთა ნიმუშებსაც ამტკიცებს მინისტრი.

 

მუხლი 6

გენერალური ინსპექციის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქ. №3.

 

თავი II

გენერალური ინსპექციის ამოცანები და ფუნქციები

მუხლი 7

გენერალური ინსპექციის ამოცანებია:

ა) სამინისტროს გამგებლობის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის კონტროლი და  დარღვევებზე რეაგირება;

ბ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების კონტროლი და დარღვევებზე რეაგირება;

გ) სამინისტროს სისტემაში ხარვეზებისა და პრობლემების გამოვლენა და მათზე რეაგირების უზრუნველყოფა.

 

მუხლი 8

გენერალური ინსპექციის ფუნქციებია:

ა) სამინისტროს გამგებლობის სფეროში სისტემური მონიტორინგის განხორციელება ამ დებულებით დადგენილი წესით, მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავება და სისტემური მონიტორინგის ანგარიშის (შემდგომში – ანგარიში) მომზადება;

ბ) სამინისტროს გამგებლობის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის კონტროლი, შესაძლო დარღვევის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, ამ დებულებით დადგენილი წესით და შესაბამისი რეაგირების განხორციელება;

გ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამსახურებრივი მოვალეობებისა და მოთხოვნების შესრულებისა და დისციპლინის დაცვის კონტროლი. დარღვევის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირების განხორციელება;

დ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირების განხორციელება, აგრეთვე ამ მიზნით მოსამსახურეთა პერიოდული შემოწმება;

ე) სამინისტროს სისტემაში ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეგირება;

ვ) სისტემური მონიტორინგისა და სამსახურებრივი შემოწმების დროს აღმოჩენილი ხარვეზებისა და პრობლემების ანალიზი და მათი აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

ზ) სისტემური მონიტორინგისა და სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე, ამ დებულებით დადგენილი წესით, სამინისტროს გამგებლობის სფეროში არსებული ვითარების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადება და საჯაროდ გამოქვეყნება;

თ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ასევე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან თანამშრომლობა;

ი) სამინისტროში შემოსული და გენერალური ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხების მომზადება; 

კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე მინისტრის  მიერ დაკისრებული ცალკეული დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

თავი III

გენერალური ინსპექციის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები

მუხლი 9

გენერალური ინსპექციის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამსახურებრივი შემოწმების  სამმართველო;

ბ) სისტემური მონიტორინგის სამმართველო;

გ) ინსპექტირების სამმართველო.

 

მუხლი 10

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამსახურებრივი შემოწმების  სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს სამინისტროს გამგებლობის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის კონტროლს, შესაძლო დარღვევის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას ამ დებულებით დადგენილი წესით;

ბ) უზრუნველყოფს ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე,  სამინისტროს სისტემაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოვლენას, შესაბამისი დასკვნისა და მოხსენებითი ბარათის შემუშავებას;

გ) უზრუნველყოფს სამსახურებრივი შემოწმების დროს აღმოჩენილი ხარვეზებისა და პრობლემების ანალიზს და მათი აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენას;

დ) ამ დებულებით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს სამინისტროს გამგებლობის სფეროში არსებული ვითარების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობას;

ე) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, თანამშრომლობს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ასევე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

ვ) განიხილავს სამინისტროში შემოსულ და გენერალური ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ კორესპონდენციას და ამზადებს შესაბამის პასუხებს; 

ზ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის  მიერ დაკისრებულ ცალკეულ დავალებებს, კომპეტენციის ფარგლებში.

 

მუხლი 11

სისტემური მონიტორინგის სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს წლის განმავლობაში ჩასატარებელი სისტემური მონიტორინგის გეგმის შემუშავებასა და გენერალური ინსპექციის უფროსისათვის წარდგენას;

ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს გამგებლობის სფეროში სისტემური მონიტორინგის განხორციელებას, ამ დებულებით დადგენილი წესით, მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავებას და ანგარიშის მომზადებას;

გ) უზრუნველყოფს სისტემური მონიტორინგის დროს აღმოჩენილი ხარვეზებისა და პრობლემების ანალიზს და მათი აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენას;

დ) ამ დებულებით დადგენილი წესით,  მონაწილეობს სამინისტროს გამგებლობის სფეროში არსებული ვითარების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადებაში;

ე) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, თანამშრომლობს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ასევე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

ვ) განიხილავს სამინისტროში შემოსულ და  გენერალური ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ კორესპონდენციას და ამზადებს შესაბამის პასუხებს; 

ზ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის  მიერ დაკისრებულ ცალკეულ დავალებებს, კომპეტენციის ფარგლებში.

 

მუხლი 12

ინსპექტირების სამმართველო:

ა) ამ დებულებით დადგენილი წესით ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას:

ა.ა) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, სამსახურებრივი მოვალეობებისა და მოთხოვნების შესრულების თაობაზე;

ა.ბ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, სამსახურებრივი დისციპლინის დაცვის თაობაზე;

ა.გ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის სავარაუდო ფაქტებზე;

ა.დ) სამინისტროს სისტემაში ინტერესთა შეუთავსებლობის სავარაუდო ფაქტებზე;

ბ) შეიმუშავებს შესაბამის დასკვნასა და მოხსენებით ბარათს ამ მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე;

გ) აწარმოებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების მიერ დისციპლინისა და კანონის დარღვევის შემთხვევების სტატისტიკას, რეგულარულად ახდენს მის კომპლექსურ და თემატურ ანალიზს;

დ) უზრუნველყოფს სამსახურებრივი შემოწმების დროს აღმოჩენილი ხარვეზებისა და პრობლემების ანალიზს და მათი აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენას;

ე) ამ დებულებით დადგენილი წესით, მონაწილეობს სამინისტროს გამგებლობის სფეროში არსებული ვითარების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადებაში;

ვ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, თანამშრომლობს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ასევე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

ზ) განიხილავს სამინისტროში შემოსულ და გენერალური ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ კორესპონდენციას და ამზადებს შესაბამის პასუხებს; 

თ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის  მიერ დაკისრებულ ცალკეულ დავალებებს, კომპეტენციის ფარგლებში.

თავი IV

გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და მათი უფლებამოსილებანი

 

მუხლი 13

1. გენერალურ ინსპექციას ხელმძღვანელობს გენერალური ინსპექციის უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. გენერალური ინსპექციის უფროსი ანგარიშვალდებულია უშუალოდ მინისტრის წინაშე.

3. გენერალური ინსპექციის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს გენერალური ინსპექციას, წყვეტს გენერალური ინსპექციის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს გენერალური ინსპექციის საქმიანობას და პასუხისმგებელია გენერალური ინსპექციაზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულებაზე;

ბ) თვალყურს ადევნებს გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა მიერ მოვალეობებისა და დავალებების ჯეროვნად შესრულებას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს/დავალებებს გენერალური ინსპექციის სამმართველოებს შორის;

დ) ზედამხედველობს სამსახურებრივ შემოწმებასა და სისტემურ მონიტორინგს;

ე) ამ დებულებით დადგენილი წესით, აგრძელებს სამსახურებრივი შემოწმების ვადას;

ვ) ამ დებულებით დადგენილი წესით, წყვეტს ან აჩერებს სამსახურებრივ შემოწმებას;

ზ) ამ დებულებით დადგენილი წესით, აუქმებს სამსახურებრივი შემოწმების შედეგად შედგენილ დასკვნას;

თ) ამტკიცებს და მინისტრს შემდგომი რეაგირებისთვის წარუდგენს ანგარიშს და სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე შედგენილ დასკვნას;

ი) უზრუნველყოფს სამსახურებრივი შემოწმებისა და სისტემური მონიტორინგის დროს აღმოჩენილი ხარვეზებისა და პრობლემების ანალიზს და მათი აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენას;

კ) ახორციელებს გენერალურ ინსპექციაში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებასა და ხელმოწერას;

ლ) მინისტრს წარუდგენს წინა წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს;

მ) ამტკიცებს გეგმური სისტემური მონიტორინგის წლიურ გეგმას მინისტრის წერილობითი თანხმობით;

ნ) იღებს გადაწყვეტილებას არაგეგმური სისტემური მონიტორინგის დაწყების თაობაზე;

ო) ამტკიცებს სისტემური მონიტორინგის პროგრამას და მასში ცვლილებებს ახორციელებს სისტემური მონიტორინგის სამმართველოს უფროსის წარდგინების საფუძველზე;

პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს წარუდგენს წინადადებებს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ჟ) ანაწილებს გენერალური ინსპექციაში შემოსულ კორესპონდენციას სამმართველოებს შორის;

რ) პერიოდულად აანალიზებს გენერალური ინსპექციის საქმიანობას და მინისტრს წარუდგენს წინადადებებს გენერალური ინსპექცის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;

ს) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა გენერალური ინსპექციის ამოცანების შესასრულებლად;

ტ) პერიოდულად ისმენს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

უ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარადგენს წინადადებებს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ;

ფ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. გენერალური ინსპექციის უფროსის არყოფნისას გენერალური ინსპექციის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, ხოლო გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის მიერ ამ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მინისტრის ბრძანებით, ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.

 

მუხლი 14

1. გენერალური ინსპექციის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს გენერალური ინსპექციის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) ზედამხედველობას  უწევს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;

გ) ახორციელებს გენერალური ინსპექციის მიერ მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას;

დ) ასრულებს მინისტრის ან/და გენერალური ინსპექციის უფროსის ცალკეული დავალებებს და მითითებებს;

ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გენერალურ ინსპექციაზე  დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია გენერალური ინსპექციის უფროსისა და  მინისტრის წინაშე.

 

მუხლი 15

1. გენერალური ინსპექციის სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებსა და საქმეებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივ და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;

გ)  ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, გენერალური ინსპექციის უფროსისა და გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას;

ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 16

1. გენერალური ინსპექციის მოსამსახურეები არიან:

ა) გენერალური ინსპექციის უფროსი ინსპექტორები;

ბ) გენერალური ინსპექციის ინსპექტორები;

გ) გენერალური ინსპექციის მრჩევლები;

დ) გენერალური ინსპექციის მთავარი სპეციალისტები;

ე) გენერალური ინსპექციის სპეციალისტები.

2. გენერალური ინსპექციის  მოსამსახურეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. გენერალური ინსპექციის  მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით.

თავი V

სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების წესი

მუხლი 17

1. ამ დებულების მე-10 მუხლის „ა“ პუნქტითა და მე-12 მუხლის „ა“ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში გენერალური ინსპექცია ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას.

2. სამსახურებრივი შემოწმების ვადის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს. გამონაკლის შემთხვევებში, გენერალური ინსპექციის უფროსთან შეთანხმებით, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს 3 თვემდე.

 

მუხლი 18

1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან მის დაქვემდებარებაში მყოფი მოსამსახურის მიერ ჩადენილი სავარაუდო დისციპლინური გადაცდომისა და კანონდარღვევის ფაქტების შესახებ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდონ გენერალურ ინსპექციას.

2. გენერალური ინსპექციისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიუწოდებლობა, თუ ეს ინფორმაცია საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ცნობილი იყო ან ცნობილი უნდა ყოფილიყო შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებისათვის, იწვევს  პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 19

სამსახურებრივი შემოწმების საფუძველი შეიძლება იყოს ცნობები სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ, მათ შორის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა წერილობითი განცხადებები/საჩივრები, სასამართლოს (მოსამართლის) კერძო განჩინებები (დადგენილებები), სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ან სხვა საშუალებით მიღებული ინფორმაცია ან/და ანგარიშში ასახული ფაქტები.

 

მუხლი 20

სამსახურებრივი შემოწმების დაწყების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს გენერალური ინსპექციის უფროსი.

 

მუხლი 21

სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებისას გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს და დაუყოვნებლივ მიიღოს (მათ შორის, ადგილზე გაცნობით) სამინისტროს სისტემის მოსამსახურისაგან სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებისათვის აუცილებელი ან/და მის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია;

ბ) საჭიროებისამებრ, გამოიძახოს სამინისტროს სისტემის ნებისმიერი მოსამსახურე, მიიღოს მისგან ახსნა-განმარტება;

გ) ჩამოართვას ახსნა-განმარტება ან გაესაუბროს იმ პირებს, რომლებიც არ არიან სამინისტროს სისტემის მოსამსახურეები, მხოლოდ ნებაყოფლობით საწყისებზე ან/და მიიღოს ინფორმაცია სხვა ღია წყაროებიდან;

დ) განსახილველ საკითხზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, მინისტრთან  შეთანხმებით, მოითხოვოს სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ან მოწვეული სპეციალისტის მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით;

ე) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას დაუბრკოლებლად შევიდეს პენიტენციურ დაწესებულებებსა და სამინისტროს სისტემის სარგებლობაში არსებულ სხვა შენობა-ნაგებობებში;

ვ) გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით შეადგინოს შესაბამისი ოქმი;

ზ) განახორციელოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

 

მუხლი 22

1. სამსახურებრივი შემოწმების დროს გენერალური ინსპექციის კანონიერი მოთხოვნა, მითითება ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის.

2. გენერალური ინსპექციის მოთხოვნა სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს მინისტრთან. მოთხოვნის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს ამ მოთხოვნის დადგენილ ვადაში შესრულების ვალდებულებისაგან, თუ მინისტრი არ მიიღებს ამგვარ გადაწყვეტილებას.

3. გენერალური ინსპექციის წერილობით მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს შემსრულებლის ვინაობა და მისი შესრულების გონივრული ვადა.

მუხლი 23

სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებისას გენერალური ინსპექცია ვალდებულია:

ა) წინასწარ, წერილობით განუმარტოს პირს, რომელიც არ არის სამინისტროს სისტემის მოსამსახურე, მისი უფლება უარი თქვას ახსნა-განმარტების მიცემაზე ან გასაუბრებაზე;

ბ) სამსახურებრივი შემოწმება ჩაატაროს კანონით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით;

გ) შეასრულოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.

 

მუხლი 24

1. გენერალური ინსპექციის მოსამსახურე არ მონაწილეობს გენერალურ ინსპექციაში შემოსული ცნობებისა და შეტყობინებების განხილვაში, აგრეთვე სამსახურებრივი შემოწმების წარმოებაში, თუ შემოწმების ობიექტი არის მის ნათესავი ან არსებობს სხვა გარემოება, რომელიც იძლევა ვარაუდის საფუძველს ამ მოსამსახურის შემოწმების შედეგებისადმი დაინტერესებაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, გენერალური ინსპექციის მოსამსახურე ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენებას, თუ არ არის სახეზე სხვა, უფრო მძიმე კატეგორიის სამართალდარღვევის ნიშნები.

3. გენერალური ინსპექციის მოსამსახურის აცილების საკითხს წყვეტს გენერალური ინსპექციის უფროსი. გენერალური ინსპექციის უფროსის აცილების საკითხს წყვეტს მინისტრი.

 

მუხლი 25

1. სამსახურებრივი შემოწმება, გენერალური ინსპექციის მოსამსახურის მოტივირებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გენერალური ინსპექციის უფროსის გადაწყვეტილებით  შეიძლება შეჩერდეს იმ გადაულახავი გარემოებების აღმოფხვრამდე, რომელთა გარეშე ობიექტური გადაწყვეტილების მიღება ვერ ხერხდება. სამსახურებრივი შემოწმების შეჩერებისას კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის დინება ჩერდება.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარემოებების აღმოფხვრისთანავე, სამსახურებრივი შემოწმება განახლდება გენერალური ინსპექციის მოსამსახურის მოტივირებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გენერალური ინსპექციის უფროსის გადაწყვეტილებით.

3. გადაწყვეტილება სამსახურებრივი შემოწმების შეწყვეტის ან სამსახურებრივი შემოწმების შედეგად შედგენილი დასკვნის გაუქმების შესახებ უნდა შეთანხმდეს მინისტრთან.

 

მუხლი 26

1. გენერალური ინსპექცია სამსახურებრივი შემოწმების შედეგად:

ა) სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ადგენს შესაბამის დასკვნას;

ბ) სათანადო საფუძვლის არარსებობის შემთხვევაში, მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გენერალური ინსპექციის უფროსის გადაწყვეტილებით ასრულებს სამსახურებრივ შემოწმებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი დასკვნა უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს ფაქტობრივი გარემოებების აღწერასა და შეფასებით ნაწილს. დასკვნას ხელს აწერს გენერალური ინსპექციის თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებასა და დასკვნის შედგენაში, გენერალური ინსპექციის შესაბამისი შიდა სტრუქტურული ერთეულის უფროსი და გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე. დასკვნას ამტკიცებს გენერალური ინსპექციის უფროსი და შემდგომი რეაგირებისათვის წარუდგენს მინისტრს, რომელიც კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

3.  ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი მოხსენებითი ბარათი სამსახურებრივი შემოწმების დასრულების თაობაზე უნდა იყოს დასაბუთებული. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს გენერალური ინსპექციის თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებასა და მოხსენებითი ბარათის  შედგენაში, გენერალური ინსპექციის შესაბამისი შიდა სტრუქტურული ერთეულის უფროსი და გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე. მოხსენებითი ბარათი  საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად  წარედგინება გენერალური ინსპექციის უფროსს.

4. თუ სამინისტროს სისტემის მოსამსახურე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასკვნის მიღებამდე ან მოსამსახურის დანიშვნის უფლების მქონე პირის მიერ გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე შესაბამისი ბრძანების გამოცემამდე, გათავისუფლდა/დათხოვნილ იქნა თანამდებობიდან, გენერალური ინსპექცია ამ დებულებით დადგენილი წესით შესაბამისი დასკვნით შეწყვეტს სამსახურებრივ შემოწმებას.

5. გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების შედეგად მიღებული დასკვნა ეგზავნება სამინისტროს სისტემის შესაბამის სამსახურს და ინახება მოსამსახურის პირად საქმეში.

 

მუხლი 27

სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია:

ა) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის მიზნით, შეისწავლოს და გააანალიზოს მის მიერ განხორციელებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად მოპოვებული მასალები;

ბ) თუ სამსახურებრივი შემოწმებისას გამოვლინდა სისტემური პრობლემა, შეიმუშავოს რეკომენდაცია და წარუდგინოს მინისტრს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.  რეკომენდაცია უნდა შეიცავდეს პრობლემის აღწერას და მისი გადაჭრის გზებს;

გ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, მოპოვებული მასალები  გადაუგზავნოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს დადგენილი წესით;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რეკომენდაციით მიმართოს სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ თანამდებობის პირს შესაბამისი დაწესებულების, ორგანოს საქმიანობის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფის თაობაზე. 

მუხლი 28

1. გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების მასალები დადგენილი წესით აღირიცხება და ინახება გენერალურ ინსპექციაში. აღნიშნული მასალების შენახვა და სახელმწიფო არქივისათვის გადაცემა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. პერსონალური მონაცემებისა და სხვა სახის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის ან მისი ნაწილის გაცნობა ხდება კანონით დადგენილი წესით.

3. სამსახურებრივი შემოწმების მიმდინარეობისას, საქმის წარმოების პროცესში შედგენილი და საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების გამოთხოვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი VI

სისტემური მონიტორინგის ჩატარების წესი

მუხლი 29

1. სისტემური მონიტორინგი არის გენერალური ინსპექციის მიერ ამ თავით დადგენილი წესით განხორციელებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა, არსებული ვითარების პრევენციული შემოწმების, მიღებული შედეგების ანალიზისა და რეკომენდაციების შემუშავების გზით.

2.  სისტემური მონიტორინგის სახეებია:

ა) სრული სისტემური მონიტორინგი;

ბ) თემატური სისტემური მონიტორინგი.

3. სრული სისტემური მონიტორინგის დროს გენერალური ინსპექცია ახორციელებს პენიტენციური დაწესებულების კომპლექსურ შემოწმებას, რომლის ფარგლებშიც დადგენილი წესით ხდება პენიტენციურ დაწესებულებაში ადამიანის უფლებათა დაცვასთან, პენიტენციური დაწესებულების ფუნქციონირების სხვადასხვა მიმართულებასთან და  პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ საერთო მდგომარეობასთან დაკავშირებული ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაციის შეკრება, არსებული ვითარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის ანალიზი, საერთო შეფასება და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება.

