დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15/34 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016333 |
|
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ |
საქართველოს მთავრობა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში „მხარეები“),
ხელმძღვანელობენ რა, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებით, ადასტურებენ რა, რომ მიზნად ისახავენ მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, რომლებიც განსაზღვრულია ასოცირების შესახებ შეთანხმებით, ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის, ესწრაფვიან რა, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებასა და განვითარებას მხარეთა სახელმწიფოებს შორის თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით, გამოხატავენ რა, ორივე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ორმხრივი ურთიერთობები და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობა ხორციელდება კონკრეტული ინიციატივების მეშვეობით, თანხმდებიან შემდეგზე: |
მუხლი 1
1. მხარეები ესწრაფვიან განავითარონ და გააძლიერონ ეკონომიკური თანამშრომლობა ურთიერთსარგებლიანობის პრინციპზე დაყრდნობით, მხარეთა საერთო ინტერესის მქონე სფეროებში, თავიანთ სახელმწიფოებში მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. მხარეები კონსულტაციებს გამართავენ ერთმანეთთან თანამშრომლობის პრიორიტეტული სფეროების განსაზღვრის მიზნით. 2. ამ შეთანხმების გამოყენება გავლენას არ ახდენს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროპის თანამეგობრობისა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ” 1996 წლის 22 აპრილის შეთანხმების დებულებებზე და „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმების დებულებებზე მისი ძალაში შესვლის შემდგომ, და ასევე ლიტვის რესპუბლიკის ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებულ უფლებებსა და ვალდებულებებს.
მუხლი 2 მხარეები, თავიანთ სახელმწიფოებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოიჩენენ ძალისხმევას ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, კერძოდ, შემდეგი საშუალებებით: - ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის შექმნით; - შესაბამისი ინფორმაციის გაცვლით; - მხარეთა სახელმწიფოების ეკონომიკურ ოპერატორებს შორის ურთიერთობათა დამყარების ხელშეწყობით; - მხარეთა სახელმწიფოების ტერიტორიებზე გამოფენების, ბაზრობებისა და სიმპოზიუმების ორგანიზების ხელშეწყობით.
მუხლი 3 1. ამ შეთანხმების მიზნების მისაღწევად და მის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების წარმართვისთვის, მხარეები ჩამოაყალიბებენ ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათშორის კომისიას (შემდგომში „კომისია“), რომლის შემადგენლობაშიც შევლენ ორივე სახელმწიფოს პასუხისმგებელი დაწესებულებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები. კომისიის შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მიწვეულ იქნენ დაინტერესებული მეწარმეები და ამ მეწარმეთა სახელით მოქმედი ასოციაციების წარმომადგენლები. 2. კომისიების შეხვედრები ჩატარდება რეგულარულად, ან რომელიმე მხარის მოთხოვნით, დიპლომატიური არხების მეშვეობით შეთანხმებულ დღესა და დროს, მონაცვლეობით, თითოეული მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, აცნობებენ ერთმანეთს კომისიის თავმჯდომარისა და სხვა წევრების დანიშვნის შესახებ. 3. საერთო ინტერესის საკითხების გადაწყვეტის მიზნით, კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია შეიქმნას სპეციალური ქვეკომისიები. ამ ქვეკომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დაექვემდებარება დადასტურებას კომისიის მიერ.
მუხლი 4 მხარეთა სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებისა და განვითარების მიზნით, კომისია: - ხელს შეუწყობს ეკონომიკურ თანამშრომლობას ვაჭრობის, ინვესტიციების, ტექნოლოგიებისა და სხვა შესაბამის სფეროებში ინფორმაციის გაცვლისა და ორივე სახელმწიფოს პასუხისმგებელი დაწესებულებების საქმიანობათა კოორდინაციის გზით; - ხელს შეუწყობს თანამშრომლობას ორივე სახელმწიფოს კერძო სექტორებს შორის; - ხელს შეუწყობს ერთობლივი საინვესტიციო პროექტების შემუშავებას; - გაცვლის ინფორმაციას ორივე სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის პროგრამების შესახებ; - გაანალიზებს და შეაფასებს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, წარადგენს წინადადებებს მხარეთა სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური კავშირების განმტკიცების შესახებ.
მუხლი 5 ნებისმიერი დავა და შეუსაბამობა, რომელიც შეიძლება მხარეებს შორის წარმოიშვას ამ შეთანხმების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 6 აუცილებლობის შემთხვევაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ამ შეთანხმებაში შეიძლება შევიდეს ცვლილებები და დამატებები. ცვლილებები და დამატებები, რომლებიც ძალაში შევა ამ შეთანხმების მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, გაფორმდება ცალკე დოკუმენტების სახით და წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 7 1. შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ძალაში შესვლისთვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან მომდევნო თვის პირველ დღეს. 2. შეთანხმება ძალაში რჩება განუსაზღვრელი ვადით. 3. თითოეულ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება მეორე მხარისთვის, შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის განზრახვის შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში, შეთანხმება მოქმედებას წყვეტს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ.
შესრულებულია ქ. თბილისში, 2015 წლის .............. იანვარს, ორ დედნად, ქართულ, ლიტვურ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები