საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3699-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2015
ძალაში შესვლის თარიღი 13/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.017793
3699-IIს
12/06/2015
ვებგვერდი, 29/06/2015
080000000.05.001.017793
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 223-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 223. უკანონო ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა, ასეთ ფორმირებაში გაწევრება, მონაწილეობა ან/და უკანონო ფორმირების სასარგებლოდ სხვა საქმიანობის განხორციელება

1. უკანონო ფორმირების (ლაშქრის, გაერთიანების, რაზმის ან სხვა ჯგუფის) შექმნა ან ხელმძღვანელობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.

2. უკანონო ფორმირებაში გაწევრება ან/და მონაწილეობა, ასეთი ფორმირების მიერ ორგანიზებული წვრთნის გავლა, ამგვარ ფორმირებაში გაწევრების, მონაწილეობის ან მისი საქმიანობის სხვაგვარი ხელშეწყობის მიზნით პირის გადაბირება, გაწვრთნა ან პირთა შეგროვება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.

3. უკანონო ფორმირებაში გაწევრებასთან ან/და მონაწილეობასთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალის ან/და სიმბოლიკის გავრცელება ან გამოყენება, თუ ეს ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

4. უკანონო ფორმირების დაფინანსება, ესე იგი ფინანსური სახსრების ან სხვა ქონების შეგროვება ან მიწოდება იმის წინასწარი შეცნობით, რომ ისინი/იგი გამოყენებული იქნება ან შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს უკანონო ფორმირების საქმიანობისათვის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

5. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე.

6. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისაკენ საჯაროდ მოწოდება, თუ ეს ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

შენიშვნა:

1. ამ მუხლის მიზნებისათვის „უკანონო ფორმირება“ (ლაშქარი, გაერთიანება, რაზმი ან სხვა ჯგუფი) გულისხმობს ნებისმიერ ფორმირებას (გარდა სახელმწიფო ორგანოს გამგებლობაში არსებული ფორმირებისა), რომელიც შეიარაღებულია ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით, ფეთქებადი ან ადვილაალებადი ნივთიერებით, ასაფეთქებელი მოწყობილობით, ცრემლმდენი, რადიოაქტიური, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან მომწამვლელი ნივთიერებით, ცივი იარაღით ანდა ისეთი მოწყობილობით ან საგნით, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ანდა გასანადგურებლად, თუ ასეთი ფორმირება დანაშაულებრივი მიზნით არის შექმნილი.

2. ის, ვინც ნებაყოფლობით შეწყვიტა ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება და ჩააბარა ამ შენიშვნის პირველ ნაწილში აღნიშნული საგანი (მისი ფლობის შემთხვევაში), თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 239მუხლი:

„მუხლი 2391. ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება 

1. რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება, თუ ეს ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე.

2. იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.“.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3211 მუხლი:

„მუხლი 3211. საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსება ან ამგვარი საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა

1. ფინანსური სახსრების ან სხვა ქონების ან/და მატერიალური რესურსების შეგროვება ან მიწოდება იმის წინასწარი შეცნობით, რომ ისინი/იგი მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენებული იქნება ან შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის (გარდა ამ კოდექსის 320-ე და 321-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისა) ჩასადენად, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

ბ) არაერთგზის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება,  რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.“.

4. 3232 მუხლის:

ა) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. ტერორისტული საქმიანობის განხორციელების, მომზადების ან ამგვარ საქმიანობაში ან ტერორისტულ  წვრთნაში მონაწილეობის მიზნით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ან გადაკვეთის მცდელობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.“;

ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:

ა) ჩადენილი არაერთგზის;

ბ) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

გ) ჩადენილი ტერორისტული ორგანიზაციის მიერ;

დ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს ან/და გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თვრამეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.“.

5. 3271 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3271. ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისათვის ან ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისათვის გადაბირება

ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისათვის ან ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისათვის პირის გადაბირება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.“.

6. 3301 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3301. ტერორისტული საქმიანობის ან/და ტერორისტული ორგანიზაციის საჯაროდ მხარდაჭერა ან ტერორიზმისაკენ საჯაროდ მოწოდება    

1. ტერორისტული საქმიანობის ან/და ტერორისტული ორგანიზაციის ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მხარდაჭერა (გარდა ამ კოდექსის 331მუხლით გათვალისწინებული ქმედებისა), თუ ეს ქმნის ტერორისტული საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისაკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება ან ტერორისტული საქმიანობის განსახორციელებლად საქვეყნოდ ინფორმაციის გავრცელება, მიუხედავად იმისა, შეიცავს თუ არა იგი დანაშაულის ჩადენისაკენ პირდაპირ მოწოდებას, თუ ეს ქმნის ტერორისტული საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.“.

7. 331მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფინანსური სახსრების ან სხვა ქონების შეგროვება ან მიწოდება იმის წინასწარი შეცნობით, რომ ისინი/იგი მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენებული იქნება ან შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ტერორისტის ან ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ან/და ტერორისტული საქმიანობის განსახორციელებლად ან/და ამ კოდექსის 144-ე, 227-ე, 2271, 2272, 2273, 229-ე, 230-ე, 231-ე, 2311 და 2312 მუხლებით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაულის ჩასადენად, მიუხედავად იმისა, ჩადენილია თუ არა ამ მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, ან/და წინასწარი შეცნობით ტერორისტისათვის ან ტერორისტული ორგანიზაციისათვის მომსახურების გაწევა, ტერორისტისათვის სამალავის ან თავშესაფრის მიცემა ან/და ტერორისტის ან ტერორისტული ორგანიზაციის რესურსებით უზრუნველყოფა ან სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

12 ივნისი 2015 წ.

N3699-IIს