4. თემატური სისტემური მონიტორინგის დროს გენერალური ინსპექცია ახორციელებს პენიტენციური დაწესებულების შემოწმებას, რომლის ფარგლებშიც დადგენილი წესით ხდება პენიტენციურ დაწესებულებაში ადამიანის უფლებათა დაცვასთან ან/და პენიტენციური დაწესებულების ფუნქციონირების რომელიმე მიმართულებასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხის ან საკითხთა წრის შესახებ ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაციის შეკრება, არსებული ვითარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის ანალიზი, საერთო შეფასება და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება.

 

მუხლი 30

1. სრული ან თემატური სისტემური მონიტორინგი შეიძლება იყოს გეგმური და არაგეგმური.

2. გეგმიური სისტემური მონიტორინგი ხორციელდება წინასწარ დამტკიცებული წლიური გეგმის მიხედვით. სისტემური მონიტორინგის წლიურ გეგმას ყოველი მომდევნო წლისათვის, არა უგვიანეს ყოველი წლის პირველი დეკემბრისა, შეიმუშავებს სისტემური მონიტორინგის სამმართველოს უფროსი. სისტემური მონიტორინგის წლიურ გეგმას გენერალური ინსპექციის უფროსი წარუდგენს მინისტრს, რომელიც ამტკიცებს მას შესაბამისი ბრძანებით.

3. სისტემური მონიტორინგის წლიური გეგმა უნდა განსაზღვრავდეს წლის განმავლობაში ჩასატარებელი სრული და თემატური სისტემური მონიტორინგის რაოდენობას, შესამოწმებელი ობექტებისა და თემატიკის მითითებით,  შემოწმების ჩატარების დროს და სავარაუდო  ხანგრძლივობას. სისტემური მონიტორინგის წლიურ გეგმაში შესაძლებელია შეტანილ იქნეს ცვლილებები ობიექტური გარემოებების არსებობისას ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.

4. სისტემური მონიტორინგის გეგმა ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ ითვალისწინებდეს განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულების სრულ სისტემურ მონიტორინგს არანაკლებ ორ წელიწადში ერთხელ, დახურული ტიპის პენიტენციური დაწესებულების სრულ სისტემურ მონიტორინგს – არანაკლებ სამ წელიწადში ერთხელ, ნახევრად ღია ტიპის პენიტენციური დაწესებულების სრულ სისტემურ მონიტორინგს – არანაკლებ ოთხ წელიწადში ერთხელ და დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულების სრულ სისტემურ მონიტორინგს – არანაკლებ ხუთ წელიწადში ერთხელ.

5. არაგეგმური სისტემური მონიტორინგის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს გენერალური ინსპექციის უფროსი, რის შესახებაც მინისტრი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.

6. არაგეგმური სისტემური მონიტორინგის დაწყებისთვის არ არის საჭირო რაიმე ინფორმაციის, დავალების ან/და მითითების არსებობა და მისი ჩატარების შესახებ გადაწყვეტლება შეიძლება მიღებულ იქნეს ყოველგვარი საფუძვლისა და წინაპირობის გარეშე.

 

მუხლი 31

1. სისტემური მონიტორინგის განხორციელებამდე გენერალური ინსპექციის უფროსი, სისტემური მონიტორინგის სამმართველოს უფროსის წარდგინებით, ამტკიცებს სისტემური მონიტორინგის პროგრამას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას:

ა) შესამოწმებელი ობიექტის შესახებ;

ბ) სისტემური მონიტორინგის მიზნის შესახებ;

გ) შემოწმების ფარგლების შესახებ;

დ) განსახორციელებელი აქტივობების შესახებ;

ე) სისტემური მონიტორინგის ვადების შესახებ;

ვ) სისტემური მონიტორინგის განმახორციელებელი ჯგუფის (შემდგომში – ჯგუფი) შემადგენლობისა და ჯგუფის უფროსის შესახებ;

ზ) სისტემური მონიტორინგის ჩატარებისათვის საჭირო სხვა მონაცემების შესახებ.

