საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3705-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2015
ძალაში შესვლის თარიღი 14/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.017795
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3705-IIს
12/06/2015
ვებგვერდი, 30/06/2015
080000000.05.001.017795
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 117-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 117. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება

1. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

3. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი:

ა) მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;

ბ) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით;

გ) ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;

დ) სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

5. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი:

ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;

ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ;

გ) ხულიგნური ქვენა გრძნობით;

დ) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო;

ე) ჯგუფურად, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თერთმეტ წლამდე.

7. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი:

ა) ორი ან მეტი პირის მიმართ;

ბ) განსაკუთრებული სისასტიკით;

გ) ანგარებით ან შეკვეთით;

დ) მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით;

ე) არაერთგზის (გარდა ამ კოდექსის 110-ე–114-ე მუხლებით გათვალისწინებული მკვლელობებისა);

ვ) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე.

8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თოთხმეტ წლამდე.“.

2. 236-ე–238-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„მუხლი 236. ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება

1. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული იარაღისა), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, აგრეთვე ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.

3. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

4. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

ბ) არაერთგზის, –

 ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თერთმეტ წლამდე.

შენიშვნა: ის, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს ამ მუხლით გათვალისწინებულ საგნებს, გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.

საქართველოს 2015 წლის 10  ივლისის კანონი  4007  - ვებგვერდი, 13.07.2015წ.

მუხლი 237. იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვა

1. ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), მისი მაკომპლექტებელი დეტალის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

2. ბირთვული, ქიმიური, ბიოლოგიური ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღის ანდა ასეთი იარაღის დასამზადებელი მასალის ან მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თერთმეტ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

ბ) არაერთგზის;

გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

დ) ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის იმწუთიერი გამოყენების მუქარით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

ბ) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის იმწუთიერი გამოყენების მუქარით;

გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე.

საქართველოს 2015 წლის 10  ივლისის კანონი  4007  - ვებგვერდი, 13.07.2015წ.

მუხლი 238. ცეცხლსასროლი იარაღის (მათ შორის, სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის)) დაუდევრად შენახვა

ცეცხლსასროლი იარაღის (მათ შორის, სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის)) დაუდევრად შენახვა, რითაც შექმნილი იყო პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“.

საქართველოს 2015 წლის 10  ივლისის კანონი 4007  - ვებგვერდი, 13.07.2015წ.

3. 238 1 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„1. ცივი იარაღის ტარებისათვის განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული, ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული ან განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ექვსი თვის ვადით.

2. ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ანდა ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ, −

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

12 ივნისი 2015 წ.

N3705-IIს