2. სისტემური მონიტორინგის პროგრამაში ცვლილებების განხორციელება შესაძლებელია გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ სისტემური მონიტორინგის სამმართველოს უფროსის წარდგინების საფუძველზე.

 

მუხლი 32

1. გეგმური სისტემური მონიტორინგის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვით ადრე, გენერალური ინსპექციის უფროსი შესამოწმებელი ობიექტის ხელმძღვანელს აცნობებს მოსალოდნელი გეგმური მონიტორინგის თაობაზე და უგზავნის სისტემური მონიტორინგის პროგრამას და სისტემური მონიტორინგის განხორციელების შესახებ მინისტრის შესაბამის ბრძანებას.

2. არაგეგმური მონიტორინგის დროს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესი არ გამოიყენება და შესამოწმებელი ობიექტის ხელმძღვანელს მონიტორინგის პროგრამას ჯგუფის უფროსი წარუდგენს ადგილზე, უშუალოდ მონიტორინგის დაწყების წინ.

3. შესამოწმებელი ობიექტის ხელმძღვანელი და მოსამსახურეები ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ ჯგუფის საქმიანობას და შეასრულონ ჯგუფის წევრების კანონიერი მოთხოვნები და მითითებები.

 

მუხლი 33

1. ჯგუფი უნდა შედგებოდეს არანაკლებ სამი წევრისაგან, რომელთაგან ერთ-ერთი ასრულებს ჯგუფის უფროსის მოვალეობას.

2. ჯგუფში შესაძლოა მოწვეულ იქნეს სპეციალური ცოდნის მქონე პირი, ექსპერტი ან/და თარჯიმანი, საჭიროების შემთხვევაში.

3. ჯგუფის უფროსი:

ა) ანაწილებს მოვალეობებს ჯგუფის წევრებს შორის;

ბ) ორგანიზებას უწევს სისტემური მონიტორინგის პროცესს;

გ) ზედამხედველობს ჯგუფის წევრების საქმიანობას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს მონიტორინგის პროცესში წამოჭრილ საკითხებზე;

ე) მიმართავს სისტემური მონიტორინგის სამმართველოს უფროსს მონიტორინგის პროგრამაში ცვლილებების განხორციელების შესახებ;

ვ) მოითხოვს მონიტორინგის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციას შესამოწმებელი ობიექტისგან;

ზ) ადგენს ოქმს მონიტორინგის პროცესში წარმოშობილი ინციდენტის ან/და დაბრკოლების თაობაზე.

 

მუხლი 34

1. ჯგუფის წევრი ამ დებულებით განსაზღვრული სისტემური მონიტორინგის ჩატარებისას უფლებამოსილია:

ა) დაუბრკოლებლად შევიდეს და გადაადგილდეს პენიტენციურ დაწესებულებაში დადგენილი წესით;

ბ) დაუბრკოლებლად შეხვდეს და გაესაუბროს პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეებს და დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს და შეადგინოს გასაუბრების ოქმი, აგრეთვე  ჩაატაროს მათი ანკეტური გამოკითხვა;

გ) შეუზღუდავად გაეცნოს მონიტორინგის პროგრამით განსაზღვრულ საკითხებზე დაწესებულებაში არსებულ დოკუმენტაციას და დაწესებულებაში დაცულ სხვა ინფორმაციას, გარდა ოპერატიულ-სამძებრო ან/და ფარული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციისა;

დ) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სისტემური მონიტორინგის განხორციელებისას, პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე შეიტანოს და გამოიყენოს აუდიოვიდეოტექნიკისა და ფიქსაციის სხვა სახის ტექნიკა.

2. ჯგუფის წევრი ამ დებულებით განსაზღვრული სისტემური მონიტორინგის ჩატარებისას ვალდებულია:

ა) ობიექტურად, მიუკერძოებლად და კეთილსინდისიერად ასახოს შესამოწმებელ ობიექტზე არსებული ვითარება;

ბ) სისტემური მონიტორინგის პროცესი წარმართოს იმგვარად, რომ ხელი არ შეუშალოს პენიტენციური დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას;

გ) დაიცვას და არ გაამჟღავნოს სისტემური მონიტორინგის პროცესში მიღებული კონფიდენციუალური ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები;

დ) სისტემური მონიტორინგის განხორციელებისას დაიცვას საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესები;

ე) სისტემური მონიტორინგის პროცესში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეატყობინოს სამართალდამცავ ორგანოებს.

 

მუხლი 35

1. ჯგუფი ვალდებულია სისტემური მონიტორინგის დასრულებიდან ორი კვირის ვადაში შეადგინოს და სისტემური მონიტორინგის სამმართველოს უფროსს წარუდგინოს ანგარიში.

2. ანგარიში უნდა მოიცავდეს:

ა) თავფურცელს, რომელზეც მიეთითება ჩატარებული სისტემური მონიტორინგის დასახელება, ჯგუფის წევრების ხელმოწერები, სისტემური მონიტორინგის სამმართველოს უფროსის ხელმოწერა, გენერალური ინსპექციის უფროსის ხელმოწერა და სამინისტროს ლოგო;

ბ) სარჩევს, რომელშიც მიეთითება ანგარიშის შინაარსი;

გ) შესავალს, რომელშიც მოკლედ მიეთითება სისტემური მონიტორინგის მიზანი, შემოწმების ფარგლები, სისტემური მონიტორინგის პროცესში განხორციელებული აქტივობები და სისტემური მონიტორინგის პროგრამაში მითითებული სხვა ინფორმაცია;

დ) მოკლე ინფორმაციას შესამოწმებელი ობიექტის/ობიექტების შესახებ;

ე) სრული სისტემური მონიტორინგის შემთხვევაში – შესამოწმებელ ობიექტში არსებული ვითარების სრულ აღწერას სისტემური მონიტორინგის პროგრამით განსაზღვრულ ფარგლებში,  ხოლო თემატური სისტემური მონიტორინგის დროს – შესამოწმებელ ობიექტში/ობიექტებში სისტემური მონიტორინგის პროგრამით განსაზღვრულ საკითხთან/საკითხთა წრესთან დაკავშირებით არსებული ვითარების აღწერას;

ვ) ანალიზს, რომელშიც მიეთითება ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება;

ზ) რეკომენდაციებს – ანგარიშში დაფიქსირებული ხარვეზებისა და პრობლემების აღმოფხვრის გზებს;

თ) დანართებს (არსებობის შემთხვევაში).

3. ანგარიშს თავფურცელზე ხელმოწერით ამტკიცებს გენერალური ინსპექცის უფროსი.

4. ანგარიში, გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ დამტკიცებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, წარედგინება მინისტრს, რომელიც ანგარიშს უგზავნის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორს და შესამოწმებელი ობიექტის/ობიექტების ხელმძღვანელს/ხელმძღვანელებს.

5. პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი და შესამოწმებელი ობიექტის/ობიექტების ხელმძღვანელი/ხელმძღვანელები უფლებამოსილნი არიან ანგარიშის მიღებიდან გონივრულ ვადაში მინისტრს წარუდგინონ კომენტარები სისტემური მონიტორინგის ანგარიშის შესახებ.

6. ანგარიში საჯაროდ არ ქვეყნდება.

თავი VII

გენერალური ინსპექციის ყოველწლიური ანგარიში

მუხლი 36

1. ყოველი წლის დასაწყისში, მაგრამ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 1 მარტისა, გენერალური ინსპექციის უფროსი მინისტრს წარუდგენს წინა წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს.

2. ყოველწლიური ანგარიში შეიცავს ინფორმაციას საანგარიშო პერიოდში გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სრული ან/და თემატური გეგმური და არაგეგმური სისტემური მონიტორინგის, ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებისა და სხვა საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი აქტივობების შესახებ. ყოველწლიური ანგარიში ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი სისტემური ხარვეზებისა და პრობლემების, გაცემული რეკომენდაციებისა და მიღებული შედეგების შესახებ.

3. ყოველწლიური ანგარიში საჯარო დოკუმენტია და მისი გამოქვეყნება ხდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.